როგორც იქნა, ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ კომპანიებს გამარტივებული ფორმით, ნებისმიერ დროს, მოსთხოვონ მათთვის არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა. მართალია, მობილურის მფლობელი უბრალო ადამიანისთვის ეს ერთჯერადი პროცედურა არ იქნება, მაგრამ რეკლამებით თავმობეზრებული აბონენტები, ალბათ, მაინც მოიმარჯვებენ ტელეფონებს „სპამური რეკლამისგან“ თავის დასაცავად.
კანონი ძალაში პირველი სექტემბრიდან შევიდა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები მოქალაქეთა მიმართვაზე შესაბამის რეაგირებას არ მოახდენენ, 1-ლი ნოემბრიდან მოქალაქეებს შეეძლებათ განცხადებით მიმართონ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს.
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უკვე ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, მოქალაქეები უარის თქმას პირდაპირ მარკეტინგზე გამარტივებული ფორმით შეძლებენ: „თუ მოქალაქე SMS-ს მიიღებს, მას რეკლამაზე უარის თქმა SMS-ითვე უნდა შეეძლოს. ხოლო, თუ კომპანიას ამდენი SMS-ის მიღება არ შეუძლია, უნდა არსებობდეს ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქე თავის ნომერს ჩაწერს და პოზიციას გამოხატავს.
აპარატის პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, აქამდე რეკლამის მიღებაზე უარის თქმის ერთადერთი ფორმა განცხადებით მიმართვა იყო, რომელსაც კომპანია ან გაითვალისწინებდა, ან - არა.
„მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია, შეწყვიტოს მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავება მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა“, - აღნიშნულია საქართველოს კანონში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
ერთ-ერთ სარეკლამო კომპანია „მულტიმედია სერვისსში“, რომელიც კომპანიებს სწორედ მობილური რეკლამის მომსახურებას სთავაზობს, აცხადებენ, რომ ამ დრომდე მათთვის არცერთ დამქირავებელს არ მიუმართავს მოთხოვნით, რომ სარეკლამო შეტყობინებას ისეთი ფუნქცია დაუმატონ, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სურვილის შემთხვევაში, მათი მონაცემები საერთო ბაზიდან ამოიღონ და შეტყობინებები აღარ მიუვიდეს.
„მულტიმედია სერვისში“ მათი კლიენტების შესახებ ინფორმაციას არ ახმაურებენ. მათივე ცნობით, შეიცვლება თუ არა სარეკლამო ტექსტი და დაემატება თუ არა მას რაიმე სხვა ფუნქცია, ეს მხოლოდ დამქირავებლის - კომპანიის გადასაწყვეტია.
არასასურველი სარეკლამო შეტყობინებების გამო, მომხმარებლები უკვე დიდი ხანია ჩივიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2014 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ყოველი სამი ადამიანიდან 2 სარეკლამო შეტყობინებას იღებს.
რეკლამის დამკვეთების მისამართით გაკეთებული არაერთი მიმართვის მიუხედავად, პატივი სცენ მომხმარებელთა კონფიდენციალურობას, რესპონდენტთა დაახლოებით 67% ამბობს, რომ ისინი კვლავაც იღებენ უნებართვო SMS რეკლამებს. ე.წ. სპამის მიმღებთა თითქმის ნახევარი (46%), აცხადებს, რომ ეს შეტყობინებები მათთვის უსარგებლოა, მაგრამ ამგვარი მესიჯების მიღების წინააღმდეგნი არ არიან. გამოკითხულთა 21%-ს მობილური რეკლამები აღიზიანებს. მათგან განსხვავებით, მომხმარებელთა 24%-ს ეს შეტყობინებები ხანდახან სასარგებლოდაც მიაჩნია, 8% კი თვლის, რომ ისინი ხშირად სასარგებლოც კია.
„საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო“ მიუთითებს, რომ კანონის მიხედვით, მოქალაქეს სარეკლამო შეტყობინებებზე უარის თქმა SMS-ის Reply-ს ფუნქციის საშუალებითვე უნდა შეეძლოს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1-ელ აგვისტოს მიიღო 76 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.
პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის გარდა, ცვლილებები შევიდა 7 სხვადასხვა საკანონმდებლო აქტსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლის საფუძველძეც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება გაიზარდა.