ჯეიმს აპატურაი: „საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივა - საქართველოსთვის თავდაცვითი სისტემების საჭიროების შესახებ - ძალაში რჩება“
ნატო-ს თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსების საკითხი კვლავ აქტუალურია. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტ ქეთევან ქარდავასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ნატოს წარმომადგენელმა აღნიშნა, ძალაში რჩება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივა, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემები სჭირდება, ძალაში რჩება. „თუმცა, როგორც უკრაინის შემთხვევაში, ნატოს, როგორც ორგანიზაციას, ამის საშუალება არ აქვს. მაგრამ ის, რომ საქართველო საჭიროებს თავდაცვითი შესაძლებლობების განთავსებას, ეს საბოლოო კომუნიკეში ჩაიწერება, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამიტის დასრულების შემდეგ მიიღებს. შემდეგი ნაბიჯები უკვე ნატოს წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტი იქნება“ - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა, ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტზე „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს“ მიიღებს: „ეს იქნება უფრო მეტად გაზრდილი დახმარება, სტრატეგიულ მოლაპარაკებებში ჩართვა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება საქართველოში, ერთობლივი წვრთნები და დაგეგმარებაში საქართველოს მონაწილეობა“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების საქართველოში განთავსების შესახებ მაისში, ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - "ერთიანი და თავისუფალი ევროპა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.