„ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებაზე აპელირებს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრი პოსტიდან გაათავისუფლოს, მმართველი ძალა კი, ალექსანდრე ჭიკაიძის თანანმდებობიდან გაშვებას არ აპირებს და ოპონენტებს წარსულს ახსენებს.
ქვეყნაში არსებულ კრიმინოგენურ სიტუაციაზე საუბარი ირმა ნადირაშვილმა დაიწყო და ყურადღება ბოლო პერიოდში მომხდარ მკვლელობებზე გაამახვილა, ოპოზიციონერების საპასუხოდ კი, ძალოვანმა უწყებამ სტატისტიკა გამოაქვეყნა და უმცირესობა პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა.
დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, გასულ კვირას, ადიგენში მამაკაცმა „ვინჩესტერით“ სამი ახალგაზრდა მამაკაცი სიცოცხლეს გამოასალმა, ასევე მკვლელობა მოხდა აბაშიძის ქუჩასა და მარნეულის რაიონში, ხოლო ლილოში ხუთი სპეცრაზმელი დაჭრეს, მესტიის პოლიციის შენობაში კი, პოლიციელებმა ერთმანეთი სცემეს.
მისი შეფასებით, ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია არის აღმაშფოთებელი და საშიში, საზოგადოება კი იმ ზღვარზეა მისული, როდესაც ადამიანებს ოჯახის წევრების გარეთ გასვლა ეშინიათ.
„მკვლელობების სია არის დაუმთავრებელი. ეს არის „ოცნების“ მთავრობის უუნარო პოლიტიკის შედეგი. ასევე ეს შედეგია იმის, რომ წლების მანძილზე, საზოგადოებას გაყალბეულ სტატისტიკას უდებენ. ეს არის შედეგი იმის, რომ ივანიშვილმა წინასწარ აიღო ვალდებულებები კრიმინალურ კლანებთან და ბესელიას ბრძანება მისცა, რომ უპრეცედენტო და უპასუხიმგებლო ამნისტია განეხორციელებინა. როდესაც, ახალგაზრდა ადამიანებს სიცოცხლეს ასალმებენ და ამას ამნისტირებული პირები აკეთებენ, ალბათ, ბესელია თანაგუნდელებთან ერთად პასუხისმგებლობას და თანამონაწილეობას გრძნობს მკვლელობებში. ამასთან, ეს შედეგია იმის, როდესაც ვიცე-პრემიერი თავს უფლებას აძლევს აეროპორტში ე.წ. კანონიერ ქურდებს ხვდებოდეს და თურქეთში აცილებდეს“, - აღნიშნავს ნადირაშვილი.
კანონმდებელი „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ხელისუფლებას მოუწოდებს ჭიკაიძეს პოსტი დაატოვებინოს.
დეპუტატის მოსაზრებით, შს მინისტრი საკუთარი გუნდისა და ხალხის მიერ მასხრად არის აგდებული.
„ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. ჭიკაიძეს ერთადერთი ღირსება და დამსახურება აქვს - მისი მამა თამაზაშვილის მეგობარი იყო. სხვა მხრივ, ის სიტუციას ვერ აკონტროლებს. ვითხოვთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ჭიკაიძე პოსტიდან გადააყენოს, რათა ეს ვითარება ცოტა მაინც შემცირდეს. თანანმდებობებზე ისეთი ბუტაფერიები მაინც დანიშნონ, რომელთაც წერა-კითხვა მაინც ეცოდინებათ“, - დასძენს ნადირაშვილი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში არ შეიძლება, შსს-ს მოქმედი მინისტრი მართავდეს.
„უმძიმესი კრიმინალური ფონი და პოლიციის, როგორც ინსტიტუტის სრული განადგურება არის ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და განსაკუთრებით თბილისში. ადამიანების მკვლელობები, არასასურველ მოწმეთა გატაცებები, პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური თავდასხმები, ჩვენებების გამოძალვა, პოლიციელების ცემა დაიწყეს თვითონ პოლიციის შენობებში.
ვერ წარმოიდგენთ, როგორ მემუდარებოდა პოლიციელი რომან ყორშია ტელეფონით (დარწმუნებული ვარ, მოსმენილი ექნება სათანადო ორგანოებს), რომ მეშველა მისთვის, რადგან მასზე ხორციელდებოდა თავდასხმა. ამიტომ ჩვენი აღშფოთება ბუნებრივია. ასეთი მინისტრი არ შეიძლება მეთაურობდეს ისეთ მნიშვნელოვან უწყებას, თუმცა საკითხი დგას გაცილებით ფართოდ – მთელი ხელისუფლება გახდა უუნარო“, - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
ჭიკაიძის მიმართ პრეტენზიების პათოსს უმრავლესობაში არ იზიარებენ, ალექსანდრე ჭიკაიძეს „ბრწყინვალე პოლიციელად“ მიიჩნევენ და ყოფილ სახელისუფლებო გუნდს წარსულს უხსენებენ.
როგორც for.ge-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, მისთვის გაუგებარია, მინისტრის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნის საფუძველი.
კანონმდებელის განცხადებით, კრიმინოგენური ვითარების თაობაზე არსებული ოფიციალური სტატისტიკა სხვა რამეზე მეტყველებს და ხელისუფლება დასკვნებს ნაციონალების სუბიექტური დამოკიდებულებებით ვერ გააკეთებს.
„ციფრებს ვეყრდნობით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გასულ წლებთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა ნაკლებია. შეიძლება ცალკეული დანაშაულები, რაც იკვეთება, სხვა ტენდეციებია და ამას კვლევა და განხილვა სჭირდება, მაგრამ როცა თანანმდებობაზე მყოფი მინისტრები დანაშაულს სჩადიოდნენ და მას ეს ადამიანები ტაშს უკრავდნენ, მათგან ჭიკაიძეზე საუბარი არასერიოზულია“, - აღნიშნავს ბესელია, რომლის მსგავსად, ჭიკაიძეს ექომაგება ლევან ბერძენიშვილი.
for.ge-სთან საუბარში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ჭიკაიძე არის ბრწყინვალე პოლიციელი, მერაბიშვილი კი პოლიციელიც არ იყო.
მისი თქმით, ის ვერ ვხედავს მიზეზს, თუ რა დააშავა ჭიკაიძემ.
„ეს მოთხოვნა ცოტა მოულოდნელია მათგანაც კი. ის ხალხი არ ვართ, რომელიც საკითხებს არ განიხილავს და თუ ვინმემ რაიმე დააშავა პოსტიდან არ გაუშვებს, მაგრამ ამ მომენტში რაღაც პირადს ვხედავ“, - აღნიშნავს ბერძენიშვილი.
კანონმდებელი ინტერესდება, თუ რა აზრის არის ირმა ნადირაშვილი ვანო მერაბიშვილის განათლების დონეზე.
„საქართველოში როგორ მოხდა, რომ ვანო მერაბიშვილი იყო რაღაცის მინისტრი? - ჭიკაიძე ბრწყინვალე პოლიციელია, მერაბიშვილი კი პოლიციელიც არ იყო. მერაბიშვილი იყო კაცი, რომელმაც ქართული გრამატიკა არ იცოდა და რომელსაც არცერთი წიგნი არ ჰქონდა წაკითხული. რა განათლებაზეა ლაპარაკი? ამასთანავე, პრეზიდენტი გვყავდა, რომელსაც „თხა და გიგო“ არ ჰქონდა წაკითხული. დიპლომები კი ჰქონდა. ის, რომ ნადირაშვილის სალაპარაკოა ჭიკაიძის დიპლომი, ეს უხერხულია, რადგან არც ნადირაშვილს აქვს „ოქსფორდი“ დამთავრებული. დიპლომს წულუკიანსაც უწუნებდნენ და ამის შემდეგ დიპლომებზე საუბარი, წარმოგიდგენიათ?!“, - აცხადებს დეპუტატი.
თანაგუნდელების პათოსს ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე იზიარებს, მაგრამ დეპუტატი ბოლო პერიოდში გახშირებულ მკვლელობზე წუხს და ამბობს, რომ პრევენციის კუთხით, ალბათ, უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს მუშაობა.
დეპუტატის მოსაზრებით, დანაშაულის წინააღმდეგ საზოგადოებაც უნდა გააქტიურდეს.
„რაც ხდება, ძალიან მძიმეა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე დანაშაულების კასკადი ერთმანეთს წაეწყო. შს სამინისტროს აქტიურობა მისასალმებელია და კარგია, რომ საქმეები იხსნება. როცა ადამიანი მიდრეკილია მკვლელობისკენ, მას ვერაფერს უშველი, მაგრამ მუშაობა უნდა გაატიურდეს, რომ საზოგადოებაში დანაშაულის ჩადენის მიმართ განცდა შემცირდეს“, - განუცხადა for.ge-ს აბაშიძემ.
საქართველოში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გლობალურ ჭრილში განიხილავს და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ კრიმინალი ყველგან ხდება.
მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ დივიდენდებს ეძებს, რადგან ადამიანის სიცოცხლეზე საუბარი მათგან ცინიკურია.
„ცინიკურია, როდესაც ადამიანის სიცოცხლეზე „ნაციონალური მოძრაობა“ მელაპარაკება. მაშინ, როცა ხალხს მიზანმიმართულად იდეოლოგიის გამო აწამებდნენ, ხმას რატომ არ იღებდნენ?! ადამიანები რომ კვდებიან, ყველას გული გვტკივა, მაგრამ კრიმინალი დამახასიათებელი მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არ არის. 86 წლის კაცი რომ 32 წლის კაცს მოკლავს, ეს არც ჭიკაიძეს დაესიზმრება და არც სესიაშვილს. კრიმინალთან მიმართებაში მიდგომა მაქსიმალურად გავამკაცრეთ და დიდი რაოდენობის ნარკოტიკები ამოვიღეთ, მაშინ, როდესაც მერაბიშვილს კილოგრამი ნარკოტიკი არ ამოუღია“, - აცხადებს სესიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ განცხადებებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია გამოეხმაურა და უმცირესობა სამინისტროს დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.
იზორიას ცნობით, 2011 წლის აგვისტოში ზუსტად 11 მკვლელობა მოხდა, როგორც მიმდინარე წლის აგვისტოში. ყველა მკვლელობა კი უკვე გახსნილია.
„არავითარი საფუძველი იმისა, ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა გაუარესდა, არ არსებობს. 2011, 2012, 2013, 2014 წლების მონაცემები თითქმის ერთნაირია. ხოლო თუ წინათ მკვლელობების გაშუქება იშვიათად ხდებოდა, დღეს თითქმის ყველა მკვლელობა შუქდება. ამაში აქტივობას სამინისტროს საინფორმაციო სამსახური იჩენს“, - აღნიშნავს იზორია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, მოსახლეობის მოტყუებას თავი დაანებოს.
რაც შეეხება მკვლელობების პრევენციას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, შს სამინისტრო გაორმაგებული ენერგიით მუშაობს, თუმცა უმრავლესს შემთხვევაში, მკვლელობები მეგობრებსა და ნათესავებს შორის და იშვიათად კი, უცნობებს შორის ხდება.
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს ბოლო პერიოდში გახშირებულ მკვლელობებზე კომნეტირებისას განუცხადა, ყველა ბოროტმოქმედი კანონის მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იყოს დასჯილი.
„მესმის რამდენად მძიმეა, როცა ახლობელ ადამიანს კარგავ და ეს დანაკარგი კიდევ უფრო მძიმდება, როდესაც ის ძალადობრივი მეთოდით ხდება. ვფიქრობ, სამართალდამცვლებმა კრიმინალთან ბრძოლის კუთხით კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ და კანონის ფარგლებში მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იყოს დასჯილი ყველა ბოროტმოქმედი. ის, რომ ქვეყანა ნულოვანი ტოლერანტობიდან, შიშის რეჟიმიდან და ტერორიდან გამოვიდა, არ ნიშნავს, რომ დამნაშავეებს დანაშაულის ჩადენის უფლება ეძლევათ - არავითარ შემთხვევაში. ყველა დამნაშავე, ყველა კრიმინალი კანონის ფარგლებში მაქსიმალური სიმკაცრით უნდა იყოს დასჯილი“, - განმარტა ვიცე-პრემიერმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ფიქრობს, რომ მის ოპოზიციონერ კოლეგებს „ბილობილი“ და დიდი ცოცხი სჭირდებათ.
„თუ გგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობას სჭირს სკლეროზი, ძალიან სცდებით. ეს თქვენ უფრო გჭირთ სკლეროზი. ჩემი წინადადებაა, იქნებ ჩემი ხელფასის ხარჯზე ერთი პარტია „ბილობილი“ შემოვიტანოთ და ვასვათ ამათ. ნებით არ მიიღებენ, მაგრამ გავაღებინოთ პირი და ჩავუდოთ პირში.
ერთი კარგი დიდი ცოცხი მართლა საჭიროა. მაგ საქმისთვის არა, თქვენ რომ გაიფიქრეთ. დიდი ცოცხი საჭიროა იმისათვის, რომ თქვენ ჩაგცოცხოთ მართლაც, როგორც თავის დროზე მოსახლეობის საუკეთესო ნაწილი ჩაცოცხეთ. თქვენ ხართ თვით პოლიტიკურ სანაგვეზე გადასაყრელი და ჩასაცოცხი, ჩემო კარგებო“, - მიმართა უმცირესობის წევრებს ომარ ნიშნიაძემ.