უმცირესობა ქუთაისს ვერ ელევა და ბოიკოტისთვის ემზადება

უმცირესობა ქუთაისს ვერ ელევა და ბოიკოტისთვის ემზადება

„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს საქართველოს კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაში ადანაშაულებს და პარლამენტის თბილისში ნაწილობრივ დაბრუნებას ბიძინა ივანიშვილის „ხუშტურებს“ უკავშირებს.

საპარლამენტო უმცირესობა დედაქალაქში მუშაობაზე უარს აცხადებს და ბოიკოტისთვის ემზადება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ნაციონალები ამბობენ, რომ ისინი ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ივლიან, რადგან კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი სწორედ ქუთაისშია.

თუ რამდენ ხანს გასტანს უმცირესობის ბოიკოტი, ამის პროგნოზი ძნელია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს, ბიუროს პირველ სხდომას არ დაესწრნენ. არადა, იმ დროს, როდესაც ისტორიული შენობის დავით აღმაშენებელის სახელობის დარბაზში საშემოდგომო სესია გაიხსნა და ბიუროს სხდომა მიმდინარეობდა, გოკა გაბაშვილი, ტარიელ ლონდარიძე და გიორგი თევდორაძე დარბაზის კართან იდგნენ და კომენტარებს მედიის წარმომადგენლებს აძლევდნენ.

გოკა გაბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება კონსტიტუციას არათუ საკუთარ თავზე ირგებს, არამედ კონსტიტუციას ნაგვის ყუთში აგდებს.

მისი თქმით, უმცირესობა საკუთარ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში გადახედავს, თუ თუ მმართველი გუნდი რაიმე კანონიერ ნაბიჯებს გადადგამს.

„კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა ხდება. ერთი ადამიანის - ივანიშვილის ხუშტურის და ამოჩემის გამო პარლამენტი თბილისში დააბრუნეს. საქართველოს ხელისუფლება ივანიშვილის დავალებით კონსტიტუციას ნაგვის ყუთში აგდებს“, - აღნიშნავს გაბაშვილი.

კანონმდებელის მოსაზრებით, პარლამენტი თბილისში ივანიშვილის ხუშტურით გადაიტანეს და უმცირესობა ამ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს.

„მუშაობას ვაგძელებთ ქუთაისში და თუ ოპონენტები თვლიან, რომ პარლამენტი თბილისში კანონიერად მუშაობს, მაშინ, გვაჩვენონ ის ნორმა, რისი გათვალისწინებითაც, აქ მუშაობენ. მარტო იმიტომ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვთ, ასე თავხედურად იქცევიან და კანონის გვერდის ავლით მოქმედებენ. პარლამენტი თბილისში ბატონი ივანიშვილის ხუშტურით გადმოიტანეს და ბუნებრივია, ამ თამაშში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - აცხადებს გაბაშვილი, რომლის პოზიციას იზიარებს ქუთაისის ყოფილი მერი და დეპუტატი გიორგი თევდორაძე.

ოპოზიციონერის მოსაზრებით, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში, მომავალი ორი წლის მანძილზე, ყველა კომიტეტის სხდომა არ ჩატარდება.

„ამ შენობაში საპარლამენტო საქმიანობა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენი მოთხოვნაა, ნებისმიერი პროცესი კანონის და კონსტიტუციის დაცვით მიმდინარეობდეს და არა ხელების გადაგრეხვით“, - განაცხადა თევდორაძემ.

ოპონენტების ბრალდებებს მმართველ გუნდში არ იზიარებენ და „ნაციონალურ მოძრაობას“ პირიქით, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაში ადანაშაულებენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, წინა ხელისუფლებამ კონსტიტუცია ნაგავში 2004 წლის თებერვალში მოისროლა, ახალი ხელისუფლება კი, ახლა მის დასუფთავებას და გაწმენდას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან ცვლილებებს ისევ უმცირესობა ეწინააღმდეგება.

ხმალაძის განმარტებით, პარლამენტის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით ისევ ქუთაისი რჩება.

„კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი, მაგრამ მთელი დანარჩენი სამუშაო შეიძლება შესრულდეს სხვაგან. თბილისში მდებარე შენობა არის ერთადერთი, რომელიც პარლამენტს ეკუთვნის. მუშაობა გაიმართება აქაც და აქ ანტიკონსტიტუციური არაფერია. საშუალება გვაქვს შეხვედრები გავმართოთ აქ და არა სხვა უწყებებსა და სასტუმროებში, სადაც ფული უნდა გადავიხადოთ“, - აღნიშნავს ხმალაძე, რომლის პათოსს იზიარებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

კანონმდებელი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თბილისში არსებობით კონსტიტუცია არ ირღვევა.

კობახიძის თქმით, პარლამენტის ადგილსამყოფელი არ შეცვლილა და ყველა პლენარული სხდომა ქუთაისში ჩატარდება.

„კარგია, რომ დამატებითი შესაძლებლობა გვაქვს სხდომები გავმართოთ არა სასტუმრობსა და იუსტიციის სახლში, არამედ აქ. გაუგებარია, რა პრეტენზიები აქვთ მათ? მახსოვს, რომ თბილისში საკომიტეტო მოსმენებსა და ბიუროს სხდომებს ნაციონალებიც ესწრებოდნენ და ამას მაშინ, რატომ არ აპროტესტებდნენ? ეს აუცილებელია იმიტომ, რომ პარლამენტის მუშაობა იყოს ეფექტური და არ ვიყოთ შეზღუდულნი ქუთაისის შენობით“, - აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის თბილისში არსებობა-არსებობის თაობაზე, მხარეებს შორის პოლიტიკური დებატები სავარაუდოდ, ხვალაც გაგრძელდება, რადგან დეპუტატები მუშაობას ხვალიდან ქუთაისში განაგრძობენ, მაგრამ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, კონსტიტუციონალისტმა, ავთანდილ დემეტრაშვილმა for.ge-სთან საუბარში ერთხელ უკვე განმარტა, რომ არცერთ საკანონმდებლო აქტში არ წერია, რომ საკომიტეტო მოსმენები მხოლოდ და მხოლოდ ქუთაისში უნდა ჩატარდეს.

მისი განცხადებით, კომიტეტების ადგილსამყოფელი კი არ იცვლება, არამედ მუშაობის ადგილი და ეს წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან არ მოდის.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტის სხდომები რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში ჩატარდება, პლენარული სხდომები კი ქუთაისში.