აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს იმპიჩმენტით ემუქრებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს იმპიჩმენტით ემუქრებიან

აჭარაში პოლიტიკური ვითარება იძაბება. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის დაწყებას აანონსებს. მიზეზი კი, რეგიონის სამინისტროებსა და საქვეუწყებო დაწესებულეებში განხორციელებულ საკადრო ცვლილებები გახდა. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ალექსანდრე ჩიტიშვილი ბოლო საკადრო ცვლილებას იმ გუნდზე მიზანმიმართულ შეტევად მიიჩნევს, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილია, როგორც მურმან დუმბაძის გუნდი.

„ქართული ოცნების“ წევრი ამტკიცებს, რომ აჭარის ა-რ მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ამ გუნდის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა. ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების გათავლისწინებით, აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის საკითხზე მუშაობას დაიწყებს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის საგანგებო განცხადებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ დღის წესრიგში არ დგას მთავრობის წევრების დათხოვნის საკითხი. რაც შეეხება საკადრო ცვლილებას, ხაბაძე ირწმუნება, რომ განხორციელებული და დაგეგმილი ცალკეული ცვლილებები სხვადასხვა სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება.

„აჭარის მთავრობა ახორციელებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლება-მოსილებას, მათ შორის განსაზღვრავს საკადრო პოლიტიკას. რეგიონის მზარდი ბიუჯეტის და ძირითადი პროგრამების მაღალი ხარისხით შესრულების ფონზე აჭარის მთავრობის თითოეული წევრის მიერ გაწეული სამუშაო ყველა კრიტერიუმით ჯეროვნად ფასდება.

ამრიგად დღის წესრიგში არ დგას მთავრობის წევრების დათხოვნის საკითხი. შესაბამისად, მიუღებელია და, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში უხეშ ჩარევად შეიძლება ჩაითვალოს, ცალკეული დეპუტატების მიერ პირადი გადმოსახედიდან საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საჭიროებენ ღრმა ანალიზს“, - აცხადებს არჩილ ხაბაძე.

ამის პარალელურად კი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს მთავრობის თავიდან დაკომპლექტებას სთავაზობს. მურმან დუმბაძის განმარტებით, კადრები, რომელებიც არჩილ ხაბაძემ სამსახურიდან გაათავისუფლა, თავის დროზე მისი რეკომენდაციით დაინიშნენ თანამდებობებზე, თუმცა დუმბაძე აცხადებს, რომ არ არსებობს მურმან დუმბაძის გუნდი და მთავრობა ერთიანია. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მხრიდან არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება დემოკრატიული პროცესი იქნება.

„შესაძლებელია, ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ვარიანტის მოძებნა და ერთ-ერთი არის პოლიტიკური კომპრომისი, ანუ არჩილ ხაბაძემ გადააყენოს მთავრობა და უმაღლეს საბჭოს ხელმეორედ წარუდგინოს ახალი შემადგენლობა. ვფიქრობ, რომ დეცენტრალიზაციის უფრო მაღალი დონის მისაღწევად, საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილება და აჭარის ნომერ პირველი პოლიტიკური პირი უნდა აირჩიოს აჭარის მოსახლეობამ“, - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

ა-ო „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მურმან დუმბაძე იყო ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც აჭარაში საკამოდ დიდი გავლენებით სარგებლობდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვების აჭარაში თანამდებობებზე ვიცე-სპიკერის ნათესავები დასაქმდნენ.

„ალექსანდე ჩიტიშვილმა გააჟღერა მურმან დუმბაძის სურვილი. ისინი აპირებენ, რომ უმაღლეს საბჭოში შეიტანონ განცხადება იმპიჩმენტის საკითხის შესახებ, მაგრამ მხარადაჭერა არ ექნებათ, ეს იციან, მაგრამ მაინც აკეთებენ. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ალექსანდრე ჩიტიშვილი.

მურმან დუმბაძე ელოდებოდა, რომ მას მხარში ამოუდგებოდა აჭარის მოსახლეობა და ერთობლივი სურვილი იქნებოდა მთავრობის იმპიჩმენტის. იმპიჩმენტი ადამიანს უნდა გამოუცხადო მაშინ, როცა ის არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და არა იმიტომ, რომ მურმან დუმბაძის კლანს ერჩის. საზოგადოებას უკვე ყელში აქვს მურმან დუმბაძის და მისი გუნდის ქცევები და გავლენები აჭარაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მერაბ ღოღობერიძე.

რაც შეეხება ვიცე-სპიკერის ინიციატივას, რომ დეცენტრალიზაციის უფრო მაღალი დონის მისაღწევად, საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილება და აჭარის ნომერ პირველი პოლიტიკური პირი უნდა აირჩიოს აჭარის მოსახლეობამ, ამ ინიციატიას გაუაზრებელს უწოდებენ კონსტიტუციონალისტები და აცხადებენ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი განმარტავს, რომ დეცენტრალიზაცია ალბათ საჭიროა, მაგრამ უნდა აისახოს მთლიანად ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა. მისივე განმარტებით, ტერიტორიული მოწყობა შეეხება ავტონომიების სტატუსაც, შესაბამისად, და ავტონომიების სტატუსი გაიზრდება თუ შემცირდება, ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიამ უნდა მიიღოს.

„რაც შეეხება მურმან დუმბაძის კონკრეტულ მოსაზრებას, მსოფლიოში ერთად-ერთი პრეცედენტი ვიცი, როდესაც მოსახლეობა ირჩევს პრემიერ-მინისტრს. ეს არის ისრაელი, მაგრამ მისი არჩევა მიბმულია კონკრეტულ პარტიასთან. ამრიგად, აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია პრემიერ-მინისტრის როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის არჩევა პირდაპირი წესით. სხვა საკითხია რამდენად მიზანშეწონილია დღევანდელი მისი თანამდებობაზე გამწესების წესი.

ახალი რედაქციის მიხედვით, პრეზიდენტი ფრაქციებთან შეთანხმებით ასახელებს მის კანდიდატურას. ეს წესი შეიძლება ტრანსფორმაციას განიცდის იმ გაგებით, რომ ცენტრალური ხელისუფლება ძალიან აქტიურად არ უნდა ერეოდეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის გამწესებაში, ეს შესაძლებელი ვარიანტია, მაგრამ შეუძლებელია დღევანდელ ეტაპზე პრემიერ-მინისტრი პირდაპირი წესით იყოს არჩეული. ეს წარმოუდგენელია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილმა.

პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ვიცე-სპიკერს ურჩევს, რომ საკუთარი ინიციატივა გააცნოს საკონსტიტუციო კომისიას.

„მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ვიღაცის კადრი გაუშვეს სამსახურიდან. პირდაპირ გეტყვით, რომ არ მგონია ეს იყოს სერიოზული თემა. ამას სჭირდება მყარი და არგუმენტირებული დასაბუთება. როდესაც პარლამენტი ირჩევს ქვეყნის მთავრობას, როგორც შეიძლება, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩეული იქნას პირდაპირი არჩევის გზით.

არ მგონია, რომ სერიოზულ განხილვად ღირდეს ამგვარი წინადადება. მე ვურჩევდი ბატონ მურმანს, საკუთარი ინიციატივა გააცნოს საკონსტიტუციო კომისიას. კონსტიტუცია ჩვენია, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს ის საკითხი არაა, რომელიც შეიძლება განხილვას ექვემდებარებოდეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.