„ქართული ოცნებით“ იმედგაცრუება ღარიბაშვილის რეიტინგზე აისახა

„ქართული ოცნებით“ იმედგაცრუება ღარიბაშვილის რეიტინგზე აისახა

საქართველოში ყველაზე მეტად მოსწონთ პატრიარქი, ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი და უფრო ნაკლებად სხვები. თუმცა ბოლო რამდენიმე თვეში ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებების მოწონების მაჩვენებელი საშუალოდ 10%-ით შემცირდა. სანაცვლოდ, მცირედით მაგრამ მაინც გაიზარდა პრეზიდენტის და თბილისის მერის მოწონების რეიტინგი. ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) პოლიტიკური კვლევის მორიგი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ერთ-ერთი ბოლო ნაწილი 23 ივლისიდან 7 ოქტომბრამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით არის ჩატარებული.

NDI-ის გამოკითხვებში ასახული ქართველი საზოგადოების პოლიტიკური განწყობების შეფასება For.ge-მ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძესთან საუბრისას სცადა. ინტერვიუ მოწონების რეიტინგის განხილვით დავიწყეთ.

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რომ პატრიარქის რეიტინგი არის უდიდესი, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთგვარი ტრადიციაა. მოწონების რეიტინგში დავით ნარმანიას პოზიციის გაუმჯობესება კი ადგილობრივი არჩევნების ტალღით არის განპირობებული და მის მიმართ მოლოდინს გამოხატავს. არც ის არის მოულოდნელი რომ პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი გაიზარდა. ბოლო პერიოდში არსებული კინკლაობა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის პრემიერის საწინააღმდეგოდ მუშაობდა. ნელ-ნელა მკვიდრდება აზრი, რომ პრეზიდენტს ავიწროებენ. საზოგადოება ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, დაჩაგრულის მხარეს არის. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მარგველაშვილი ბოლო პერიოდში პოზიტიური მიმართულებით გააქტიურდა. გამოდის იდეებით, რომელიც საზოგადოებაში პოპულარული იქნება. ბუნებრივია, ეს ფაქტორი მას მოწონების რეიტინგსაც უზრდის.

გამოკითხულთა უმეტესობა პრემიერ-მინისტრის საქმიანობას კონკრეტულ სფეროებთან მიმართებაში საშუალოდ აფასებს. რას ნიშნავს ეს - მოსახლეობა პრემიერ-მინისტრისგან მეტს ელის?

- ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ მეტი მოლოდინი იყო არა კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ, მთლიანად მთავრობისგან და „ქართული ოცნებისგან“. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“, ასე ვთქვათ, უარყოფითი ნაწილი აისახა ღარიბაშვილის რეიტინგზე. ისე, ზოგადად, რომ შევხედოთ, ის ფაქტი, რომ ღარიბაშვილის მოღვაწეობა ამა თუ იმ სფეროსთან მიმართებაში შეფასებულია საშუალოდ, არც ეს არის ცუდი, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში იყო და არის რთული ვითარება. ამიტომ, მგონია, რომ ღარიბაშვილის „საწინააღმდეგოდ“ „ქართული ოცნებისადმი“ იმედგაცრუებამ იმუშავა.

NDI-ს კვლევების თანახმად, საზოგადოების შეხედულებებთან ყველაზე ახლო მდგომი პარტია „ქართული ოცნებაა“ – 42% ფიქრობს ასე. ზუსტად იგივე მონაცემები იყო აპრილშიც. „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, ამ თვალსაზრისით, აპრილში 12%-იანი მხარდაჭრა ჰქონდა, აგვისტოში კი 11%. რას გვეტყოდით ამ მაჩვნებელებზე?

- ამ ორ პოლიტიკურ პარტიას ერთმანეთის კონკურენტად ვერ განვიხილავ. „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის კლება, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“, სრულიად ბუნებრივად მიმაჩნია, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური მომავლის ძალებია. „ქართული ოცნების“ 42% აპრილთან შედარებით რომ არ შეიცვალა, ეს სწორედ იმ ტალღამ გამოიწვია, რასაც ადგილობრივი არჩევნები ერქვა. ჩემი აზრით, შედეგები კარგია - სასტარტო შედეგებია ხვალინდელი და ზეგინდელი საქმეებისთვის. ის რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს სჯერა „ქართული ოცნების“ და საკმაოდ დიდია განსხვავება ოპოზიციურ ძალებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, ჩემი აზრით, ნორმალური შედეგია ორი წლის თავზე. შესაძლოა, ყოფილიყო უფრო ცუდი. რეალობიდან გამომდინარე , შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ნაკლები. რომ არა ადგილობრივი არჩევნები, დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ 42% არ ექნებოდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე მოემატებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს პარტია ჯერჯერობით ინარჩუნებს 10%-იან ამომრჩეველს. 1-2% შესაძლოა პლუს-მინუსში იყოს, მაგრამ 10% სტაბილურად აქვთ. „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა უნდა მოხდეს მომავალ წელს, თუ ეს დაიწყება. გააჩნია, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“.

პოლიტიკური კვლევების თანახმად, მოსახლეობას აქვს მოთხოვნა ძლიერ ოპოზიციურ პარტიაზე. ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია 38%-ისთვის და მნიშვნელოვანია 44%-ისთვის. ქვეყანაში არსებული ოპოზიციური სპექტრიდან კი ძლიერ ოპოზიციურ პარტიად 51% ასახელებს „ნაციონალურ მოძრაობას“, 5% - ბურჯანაძის პარტიას და 4% - „პატრიოტთა ალიანსს“. რაზე მიანიშნებს ამგვარი შდეგები?

- როდესაც რესპონდენტს უსვამენ კითხვას, რომელია ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, აუცილებლად მიიღებენ შესაბამისს პასუხს. მეტიც, ვფიქრობ, 51% ცოტაა და, წესით, მეტს უნდა დაესახელებინა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს რეალობაა. ეს არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა. ქვეყანაში ძლიერ ოპოზიციურ ძალაზეა მოთხოვნა, მაგრამ ეს მოთხოვნა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უკავშირდება. აქ არ არის ბმა. მოსახლეობა ელოდება ახალი ოპოზიციური ძალის ან კოალიციის გამოჩენას. ის ხალხი, ვინც „ქართული ოცნების“ მიმართ სხვადასხვა ფაქტორების გამო გულგრილი გახდა, ახალ პოლიტიკურ ძალას ეძებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიკვეთა კვლევების შედეგად - მოსახლეობის 55% -მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. რით შეიძლება აიხსნას ეს ფაქტი, დეპუტატების უმოქმედობით? მაჟორიტარის „ხიბლი“ ხომ, სწორედ, ის არის, რომ ამომრჩეველი უშუალოდ მას ირჩევს, ანუ იცნობს კიდეც?

- სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ ამომრჩეველი მაჟორიტარს ცუდად იცნობს, უკვე ტენდენციაა. ეს, ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ მაჟორიტარების უმრავლესობას ამომრჩევლებთან არჩვენების შემდეგ კომუნიკაცია აღარ აქვს. ამის მიზეზი კი მხოლოდ ის არ არის, რომ ვიღაცას ეზარება ამომრჩველთან შეხვედრა. მაჟორიტარისგან საზოგადოება ხშირად ყოფითი პრობლემების მოგვარებას მოითხოვს, ანუ იმ საკითხებს სვამს, რომლის გადაჭრის რეალური საშუალება და ბერკეტები მაჟორიტარს არ გააჩნია. ამიტომ, ბუნებრივია, თუ იქნება შეხვედრები მაჟორიტართან, მოსახლეობა გაწბილებული დარჩება, თუ არ შედგება შეხვედრები, მას ვერ იცნობენ. ვიდრე არ მოწესრიგდება ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა, ეს პრობლემა მუდმივად იქნება.

მაგრამ, ფაქტია, მაჟორიტარობის კანდიდატები საჯარო შეხვედრებს აქტიურად მართავენ არჩევნების წინ, როცა სადეპუტატო მანდატისთის იბრძვიან. გამოკითხვების თანახმად კი, 49% უპირატესობას მაჟორიტართან საჯარო შეხვედრებს ანიჭებს. რატომ არ შეიძლება ასეთ შეხვედრებზე გულწრფელი საუბრები შედგეს საზოგადოებასთან და კომპეტენციის საკითხიც დაზუსტდეს?

- ეს არის საკმაოდ საინტერესო მონაცემი. როგორც ჩანს, რაღაც მაინც შეიცვალა, რადგან საუბარია საჯარო შეხვედრების უპირატესობაზე, სადაც სოციალური და კონკრეტული ადამიანების პირადული პრობლემები მეორე პლანზე გადადის. საჯარო შეხვედრებზე, როგორც წესი, კერძო საკითხები არ განიხილება. რადგან საზოგადოება საჯარო შეხვედრებს ითხოვს, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს სურვილი, გაერკვეს რა ხდება ქვეყანაში. ისე კი, ჩემი აზრით, მაჟრიტარები ყველა შემთხვევაში ვალდებულები არიან, ხშირად შეხვდნენ მოსახლეობას. ყველამ უნდა იცოდეს, როდესაც კენჭს იყრის ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში, რომ ქვეყანაში დღეს ასეთი ვითარებაა და მზად უნდა იყოს ამომრჩევლების მოსასმენად. ის, რომ მაჟორიტარს კონკრეტული ადამიანების ყოფითი პრობლემების უშუალოდ მოგვარების მექანიზმი არ აქვს, არ ამართლებს იმას, რომ მაჟორიტარი ამომრჩევლებს არ ხვდება.