საქართველოში ნატოს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრი შეიქმნება

საქართველოში ნატოს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრი შეიქმნება

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო უელსის სამიტზე უაღრესად წელში გამართული მიდის. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების გამო უელსის სამიტის შემდეგ, როგორც რეგიონის უსაფრთხოება, ისე საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გზა უფრო უკეთესი იქნება.

„ჩვენ მივდივართ ორი მნიშვნელოვანი მიზნისთვის. პირველი - უელსის სამიტი იყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების და რეგიონის უსაფრთხოების გაღრმავების სამიტი და ამ მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას, რეგიონსა და ხალხს უფრო დაცულ და სტაბილურ გარემოს შეუქმნის და მეორე - მივდივართ იმისთვის, რომ სამიტი იყოს საქართველოს ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე, ასევე სერიოზული და პოზიტიური კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ გვაქვს სერიოზული იმედი და ამბიცია, რომ უელსის სამიტის შემდეგ რეგიონის უსაფრთხოება, ისე, როგორც საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გზა იქნება უკეთესი და უფრო პროდუქტიული“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

უკვე ცნობილია, რომ სამიტზე საქართველო მიიღებს სამოქმედო გეგმას - „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი“. ალიანსში ამ ეტაპზე განიხილება კონკრეტული წინადადებები საქართველოსთან მიმართებაში, რაც წარმოადენს ნატოში გაწევრიანების კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯს და სამომავლოდ დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.
ასპირანტი ქვეყნებიდან საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მიიღებს ახალ პაკეტს, ძალიან მნიშვნელოვანს და განსახვავებულს, რომელიც გულისხმობს ერთობლივ წვრთნებს და ღონისძიებებს. საქართველოს უფრო მეტ ჩართულობას ნატოს აქტივობაში და საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაზრდის ძალიან ფართო შესაძლებლობებს.

სამიტამდე 2 დღით ადრე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში გაახმოვანა უელსის სამიტზე ნატო-ს ახალი პაკეტის მცირე ნაწილი, რომელსაც სამიტზე ქვეყანას შესთავაზებენ. რასმუსენი არ გამორიცხავს საქართველოში ნატო-ს სამხედრო-საწვრთნელი ცენტრი შეიქმნას.

„თავდაცვითი შესაძლებლობებისთვის შევქმნით სპეციალურ მისიას, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს თავდაცვის სამინისტროზე და დაეხმარება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის რეფორმების განხორციელებასა და მოდერნიზებაში. ალიანსის წვრთნებში მონაწილეობის გააქტიურებით, ალიანსი გააძლიერებს ძალისხმევას საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რომ უკეთ იმუშაონ ნატო-ს შენაერთებთან ერთად. ასევე განვიხილავთ სამხედრო-საწვრთნელი ცენტრის შექმნას და სამეკავშირეო ოფისის გაფართოებას“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. 

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი, რომლის განცხადებით, თავდაცვითი შესაძლებლობების საწრთვნელი მისია - DCTM საქართველოში დაფუძნდება, რეალურად ნიშნავს მეტ ნატო-ს საქართველოში და მეტ საქართველოს ნატო-ში.

„თავდაცვითი შესაძლებლობების საწრთვნელი მისია - DCTM საქართველოში დაფუძნდება. ეს რეალურად ნიშნავს მეტ ნატო-ს საქართველოში და მეტ საქართველოს ნატო-ში. დეტალებს ვერც ანდერს ფოგ რასმუსენი გაახმიანებს და ვერც ჩვენ, მაგრამ ეს არის კონკრეტიკა - ნატო-ს წრთვნები საქართველოში და სრულყოფილების ცენტრიც საქართველოში. მაგრამ, ეს კიდევ ყველაფერი არაა. სასწაულს ნურავინ დაელოდებით, მაგრამ საბოლოო შტრიხებზე მუშაობა გრძელდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილმა.

ექსპერტების შეფასებით, ნატო-ს სამხედრო საწვრთნელი ცენტრი, ეს არის ე.წ. ჩარჩო-მონახაზი და მისი შინაარსი დამოკიდებული იქნება კონკრეტულ მოლაპარაკებებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს. ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა კონკრეტულად ჩამოაყალიბა პაკეტის ის ელემენტები, რომლის საბოლოო განცხადება მოხდება ნატოს უელსის სამიტზე.

„რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ერთ-ერთი არის საწვრთნელი ცენტრის გახსნა, შემდეგ სამოკავშირეო ოფისის გაფართოება, ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება. ასევე, ნატოს სწავლებებში და განათლების პროგრამებში საქართველოს ჩართვა. სწავლებებში საუბარია როგორც ნატოს ქვეყნებში ჩატარებული სწავლებები, ასევე საქართველოში ნატოს სწავლების ჩატარება.

გენერალური მდივნის განცხადებაში ხაზი იყო გასმული, რომ ეს უნდა ემსახურებოდეს საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირებას და შესაძლებლობების გაძლიერებას. ანუ, საუბარია არა მხოლოდ სამშვიდობო შესაძლებლობის მხრივ საქართველოს განვითარებაზე, არამედ თავდაცვის შესაძლებლობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

უფრო კონკრეტულად კი, რა იგულისმება, გიორგი მუჩაიძის განცხადებით, დეტალაურად, ეს უკვე სამიტზე გაჟღერდება. მისივე განცხადებით, ნატოში ინტეგრაციის გზაზე ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც მომავალში საქართველოს გაუადვილებს ნატოში საბოლოო გაწევრიანებისთვის მიზნის მიღწევას.

ატლანტიკური საბჭოს წევრი, ექსპერტი დავით სიხარულიძე განმარტავს, რომ რასმუსენის განცხადებაში გაჟღერებული იყო ის პაკეტი, რომელიც თავდაცვას ეხება და აქედან კი, ყველაზე მნიშვნელოვანია ერთობლივი სასწავლი ცენტრის შექმნა, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცებისათავის.

„სწორედ ეს უდევს საფუძვლად ამ პაკეტის შემუშავებას. პირველ რიგში, უნდა დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვითიუნარიანობა და მეორე თემა არის ასევე საქართველოს თავდაცვის სისტემის თავსებადობის გაუმჯობესება ნატოსთან. ამიტომ, თავდაცვის პაკეტმა, რომელიც შედგენილი იყო და რომელზეც რასმუსენმა ისაუბრა, სწორედ ამის უზრუნველყოფა უნდა მოახდინოს“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.