მერიაში მსხვილ კომპანიებს დეტალურად აკვირდებიან

მერიაში მსხვილ კომპანიებს დეტალურად აკვირდებიან

თბილისის მთავრობაში გაზის, წყლის, ელექტროენერგის სადისტრიბუციო კომპანიების და სატრასტპორტო სისტემის ორგანიზაციების ზედმიწევნით შესწავლა მიმდინარეობს. ტრადიციული შეხვედრების ფორმატში უკვე გაიმართა შეხვედრები წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“, ენერგოგამანაწილებელ „თელასთან“ და კომპანია „სითი-პარკთან“.

5 სექტემბერს დედაქალქის მერია გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ხელმძღვანელობას შეხვდება. შემდეგ კი 12 სექტემბერს, თბილისის მთავრობა შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობას მოუსმენს. დედაქალაქის მერიის ცნობით, შეხვედრებზე თბილისის სერვისის მიმწოდებელი კომპანიები დედაქალაქის მთავრობას გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს აცნობენ და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის ბედი სწორედ ახლა ირკვევა. გამორიცხული არ არის, საზოგადოების მუდმივმა პროტესტმა მერიის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს.

ჩამოვთვლილი კომპანიების მიმართ დედაქალაქის მცხოვრებლებს მუდმივად აქვთ პრეტენზია. ყვითელ „მარშრუტკებზე“ და „სითი პარკზე“ ლაპარაკიც ზედმეტია, მათი ბედი ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშაა. დარჩება თუ არა დედაქალაქელთა მომსახურების სფეროში ეს ორი კომპანია, ძალიან მალე გაირკვევა.

მოქალაქეები ხშირად უპირისპირდებიან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წყლის მიწოდების შეზფუდვის თუ ხარისხის გამო, „თელასს“ ელექტროენერგიის ბოლოდროინდელი გათიშვების გამო და „ყაზტრანსგაზ-თბილისისს“ არასწორად დარიცხული გადასახადებისა თუ სამონტაჟო სამუშაოების ზერელედ შესრულების გამოისობით.

სხვათა შორის, რამდენიმე მათგანის წასვლა-დარჩენაზე მუდმივად მიდის მანიპულაციები. ასეთი მითქმა-მოთქმის ლიდერი ნამდვილად „ყაზტრანსგაზია“, რომელიც წელიწადში 2-3-ჯერ აბრუნებს „პლასტინკას“. ყაზახებს რომ ჰკითხო, უახლესი ინფორმაცია თბილისის გაზგამანაწილებელ სისტემაში მათ დარჩენას ადასტურებს. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გენერალური დირექტორი სანჟარ შოკატაევი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ყაზახური მენეჯმენტი კომპანიის მართვაში უახლოეს მომავალში დაბრუნდება. რაც შეეხება კომპანიის გაყიდვას, ჯერჯერობით ეს საკითხი აქტუალური არ არის მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ კომპანიის მფლობელი „ყაზტრანსგაზის“ პრივატიზაციის გეგმების შესახებ უკვე განაცხადა.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, ასტანადან „ყაზტრანსგაზისა“ და „ყაზმუნაიგაზის“ დელეგაციის ჩამოსვლა თბილისში სექტემბრის ბოლომდე იგეგმება. სწორედ ამ პერიოდისთვის უნდა გაიმართოს ფინალური მოლაპარაკებები და გაირკვეს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მომავალთან დაკავშირებული დეტალები, თუ „რა მიმართულებით იმოძრავებს კომპანია საქართველოში“.

რაც შეეხება კომპანიის გაყიდვას, როგორც შოკატაევი ამბობს, ამასთან დაკავშირებით არსებობს მთავრობის დადგენილება, რომელიც არა მხოლოდ „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, არამედ 50-მდე სხვა ყაზახურ კომპანიას შეეხება. თუმცა გაიყიდება თუ არა „ყაზტრანსგაზ თბილისი“, მისი გენერალური დირექტორის თქმით, ეს სექტემბრის ბოლოს თბილისში, ქართულ-ყაზახური მოლაპარაკებების შედეგად გაირკვევა.