ნატოს წევრი შვიდი ქვეყანა - დიდი ბრიტანეთი, დანია, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ნორვეგია და ნიდერლანდები სწრაფი რეაგირების ძალებს შექმნიან. ეს იქნება ამ სახელმწიფოების საპასუხო ქმედება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე. სწრაფი რეაგირების ძალებში მინიმუმ 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაერთიანდება. სწრაფი რეაგირების ძალებში გაერთიანების სურვილი გამოთქვა კანადამაც. სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაზე განცხადება უელსის სამიტის ფარგლებში სამიტის მასპინძლის, დევიდ კემერონის მიერ გაკეთდება.
სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის მიზანს წარმოადგენს, შეიქმნას სრულად ფუნქციონირებადი არმია, დივიზიის მოცულობით, სწრაფი რეაგირებისთვის და მუდმივი სწავლების პროცესით. მის შემადგენლობაში იქნება საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო დანაყოფები. ძალებს მეთაურობას ბრიტანელები გაუწევენ.
სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ნატოს წევრი ქვეყნების მიერ სწრაფი რეაგირების ძალების შემქნაზე საუბარი დიდი ხანია ალინსში მიმდინარეობს. თუმცა, პროცესის დაჩქარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და ფართო აგრესიამ. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია სწრაფი რეაგირების საშუალების მქონე ძალების განვითრებაზე, რაც ნატოს ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.
„რაც შეეხება უკრაინას და უკრაინის მიმართებით დახმარებას, ეს ცალკე გააჟღერა ბატონმა რასმუსენმა. მოგეხსენებათ, რომ სამიტზე იქნება ნატო-უკრაინის უმაღლესი დონის შეხვედრა. უკვე არის წინასწარი მონახაზი, თუ რა კონკრეტული დახმარება უნდა გაუწიონ უკრაინას, მათ შორის თავდაცვის შესაძლებლობის განვითარების კუთხით. საუბარია ასევე ლოჯისტიკური განვითარების კუთხით დახმარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტია, რომელიც გააძლიერებს უკრაინის თავდაცვიუნარიანობას. ალბათ გაიხსნება უკრაინისათვის დასავლური ბაზარი წინ წასული თავდაცვის ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის კუთხით. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი მოხდება საქართველოსთან მიმართებაში“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.
სამხედრო ექსპერტის დავით სიხარულიძის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და ღია სამხედრო აგრესიამ გამოიწვია ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება. სიხარულიძე ვარაუდობს, რომ ეს იქნება სწრაფი რეაგირების ძალები, რომელთა განთავსება შესაძლებელი იქნება ძალიან მცირე დროის პერიოდში იმ ადგილას, სადაც ნატო ჩათვლის საჭიროდ მისი წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების განთავსებას. „სწრაფი რეაგირების ძალები იქნება ის ძალები, რომელიც მუდმივ მზადყოფნაში იქნება და მზად იქნებიან არა მხოლოდ სამხედო საბრძოლო მზადყოფნისთვის, არამედ მზადყოფნაში იქნება მათი განთავსების საშუალება. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს სტრატეგიული ამოცანა არის ნატოს წევრობა, ასევე მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მონაწილეობა.
ჩემი ინფორმაციით ამ მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაოები. ვადებზე, როდის შეიძლება საქართველომ მიიღოს აქტიური მონაწილება სწრაფი რეაგირების ძალებში, ალბათ რთული იქნება საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის არა მხოლოდ საქართველოს სწრაფი რეაგირების ძალების მომავალი, არამედ მთლიანად კოლექტიური თავდაცვის კონცეფციიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის ძალები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით სიხარულიძემ.
იურისტი, ექსპერტი ლევან ალაფიშვილი გამორიცხავს, რომ საქართველოს სამხედრო ძალები ამ ეტაპზე წარმოდგენილი იყოს ამ შვიდეულის ფორმატში, რადგან ფორმატი უკვე გასაზღვრულია და გამორიცხულია მასში არაწევრი ქვეყნის მონაწილეობა.
„ეს არის ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქართველოს სამხედრო ძალები ამ სახმედრო კომპონენტში არ მგონია იყოს წარმოდგენილი. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ანუ ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, უკრაინის მოვლენებმა ძალიან ბევრი გამოწვევა წარმოაჩინა და ბევრ რამეზე დაფიქრება მოუწია თანამედროვე სამყაროს. ნატოს ეს გადაწყვეტილებაც სწორედ რომ უკრაინის მოვლენების საპასუხო გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილმა.