ნაციონალების მიერ დანგრეული პარლამენტის ისტორიული შენობა აღდგენილია, ე.წ. პრეზიდენტის სართული გიორგი მარგველაშვილის სურვილით დათმობილი, ხოლო დეპუტატების სამუშაო კაბინეტები იმის მიხედვით გადანაწილებული - ვის მზის ამოსვლა ახარებს და ვის ჩასვლა.
ორი წლის შემდეგ, დეპუტატები თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში ხვალ, ბიუროს სხდომაზე პირველად შეიკრიბებიან, თუმცა, მანამდე, განახლებულ შენობაში დღეს, მედიის წარმომადგენლებს დავით უსუფაშვილმა უმასპინძლა და იმის შესახებ ისაუბრა, თუ რაში დაიხარჯა 23 მლნ ლარი.
სპიკერის განცხადებით, აღდგენილია „დანგრეული და გაძარცვული შენობა“, რომლის დემონტაჟიც ვანდალურად წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა.
„ქვეყნის პოლიტიკური ეპიცენტრი რუსთაველის გამზირი იყო, სადაც პარლამენტის შენობა დგას. მას თავისი მნიშვნელობა დაუბრუნდა. დარწმუნებული ვარ, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომლითაც პლენარული სხდომების გამართვა შესაძლებელი იქნება, ქუთაიასთან ერთად თბილისშიც“, - აღნიშნა უსუფაშვილმა, რომელმაც ყურადღება ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებაზეც გაამახვილა.
პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, საკანონმდებლო ორგანო დარჩება ქუთაისშიც და ამის პირობა ქუთაისელებს ხელისუფლებამ მისცა.
მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი საკომიტეტო მუშაობაზე კეთდება და მომავალში, პარლამენტი იმუშავებს იმაზე უკეთ, ვიდრე აქამდე მუშაობდა.
„პარლამენტს არცერთი კანონი, კონსტიტუცია და მუხლი არ უშლის ხელს, რომ სხვაგან ისე იმუშაოს, რომ ქუთაისი არ მიატოვოს. არაფერი მიგვიტოვებია! უბრალოდ, საკომიტეტო მოსმენები თბილისშიც გვექნება. პარლამენტი ქუთაისშიც რჩება! ქუთაისელებს შევპირდით, რომ შენობას არ მივატოვებთ და სულ გადმოსვლას არ ვაპირებთ“, - აცხადებს სპიკერი, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა - „თუ რას ფიქრობს, ნაციონალების გადაწყვეტილებაზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ?“.
დავით უსუფაშვილი ოპონენტებს „გზას ულოცავს“ და აცხადებს, რომ იმისთვის არსებობს სასამართლო, რომ თუ ვინმეს რაიმე სადაო აქვს, სასამართლოში გაარკვიოს.
რაც შეეხება პარლამენტში ჩატარებულ სამუშაოებს, სპიკერის ცნობით, ორი წლის მანძილზე, შენობის აღდგენისთვის დახარჯულია 23 მლნ ლარი.
მისი ცნობით, ამ თანხის ფარგლებში აღდგენილია საკომიტეტო და სასესიო დარბაზები, კინოდარბაზი და დამატებით მოწყობილია ათი ოთახი საკომიტეტო მოსმენებისთვის.
უსუფაშვილის ინფორმაციით, საკომიტეტო დარბაზები იმ კაბინეტებში განთავსდა, სადაც წინა მოწვევის პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარების სამუშაო ოთახები იყო.
„კომიტეტების თავმჯდომარეები განთავსებულნი არიან მოადგილეების ოთახებში. დეპუტატების ოთახები განსხვავებულია ფართების მიხედვით. სამუშაო კაბინეტები ფრაქციებმა გადაანაწილეს, რადგან ზოგს მზის ამოსვლა მოსწონს, ზოგს მზის ჩასვლა. დეპუტატების ავეჯი ერთნაირია. თითოეულ დეპუტატს ინდივიდვალურად ვკითხეთ, ვის რა სურდა - ქუთაისში და თბილისში. ვინც სურვილი გამოთქვა, მათი ავეჯი და ინვენტარი დედაქალაქში იქნა გადმოტანილი“, - აცხადებს უსუფაშვილი, რომელიც ნაციონალების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელთაც საკუთარი ინვენტარის თბილისში გადატანაზე უარი თქვეს.
უსუფაშვილის განცხადებით, ვისაც არ სურს სამუშაო ადგილი თბილისში, ვერ დააძალებენ.
„მათთვის სამუშაო ოთახები დარეზერვებულია. თუ ისინი სხდომებს არ დაესწრებიან, სამწუხაროა, მაგრამ ცნობილია, რომ სხდომებს ისედაც ბევრი არ ესწრება ხოლმე“, - დასძენს უსუფაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ნაციონალების მსგავსად, თურმე, საკუთარ კაბინეტსა და სართულზე უარი უთქვამს ქვეყნის პირველ პირსაც.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა ბრძანა, რომ მას „ამხელა სართული და ამხელა ოთახი“ პარლამენტში მისვლისთვის არ სჭირდება.
„პარლამენტის იმ ნაწილში ვართ, რომელსაც პრეზიდენტის სართული ერქვა. ეს ოთახი წელიწადში ერთხელ იღებოდა, ან საერთოდ - არა. ეს არის დარბაზი, რომელიც თავისი ზომებით მხოლოდ სხდომათა დარბაზს ჩამოუვარდება. ამასობაში კი, პარლამენტში არ არის ადგილი, სადაც სტუმარს მივიღებთ, ან შეხვედრა შედგება. ზოგადად, სახელმწიფოს ასეთი ცერემონიებისთვის ბევრი დარბაზი არ აქვს. ამიტომ, პრეზიდენტთან ერთად ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ ამ სართულის რეკონსტრუქცია მოხდება. პრეზიდენტმა ბრძანა, რომ მას ამხელა სართული და ამხელა ოთახი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მოსვლისთვის არ სჭირდება. ის არ თვლის, რომ ეს ოთახი ჩაკეტილი უნდა იყოს“, - აცხადებს უსუფაშვილი, რომელმაც ვერ დააკონკრეტა, თუ სად განთავსდება პრეზიდენტის ოთახი, მაგრამ დაგვარწმუნა, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს სათანადოდ მიიღებენ.
სპიკერის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ე.წ. პრეზიდენტის ფლიგელის რეკონსტრუქცია მოხდება, მედიის წარმომადგენლებს იმ სამუშაო კაბინეტებს დაათვალიერებინებს, რომელიც პრემიერისა და პრეზიდენტისთვის იქნება განკუთვნილი.
„ამ სართულს რეკონსტრუქციას გავუკეთებთ და ყველა სტუმარს სათანადოდ დავხვდებით, მაგრამ არა პომპეზურად“, - დასძენს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც გვარწმუნებს, რომ ორი შენობის არსებობის მიუხედავად, პარლამენტის ბიუჯეტი არ გაიზრდება.
უსუფაშვილის განმარტებით, სავარაუდოდ, საწვავის ხარჯი შემცირდება, მაგრამ შესაძლოა, ელექტროენერგიის ხარჯები გაიზარდოს.
„სახელმწიფო ბიუჯეტს ნაციონალების უგუნური გადაყვეტილების გამოსწორება 23 მლნ ლარი დაუჯდა. 200 მლნ დოლარზე მეტი იმ საქმეზე დაიხარჯა, რომელიც პირველი რიგის პრიორიტი არ იყო. თუ იმერეთისთვის დახმარება უნდოდათ, 100 მლნ დოლარი რომ დაეხარჯათ, ქუთაისს წყალიც იქნებოდა და გზებიც. ქვეყანას პარლამენტი სჭირდება და შეუძლებელია ისე ფუნქციონირება, როგორც დღემდე ვიყავით. იმისთვის, რომ ჩრდილოეთის საზღვარი გავამაგროთ, შეიძლება, პრემიერის ოფისი თუშეთში გადავიტანოთ? ან პრეზიდენტის სამხრეთში?“, - აღნიშნა უსუფაშვილმა, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა - „პარლამენტის შენობის დემონტაჟის გამო, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება თუ არა დავით ბაქრაძეს და თუ არის მისთვის ცნობილი, წინა ხელისუფლების პირობებში, ვინ გასცა კაბინეტების დანგრევის ბრძანება?“.
პარლამენტის თავმჯდომარე გვარწმუნებს, რომ მისთვის ყველაფერი ცნობილი არ არის, მაგრამ იმედოვნებს, რომ ყველაფერს აუდიტის სამსახური დაადგენს.
„აუდიტის სამსახურს ვთხოვეთ, რომ ეს საკითხები შეესწავლა. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ნათელი მოეფინება. იმ პერიოდზე ვსაუბრობთ, როცა ხალხი თავს ამგვარი აქტების გამოცემით არ იწუხებდა. ვიღაცამ თქვა და ის გაკეთდა, რაც გაკეთდა. ძნელია იმ ქაღალდს მიაკვლიო, რომელზეც ეს ბრძანება დატანილია, ან მსგავსი აქტი არც ყოფილა გამოცემული. რაც შეეხება ბაქრაძეს, პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. ამ შენობის ნგრევა იყო ვანდალიზმი და რა ამოძრავებდა ამ ხალხს გარდა იმ შიშისა, რომ ვიღაცას პარლამენტი დაეკავებინა და ალტერნატიული ხელისუფლება გამოეცხადებინა! ადამიანი რა დონის პარანოიული განცდებით უნდა იყოს შეპყრობილი, რომ ეს გააკეთოს?!“, - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კონსტიტუციური ჩანაწერის გამო, ამ დრომდე, არ და ვერ კონკრეტდება თუ როდის გაიმართება პირველი პლენარული სხდომა განახლებულ სხდომათა დარბაზში, მაგრამ დავით უსუფაშვილი დაბეჯითებით იმას ამბობს, რომ ქუთაისისგან განსხვავებით, დეპუტატები თბილისში რეგისტრაციის და ხმის მიცემის დროს, პულტს ვერ „გაჭედავენ“ და მათ საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად დარბაზში ყოფნა და ეკრანზე თითის მიჭერა დასჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საკომიტეტო მოსმენები თბილისში გაიმართება, პლენარული სხდომები კი ქუთაისში. მმართველი ძალა საკუთარ გადაწყვეტილებას საკომიტეტო მუშაობის გაძლიერების სურვილით ხსნის, რადგან როგორც ცნობილია, კანონმდებლები ორი წლის მანძილზე, უწყებას არ სწყალობდნენ და საკომიტეტო მოსმენები ან კვორუმის პრობლემის გამო ვერ იწყებოდა, ან ამ პრობლემას კანონმდებელთა „თხოვებით“ წყვეტდნენ.