სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

დღეს, შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. დღეიდან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით,  პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი უხელმძღვანელებს. მას 2009-2013 წლებში გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის პოზიცია ეკავა. 2014 წლის 1 იანვრიდან დღემდე გენერალური შტაბის მრჩეველთა ჯგუფის მრჩევლად მუშაობდა.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის  ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე კი, ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ეროვნულ გვარდიაში იგი სამობილიზაციო და რეზერვის სისტემის მხარდაჭერის შემუშავებაზე იმუშავებს. 

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პოლკოვნიკებს არსენ ცუხიშვილსა და კახაბერ ჩიხრაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს  და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.