„ნიჭიერი ხალხია და ბოლოს და ბოლოს, ისწავლიან სახელმწიფოს მართვას“...

„ნიჭიერი ხალხია და ბოლოს და ბოლოს, ისწავლიან სახელმწიფოს მართვას“...

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% მიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. უფრო კონკრეტულად, შესაბამის მოსაზრებას გამოკითხულთა 26% „სრულად ეთანხმება“, 24% კი „ეთანხმება“. 
რესპონდენტთა 8% სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი მას შემდეგ, რაც თანამდებობიდან გადადგა, ასევე 9% აღნიშნულ მოსაზრებას „ეთანხმება“. არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 3%, 28%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

ვიდრე განხილვას დავიწყებდეთ, რეალურად ვინ მართავს ქვეყანას, საინტერესოა, ამჯერად, როდესაც არც არჩევნებია კარს მომდგარი და არც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არ არის გაჩაღებული „სისხლისმღვრელი ომი“, რამდენად რეალურად ასახავს კვლევა საზოგადოევბრივ განწყობას.

ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ კვლევაში ასახული განწყობები რეალობასთან მიახლოებულია: „სხვა კვლევები არ მაქვს, რომ ამ კითხვას დარწმუნებით გავცე პასუხი, მაგრამ ქალაქური განწყობიდან გამომდინარე, მეჩვენება, რომ დაახლოებით ასეთი სურათი უნდა იყოს“.

ექსპეტ გია ხუხაშვილისთვისაც, კვლევის შდეგები, ასე თუ ისე, დამაჯერებელია: „ჩემში დიდად არ იწვევს დადებით ემოციებს, რადგან წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობის მძიმე გამოცდილება მაქვს, თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ ამ კვლევის შედეგები მოვლენების ლოგიკას ძალიან აცილებულია“.

პიარკომპანია „ჯეპრას“ კონსულტანტის კახა მაღრაძის შეფასებით, „მეთოდოლოგია ისეა დალაგებული, რომ მის ვალიდობაში ეჭვი დიდად არ შემპარვია. ერთია, ვიღაცეებს მოსწონდათ კვლევის შედეგები, ვიღაცეებს - არა. თანაც, გააჩნია ეს კვლევები რა პერიოდში იყო ჩატარებული და ხომ არ იყო რესპონდენტების მხრიდან ინფორმაციის დამალვის ან განზრახ დამახინჯების მცდელობა - იყო წლები, როდესაც ხალხი არ ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა. შესაბამისად, მკვლევარები მათ სიცრუის დეტექტორზე ვერ შეამოწმებდნენ“. 

და, რაკი, კვლევის შედეგები, ასე თუ ისე, რეალურ განწყობას ასახავს, საინტერესოა, რატომ მიიჩნევს გამოკითხულთა ნახევარი, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებია ადამიანი, რომელიც არც უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზეა და პოლიტიკიდანაც სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი აუცილებლად ერევა, ხალხს აქვს ასეთი განწყობა“, - მიიჩნევს ხუხაშვილი.

კახა მაღრაძის შეფასებით, ასეთი კითხვის დასმის საფუძველი შესაძლოა, გამხდარიყო ამ თემაზე გავრცელებული აზრი მოსახლეობაში და კითხვები, რომელიც ამასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში ჩნდება.

„როგორც ჩანს, ორგანიზაციამ, ვინც კვლევა დაუკვეთა, აქტუალურად ჩათვალა ეს თემა, რადგან ხშირად, ხელისუფლებას ბრალს დებენ, რომ ყოფილი პრემიერის გავლენისგან ვერ თავისუფლდება“,- აცხადებს მაღრაძე.

გია ხუხაშვილის მოსაზრებით, ყველამ კარგად ვიცით, რომ დღესაც, პოლიტიკური პროცესი მიდის ივანიშვილის ნიშნით, რადგან ის იყო ქვეყანაში ცვლილებების ლიდერი და პრინციპში, დღესაც, როგორც ხელისუფლებაში, ასე საზოგადოებაში, მას უკავშირდება პოზიტიური ცვლილებების იმედები.

„შესაბამისად ასეთი განწყობაა ჩამოყალიბებული საზოგადოებაში, ამას მაქსიმალურად აძლიერებს მედიაც, პოლიტიკური ძალებიც და ა.შ. არ არის გასაკვირი, რომ ასეთი განწყობა ჩამოყალიბდებოდა“, - მიიჩნევს ხუხაშვილი.

კვლევიდან ჩანს, რომ სრულად ეთანხმება ამ მოსაზრებას გამოკითხულთა მხოლოდ 24%, 26 კი - ეთანხმება. როგორც კახა მაღრაძე განმარტავს, ის ნაწილი, რომელიც ეთანხმება, ამ მოსაზრებას იზიარებს, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ არის მასში.

„ვიტყოდი, რომ ის, ვინც სრულად არ ეთანხმება, უბრალოდ იმ გავრცელებული მოსაზრების გავლენას განიცდის“,- განმარტავს მაღრაძე.

ერთია გავრცელებული მოსაზრებები, მეორე - რა ხდება რეალობაში. გვევლინება თუ არა რუხ კარდინალად, პოპულარობის პიკში ძალაუფლებიდან წასული ივანიშვილი?

„ალბათ, უფრო ვარაუდებზეა საუბარი, მაგრამ ასეც რომ იყოს, დამტკიცება ძალზე ძნელია - ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვება გაჭირდება, მაგრამ ეს მოსაზრებაც ბევრ სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზზეა დამოკიდებული. ის, რომ ყოფილი პრემიერი ასე მოულოდნელად წავიდა თანამდებობიდან, თუნდაც ეს გარემოება ლოგიკურ ეჭვს აჩენს, რამდენად ბოლომდე ჩამოსცილდა ხელისუფლებას. ამ მოსაზრების არსებობას საკმაოდ ლოგიკურად მივიჩნევ, იმის მიუხედავად ის სწორია თუ არა“,- მიიჩნევს კახა მაღრაძე, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლების გამოწვევაა, საწინააღმდეგო დაამტკიცოს...

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თუ გავიხსენებთ თვითონ ივანიშვილის იმ განცხადებებს, რომელიც წინ უძღოდა როგორც მის წასვლას პოლიტიკიდან, შემდეგაც გაკეთდა მსგავსი განცხადებები, რომ ის თვალყურის გარეშე არ ტოვებს გუნდს, რომელიც ხელისუფლებაშია და პასუხისმგებელია მის მოქმედებაზე, საზოგადოების ასეთი დასკვნა ლოგიკურია.

„ეს გუნდი ხომ თავისი რეიტინგით არ მოსულა, მოვიდა ივანიშვილის რეიტინგით - ამ მხრივ, ივანიშვილის ლოგიკა გასაგებია. ვფიქრობ, მისი ეს განცხადებებია ამ დამოკიდებულების საფუძველი. განცხადებები რომ არა, არ მგონია, საიდანმე დაესკვნა საზოგადოებას, რომ ივანიშვილი მართავს, რადგან მაშინ საზოგადოებას უნდა სცოდნოდა, რომ რაღაცით უკმაყოფილო იყო ივანიშვილი და შედეგად მთავრობაში რაღაც შეიცვალა.

მაგალითად, უკმაყოფილო იყო ივანიშვილი პრეზიდენტით და ამის შესახებ განაცხადა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ პრეზიდენტის ბედ-იღბალი ამით არ შეცვლილა“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

იმაზე, თუ სინამდვილეში რა ხდება, როგორც გია ხუხაშვილი აცხადებს, დიდი დისკუსიებია.

გია ხუხაშვილი: „არ მგონია, რომ ივანიშვილი ქვეყნის ოპერატიულ მართვაში მონაწილეობდეს. თუ სტრატეგიულ, რთულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებში მას ვიღაც მიმართავს და რჩევას იღებს, არ მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. ვფიქრობ, სასარგებლოც არის ქვეყნისათვის. არ მგონია, რომ თვითონ ერეოდეს. შესაძლოა, ის მონაწილეობდეს კონსულტაციების დონეზე, მაშინ, როდესაც მას მიმართავენ. ხელისუფლების წარმომადგენლები, შესაძლოა, ვერ გრძნობენ თავს იმდენად მყარად, რომ საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღონ. გადაწყვეტილების მიღების საკუთარ თავზე აღების უნარი აქვთ ძალიან სუსტი და მას მიმართავენ-ხოლმე, იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე ნორმალურ ქვეყანაშია, სადაც ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა პიროვნებები. ეს არის ჩვენი რეალობა და მოგვწონს თუ არა, ვერსად გავექცევით. თუმცა კიდევ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ ივანიშვილი ქვეყანას მართავს ან ყველა გადაწყვეტილებაში ერევა“.

საზოგადოებაში იმის გარდა, ვინ არის რეალურად გადაწყვეტილების მიმღები პირი ქვეყანაში, სხვა კითხვებიც ჩნდება, მაგალითად, ეს უშუალოდ ივანიშვილის სურვილია თუ თავად მთავრობას სურს, თვითონ არ იყოს ყველაფერზე პასუხისმგებელი.

„თუ მთავრობა ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩრდილქვეშ ურჩევნია ყოფნა, რომ დე, ყველას ეგონოს, ის არის გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები - ეს გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობისთვის მომგებიანი არ არის. ამიტომ არ მგონია, მთავრობაში ისეთი სულელები იყვნენ, მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ მაინც ბიძინა ივანიშვილია მთავარი დირიჟორი“, - მიიჩნევს კახა მაღრაძე.

თუკი არსებობს ვარაუდი, რომ ივანიშვილი ასე თუ ისე, მაინც მონაწილეობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან დატოვებული მთავრობის წარმატებულ საქმიანობაზე აქვს პასუხისმგებლობა აღბული საზოგადოების წინაშე, საინტერესოა, რამდენად უნარიანი მთავრობა გვყავს და შეძლებს თუ არა ქვეყნის დამოუკიდებლად მართვას, ერთ მშვენიერ დღეს ივანიშვილმა უარი რომ განაცხადოს მათ კონსულტირებაზე - ამდენად, ლოგიკურია კითხვა, ხომ არ არის ეს ყველაფერი დღვანდელი მთავრობის სისუსტის ნიშანი?

როგორც კახა მაღრაძე მიიჩნევს, პრემიერ-მინისტრის ქმედებებიდან ჩანს, რომ მას ძლიერ, დამოუკიდებელ ფიგურად სურს წარმოჩინდეს. თუმცა პრემიერიცა და მთავრობის სხვა წევრებიც ხაზს უსვამენ ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს. გარდა ამისა, ელექტორატის დიდი ნაწილისთვის ბიძინა ივანიშვილი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად რჩება საქართველოში და მთავრობა ამ ტენდენციასაც იყენებს, თუმცა მათ ქმედებებში მაინც იგრძნობა დამოუკიდებლობა.

„ყოველ შემთხვევაში არ გაურბიან პასუხისმგებლობას და უნდათ, რომ ძლიერ მთავრობად წარმოჩინდნენ, ამას რამდენად წარმატებით აკეთებენ, ეს სხვა თემაა“,- მიიჩნევს მაღრაძე.

რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ შეიძლება, საკითხს სხვა კუთხიდანაც შევხედოთ:

„თუკი შვილი ანგარიშს უწევს მშობელს ეს სისუსტის ნიშანია თუ პასუხისმგებლობის? თუკი პოლიტიკოსი ანგარიშს უწევს ამომრჩეველს, ეს სისუსტის ნიშანია თუ პასუხისმგებლობის? აქ ანგარიშის გაწევაა ნიშანი, იმდენად, რამდენადაც პოლიტიკაში ამ მთავრობის მოსვლა ივანიშვილის დამსახურებაა თორემ სისუსტე-სიძლიერეზე რომ ვისაუბროთ, ჭიდილს უნდა ვაკვირდებოდეთ ივანიშვილსა და ამ გუნდს შორის და მერე შეიძლება ვთქვათ, ვინ არის სუსტი და ძლიერი“.

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ უფრო ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობაა ვიდრე სისუსტე, მაგრამ როდესაც მთავრობის ანგარიშვალდებულებაზეა საუბარი, საინტერესოა, ეს კარგია თუ ცუდი დემოკრატიული პროცესის განვითარებისათვის.

რამაზ საყვარელიძე: „ეს მართლაც საინტერესოა, ალბათ, ბევრი რამ მაინც დამოკიდებულია იმაზე, ვინც მოძღვრავს ამ გუნდს, ანუ ივანიშვილზე. თუ ცუდი მოძღვრის ჭკუაზე დიდხანს იარე - ცუდია, თუ - კარგი მოძღვრის - კარგია, გააჩნია, რა მიმართულებით მიჰყავს ივანიშვილს პროცესი, ამის მიხედვით შეიძლება, ვილაპარაკოთ კარგია თუ - ცუდი. სხვათა შორის, ივანიშვილი რომ აპირებდა გადაცემის გაკეთებას. ეს რომ გაკეთებულიყო, მაშინ გავიგებდით, რა პოზიცია უკავია და საით მიჰყავს ივანიშვილს პროცესი და მერე უკვე შევაფასებდით, გუნდი მიჰყვება თუ არა მის დასახულ გეგმას - ანუ გეგმას და მის აღსრულებას შევაფასებდით. ჩვენ გეგმა არ ვიცით, და როგორ შეიძლება ვთქვათ, ის კარგია თუ ცუდი“?

გია ხუხაშვილის შეფასებით, გარკვეულწილად შეიძლება სისუსტეზეც საუბარი...

„არაერთხელ მითქვამს, დღევანდელი ხელისუფლების მთავარი სისუსტე გახლავთ ის, რომ გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვს შესუსტებული, ეფექტურობა აკლია გადაწყვეტილების მიღებაში. ივანიშვილის პერიოდში ძალიან ბევრმა ადამიანმა კომფორტულად იგრძნო თავი, რომ ერთ კაცზე იყო მთელი პასუხისმგებლობა და ისინი პასუხს არაფერზე არ აგებდნენ გარკვეულწილად, ასეთი ვითარება შეიკრა და ინერციით ეს შეიძლება გრძელდებოდეს კიდეც. რა თქმა უნდა, ეს კარგი არ არის, რადგან ნორმალურ, სტაბილურ ქვეყანაში ინსტიტუტები მართავენ და არა პიროვნებები. პიროვნების როლი გადადის უკანა პლანზე, თანამდებობაზეც რომ იყოს იმ შემთხვევაშიც კი“,- აცხადებს ხუხაშვილი.

ერთ კაცზე ჩამოკიდებული ქვეყანა ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მწარედ იწვნია, მართალია, დღეს პროცესები ანალოგიურად არ ვითარდება, მაგრამ შექმნილი სიტუაცია სახარბიელო ნამდვილად არ არის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და იმედს იტოვებს, რომ საბოლოოდ, ხელს არ შეუშლის დემოკრატიულ პროცესს.

„გეთანხმებით, სპეციფიკური ვითარება გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კლებადი დინამიკითაა და განპირობებულია იმ რეალობით, რომელიც შეიქმნა. იმედს ვიტოვებ, რომ ნელ-ნელა ინსტიტუტები გამყარდება და საჭიროება ასეთი მუდმივი კონსულტირებისა, აღარ იქნება. ადამიანები, რომლებიც დღეს სწავლობენ სახელმწიფოს მართვას, ვითარდებიან, ნიჭიერი ხალხია დ ისწავლიან, ბოლოს და ბოლოს“ ,-აცხადებს ხუხაშვილი.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - იმ რესპონდენტებიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირია, 34% აღნიშნულს ამართლებს, ხოლო 58% არ ამართლებს.

კახა მაღრაძე მიიჩნევს, რომ ეს დადებითი ტენდენციაა, როდესაც უმეტესობა ფიქრობს, რომ არაფორმალური ქმედებებისთვის პოლიტიკაში ადგილი არ არის, ეს კარგია.

რაც შეეხება მთლიანად კვლევას, როგორც კახა მაღრაძე მიიჩნევს, კარგია, რომ ასეთი კვლევები ტარდება და ის უნდა გაგრძელდეს, რადგან ქვეყნის ცხოვრება არჩევნებიდან არჩევნებამდეც გრძელდება, ამიტომ, მისი შეფასება უნდა ხდებოდეს. მაღრაძის აზრით, რაც უფრო მეტი სოციოლოგირი კვლევა ჩატარდება, მთავარ მოთამაშეებს უკეთ ეცოდინებათ საით უნდა იყოს მიმართული მათ ძალისხმევა.

კახა მაღრაძე: „ჩემთვის სუბიექტურად ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საგარეო მიმართულების კუთხით არ იცვლება ჩვენი მოსახლეობის სურვილები და დამოკიდებულება ევროინტეგრაციასა და დასავლურ სტრუქტურებთან მიმართებაში და ეს არის კარგი - ჯერ კიდევ გვინდა დასავლეთი - ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა - სუბიექტივიზმსაც რომ თავი დავანებოთ, ეს ქვეყნისთვის კარგია. შიდა საკითხებს რაც შეეხება, კვლავ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე და ამას რაღაცნაირად, უფრო აქტიურად უნდა უპასუხოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. ბოლო კვლევების დინამიკაც რომ შევაფასოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, არაფერი არ იცვლება. თუ რამე კეთდება, გამოდის, რომ არასწორი კომუნიკაციაა მოსახლეობასთან, ამიტომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა“.