„ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ნაცმოძრაობა ეფექტურად დარჩენილიყო პოლიტიკურ ძალთა შორის“

„ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ნაცმოძრაობა ეფექტურად დარჩენილიყო პოლიტიკურ ძალთა შორის“

საპარლამენტო უმცირესობის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ წიკლაური „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს, წარწერით „მალე საქართველოში“, ხოლო სტატუსში „აქტიურ მოქმედებებზე“ გადასვლას და ბრძოლას გამარჯვებისთვის აანონსებს. წიკლაურის თქმით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო ჯგუფების ფართო ჩართულობა.

„ორი დღის მანძილზე მიხეილ სააკაშვილთან გვქონდა ინტენსიური შეხვედრები ტრაპზონში, რიზესა და სარფში და მთავარი საკითხები იყო საერთაშორისო პრობლემატიკა, რუსეთ-უკრაინის ომი, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება და პარტიის გეგმები. ვიწყებთ აქტიურ მოქმედებებს პუტინის მარიონეტების პოლიტიკის და რუსულ ორბიტაზე დაბრუნების წინააღმდეგ“.

რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, დადებული აღთქმის მიუხედავად, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა, მან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან სარფში გამართა შეხვედრა და კარგა ხნის მივიწყებული „ჩაის სმის“ ტრადიციაც აღადგინა. ისევ ზღვის ფონი, ისევ ტაბლის გარშემო მსხდარი ნაციონალები და საქართველოს დარდით „გულმოკლული“ ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც „გული გახეთქვაზე აქვს, როცა ყოველდღე ესმის მკვლელობებზე, კრიმინალზე, ძალადობაზე“.

საქართველოს საზღვრებთან სააკაშვილის მოახლოებამ ზოგიერთს იური რუსი და მოღალატე თავადების დახმარებით მისი საქართველოში შემოსვლის ორგზისი მცდელობა გაახსენა, ზოგს პოლიტიკურად გაკოტრებული „შემოდგომის აზნაურები“ ამოუტივტივდა გონებაში.

რას ნიშნავს სააკაშვილის ფოტო წარწერით - „მალე საქართველოში“ და დაანონსებული „აქტიური მოქმედებები“? რატომ ცდილობს სააკაშვილი, გააღიზიანოს საქართველოს ხელისუფლება და რატომ უახლოვდება საქართველოს საზღვარს? რამდენად შეცვლის საერთაშორისო ძებნის გამოცხადება სააკაშვილის ვოიაჟების განრიგს?

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი უახლოეს პერიოდში ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობას გამორიცხავს, რადგან ეს არ შედის სააკაშვილის გეგმებში.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის წევრს, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წიკლაურს, For.ge-სთან საუბარში იგი დაანონსებულ აქტიურ ქმედებებს ადასტურებს და აცხადებს, რომ ნაცმოძრაობა კონსტიტუციით დაშვებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რაც გულისხმობს საჯარო გამოსვლებს, მიტინგებს, მანიფესტაციებს. ასევე, ისინი აქტიურ კომუნიკაციას დაამყარებენ სამოქალაქო ჯგუფებთან, რადგან საქართველოში ძალზე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოთქვამს პოზიციას მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და არის საკითხები, რომელთა მიმართაც მათ ნაცმოძრაობის ანალოგიური პოზიცია უჭირავთ. ამიტომ ნაციონალები ამ შანსს გამოიყენებენ და ამ არასამთავრობოებთან ერთად იბრძოლებენ საკითხების გადასაწყვეტად. კონკრეტულად, ნუგზარ წიკლაური ასახელებს პოლიციასა თუ ჯარში მიმდინარე მოვლენებს, უკანონობას, კრიმინალის ზრდას, „უნიათო გადაწყვეტილებებს“ წამლის რეცეპტებთან დაკავშირებით და სხვა საკითხებს, რამაც ჩვენი მოქალაქეები დააზარალა.

თუ რა მიზანს ისახავდა სააკაშვილის გამოჩენა საქართველოს საზღვართან, ამის შესახებ ნუგზარ წიკლაურმა გვითხრა, რომ ყოფილ პრეზიდენტს რამდენჯერმე შეხვდნენ თავისი გუნდის წევრები ტრაპზონში, რიზეში და მასთან მიმდინარე საკითხებზე არაერთხელ იმსჯელეს. სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ სარფში უზარმაზარი რიგები იყო, გაითიშა ელექტროენერგია. ამიტომაც იქვე ახლოს მყოფმა ნაციონალებმა შეწუხებულ მოქალაქეებთან მისვლა გადაწყვიტეს.

„ამაზე მეტ სიმბოლიკას სააკაშვილის მიერ ჩაის დალევაში ვერ ვხედავ. არ ვიცი, რა აღიზიანებს ჩვენს ხელისუფლებას. არც ის ვიცი, სააკაშვილის გამოჩენა გააღიზიანებდა თუ არა მათ. უბრალოდ, ვიცი, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები აღიზიანებს ხალხს. ესაა მთავარი და არა ცალკეული გაქსუებული მინისტრის გაღიზიანება. მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ის ან უნდა იყოს ხალხისთვის, ან - თავისთვის და იწერდეს მილიონიან პრემიებს, რაც ახლა ხდება. რაც შეეხება სააკაშვილის საერთაშორისო ძებნას, აქამდეც გამოცხადებული ექნებოდა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ძებნა, უბრალოდ, მათ ძალიან კარგად იციან შედეგები, რომ არც ევროპის კავშირში, არც აშშ-ში, არცერთ ცივილიზებულ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ძებნის გამოცხადებას არავითარი შედეგი არ ექნება. ერთადერთი, სადაც დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს, ეს არის რუსეთი, ტუალუ, ნიკარაგუა, ნაურუ და ა.შ.

სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა“, ის გარკვეული ხნის განმავლობაში დისტანცირებული იყო შიდა პოლიტიკური პროცესებისგან, ძირითადად მისი ყურადღება აქცენტირებული იყო საგარეო პოლიტიკაზე, თუმცა ჩვენ მაინც გვქონდა მასთან კომუნიკაცია და შეხვედრები. მე პირადად მქონდა მასთან რამდენიმე შეხვედრა. სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგაც, რა თქმა უნდა, მასთან შეხვედრები გაგრძელდება“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სარფში სააკაშვილის გამოჩენა არ არის უცნაური, რადგან სააკაშვილი არც ცდილობდა, დამალულიყო. ადამიანი რაც უფრო შევიწროებულად აჩვენებს თავს, მით მეტ ეფექტს იძენს საზოგადოებაში. ამ ნიშისთვის ბევრი პოლიტიკური პარტია იბრძვის და რატომღაც ქართული საზოგადოება ორიენტირებულია, ასეთ ჯგუფებს მხარდაჭერა გამოუცხადოს. თანაც, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი საზღვარგარეთ წავიდა, ის მაინდამაინც არ მიიწვიეს გავლენიან პოლიტიკურ ჯგუფებში, არ მოხდა მისი კარიერის ზრდა. ამიტომ, მისი უკან შემობრუნება და სარფში შემოსვლა, გასაგებია. ის დასამარებას არ აპირებს. რომელიღაც სასწავლებელში რამდენიმე საათის აღება არ ნიშნავს მისთვის თვითაქტივაციას.

უფრო მეტიც, არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ნაცმოძრაობა სულაც არ აპირებს ქმედუნარიანობის შემცირებას, პირიქით, მეტი ამოცანა დაისახეს და, თანაც „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ნაცმოძრაობა ეფექტურად დარჩენილიყო პოლიტიკურ ძალთა შორის. ამდენად, არის საკითხები, სადაც ხელისუფლება და ნაცმოძრაობა ერთმანეთის მტრები არიან და არის საკითხები, სადაც ერთმანეთის პარტნიორები არიან. ბუნებრივია, ამ პროცესში სააკაშვილმა აქტუალობა არ დაკარგა.

„ერთი პერიოდი, ვარაუდობდნენ, რომ, ან ნაცმოძრაობა ჩამოიცილებდა სააკაშვილს, ან სააკაშვილი სხვა ნიშისთვის დაიწყებდა ბრძოლას, მაგრამ ისინი ერთმანეთს სჭირდებიან, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ჩანდა, სააკაშვილი მათ ხელს უშლიდა. ნაციონალებს თვითრეალიზაციის შანსი რომ ჰქონოდათ, სააკაშვილს გვერდზე გაწევდნენ, მაგრამ ეს არ გამოსდით. თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი, თუკი ძალიან მკაფიო არგუმენტები არ დაიდებოდა სააკაშვილის წინააღმდეგ, მასზე წინასამართლებრივი დევნა დაწყებულიყო. ეს ყველაფერი ისევ სააკაშვილზე მუშაობს და ის გამოიყენებს „დევნილობაში მყოფი პრეზიდენტის“ სტატუსს. არასამთავრობო სპექტრში საკმაოდ დიდი დასაყრდენი აქვთ ნაციონალებს, რადგან ნაცმოძრაობის დროინდელ მინისტრს, მინისტრის მოადგილეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქვთ, მათ აქვთ დაფინანსება, გავლენის ჯგუფები, ამიტომ ნუგზარ წიკლაურის პოზიცია და ამ არასამთავრობოებზე დაიმედება გასაგებია“, - აცხადებს არჩილ გამზარდია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გუგული მაღრაძეს სააკაშვილის სარფში გამოჩენა უსუსური ბავშვის ქმედებას აგონებს, რომელიც ვიღაცის იმედად იმალება და სხვა ბავშვებს ეძახის, ხომ ვერ დამიჭირეთო.

„იქ ასეთი პროვოკაცია იყო იმ გაგებით, რომ აგერ ვარ და, თუ ბიჭები ხართ, დამიჭირეთო. ჩვენ მას ვერ ავყვებით. გამოძიება სწორად მიმდინარეობს. ქვეყნის შიგნით სააკაშვილი ვერ შემოვა, რადგან მასზე სანქციაა გაცემული. ყველა დოკუმენტი როცა შეგროვდება, რაც კი საჭიროა მასზე საერთაშორისო ძებნის დასაწყებად, ამის შემდეგ გამოცხადდება ძებნა. წყაწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ახლა უნდა, მცირერიცხოვანი მომხრეები გაამხნევოს, მაგრად ვდგავარო. განცხადება იმის შესახებ, ვისაც არ მოგწონთ რაც ქვეყანაში ხდება, გადით და ახალი პოლიტიკური ძალები შექმენით, გაუგებარია. ნაცმოძრაობამ, თავისი დესტრუქციული ქმედებით, უარი თქვა იმაზე, რომ ის ხელისუფლების ნაწილ ოპოზიციად იყოს განხილული, რადგან ხელისუფლების ნაწილი ოპოზიცია არ უნდა ამბობდეს ისეთ რამეს, რაც ძირს უთხრის სახელმწიფოს ძლიერებას. წესით, ისინი არიან ხელისუფლების ნაწილნი და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველაფერ იმაზე, რაც ხდება ქვეყნაში და გადაწყვეტილების მიღებაზე. ამ დროს მხოლოდ დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებენ და თავს მარგინალურ მდგომარეობაში იგდებენ.

მოსახლეობა მეუბნება, ნაციონალები რომ გამოდიან და ამდენს ლაპარაკობენ, გვაღიზიანებსო. ესაა მოსახლეობის განწყობა. მათ არ აქვთ დასაყრდენი. ხელისუფლებაში მყოფ ძალას ყოველთვის აკლდება ხმები, რადგან არ შეიძლება, რეფორმები ყველასთვის მისაღები იყოს. მაგალითად, ტექნიკური დათვალიერება რომ უნდა ჩატარდეს, ვიღაც იქნება უკმაყოფილო, ვისაც ჰყავს ძველი მანქანა და სურს იმ, მანქანით იაროს, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობას მოემატება ხმები. მათ ამის იმედი ტყუილად აქვთ. ეგენი დარჩებიან მოყიყინე ჯგუფად, ამაში ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ, თუ მათი ქმედებები იქნება დესტრუქციული და სახელმწიფოსთვის საზიანო, ყველა მათგანი პასუხს აგებს“, - აცხადებს გუგული მაღრაძე For.ge-სთან საუბარში.