შეგულიანებული პუტინის შეკავება ახლა კიდევ უფრო რთულია

შეგულიანებული პუტინის შეკავება ახლა კიდევ უფრო რთულია

საქართველო უელსის სამიტისთვის ემზადება. უკვე ცნობილია, რომ სამოქმედო გეგმა რომელსაც საქართველო მიიღებს იქნება „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი“. უკვე ცნობილია, რომ ალიანსში ამ ეტაპზე განიხილება კონკრეტული წინადადებები საქართველოსთან მიმართებაში, რაც წარმოადენს ნატოში გაწევრიანების კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯს და სამომავლოდ დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ასპირანტი ქვეყნებიდან საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მიიღებს ახალ პაკეტს, ძალიან მნიშვნელოვანს და განსახვავებულს, რომელიც ძალიან სერიოზული ელემენტებით იქნება დატვირთული. რომელიც გულისხმობს ერთობლივ წვრთნებს და ღონისძიებებს. საქართველოს უფრო მეტ ჩართულობას ნატოს აქტივობაში და საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაზრდის ძალიან ფართო შესაძლებლობებს.

რაც შეეხება უშუალოდ უელსის სამიტის პროგრამას, საქართველო ძალიან ღირსეულად არის წარმოდგენილი ყველა ფორმატში, რომელშიც კი შეიძლება არაწევრმა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა. საქართველო ყველა ფორმატში იღებს მონაწილეობას. პრეზიდენტი სიტყვით გამოვა ISAF-ში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა შეხვედრაზე. გარდა ამისა, საქართველო წარმოდგენილი იქნება 28+4 და 28+24-ის ფორმატში, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების დონეზე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ასპირანატისგან განსხვავებით, საქართველო მიიღებს გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს, რომელიც თვისობრივად ახალი ელემენტი იქნება ნატოსთან ჩვენს ურთიერთობებში. მისივე განცხადებით, ეს იქნება მნიშვნელოვანდ წინგადადგმული ნაბიჯი ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნატოში გაწევრიანების პროცესში პრაქტიკული თვალსაზრისით საქართველო ავა ახალ საფეხურზე. მნიშვნელოვნად წაიწევს წინ. ამის შესახებ განცხადებებიც გაკეთდება ნატოს ხელმძღვანელობისგან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდანაც. ეს არის ის, რაც შემიძლია ამ ეტაპზე გითხრათ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ აუცილებლად დაფიქსირდება ხელშესახები ელემენტები და პროგრესი.

ეს პაკეტი იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი საქართველოს საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეებისთვის, ისევე როგორც არაკეთილმოსურნეებისთვის. სწორედაც რომ საქართველო დგას ნატოში გაწევრიანების გზაზე. საქართველო კიდევ მინიშვნელოვნად უახლოვდება ნატოში გაწევრიანების მიზნის რეალიზებას. ამ პაკეტის მიღებისა და მისი ელემენტების ამოქმედების შემდეგ საქართველოს თავდაცვისუნარიანაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ალექსი პეტრიაშვილი.

4-5 სექტემბერს დაგეგმილ უესლის სამიტს ეხმაუარება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან სატელეფონო კონსულტაციები გაიარა ევროპის რამოდენიმე ლიდერთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრთან. მისივე განცხადებით ამ მიმართულებით მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა.

„მთელი წლის განმავალობაში ინტენსიურად ვმუშაობდით იმისათვის, რომ მაქსიმუმისთვის მიგვეღწია. რათქმაუნდა კონენქტურა გასათვალისწინებელია, ევროპელები ყურადღებას აქცევენ. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა. ველოდებით, რომ საბოლოო ჯამში ადექვატური შეფასებას მივიღოთ ნატოს სამიტზე“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოს დელეგაციას უელსის სამიტზე პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში ასევე წარმოდგენილი იქნებიან საგარეო საქმეთა, თავდაცვის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრები, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი. სამიტამდე განცხადება გააკეთა პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობის საკითხებში, თენგო ფხალაძემ, რომლის განცხადებით, პრეზიდენტის მთავარი ამოცანა ნატო-ს უელსის სამიტზე არის ის, რომ საქართველოს დაცულობის ხარისხი სამიტის შემდეგ გაიზარდოს.

ფხალაძის განცხადებით, ძირითადი ამოცანა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს აქვს სამიტზე, არის ის, რომ არ მხოლოდ მოხდეს საქართველოს მიღწევებისა და პროგრესის შეფასება, დადებითად ასახვა, არამედ სერიოზული ბიძგი მიეცას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. 

„ეს სამიტი იმ ვითარებასა და გარემოში იმართება, როდესაც ჩვენ ვხედავთ როგორ იზრდება გამოწვევები საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი და კონკრეტულად ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის მიმართ. მთავარი ამოცანა არის ის, რომ გაიზარდოს საქართველოს დაცულობის ხარისხი სამიტის შემდეგ. ასე ხედავს საქართველოს პრეზიდენტი მთავარ ამოცანას. დაცულობის მაღალი ხარისხის მოპოვება გულისხმობს როგორც პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე იმ კონკრეტულ მექანიზმებს, რომელთაც იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისათვის“, - აღნიშნა თენგო ფხალაძემ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ივლიანე ხაინდრავა for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ნატოს მოახლოებული სამიტის პრიორიტეტული ამოცანა იქნება რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგად ჩამოქცეული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ახალი პროექტის შემუშავება და მყარ საფუძველზე მისი შემდგომი რეალიზების გზების დასახვა.

„ამოცანა მარტივი არაა, რადგან პირველი ზარი - რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში წარმოებული ომი - დასავლეთმა სათანადოდ არ შეაფასა, არ მოახდინა კონსოლიდირებული კონცენტრირება სარკოზის გეგმის მე-5 პუნქტის რუსეთის მიერ შესრულებაზე (რაც ომამდელ პოზიციებზე მხარეების სამხედრო ძალების გაყვანას გულისხმობდა) და უკვე მომდევნო წელს დაუბრუნდა რუსეთთან ურთიერთობების ჩვეულ რეჟიმს - business as usual. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, შეგულიანებული პუტინის შეკავება ახლა კიდევ უფრო რთულია, უფრო ძვირი, უფრო შრომატევადი, უფრო მეტი მსხვერპლის მომტანი“, - აცხადებს ხაინდრავა.

მისივე განმარტებით, უკრაინის მოვლენების ფონზე დღის წესრიგში დადგა უკვე საკუთრივ ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების საკითხი და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას და მათი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში დამატებით ინვესტიციებს ითხოვენ.

„ამგვარ ვითარებაში საქართველო ვერ მოექცევა ნატოს სამიტის დღის წესრიგის პირველ სტრიქონებში და ჩვენმა ქვეყანამაც რეალისტური მიზნები დაისახა. მათგან უმთავრესი ნატოსგან ქვეყნის თავდცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების პაკეტია. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, პოლიტიკური გზავნილები, რომლებიც სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში გაჟღერდება და დაარწმუნებს მტერ-მოყვარეს, რომ საქართველოს ბედი ერთი ქვეყნის მასშტაბებს სცილდება.

ეჭვგარეშეა, რომ საქართველო, რომელიც არც ძალებს და არც მსხვერპლს არ იშურებს მსოფლიოს ცხელ წერტილებში მშვიდობის დასამყარებლად, თავისი ზომისა და შესაძლებლობების ზღვარზე ზრუნავს საერთაშორისო უსაფრთხოების გამყარებისათვის, სწორედ ნატოსგან იმსახურებს სრულ თანადგომას. იმედია, ამას ისინიც მიხვდებიან, ვინც ლოკალური, რომ არ ვთქვათ - ეგოისტური - ინტერესებით ხელმძღვანელობენ მაშინ, როცა ფსონი გაცილებით უფრო დიდია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ივლიანე ხაინდრავამ.

აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის აზრით, აშშ-მ და ნატო-მ უელსის სამიტი საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვის მხარდასაჭერად უნდა გამოიყენონ და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გეზი დასახონ. ექსპერტები კი თანხმდებინაა, რომ არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი გახდეს, მაგრამ აქვე ამბობენ, რომ ეს არ მოხდება უელსის სამიტზე.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე განმარტავს, რომ რუსეთის აგრესულმა ნაბიჯებმა კიდევ უფრო დაანახა დასავლეთს, რომ ეს არ არის ქვეყნა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შეთანხმებული წესებით და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით მოქმედებს. მისივე განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მოითხოვეს, რომ გარდა ნატოში წევრობისა, მათ სურთ კონკრეტული ქმედებები.

შესაბამისად, მუჩაიძე თვლის, რომ ნატოს უელსის სამიტზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება, სწორედ თავდაცვის დაგეგმვა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება, იმისათვის, რომ უფრო მეტად მშვიდად იგრძონ თავი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა და ამასთანავე უფრო მეტი ინტეგრაცია მოხდეს ასპირანტი ქვეყნების, რომელთა შორის საქართველოცაა.

„პაკეტი, რომელიც საქართველოს უელსის სამიტზე მიენიჭება, არის უფრო მეტი ინტენსიური ურთიერთობა ნატოსთან, უფრო მეტი შეხვედრები, კონკრეტულად უმაღლესი დონის შეხვერდები თავდაცვის მინისტრის თუ ექსპერტების დონეზე. გარდა ამისა, საუბარია, რომ უელსის სამიტზე მიიღება გადაწყვეტილება საქართველოს მიეცეს შესაძლებლობა ჩაერთოს ნატოს სწავლებებში. საუბარია იმ დონის სწავლებებზე, რასაც ნატოს წევრები ახორციელებენ თავიანთი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.

აქიდან გამომდინარე, უნდა მოველოდეთ უფრო მეტ ინტეგრაციას და ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ვფიქრობ, რომ ასევე იქნება შესაძლებლობა საქართველოსათვის გაიხსნას თავდაცვითი შეიარაღების ბაზარი, რაზეც ადრეც იყო საუბარი ჩვენი თავდაცვის მინისტრის მხრიდანაც. ეს არის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. ამასთანავე სწავლა-განათლების კუთხით დახმარება ნატოს წევრების მხრიდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.

ატალანტიკური საბჭოს წევრი, ექსპერტი დავით სიხარულიძე თვლის, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები სერიოზულ გავალენას მოახდენს სამიტის შინაარსზე და ასევე მის შედეგებზე. მისივე თქმით, ალიანსის ნომერ პირველი ამოცანაა უზრუნველყოს საკუთარი წევრების უსაფრთხოება და თავდაცვის უნარიანობა. შესაბამისად, სიხარულიძე თვლის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმევა იმ კუთხით, რომ აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გაიზარდოს სამხედრო ინფრასტუქტურა.

მისივე განცხადებით, ასევე, დიდი ყურადღება დაეთმობა თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ახლოს არიან რუსეთის საზღვრებთან. რაც შეეხება გაფართოებას და საქართველოს თემას, სიხარულიძე ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით ორი საკითხია რასაც ყურადღება უნდა მიექცეს

 „პირველი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლება, როგორც ჩანს ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, ვნახოთ როგორი პაკეტი იქნება ნატოს მხრიდან შემუშავებული. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა საქართველოსთვის ეს არის გაფართოების მომავალი და როგორი იქნება გზა, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ნატოში გასაწევრიანებლად.

იმის გამო, რომ MAP-ის თემა ზედმეტად პოლიტიზირებული გახდა, რომელიც სიმადვილეში ტექნიკური დოკუმენტია. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ როგორ განისაზღვრება გზა, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ალიანსში გასაწევრიანებლად. რადაგან, ჩვენი ამოცანაა ალიანსის წევრობა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით სიხარულიძე.