მიხეილ დარჩიაშვილი: „მზად ვართ...“

მიხეილ დარჩიაშვილი: „მზად ვართ...“

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებისაგან ნატო-ს უელსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. სამუშაო შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დაესწრნენ. 

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მოახლოებული სამიტის წინ განიხილულ იქნა ნატო-საქართველოს პაკეტთან დაკავშირებული საკითხები. მინისტრის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და სამიტამდე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც სამინისტროების ერთობლოვი პოზიციები კიდევ ერთხელ შეჯამდება.

ნატო-ს სამიტი უელსში 4-5 სექტემბერს გაიმართება. სამიტზე საქართველოს დელეგაციას ქვეყნის პირველი პირი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილის განცხადებით, უელსის სამიტიდან ქვეყანა მნიშველოვანი შედეგით დაბრუნდება, რაც იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზაზე, ასევე ხელშესახები ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის.

For.ge მიხეილ დარჩიაშვილს ესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებისაგან ნატო- უელსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. როგორც ამ შეხვედრის მინაწილემ, თუ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ რა თემებზე ისაუბრეთ პრეზიდენტთან?

მიხეილ დარჩიაშვილი: სამიტის წინამოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ გაწეული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ, რომელიც ემსახურება ნატო-ს სამიტზე მაქსიმალური შედეგის მიღებას, როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

თუ არის უკვე ჩამოყალიბებული ერთობლივი წინადადება?

- იმ სამინისტროებს, რომლებიც ჩართულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში, დიდი ხანია გვაქვს ერთობლივი პოზიცია. სინქრონულად და ეფექტურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ დაჩქარდეს ნატო-ში გაწევრიანების პროცესი. როგორც მოგეხსენებათ, ალიანსში ამ ეტაპზე განიხილება კონკრეტული წინადადებები საქართველოსთან მიმართებაში, რაც წარმოადენს ნატოში გაწევრიანების კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯს და სამომავლოდ დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში.

პაკეტის განხილვა მიმდინარეობს ნატოს შტაბ-ბინაში 28 წევრი ქვეყნის მიერ. ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.

ალიანსის 28 წევრი ქვეყნიდან 12 ქვეყანა თავს იკავებს მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის MAP -ის მინიჭების საკითხის. ცნობილია, რომ უელსის სამიტზე საქართველო მიიღებსგაძლიერებულ თანამშრომლობის პაკეტს“. რატომ არა MAP- და რატომ მის ნაცვლად აღნიშნული პაკეტი, ეს არის კომპენსაცია?

- მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების კუთხით. რაც შეეხება MAP-ს, იგი არ წარმოადგენს გაწევრიანების ერთადერთ მექანიზმს, რასაც ნატოს გაფართოების რაუნდები ადასტურებს.

საქართველო აქტიურად იყენებს ნატოსთან არსებულ თანამშრომლობის ინსტრუმენტებს: ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესი, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის სამუშაო გეგმა და ნატოს სხვა პროგრამები ხელს უწყობენ ალიანსთან დაახლოების პროცესს. საქართველო წარმატებით ასრულებს აღნიშნული მექანიზმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, რაც არაერთგზის აღინიშნა ალიანსის წარმომადგენლების მიერ.

ასევე, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მიღებით. 2014 წლის შემდგომაც საქართველო გააგრძელებს ავღანეთში მიღწეული პროგრესის უზრუნველყოფას და აქტიურად ჩაერთვება „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში, რომელიც 2015 წლიდან დაიწყება.

 ამის პარალელურად, საქართველოს აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ოპერაციაში.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ნატოსთან თავსებადობის შენარჩუნების აუცილებლობას და მის შემდგომ განვითარებას ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგაც. შესაბამისად, აქტიურად ვართ ჩართულები „შეკავშირებული ძალების ინიციატივის“ ყველა კომპონენტში.

ბოლო პერიოდში დასავლური მედია, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორი და კვლევითი ცენტრები ხშირად აღნიშნავენ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ძალზედ მაღალ დონეს.

ანუ, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არის თავსებადი ალიანსის ძალებთან, მაგრამ როგორ ფიქრობთ, MAP -კენ მიმავლი გზა არის ახალი პაკეტი, რომელსაც საქართველო მიიღებს?

- MAP-ი არ წარმოადაგენს გაწევრიანების ერთადერთ მექანიზმს. ალიანსში არიან წევრები, რომლებიც MAP-ის გარეშე გაწევრიანდნენ. ამდენად, ჩვენ დაველოდებით სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, უფრო ინტენსიურად გავაგრძელებთ ალიანსთან მჭიდრო თანამშროლობას.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, საქართველოს შეიარაღებული ძალები არის თუ არა თავსებადი ალიანსის წევრი ქვეყნების ძალებთან, შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ გეტყვით, რომ აბსოლუტურად მზად ვართ და ამას უშუალოდ ჩვენი ძალისხმევით ვადასტურებთ. ის, რომ ჩვენი ვაჟკაცები იბრძვიან ასე ღირსეულად ავღანეთში, ის რომ ჩვენი თავდაცვის ტრანსფორმაცია ასე მაღალ დონეზე ფასდება, ეს მიანიშნებს თავსებადობის მაღალ დონეზე.

სწორედ, აქედან გამომდინარე, საქართველო ჩაერთო ნატოს რეაგირების ძალებში. სტანდარტურად ძალების სერტიფიცირების პროცესი გრძელდება 4-დან 5 წლამდე, ხოლო საქართველოს შემთხვევაში ეს პერიოდი დაყვანილი იყო წელიწადნახევრამდე. რაც, რა თქმა უნდა, მიანიშნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების მაღალ დონეს.

აღსანიშნავია, რომ გადასროლისწინა მოსამზადებელი წვრთნები გაიარა და ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო 12 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრომ, რაც შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნებს უტარებდნენ ამერიკელი საზღვაო ქვეითები. ჩვენ ძალზედ მტკიცე თანამშრომლობა გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან და ისინი დიდი როლს თამაშობენ იმ პროცესში, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობის ამაღლება ჰქვია.

თუ შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ რას მოიცავსგაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი“, რომელსაც საქართველო მიიღებს უელსის სამიტზე?

- არ მინდა მოვლენებს გავასწრო და ვისაუბრო კონკრეტულ დეტალებზე, თუმცა, ნატოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადების თანახმად, პაკეტი იქნება მიმართული შემდეგი მიზნებისკენ - „ნატო უფრო მეტად წარმოდგენილი საქართველოში, საქართველო უფრო მეტად ინტეგრირებული ნატოს სტრუქტურებში და კიდევ უფრო გაძლიერებული თანამშრომლობა ნატო-საქართველოს შორის“.

პაკეტი ემსახურება ორ მთავარ მიზანს - ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ალიანსს და გახდეს მისი ღირსეული წევრი და კიდევ უფრო ამაღლდეს საქართველოს უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა. დარწმუნებულები ვართ, რომ უელსის სამიტზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგი დაფიქსირდება, რაც დააჩქარებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესს.

გერმანიის კანცლერმა გააკეთა განცხადება, რომ ნატო- მომდევნო სამიტზე არ იქნება განხილული საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი. მაშინ ამას მოჰყვა პოლიტიკური შეფასება ექსპერტთა მხრიდან, რომ ხელისუფლებამ ვერ იმუშავა გერმანიასთან ადეკვატურად. გერმანიის პოზიცია იქნება თუ არა რუსეთის მხრიდან აღქმული, როგორც მწვანე შუქი საქართველოს წინააღმდეგ და იზიარებთ თუ არა მოსაზრებას, რომ საქართველოს გერმანიასთან მოლაპარაკებები არ იყო პროდუქტიული?

- არ ვეთანხმები აღნიშნულ მოსაზრებას. ჩვენ პატივს ვცემთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს შედარებით განსხვავებული პოზიცია. თუმცა, ფაქტია, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებზე გადაწყვეტილებას იღებს ალიანსის 28 წევრი ქვეყანა. ჩვენ გაორმაგებული ძალებით გავაგრძელებთ აღებული ვალდებულებების და ტრანსფორმაციის პროცესის წარმატებულად განხორციელებას და ვიმედოვნებთ, რომ კონსენსუსის საფუძველზე 28 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უელსის სამიტზე არაა მიწვეული, უკავშირდება თუ არა ეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს?

- რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა განახორციელა სამხედრო აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე და მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ანექსია, ნატომ გადახედა თავის პოლიტიკას რუსეთთან დაკავშირებით. შეაჩერა სამხედრო და სამოქალაქო პარტნიორობა და ყველა არსებული პროგრამა რუსეთის ფედერაციასთან. სწორედ, აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთის ფედერაცია არ არის მიწვეული ნატოს სამიტზე.