რუსეთმა უკრაინაში სამხედრო აგრესია დაიწყო. დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი და ქალაქში მდებარე დასახლებული პუნქტები რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. საომარი მოქმედება ამ წუთებში გრძელდება. რუსული ჯავშანტექნიკა განთავსებულია ნოვოაზოვსკის გარეუბნებში. უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხოლოდნოეს დასახლებულ პუნქტში „ურაგანის“ სისტემების განთავსება დაფიქსირდა. რუსული რეგულარული არმია დონეცკის ოლქის ქალაქების შახტიორსკისა და ილოვაისკის მიმართულებით შეტევისთვის ემზადება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ვიზიტი გააუქმა უკრაინის პრეზიდენტმა. მიუხედავად ღია აგრესიისა, რუსეთის ოფიციალური პირები უკრაინაში ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ.
დღის ბოლოს, პეტრო პოროშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. უკრაინის პრეზიდენტმა დონბასთან დაკავშირებით გენერალური შტაბის მოქმედებათა გეგმა დაამტკიცა. პრეზიდენტის განმარტებით, სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე მან კონსულტაციები გამართა ქვეყნის ხელმძღვანელ პირებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებთან. უშიშროების საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების შესახებ დახურული იქნება.
პეტრო პოროშენკო უკრაინელებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და ეროვნული ერთიანობის დაცვისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და მათი წარმატებით დასრულება ნიშნავს არა დონბასის გათავისუფლებას, არამედ მთელი ქვეყნის დაცვას.
„ახლა, ამ დღეებსა და საათებში მიმდინარეობს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისთვის. დაცვის ხაზი გადის დონბასზე, მაგრამ არ მიდის დასავლეთისკენ, რადგან უკრაინული არმია მტკიცედ დგას მთელი ქვეყნის დასაცავად. მეგობრებო, ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობა, სიმშვიდე, გავაძლიეროთ ჩვენი ერთიანობა და ეროვნული სოლიდარობა“, - მიმართა პოროშენკომ ქვეყნის მოსახლეობას.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენუკის განცხადებით, პუტინმა მიზანმიმართულად დაიწყო ომი ევროპაში, თუმცა, უკრაინას ძალუძს გაუმკლავდეს რუს ტერორისტებსა და დაქირავებულ „ბოევიკებს“, რომელსაც რუსეთი უმაგრებს ზურგს.
„უკრაინისთვის ძალიან ძნელია, გაუმკლავდეს რუსეთის არმიას და რუსეთს, როგორც ატომურ სახელმწიფოს, რომელიც კბილებამდე შეიარაღებულია. ყველაფერ ამას ისიც ემატება, რომ ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს სამხედრო კონტრაქტები აქვს გაფორმებული რუსეთთან იარაღის მიწოდების თაობაზე, რომელიც გამოყენებულ იქნება უკრაინის წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგ და მსოფლიოს წინააღმდეგ. პუტინმა მიზანმიმართულად დაიწყო ომის წარმოება ევროპაში და ამის დამალვა შეუძლებელია. ამიტომ, მსოფლიოს მხრიდან საჭიროა ეფექტური ნაბიჯების გადადგმა“, - აცხადებს არსენ იაცენუკი.
უკრაინაში შექმნილ ვითარებას ეხმიანებიან მსოფლიო ლიდერები და რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეწყვიტოს სეპარატისტთა დახმარება და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საერთაშორისო თანამეგობრობას ევროპაში ახალი ომის თავიდან ასაცილებლად ერთიანი ძალისხმევისკენ მოუწოდებს,საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს საფრთხის წინაშე დგას კიდევ ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
„დაუშვებელია, რომ სახელმწიფოთა საზღვრები იცვლებოდეს გარე ძალების უხეში ჩარევისა და სამხედრო აგრესიის გზით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანი ძალისხმევისკენ მოვუწოდებთ ევროპაში ახალი ომის თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის ღია აგრესიად აფასებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოფიციალურ კიევს სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, დემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან უკრაინის დახმარება მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს.
„ეს უკვე არის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული ღია აგრესია. მე, როგორც საქართველოს მთავრობის წევრი, ამ აგრესიას კატეგორიულად ვგმობ და მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს დემოკრატიულ სახელმწიფოებსა და პარტნიორებს, რომ უკრაინას უსწრაფესად აღმოუჩინონ დახმარება. ის არ უნდა შემოიფარგლოს განცხადებებით, თუნდაც კოლექტიური განცხადებებით.
ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. უკრაინას, როგორც სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს დღეს, როგორც არასდროს სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ქმედითი დახმარება. ეს გულისხმობს კონკრეტულ სამხედრო მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით. ამის ბევრი ფორმა არსებობს და აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება უსწრაფესად უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
რუსეთის რეგულარული არმიის უკრაინაში შეჭრას გმობს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, რომლის განცხადებით, ეს არის საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ლიტვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განიხილოს ეს საკითხი.
საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთს მოუწოდებს პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და დაარწმუნოს ისინი, რომ ორხმრივი ცეცხლის შეწყვეტის პირობა მიიღონ.
„რუსეთმა ეფექტურად უნდა აკონტროლოს თავისი საზღვრები და თუ ცნობა რუსეთის სამხედროების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის შესახებ დადასტურდება, ეს დაუშვებელი იქნება“, - აცხადებს ფრასუა ოლანდი.
დღის ბოლოს, ნატომ უკრაინაში რუსული ჯარის კონცენტრაციის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. გამოცემა „Financial Times“-ის ინფორმაციით, ფოტოებში ასახულია რუსეთის ჯარების გადაადგილება, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ისე უკრაინის საზღვარზე.
ფოტოებზე ნაჩვენებია რუსეთის ფედერაციის საარტილერიო დანადგარების მოძრაობა კრასნოდონის მახლობლად, ასევე მათი დისლოკაციის ადგილები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვრის მახლობლად.