„რუსეთი ცდილობს, ზედმეტად არ გააშაოს ობამას პოლიტიკა, რათა რესპუბლიკელები არ გააქტიურდნენ“

„რუსეთი ცდილობს, ზედმეტად არ გააშაოს ობამას პოლიტიკა, რათა რესპუბლიკელები არ გააქტიურდნენ“

ევროკავშირს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ვან რომპეი შეცვალა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფედერიკა მოგერინიმ კი -  ქეთრინ ეშტონი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ დონალდ ტუსკი უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია და მკვეთრ განცხადებებს არ იშურებს რუსეთის მიმართ, საინტერესოა, შეიცვლება თუ არა ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ევროკავშირის პოლიტიკა და გადავლენ თუ არა „შეშფოთება-აღშფოთების“ ტონალობიდან უფრო ხისტ მოქმედებებზე? რაც შეეხება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფედერიკა მოგერინს, მას დონალდ ტუსკისგან განსხვავებით, უფრო კომპრომისების მაძიებელ პიროვნებად ახასიათებენ, რომელსაც მისი წინამორბედის- ქეთრინ ეშტონის პრინციპულობა და მომთხოვნი ხასიათი არ გადაეცემა.

ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ევროკავშირის პოლიტიკის ირგვლივ For.ge პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

- სავარაუდოდ, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში. დონალდ ტუსკი მოიაზრება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხმად ევროკავშირში, მაგრამ ეს დიდ იმედს არ იძლევა, რადგან იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრედერიკა მოგელინის მხრიდან მოხდება სიტუაციის დაბალანსება. მოგელინი ცნობილია ახლო კავშირებით რუსეთის ხელისუფლებასთან, ის რამდენჯერმე ჩასულიც იყო პუტინთან. ამიტომ აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის რამდენიმე ლიდერმა (მათ შორის, ლიტვამ) თავი შეიკავა მისთვის ხმის მიცემისგან. ეს ნიშნავს, რომ მოგელინი მოიაზრება ე.წ. დაშოშმინების პოლიტიკის მომხრედ ევროკავშირთან.

თავის დროზე პოლონეთში ბევრი საუბრობდა, დონალდ ტუსკს ახალი თვითმფრინავი რომ გამოეყო კაჩინსკისთვის, ტრაგედია არ მოხდებოდაო. მისდამი კითხვების მიუხედავად, ტუსკი მაინც გამოირჩევა, როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი. ახლახანს მან განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებს არ ემუქრება და 1939 წელი არ უნდა განმეორდეს, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. დონალ ტუსკი ვერ დააბალანსებს მოგელინის პოზიციას?

- წინასწარ ამის თქმა ძნელია, მაგრამ ზოგადად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამიტომაც არის ეს თანამდებობები ასე გადანაწილებული, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობაში მეტ-ნაკლებად რაღაც ბალანსი შეინიშნებოდეს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დონალდ ტუსკი ძალზე ახლოს იყო გერმანულ პოლიტიკურ ისტებლიშენტთან. თუ გერმანულ-პოლონურ ურთიერთობებს თვალს მივადევნებთ, ხშირად სინქრონში გამოდიოდა ეს ორი სახელმწიფო. ტუსკი ახლოს არის მერკელთან, ამიტომ ის გვერდს ვერ აუქცევს გერმანიის ინტერესებს. პიროვნულ შეხედულებებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ზოგადად, ნებისმიერი პოლიტიკოსი როგორც კი მოხვდება ევროკავშირის მაღალ თანამდებობაზე, საკუთარი სურვილით ვერაფერს გადაწყვეტს. ამიტომ მოგელინი და ტუსკი ბოლომდე ვერ იქნებიან თავისუფალნი თავიანთ არჩევანში. მთლიანობაში, მაინც გადაწყვეტილებებს წევრი სახელმწიფოები იღებენ.

ალბათ, ევროსაბჭოში წამყვან როლს კვლავაც მერკელი, ოლანდი და ქემერონი ითამაშებენ?

- რა თქმა უნდა, ძველი ევროპის ქვეყნები მაინც ლიდერებად გამოდიან. უბრალოდ, ბოლო ხანებში გამოიკვეთა პოზიციების გარკვეული რღვევა ე.წ. ახალ და ძველ ევროპას შორის. ევროკავშირის, ისევე, როგორც ნატოს ერთ-ერთი ამოცანაა, რაღაცნაირად რღვევა შეაჩეროს. რღვევაში მე ვგულისხმობ, რომ სხვადასხვა შეხედულებები აქვთ იმავე უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ახლა საჭიროა, შეჯერდეს ევროპული სახელმწიფოების ეს პოზიციები, რადგან ამით კარგად სარგებლობს რუსული დიპლომატია, რომელმაც იცის, რომ გარკვეული წინააღმდეგობები არის ევროკავშირის შიგნით.

უკვე ვრცელდება ამერიკელი პოლიტოლოგის - პოლ გობლის განცხადება, რომ პუტინის შემდეგი მსხვერპლი ლიტვა, მოლდოვა და საქართველო იქნება.

- სამწუხაროდ, თვითონ ევროკავშირმაც ვერ გაარკვია, როგორ უნდა დაუპირისპირდეს რუსულ აგრესიას, ერთიანი ხედვა არ არსებობს. რუსეთის მიმართ შემდგომ სანქციებს ეწინააღმდეგებიან აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოები - სლოვაკეთი, უნგრეთი, კვიპროსი, ჩეხეთი. რაც შეეხება რუსულ პოლიტიკას, გამოითქვა მოსაზრებები არა მარტო საქართველოს, ლიტვას, მოლდოვას, არამედ ყაზახეთთან დაკავშირებითაც.

რომელსაც პუტინმა ისტორის არქონა დაუწუნა და ამით ყაზახები გაანაწყენა?

- ეს იყო მინიშნება ყაზახებისთვის, თუკი ყაზახეთში ლიდერი შეიცვლება, შესაძლოა, ყაზახეთის ანექსიის საკითხი დადგეს, ვინაიდან ყაზახეთის ჩრდილოეთი ნაწილი რუსულენოვანი მოსახლეობითაა დასახლებული და ეს კარგად ჯდება პუტინის დოქტრინაში, რომ ე.წ. რუსულენოვანი სამყაროს შემოკრება მოხდეს რუსეთის გარშემო. ლიტვასთან დაკავშირებით, არა მგონია, რაიმე სერიოზული გამოუვიდეს პუტინს, რადგან ეს ქვეყანა ევროკავშირის და ნატოს წევრია, მაგრამ მისთვის მთავარია, დაამციროს ლიტველები და, კონკრეტულად, ევროკავშირი და ნატო. ამით დაანახოს დანარჩენ მსოფლიოს, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომ არავითარი გარანტია მათი უსაფრთხოებისთვის არ არსებობს. ამიტომ ეს იქნება ესტონეთი თუ ლიტვა, ძნელი სათქმელია.

თუ დავესესხებით პოლ გობლის, ვცხოვრობთ სტალინის შემდეგ ყველაზე საშიშ პერიოდში და ადოლფ ჰიტლერის შემდეგ ყველაზე აგრესიულ ლიდერთან - პუტინთან გვაქვს საქმე. საქართველოსთვის რუსეთს ამ ეტაპზე არ სცალია. რა იქნება შემდეგში?

- საქართველოსთვის რუსეთს ახლა არ ცხელა, მაგრამ, როცა უკრაინის ამბები მეორე პლანზე გადაიწევს, აუცილებლად დადგება ჩვენი საკითხი. არსებობს მოსაზრებები, თუ რუსეთმა ვერ მიიღო საქართველოს ხელმძღვანელობისგან იმის გარანტია, რომ საქართველო შეიცვლის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, რაც, სავარაუდოდ, არ მოხდება, მაშინ შეიძლება, ცხინვალის რეგიონის ანექსია მოახდინოს, რასაც ისედაც აკონტროლებს. ამისთვის ბევრი სცენარი არსებობს - ცხინვალის რეფერენდუმი და სხვადასხვა ხერხები. აფხაზეთთან დაკავშირებით პირდაპირი ანექსია, ალბათ, არ გამოუვა, მაგრამ აფხაზეთის ხელმძღვანელობის შეცვლა კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას გამოიწვევს რუსეთის ფედერაციასთან და ეს საქართველოსთვის მტკივნეული იქნება, მაგრამ, სანამ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი რეალურად არ დადგება, მაინც არა მგონია, რუსეთმა საქართველოს პირდაპირი ანექსია მოახდინოს, გარდა ამ ოკუპირებული ტერიტორიის. თუმცა მომავალ წლებში, როცა გადაიდგმება ნაბიჯები ნატოსთან მიმართებით, მართლა შეიძლება დადგეს ეს საკითხი. ამ ეტაპზე რუსეთს არ აწყობს ჩვენთან ურთიერთობის გაუარესება, რადგან არსებობს ილუზია ორივე - ქართული და რუსული მხრიდან, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია ეკონომიკური, კულტურული კავშირების გაძლიერებით შეამცირონ განსხვავებები. ყოველ შემთხვევაში, რუსულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ხშირად მუსირებს აზრი, რომ თუ რუსეთმა საქართველოსთან ეკონომიკურ თანამშრომლობაში წამყვან როლს მიაღწია, ეკონომიკა წამოიყოლებს პოლიტიკასაც. ჯერჯერობით რუსეთი მხოლოდ ჩვენი მესამე სავაჭრო პარტნიორია.

უკრაინის თემასაც შევეხოთ, უკრაინა ნეიტრალურ სტატუსს იხსნის და უკვე აღარ იქნება სამხედრო ალიანსების მხრივ ნეიტრალური ქვეყანა. პარალელურად, ვრცელდება მაკკეინის განცხადება -მიეცით უკრაინელებს იარაღი, რომელიც მათ სჭირდებათ, მიეცით საშუალება, იბრძოლონ“. ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აპატურაიმაც, მან თქვა, არა მგონია, ვინმეს სურდეს ნატოს სამხედროების ჩასვლა უკრაინაში, ასეთი რამ თვით უკრაინელების ინტერესშიც არ არის. ჯონ მაკკეინის მკვეთრ და აპატურაის დაბალანსებულ განცხადებებს როგორ შეაფასებთ?

- აქ არის ორი სხვადასხვა ხედვა. კიდევ სხვა ხედვებიც არსებობს. დასავლეთ ევროპის ლიდერები, განსაკუთრებით, გერმანია მკვეთრ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება, რადგან მათ მიაჩნიათ, რამდენი შეიარაღებაც არ უნდა მიაწოდონ უკრაინას, ეს გამოიწვევს პირდაპირ ომს რუსეთთან. ახლა კი გამოუცხადებელი ომია. ყველამ იცის, რომ ომის შემთხვევაში, უკრაინა წააგებს, ხოლო დასავლეთში არავინ არის მზად, უკრაინის მაგივრად იომოს საკუთარი ჯარისკაცებით. კონკრეტულად, ამ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით, ეს შესაძლოა გამოიწვია პუტინის განცხადებამ, რომელმაც შემდგომ უკან დაიხია, მაგრამ მანამდე თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის დამოუკიდებლობის დრო დადგა. ლუგანსკის და ოლქების საზღვრები ყოველ საათს იცვლება და არ ვიცით, როგორ დამთავრდება ეს ოპერაციები. შეიძლება, არა მარტო ლუგანსკი დაკარგოს უკრაინამ, არამედ სამხრეთ ოლქებიც დაემატოს. პუტინის ამ განცხადებამ გამოიწვია უკრაინული ელიტის კიდევ უფრო გაღიზიანება და უკრაინის ხელისუფლებას სურს აჩვენოს, თუკი მოსკოვი გააგრძელებს ხისტ პოლიტიკას, მაშინ ნატოსთან ინტეგრაციის გარდა არაფერი დარჩება უკრაინას. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ რეალურად ეს არ იქნება იოლი გზა. საქართველოს მაგალითიც ცხადყოფს, რომ უახლოესი 2 წლის განმავლობაში ეს ვერ მოხდება.

ახალგაზრდულ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არავის აზრად არ მოუვა, რაიმე სახის კონფლიქტი გააჩაღოს რუსეთთან, რომელიც ერთ-ერთი ძლიერი ატომური იარაღის მქონე ქვეყანაა. მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ყველა ერიდება, მაგრამ რამდენად არის მზად რუსეთი ატომური იარაღის გამოყენებისთვის?

- მახსენდება რაგოზინის და პუტინის ტონი, ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათქვამი, რომელმაც აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ძალისმიერი გზით მოინდომებს ყირიმის დაბრუნებას, რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა და ბირთვულ ძალას გამოიყენებს. ეს რამდენად რეალურია, სხვა საკითხია, მაგრამ ეს განცხადება დასავლეთის გასაგონადაა, რომ მან ზემოქმედება მოახდინოს კიევზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აბრკოლებს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებსაც და შეერთებულ შტატებსაც. ბირთვული ომის საფრთხე მართლა არსებობს. პუტინს არ სჭირდება თათბირი, ევროპის ლიდერებისგან განსხვავებით, თვითონვე მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამ ყველაფერს ასეთი ინტერპრეტაციაც მიეცა- პუტინი შეეცდება, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ობამა მხდალია.

- რუსეთი ცდილობს, კონკრეტულად აშშ დააკნინოს. მას უნდა, შექმნას მსოფლიოს ახალი პოლიტიკური პოლუსი, რომელიც შეერთებული შტატების და ევროკავშირის საპირწონე იქნება. ამავე დროს, რუსული დიპლომატია ცდილობს, ზედმეტად არ გააშავოს ობამას პოლიტიკა, რადგან ამერიკაში მოახლოებული არჩევნებისთვის ეს კარგი არ იქნება. თუ ობამა ამერიკის უმწეო ლიდერად წარმოჩნდება, მაშინ დიდი შანსია, გაიმარჯვოს რესპუბლიკელების კანდიდატმა, რომელიც ანტირუსულ პოლიტიკას მისდევს.

სხვათა შორის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო მაკკეინმა ბარაკ ობამას პირდაპირ მხდალი უწოდა.

- დიახ. ამიტომ რუსეთი ცდილობს, რესპუბლიკელები არ გააქტიურდნენ.

ყველაფერ ამ ფონზე უცნაურად ჟღერს, ერთი შეხედვით, დემოკრატად აღიარებული მიხეილ გორბაჩოვის განაცხადი, რომლის დროსაც 9 აპრილი ვიწვნიეთ. ის ამბობს, შეიძლება, ისეთი ხანძარი გაჩნდეს მსოფლიოში, მთელი მსოფლიო ვეღარ ჩააქრობს და კარგია, აღმოსავლეთ უკრაინის მოვლენებში რუსეთი ჩაურეველ პოლიტიკას რომ ეწევაო. გორბაჩოვის მხრიდან ეს ცინიზმია?

- რუსეთში გაურკვეველი სიტუაციაა, ამიტომ ამ ტიპის განცხადებები გასაკვირი არ არის გორბაჩოვისგან. მეტ-ნაკლებად, ის იმ საზოგადოების წევრია, რომელიც იწონებს პუტინის პოლიტიკას.

ერთია, რუსეთის სურვილი, გახდეს მეორე პოლიტიკური ცენტრი, მაგრამ მეორეა, აგრესორის მანტიით რამდენად შესაძლებელია 21- საუკუნეში ზესახელმწიფოებს გაუწიოს მეტოქეობა?

- რუსები ცხოვრობენ პოსტმოდერნისტულ სამყაროში, სადაც ძალისმიერი გზით საზღვრების შეცვლა მიღებულია. ეს ხდებოდა მე-19-20 საუკუნეებში, მაგრამ რუსულ პოლიტიკურ პარადიგმაში ეს ჯერ კიდევ წამყვანი საკითხია. ამიტომაც დასავლურ დიპლომატიას უჭირს ამასთან გამკლავება. რუსეთი შეიძლება იყოს რეგიონალური მნიშვნელოვანი სახელმწიფო, მაგრამ ის ჩამოუვარდება არა მარტო შეერთებულ შტატებს, არამედ ჩინეთს და ბევრ სხვა სახელმწიფოს.