საქართველომ უკრაინის მხარდამჭერი რიგით მესამე რეზოლუცია მიიღო

საქართველომ უკრაინის მხარდამჭერი რიგით მესამე რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია აზრთა სხვადასხვაობის ფონზე მიიღო. უმცირესობა-უმრავლესობა დოკუმენტის ტექსტზე კვლავ ვერ შეთანხმდა, რის გამოც, უწყებამ რეზოლუციის პროექტი 81 ხმით დაამტკიცა.

დოკუმენტში, სადაც ქართული მხარე უკრაინის მიმართ განხორცილებულ აგრესიას გმობს და რუსეთს მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის უთანხმოების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის მცდელობაზე, მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭირა.

ოპოზიცია ტექსტში რამდენიმე საკითხის ჩამატებას ითხოვდა. მათ შორის, ქართული მხარე შეერთებოდა რუსეთის მიმართ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, ასევე დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით და პუტინი მიჩნეული ყოფილიყო როგორც აგრესოსი.

იმის გამო, რომ მმართველმა გუნდმა ნაციონალების რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, მათ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და საკუთარი 11 პუნქტიანი რეზოლუცია გამოაქვეყნეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ რუსეთი არის აგრესორი და „ბოინგ 777“-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. ასევე ოპოციზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს კიევში სასწარაფოდ ჩავიდეს და ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში, უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადოს.

როგორც for.ge-ს დეპუტატმა, აკაკი მინაშვილმა განუცხადა, უმცირესობის მიერ მომზადებული დოკუმენტი რეალობას ასახავს და ქმედითია, მმართველი ძალის რეზოლუციაში კი არის იმის მცდელობა, რომ რუსმა ოლიგიარქმა, ივანიშვილმა რეალური პრობლემები და საფრთხეები მიჩქმალოს.

„უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარი არ დავუჭირეთ, რადგან დოკუმენტში საუბარი არ არის საქართველოს დეოკუპაციაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე, რომელსაც მთელი მსოფლიო იყენებს დღეს. პუტინის პირად პასუხისმგებლობაზე საერთოდ არაფერს ამბობენ, რაზეც დღეს, მთელი მსოფლიო საუბრობს“, - აცხადებს მინაშვილი.

კანონმდებელის მოსაზრებით, ქართული მხარე თანამეგობრობის მოწოდებას უნდა დაემორჩილოს და სანქციებს უნდა შეურთდეს.

„ევროკავშირის მითითება გახსოვთ, რომ აუცილებელია ერთიანი ფრონტი, რათა იმ აგრესიაში, რასაც რუსეთი ახორციელებს, დამარცხდეს. ეს არის თავისუფალი ერების წინააღმდეგ ომი და ამ ომში ჩვენც ჩართულნი ვართ“, - აცხადებს მინაშვილი, რომელიც თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს და საქართველოში მათი ანგარიშები გაიყინოს.

ოპოზიციისგან განსხვავებით, რეზოლუციის შინაარს დადებითად აფასებს მმართველი ძალა.

for.ge-სთან საუბარში ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილს ტექსტი მოსწონს, მაგრამ ეროვნულ ინტერესებს პოლიტიკურ კინკლაობას აყოლებენ.

ჩიქოვანის თქმით, ძალიან მნიშნელოვანია, რომ რეზოლუცია მიღებულია და საქართველო გააგრძელებს მუშაობას, რომ საერთაშორისო ტრიბუნაზე უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდეს და რუსეთის აგრესია შეჩერდეს.

„ყველამ დაინახა, რომ ოპონენტებს დოკუმენტის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. პირიქით, ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ კარგი რეზულიციაა, მაგრამ მათ ეროვნული ინტერესი პოლიტიკურ კინკლაობას გადააყოლეს და რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს“, - აღნიშნავს ჩიქოვანი.

რაც შეეხება ექვსპუნქტიან რეზოლუციას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახეზეა დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისა და ორ სახელმწიფოს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების პერსპექტივა, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის რეგიონალურ, ისევე, როგორც საერთაშორისო მშვიდობას და სტაბილურობას.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად საერთაშორისო დონეზე მიღებული გამაფრთხილებელი მოწოდებების და სხვადასხვა ფორმატში წარმოებული მოლაპარაკებებისა, რუსეთი არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლის ნორმებს და პრინციპებს, როგორც ეს საქართველოსთან მიმართებაში დღემდე ხორციელდება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

დოკუმენტით ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და აგრესიის შეჩერების, დაძაბულობის დეესკალაციისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების მიზნით.

ასევე საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს ნატოსა და ევროკავშირს, მიიღოს ეფექტური ზომები როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხოების გაძლიერების და ამ მიზნით ერთიანი ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დაჩქარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უკრიანის მხარდამჭერი რიგით მესამე რეზოლუცია მიიღო. უწყებამ პირველი დოკუმენტი მიმდინარე წლის 23 იანვარს დაამტკიცა, ხოლო მეორე 6 მარტს. ნაციონალებმა მარტში რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, მაგრამ იანვარში პოლიტიკური ძალები დოკუმენტის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ და საკითხი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა.