დასავლეთი - კოღო, რომელიც საკენკს გვიყრის

დასავლეთი - კოღო, რომელიც საკენკს გვიყრის

გაერო-ს მონაცემებით ბოლო ოთხი თვის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთში წარმოებული ბრძოლების შედეგად 2600-მდე ადამიანია გარდაცვლილი. ვითარება განსაკუთრებით ბოლო დღეებში დაიძაბა და მსხვერპლისა და დატყვევებული ჯარისკაცების რიცხვი სულ უფრო იზრდება. დასავლეთის ქვეყნებმა უკვე გამოხატეს მორიგი შეშფოთება და უკრაინაში რუსეთის ქმედებები სიტყვიერად დაგმეს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინაში, რამდენად ადეკვატურია დასავლეთის რეაქცია და რა გაკვეთილი შეიძლება მიიღოს საქართველომ უკრაინაში მიმდინარე პროცესებისგან?

For.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

სოსო ცინცაძე:  ნატო-სა და ბარაკ ობამას განცხადებები მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციაა, ეს არც თუ მკვეთრი მუქარაა სანქციებზე. საქმე ის გახლავთ, რომ სანქციები უკვე აღარ მოქმედებს პუტინზე. ამგვარი მექანიზმი ეფექტიანი მხოლოდ მაშინაა, როცა თან ახლავს ქვეყნის სრული იზოლაცია. ასეთი რამ კი ჩემს მეხსიერებაში მხოლოდ ერთხელ იყო, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას გამოუცხადეს სანქციები და სრული იზოლაცია. აპარტეიდის რეჟიმი დაეცა, ნელსონ მანდელა გამოვიდა ციხიდან და ქვეყანას ჩაუდგა სათავეში. ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის სანქციები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესებასა და ქვეყნის ეკონომიკური სვლის შეჩერებას ნიშნავს, თავად რეჟიმისთვის კი სასიკვდილო საფრთხე ეს არ არის, დაახლოებით სპილოსთვის კოღოს კბენაა.

დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუარესებას მოჰყვება პოლიტიკური ძვრები, ოპოზიციის გამოსვლები, შესაძლოა, იყოს ვადამდელი არჩევნებიც და ხელისუფლების მიერ მისი წაგება. რუსეთში ეს ყველაფერი გამორიცხულია. პუტინმა რუსეთის პოლიტიკური ველი უკვე მთლიანად გაწმინდა და დღეს მხოლოდ დეკორაციული ოპოზიცია ჰყავს - ნემცოვის, კასიანოვის, კასპაროვის სახით. ამიტომ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არაეფექტურია. დასავლეთი იმასაც კი ვერ ბედავს, რომ თავდაცვითი იარაღი მიჰყიდოს უკრაინას. სხვა რისი იმედი უნდა ჰქონდეთ უკრაინელებს?!  - პრაქტიკულად, არაფრის.

დღეს უკრაინის ერთიანი სახელმწიფოს მომავალი საეჭვო გახდა.  ქვეყანას  გაყინული კონფლიქტი ელის. ორი კვირის, შეიძლება - 10 დღის შემდეგ, ცეცხლი შეწყდეს, მაგრამ, დონბასის რაიონი იქნება კვაზიდამოუკიდებელი, როგორიც იყო, ვთქვათ, აფხაზეთი და ე.წ. საამხრეთ ოსეთი.  ეს იქნება რუსეთის გამგებლობის ქვეშ მყოფი ტერიტორია. ამიტომ, უკრაინა, როგორც ერთიანი, სუვერენული, ძლიერი, 46-მილიონიანი, დასავლეთისთვის მიმზიდველი სახელმწიფო, როგორც ჩანს, ვეღარ იქნება.

უკანასკნელ დღეებში,  ტელევიზიას რომ ვუყურებთ, ერთგვარად სალონური ინტერესი იგრძნობა. რატომღაც ყველა მორცხვად უვლის გვერდს მთავარ პრობლემას. ვნახოთ,  ამ დღეებში სანქციებს ალბათ ცოტა გააძლიერებენ - „შავ სიაში“ შეიყვანენ 10-15 რუს ოლიგარქს და პოლიტიკოსს, რომლებისთვისაც ეს არავითარი დისკომფორტი არ არის. უშიშროების საბჭოზე გაკეთებული ჩურკინის განცხადება, ეს უკვე გაკვეთილია - რუსეთი არათუ უკან დახევას არ აპირებს,  პროპაგანდისტულ ომშიც კი შეტევაზე გადადის. ჩურკინმა იქით უწოდა ოკუპანტი დასავლეთს - მას წამოჰკიდა ყველა მკვდარი კატა კისერზე. ეს უკვე ბევრი რამის მაუწყებელია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც საკმაოდ გამღიზიანებელი  განცხადება გააკეთა, როდესაც  განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების ყოფნის ფაქტი ამ დრომდე არავის წარმოუდგენია.

- ლავროვიც მშვიდად და თავდაჯერებულად საუბრობს, არც აღელვება ეტყობა, არც  შეშფოთება. ნუ, შიშზე ხომ საუბარიც აღარ არის. ამბობს, რომ რუსეთის დანაშაული არავის დაუმტკიცებია, რომ ეს ზღაპარია. მართალია, თავად სეპარატისტები ამბობენ, რუსები ჩვენთან იბრძვიანო, მაგრამ ამაზე პუტინის პასუხი ასეთია - თუ მოხალისე სადღაც წავიდა საბრძოლველად, ეგ სხვა საქმეა, ჩვენ არასდროს დაგვიმალავს, რომ ჩვენი მოქალაქეები მოხალისეებად არიან, მაგრამ ჩვენ ხომ ჯარი არ შეგვყავს და იარაღას არ ვაწვდითო. არადა, იარაღს აწვდის, აბა, რას შვება?!

ნატომ გამოქვეყნა ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები არიან.  ფოტოებზე ასევე ჩანს რუსული საარტილერიო დანადგარები. ნუთუ, ასეთი რთულია ამ ფაქტის დამტკიცება რუსეთისთვის?

- ამ ფოტოებს ლავროვმა უკვე უწოდა „კომპიუტერული თამაშები“. ყველაფერი ნათელია. დროა, ჩვენი ჟურნალისტები დაფიქრდნენ და კარგად გააანალაიზონ არსებული ვითარება, თუ კიდევ შემოგვრჩა სადმე ანალიტიკური რესურსი, უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, ჩვენთვის რა გაკვეთილს წარმოადგენს უკრაინის ტრაგედია.

საქართველოს რუსეთისგან საკუთარ თავზეც საკმაოდ ბევრი აქვს გამოცდილი და მწარე გაკვეთილიც არაერთი  გვქონია. უკრაინის ამ ბოლო შემთხვევიდან განსაკუთრებით რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?

- პირველი, რაც შემიძლია უკვე გითხრათ და რაც ზედაპირზე დევს, ეს არის ის, რომ დასავლეთის იმედზე ყოფნა არ შეიძლება. როდესაც რუსეთს უპირისპირდები, არც ნატოს, არც ევროკავშირის და არც ცალკე აღებული დასავლეთის რომელიმე დიდი სახელმწიფოს იმედზე არ უნდა იყო. დაცვა არის მხოლოდ ერთი - ნატო-ს წევრობა.  „მაპი“ და „ასოცირების ხელშეკრულება“ მხოლოდ კამუფლიაჟია. ცნებები:  „მეტად დაცული“, „ნაკლებად დაცული“  მხოლოდ ბრიყვებისთვის განკუთვნილი ლირიკაა. რეალურად, არსებობს დაცული და დაუცველი სახელმწიფო!  

ჩვენ თუ ვიფიქრებთ იმას, რომ როდესმე შესაძლოა, ომი მოგვიწიოს აფრიკის რომელიღაც მცირე სახელმწიფოსთან, იქ, ალბათ, დაცული ვართ. მაგრამ, თუ ჩვენი მთავარი პოტენციური მოწინააღმდეგე რუსეთია, აქ არავითარი მეტად და საშუალოდ დაცვა არ მოქმედებს. ვიდრე ნატო-ს წევრი არ გავხდებით, დაცული არასდროს ვიქნებით. დღევანდელი გადასახდეიდან კი ჩვენ ნატო-ს წევრები დიდხანს არ ვიქნებით. ეს არის რეალობა. რუსეთს არ წარმოუდგენია და ვერ წარმოუდგენია ის, რომ მის რომელიმე  მეზობელს ჰქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთანაც და დასავლეთთანაც. რუსეთი ყოველთვის ხისტ ალტერნატივას უყენებს  საკუთარ მეზობლებს: ან ხარ ჩემთან, ან - საერთოდ არ ხარ! საშუალო ვარიანტი რუსეთს არ წარმოუდგენია და ამგვარი ფორმულა მისთვის უცხოა. მაგრამ ჩვენ მაინც ჯიუტად ვიმეორებთ, რომ უნდა დავუმტკიცოთ რუსეთს, რომ  ევროკავშირთან ჩვენი მომავალი წევრობა მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, ნატოსკენ ჩვენი ლტოლვა მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ვერაფერს ვერ დავუმტკიცებთ, გამორიცხულია! ისევე, როგორც ვერ დავუმტკიცებთ რადიკალ ისლამისტს, რომ ქრისტე მუჰამედს სჯობს.

რა არის ოპტიმალური გამოსავალი ამ შემთხვევაში? როგორი უნდა იყოს საქართველოს ტაქტიკა - საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი დასავლეთზე, თუ ევროინტეგრაციის რეჟიმში რუსეთის მსხვერპლის როლს დავთანხმდეთ?

- მე მგონი, დასავლეთს უნდა დავუსვათ პრინციპულად ეს საკითხი. დასავლეთი გვატყუებს, ჩვენ - თავს ვიტყუებთ. აპატურაის განცხადებებს ვუსმინე, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა ცინიზმი. აცხადებს, რომ რასაკვირველია, საქართველოს ახლა ნატო არ მიიღებს და ვერც „მაპს“ მოგცემთ, მაგრამ ეს ახალი პაკეტი არის ის, რომ იზრდება საქართველოს დაცულობა - ჩვენც კმაყოფილი ვართ ამით. ახლა, უელსის სამიტზე წავა მარგველაშვილი, ჩამოვა და აქ იქნება ერთი ზარ-ზეიმი, რომ  უფრო მეტად დაცული ვართ. ისინი საკენკს გვიყრიან, ჩვენ ამ საკენკს ქათამივით ვყლაპავთ. გამოსავალი, პირველ რიგში, ის არის, რომ  მტკიცედ უნდა ვუთხრათ დასავლეთს: ასეთი თამაშით ჩვენ მომავალი არ გვაქვს, ხვალ-ზეგ რუსეთს რაღაც არ მოეწონება ჩვენთან და რაც უკრაინას გაუკეთა, იმავეს გაგვიკეთებს და თქვენი შეწუხება-შეშფოთება და დაგმობა რუსეთზე უკვე აღარ მოქმედებს. აი, ეს უნდა ვუთხრათ. მაგრამ დასავლეთს ხელს აძლევს არსებული ვითარება, როცა გვატყუებს, თავს ვიტყუებთ და თან ძალიან კმაყოფილები ვართ ამით. კმაყოფილია დასავლეთიც, რომელიც რუსეთთნ „პირნათლად“ არის და აქვს სათქმელი - აი, საქართველოს ნატო-ში მიღებაზე  კი არა, „მაპზეც“ უარს ვეუბნებით, თქვენი ხათრის გამოო. ალბათ ცინიზმსაც აქვს საზღვარი და დასავლეთი უკვე აღარ ამბობს იმას, რომ საქართველოს კიდევ მეტი დემოკრატია სჭირდება, იმიტომ, რომ ამის უკვე აღარავის სჯერა.

ნატო-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანი თავდაცვითი მექანიზმი რომ არის, ეს კარგად იციან უკრაინაშიც და უახლოეს მომავალში რადაში შესაბამისი დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღებასაც გეგმავენ. მაგრამ, თუ ნატო საკუთარ რიგებში არც საქართველოს და არც უკრაინის მიღებას რეალურად არ გეგმავს, რა აზრი აქვს ამგვარ  დოკუმენტებს?

- უკრაინას ნატოში არასდროს მიიღებენ. შესაძლოა, საქართველო უფრო მიიღონ, ვიდრე უკრაინა. რუსეთისთვის საქართველოს ნატო-ში შესვლაც მიუღებელია, რადგან ეს იქნება გარღვევა სამხრეთის ფრონტზე. მას სამხრეთში ერთი თურქეთი ჰყავს, რომელთანაც ასე თუ ისე აგვარებს სიტუაციას, ეს მანამდე, ვიდრე თურქეთს მიიღებენ ევროკავშირში.

დღეს დიდი ალბათობით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დიდი ხნით დაირღვა, უკრაინელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დონბასი, დონეცკი და ლუგანსკი  სოხუმად და ცხინვალად არ ექცეთ. ხომ ხედავთ, პუტინისა და პოროშენკოს 26 აგვისტოს შეხვედრა სრული კრახით დასრულდა და იმის მერე დაიწყო, რაც დაიწყო. ეს რომ ასე იქნებოდა, მშვენივრად იცოდა დასავლეთმა. მერკელმა რომ თანხმობა მისცა პუტინს უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე, არ იცოდა, რა მოჰყვებოდა ამას?! რასაკვირველია, მშვენივრად იცოდა.

18 სექტემბრისთვის ჩაინიშნა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს  ობამასთან პოროშენკოს სტუმრობას?

- ობამას თუ მართლა შესტკივა გული უკრაინაზე, ერთი თვის შემდეგ კი არ უნდა დაენიშნა შეხვედრა, ხვალ და ზეგ უნდა შეხვედროდა. მაზეგ უკვე დაგვიანებული იქნება ეს შეხვედრა. კი, გაწერილია ობამას დღის წესრიგი - 5-6 თვით ადრეა ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტები დაგეგმილი, მაგრამ ეს საგანგებო შენთხვევაა. ის ფაქტი, რომ ობამას არ სურს საკუთარ დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა, თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. 18-ში კი, შესაძლოა, უკვე დაგვაინებული იყოს ყველაფერი და, უბრალოდ, შეხვედრა შეხვედრისთვის გაიმართოს.