უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, საფრანგეთმა რუსეთისთვის „მისტრალის“ პირველი ხომალდის გადაცემა შეაჩერა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პერსპექტივის არსებობისა, რომელიც უნდა დადასტურდეს და ამოქმედდეს, აუცილებელი პირობა, რომ საფრანგეთმა ნება დართოს „მისტრალის“ პირველი ხომალდის მიწოდებას, დღემდე შექმნილი არ არის.
საფრანგეთში, ჯერჯერობით, საუბარი არ მიმდინარეობს რუსეთისთვის „მისტრალის“ ორი ხომალდის მიწოდებაზე კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით. როგორც „იტარ-ტასს“ ელისეის სასახლის პრესსამსახურში განუცხადეს, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის განცხადება ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და იურიდიული შედეგი არ გააჩნია. სააგენტო „რია ნოვოსტი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „მისტრალის“ გადაცემა ნოემბრამდე შეჩერდა.
ამასთან, ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთისთვის „მისტრალის“ გადაცემის შეჩერებასთან დაკავშირებით, ნატო-ს საფრანგეთზე ზეწოლა არ განუხორციელებია. როგორც ალიანსში აცხადებენ ეს საფრანგეთის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, რომელთან დაკავშირებითაც ნატო არაფერ შუაშია. მათი თქმით, ნატო, როგორც ორგანიზაცია, არ ეწევა სამხედრო ტექნიკის მიწოდებას მესამე ქვეყნებში, ეს არ შედის ალიანსის კომპეტენციაში და ყველა გადაწყვეტილება ნაციონალურ დონეზე მიიღება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემის მშენებლებს სამუშაოების შეწყვეტის შესახებ განკარგულება არ მიუღიათ.
სენლაზერში იმყოფება 400 რუსი მეზღვაური. ადგილზე რუსული სამხედრო გემით „სევასტაპოლით“ ჩავიდნენ და ითვისებენ „მისტრალის“ ფუნქციებს. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე თვლის, რომ საფრანგეთმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან უელსის ნატოს სამიტი უკრაინის თემას ეძღვნება, ამის პარალელურად, საფრანგეთის მხრიდან რუსეთისთვის „მისტრალის“ გადაცემის პროცედურის დასრულება, პოლიტიკურად არასწორი იყო.
„ძალიან დიპლომატიური განცხადებაა - „სიტუაციის გათვალისწინებით“ - შეიცვლება სიტუაცია და ახალი სიტუაციის გათვალისწინებით, რუსეთი მიიღებს „მისტრალს“. „მისტრალის“ტექნოლოგიის უდიდესი ნაწილი რუსეთშია დამზადებული. ამიტომ, სად გამოიყენებს საფრანგეთი ამ ორ მისტრალს? - პრაქტიკულად - ვერსად. იყო საუბარი, რომ შეიძლება ნატომ იყიდოს ან იქირავოს, მაგრამ ეს არის ზღაპარი. ვის რათ უნდა რუსული ტექნოლოგიით აშენებული ორი ამხელა მახინა?
როდესაც საფრანგეთთან გაფორმდა ეს გარიგება, რუსეთშიც ყველა არ იყო აღრფთოვანებული. თვითონ რუსეთმაც არ იცის სად უნდა გამოიყენოს, შავ ზღვაში მისი შეყვანა გამორიცხულია. ითქვა, რომ შორეულ აღმოსავლეთში გამოიყენებენ. ასე რომ, მიჰყიდიან თუ არა, ეს რუსეთისთვის ტრაგედია არაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
სამხედრო ექსპერტის გიორგი თავდგირიძის განცხადებით, ნატო და რუსეთი ომის წინაფაზაში იმყოფებიან. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების მიღება ხდება ომის მიზნებიდან გამომდინარე.
„რუსეთს ძალიან სჭირდება „მისტრალი“ და მსგავსი საშუალებები. იმიტომ, რომ მისი ფლოტი არის საკმაოდ სუსტი. მას თანამედროვე ხომალდები სჭირდება. საფრანგეთის გადაწყვეტილება არის ლოგიკური. ის არის ნატოს გუნდის წევრი, მისი პოლიტიკაც თანხვედრაშია ნატოს პოლიტიკასთან. ფაქტია, რომ უკრაიანამ დააშორა ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა, რომელიც შეიძლება ცხელ ომში გადაიზარდოს, შესაბამისად, რუსეთთან სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობა და სამხრედრო ტექნიკური ურთიერთობა იქნება შეზღუდული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი თავდგირიძემ.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ დასავლეთს ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი კონსტრუქციულ ნაბიჯს გადადგამდა ცეცხლის შეწყვეტის და მისი შეჩერების მხრივ, რაც არ გამართლდა. შესაბამისად, დასავლეთში, ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უფრო ძლიერდება აზრი, რომ რუსეთი უსაფრთხოების სისტემის საწინააღმდეგოდ მოქმედებს ევროპაში.
მისივე განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტისგან უკვე გაცხადდა უკრაინაში რუსეთის რეგულარული ძალების მონაწილეობაზე. აქედან გამომდინარე, გამოჩნდა, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის.
„რაც შეეხება „მისტრალის“ საკითხს, იმ ქვეყნისთვის, რომელიც საფრთხედ აღიქმება, აბსოლუტურად გაუმართლებელია ნებისმიერი სამხედრო ტექნიკის გადაცემა. სწორედ, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთის მხარე იძულებული გახდა მიეღო ეს გადაწყვეტილება. გახსოვთ, მათი წინა პოზიცია როგორი იყო, პირველი გემის გადაცემაზე თანხმობა იყო, აპირებდნენ ამ პროცესის დასრულებას და შემოდგომისთვის მის გადაცემაზე იყო ლაპარაკი.
უკრაინაში განვითარებულმა ვითარებამ და რუსეთის მხრიდან მკვეთრად გამოჩენილმა აგრესიამ, გაამყარა რუსეთის აღქმა საფრთხედ, არა მხოლოდ უკრაინისადმი, არამედ ევროპისთვის, ნატოს მოკავშირეებისთვის და თავისუფალი სამყარაოსთვის. მთავარი მოტივი, რუსეთისთვის მისტრალის არგადაცემის მიღებისა, სწორედ ეს იყო“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.