ევროკავშირის ანტირუსული სანქციები და საქართველო

ევროკავშირის ანტირუსული სანქციები და საქართველო

2013 წლის 1 აგვისტოს, ევროკავშირის საბჭოს რეგულაციებით ძალაში შევიდა ე.წ. ანტირუსული სანქციების მესამე, და ჯერჯერობით, ყველაზე ფართო პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის ეკონომიკის ცალკეულ სექტორებს (მათ შორის ენერგეტიკას და საფინანსო სფეროს) და კერძო პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის მმართველ ელიტასთან. ამ ღონისძიებების შეზღუდული ფარგლები და ცალკეული გამონაკლისები იმის მომასწავებელია, რომ რუსეთის ეკონომიკაზე მათი უშუალო გავლენა არაყოვლისმომცველია. სანქციების გავლენას საქართველოდან რუსეთში აგრარული პროდუქციის ექსპორტზე არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა. თუმცა, არ განხილულა სანქციების სერიოზული პოზიტიური ზეგავლენა ექნება საქართველოს გავლით დასავლეთისკენ ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების „სამხრეთის გაზის დერეფნის“ განხორციელებაზე და მათი ნეგატიური ეფექტი საფინანსო სექტორზე.

ანტირუსული სანქციების მოსალოდნელი პოზიტიური გავლენა საქართველოზე გამავალ „სამხრეთის გაზის დერეფანზე“ და კომუნალურ ტარიფებზე

ამ „დერეფნის“ პროექტების წარმატების შემთხვევაში, უახლოეს წლებში შეიძლება გაიზარდოს საქართველოს გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების სტაბილურ დონეზე შენარჩუნების შანსები. კერძოდ, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ანტირუსული სანქციების შედეგად აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ბუნებრივი აირის და ნავთობის მზარდი ნაკადები არა რუსეთზე, არამედ სამხრეთ კავკასიაზე გაივლის. შედეგად, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მარშრუტის “სამხრეთკავკასიურ მილსადენში” (SCP) საშუალოდ წელიწადში, ნაცვლად ბოლო წლებში გადატუმბული 4.5–7 მ3 გაზისა, გაივლის 20-30 მლიარდი მ3 ბუნებრივი აირი. მარტო აზერბაიჯანული „შაჰ–დენიზი 2“–ის საბადოდან საქართველოზე 2019 წლიდან ყოველწლიურად 16 მლრდ მ3 გაზის ტრანზიტია დაგეგმილი. გაზის ტრანზიტის საფასურად საქართველოს შეღავათიანი ფასით (1000 მ3–ზე 60-65 დოლარი) დარჩება 1-1.5 მილიარდი მ3 აირი. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს იაფი გაზის გარკვეული ნაწილი მივმართოთ თბოსადგურებში შედარებით იაფი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად. აღნიშნული დადებითად იმოქმედებს ელექტროენერგიის გენერაციის საშუალო ღირებულებაზეც. საქმე ისაა, რომ კომუნალური ტარიფების თვითღირებულებაში უმეტესი ხვედრითი წილი სათბობ–ენერგეტიკულ რესურსებს, ანუ ე.წ. ენერგომატარებლებს უჭირავთ. ასე მაგალითად, თბომომარაგების ტარიფში საწვავის დანახარჯი 36%–ს შეადგენს, ელექტროენერგიის ხარჯი – 9%, ხოლო ხელფასი – 14%–ია. წყალმომარაგებაში ელექტროენერგიის ხარჯები 20%–ს აღწევს, ანუ თითქმის იმდენივეა, რაც წყლის შესაძენი ხარჯი, ხოლო ხელფასის ხარჯი 15%–მდეა. ამდენად კომუნალური ტარიფების ზრდის ძირითადი ფაქტორია ფასების ზრდა სათბობ–ენერგეტიკულ რესურსებზე.

შემთხვევითი არ არის, რომ ენერგეტიკის სექტორის სანქციების გამო, მსოფლიოს უდიდესმა ნავთობკომპანიამ, „როსნეფტმა“ ა/წლის 15 აგვისტოს რფ–ს მთავრობას სთხოვა უპრეცენდენტო – 1.5 ტრილიონი რუბლი სუბსიდიის გამოყოფა „ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან“ ("Роснефть" просит 1 500 000 000 000 рублей у государства. http://topneftegaz.ru/news/view/105842). სანქციების შემოღებამდე „როსნეფტი“ გრანდიოზულ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გეგმავდა, რომელთა არსი იყო ყაზახური „თენგიზის“ და „კაშაგანის“ ნავთობის მხოლოდ რუსეთის გავლით ტრანსპორტირება და ამ ნავთობის „ბაქო–თბილისი–ჯეიჰანით“ ტრანსპორტირების არ დაშვება. საქმე ისაა, რომ სანქციები ართულებს რუსული ენერგოკომპანიების ურთიერთობებს უცხოელ კრედიტორებთან და შესაბამისი დაფინანსების გამოყოფას უშლის ხელს. რფ–ს საგარეო ვალის 72% ხომ ენერგოკომპანიების კრედიტებია! ასე მაგალითად, ანტირუსული სანქციების გამო, მომდევნო ორი წლის განმავლობაში „როსნეფტმა“ ვალების დასაფარად 50 მლრდ, ხოლო „გაზპრომმა“ – 30 მლრდ დოლარი უნდა გადაიხადონ. სანქციები რფ–ს ბიუჯეტის იმ საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებასაც დაემუქრა, რომლებიც ქვეყანაში ახალი უცხოური ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა მიეღოთ. ასეთებია ღრმა ჭაბურღილების ბურღვის, ფიქლების და არქტიკული შელფის ენერგორესურსების დამუშავების ტექნოლოგიები.

სამხრეთ კავკასიის მარშრუტით სატრანზიტო ნაკადების მოსალოდნელი გადმომისამართებით გამოწვეულ ჩვენს ოპტიმიზმს საფუძველს ისიც აძლევს, რომ ევროკომისიამ ა/წლის აგვისტოს მიწურულს გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბრიუსელის პრიორიტეტია არა „სამხრეთის ნაკადი“, არამედ გაზმომარაგების დივერსიფიკაცია კასპიის რეგიონთან დამაკავშირებელი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტების საშუალებით ("Южный поток" не нужен ЕС. http://topneftegaz.ru/news/view/105711). ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა ევროპის ენერგოკომისარმა გიუნტერ ეტინგერმა გერმანულ Handelsblatt–ში გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც ის ხაზს უსვამს 2009 წელს ევროპის ენერგოუსაფრთხოების შესუსტებაზე რუსეთის და უკრაინის მაშინდელი „გაზის ომის“ გამო, რომელიც სავარაუდოდ მომავალ ზამთარშიც განმეორდება (Как ЕС относится к "Южному потоку" на самом деле? http://topneftegaz.ru/news/view/105690). უფრო მეტიც, რუსული „სამხრეთის ნაკადისადმი“ მხარდაჭერის შემთხვევაში, გ. ეტინგერი სანქციებით დაემუქრა ევროკავშირის 28 წევრიანი გაერთიანების იმ 6 წევრ ქვეყანასაც, რომლებიც თითქმის 100%–ით რუსულ გაზმომარაგებაზე არიან დამოკიდებული. შედეგმაც არ დააყოვნა – ბულგარეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ამ ქვეყნის ენერგოკომპანია აღარ მონაწილეობს რუსულ პროექტში და ბულგარეთი აღარაა „სამხრეთის ნაკადის“ გაზსადენის სატრანზიტო მარშრუტი. ევროკომისიის ზეწოლით ამ ქვეყანაში „სამხრეთის ნაკადის“ სამშენებლო კონსორციუმის მონაწილეთა რიგები დატოვა რუსულმა „სტროიტრანსგაზმა“, რომელსაც პრეზიდენტ ვ. პუტინის მეგობარი, აშშ–ს მიერ სანქცირებული, გენადი ტიმჩენკო ხელმძღვანელობს. ბოლო თვეებში გ. ტიმჩენკო ასევე იძულებული გახდა გაეყიდა თავისი ევროპული აქტივების უმეტესობა ("Южный поток": дальше без "Стройтрансгаза". http://topneftegaz.ru/news/view/105772).

რუსული ენერგონაკადების მიმართ ნდობა მოსკოვის ისეთმა მოკავშირემაც კი დაკარგა, როგორიც ირანია. ანტირუსული სანქციების გამოცხადებისთანავე, ირანის ნავთობისა და გაზის სამინისტროში მზადყოფნა განაცხადეს რუსული მარშრუტების კონკურენტ „ნაბუქოთი“ ევროპის გაზმომარაგებაზე. მანამდე ირანში ჩასული იყო ევროკავშირის ორი დელეგაცია, რომლებიც ევროპაში ირანული გაზის თურქეთის, სირიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის მარშრუტებით ტრანსპორტირების შესაძლებლობებს განიხილავდნენ. ექსპერტების გასაოცრად, როგორც ჩანს, რუსეთ–დასავლეთის დაპირისპირების ფონზე თეირანში არჩევანი უკვე ყველასაგან მივიწყებულ „ნაბუქოზე“ გაკეთდა (Иран готов реанимировать Nabucco http://topneftegaz.ru/news/view/105834).

სავარაუდოდ, ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისა და მალაიზიური ავიალაინერის ჩამოგდების გამო შემოღებული დასავლეთის ანტირუსული სანქციები მომავალში კიდევ უფრო გააუარესებს საერთაშორისო არენაზე რუსეთისადმი ნდობას და შეამცირებს უცხოელი ინვესტორებისათვის მის მიმზიდველობას. ამით გაღრმავდება რფ–ს მაკროეკონომიკური პრობლემები, შემცირდება მშპ–ს ზრდა, შესუსტება რუბლი, გაიზრდება ინფლაცია და ქვეყნიდან კაპიტალის გადინება. უკვე ამ გაზაფხულზე, სააგენტო Fitch–მა დასწია რუსეთის საკრედიტო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „ნაგატიურამდე“, ხოლო Standard & Poor–მა ქვეყანას „BBB“ ნაცვლად მიანიჭა ყველაზე დაბალი საინვესტიციო რეიტინგი „BBB -“.

ამასთან, G7–მა მსოფლიო ბანკს ურჩია შეაჩეროს რუსეთში 1.34 მლრდ დოლარის ცხრა საინვესტიციო პროექტის იმპლემენტაცია. მხოლოდ 2014 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ 74.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთელი 2013 წლის მაჩვენებელს აღემატება (62.7 მლრდ დოლარი). წინასწარი პროგნოზით 2014 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 100 მლრდ დოლარს გადააჭარბებს. მზარდი პოლიტიკური და საფინანსო რისკების შედეგად გერმანიის ეკონომიკის ფედერალურმა სამინისტრომ შეაჩერა Rheinmetall–ის 100 მლნ ევროიანი კონტრაქტი, რომლითაც რფ–ში უნდა აშენებულიყო თანამედროვე სამხედრო–საწვრთვნელი ცენტრი.

გასაოცარია, რომ ნაცვლად ზემოაღნიშნული ჩიხიდან გამოსავლის ძიებისა, რუსეთის ხელისუფლების რეაგირება სანქციებზე და დასავლეთის კრიტიკაზე 7 აგვისტოს შემოღებული, საპასუხო ეკონომიკური ემბარგოა. აკრძალვები გავრცელდა ამ ქვეყნების გარკვეული საქონლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე. ამავდროულად რფ–ს მთავრობამ დაიწყო მედიაკამპანია სანქციების გავლენის წინააღმდეგ. მოსკოვი ხაზს უსვამს საგარეო ეკონომიკური კავშირების დარღვევის მიმართ რუსეთის ამტანობაზე და იმპორტის ჩანაცვლების შესაძლებლობაზე. ამ რიტორიკამ გადამწყვეტი გავლენა იქონია რუსული საზოგადოების განწყობაზე – ამ ეტაპზე რუსების უმრავლესობა სანქციების ეფექტს უმნიშვნელოდ თვლის და მიაჩნია, რომ რუსეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა მხოლოდ ელიტაზე და არა მთელ საზოგადოებაზე იმოქმედებს.

ანტირუსული სანქციების მოსალოდნელი ნეგატიური გავლენა საქართველოს საფინანსო სექტორზე

საზოგადოების ამგვარი განწყობების შენარჩუნებას ხელს უწყობს, ენერგეტიკასთან ერთად სანქციების ისეთ ელიტურ სექტორზე გავრცელება, როგორიცაა საფინანსო სფერო. ამის შედეგად ხუთ რუსულ ბანკს – „სბერბანკს“, „როსსელხოზბანკს“, „ვი–თი–ბის“, „გაზპრომბანკს“ და „საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ბანკს“, აღარ მიუწვდებათ ხელი ევროპის კაპიტალის ბაზარზე. თანამედროვე გეოპოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო, სააგენტო Morgan Stanley–მ წელს უკვე მესამედ გადახედა რუბლის კურსის პროგნოზს. 2014 წლის ბოლოსთვის რუსული ვალუტის კურსი დოლართან 38 რუბლამდე დაეცემა. ადრინდელი პროგნოზი 36.5 რუბლი იყო (Доллар дойдет до 38 рублей к концу года. http://topneftegaz.ru/news/view/105810). რუსეთის ფინანსთა ექს-მინისტრმა ა. კუდრინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შედეგად ქვეყანა 2-3 წელიწადში 200 მილიარდ აშშ დოლარს დაკარგავს. მან ასევე დაადასტურა ევროპის განვითარების ბანკის მონაცემები, რომლის თანახმადაც, რუსეთიდან 220 მილიარდი აშშ დოლარის "კაპიტალი გაიქცა" და რუსული რუბლის დევალვაციის შეჩერებას 100 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი დასჭირდა. გარდა ამისა, მან თქვა, რომ რუსული ეკონომიკისათვის 200 მილიარდი აშშ დოლარი მეტია რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვებზე.

რუსეთის საფონდო ინდექსები კატასტროფულად ეცემა. რუბლის გაუფასურება, როგორც ნეგატიური გარე ფაქტორი, შესაძლოა აისახოს ქართული ლარის მსყიდველობით უნარზე იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის ნახევრის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეოთხე საგარეო–სავაჭრო პარტნიორია (იხ. ცხრილი 1). ბევრ ქართველ ექსპერტს სამართლიანად მიაჩნია, რომ საქართველომ და იმ ქვეყნებმა, რომლებისთვისაც რუსულ-უკრაინულ ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაზღვრული სტრატეგია უნდა შეიმუშაონ. რუსეთში რუბლის, უკრაინაში - გრივნას, თურქეთში ლირას გაუფასურებამ არ შეიძლება, არ დასწიოს ქართული ლარის მსყიდველობითი უნარი.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ შარშან რუსეთის მიმართულებით რამდენჯერმე გაიზარდა ექსპორტის მოცულობა ღვინისა და მინერალური წყლების ხარჯზე. ამ ქვეყანაზე მოდის ღვინის ექსპორტის თითქმის ნახევარი და მინერალური წყლების მეოთხედზე მეტი. ღირებულებითი ფორმით კი მან უკვე გადააჭარბა 2005 წლის პიკურ მაჩვენებელს. მოსალოდნელია გარკვეული ცვლილება მოხდეს უკრაინასთან დაკავშირებით. იქ მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება შეცვალოს საქართველოს საექსპორტო გეოგრაფია, განსაკუთრებით, აგრარული დანიშნულების საქონლის ექსპორტისთვის (ცვლილება საექსპორტო ხუთეულში - რას უნდა ველოდეთ ქართულ ბაზარზე უკრაინის კრიზისის გამო. http://www.ambebi.ge/ekonomikao/101197-cvlileba-saeqsporto-khutheulshi-ras-unda-velodeth-qarthul-bazarze-ukrainis-krizisis-gamo.html#ixzz3BCFZsRu2). ჯერ კიდევ ა/წლის მარტში, რფ–ს პრეზიდენტის ვ. პუტინის მეგობრის, იური კოვალჩუკის კუთვნილ „ბანკი როსიას“ წინააღმდეგ აშშ–ს სანქციების შემოღების შემდეგ, „ვიზამ“ და „მასტერკარდმა“ შეწყვიტეს მსოფლიო მასშტაბით ბანკის საკრედიტო ბარათების მიღება. ამის შედეგად ბანკმა დაკარგა დეპოზიტების მესამედი (360 მლნ დოლარამდე) და ამჟამად საქმიანობს მხოლოდ რუსეთის მასშტაბით და მხოლოდ რუბლებით, „სბერბანკის“ საგადამხდელო სისტემის მეშვეობით, აწარმოებს ოპერაციებს. სანქციების გამო, რუსეთის ზოგიერთ იურიდიულ და ფიზიკურ პირს თავისი ბანკებისდმი წვდომა შეუზღუდა ისეთმა მნიშვნელოვანმა საფინანსო ცენტრმა, როგორიცაა შვეიცარია (Ewa Fischer, Jadwiga Rogoża. Further EU sanctions against Russia http://www.osw.waw.pl/en/publikacje/analyses/2014-08-06/further-eu-sanctions-against-russia).

არადა, ამ ბანკებს საქართველოს საფინანსო სექტორში სერიოზული ინტერესები გააჩნიათ. 2013 წელს საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის უმაღლესი საკრედიტო რეიტინგი – „BB“ გააჩნდა რუსული „ვი–თი–ბის“ შვილობილ “ვითიბი ბანკ (ჯორჯიას)”.რუსულმა "ვითიბი ბანკმა" ჯერ კიდევ 2005 წელს "გაერთიანებული ქართული ბანკი" იყიდა. მაშინ "გაერთიანებული ქართული ბანკი" საბანკო სისტემის დაახლოებით 10%-ს წარმოადგენდა. დღეს ეს საფინანსო ინსტიტუტი ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. 2013 წლის დასაწყისიდან წლის ბოლომდე “ვითიბი ბანკი (ჯორჯია)“–ს მთლიანი აქტივების მოცულობა საქართველოში 42%–ით გაიზარდა და 766 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2013 წლის განმავლობაში ამ ბანკის საკრედიტო პორტფელი 29%–ით გაიზარდა და 477 მილიონი ლარი შეადგინა, დეპოზიტების მოცულობა კი გაიზარდა 70%–ით და 499.5 მილიონი ლარი შეადგინა.

საინტერესოა, რომ მართალია რუსული ბანკების მიერ „ლიბერთი ბანკისა“ და „თიბისი ბანკის“ შეძენის შესახებ ინფორმაცია ყველა მხარემ უარყო, გარკვეულ ოპოზიციურ წრეებში რუსული ფინანსური ინსტიტუტების საქართველოსადმი ინტერესის შესახებ კვლავ საუბრობენ. 2013 წელს ქართულ მედიაში ინტენსიურად ვრცელდებოდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ თითქოს პრაქტიკულად დამთავრდა შეთანხმება, რომლითაც "ლიბერთი ბანკი" იყიდა თანამედროვე ანტირუსული სანქციების ქვეშ მოყოლილმა „სბერბანკმა“, – რუსეთის სახელმწიფო ბანკმა. გარდა ამისა, გაჟღერდა მოსაზრება თითქოს „ალფა ბანკი“, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული კრემლთან, ყიდულობს „თიბისი ბანკს“. ქართული საბანკო სექტორისადმი „გაზპრომბანკის“ ინტერესზეც საუბრობენ. ადრე ვრცელდებოდა განცხადებები, რომ ამჟამად სანქციონირებული რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი „გაზპრომბანკი" არასდროს გეგმავდა ბანკების შეძენას საქართველოს ტერიტორიაზე“. თუმცა, უკვე 2013 წლის თებერვალში ეკონომიკური განვითარების მინისტრი გ. კვირიკაშვილი: არ გამოვრიცხავდა, რომ ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობდეს(https://www.facebook.com/permalink.php?id=135148409989566&story_fbid=135154313322309).

აღსანიშნავია, რომ რუსული ბანკების დასავლეთის კაპიტალის ბაზრებზე ხელმიუწვდომლობამ შესაძლოა უახლოეს თვეებში არ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგეგბი, რადგან რუსულ ბანკებს ჯერ–ჯერობით საკმარისი სახსრები გააჩნიათ საკუთარი ვალდებულებების გასასტუმრებლად. მაგრამ, პრობლემები შესაძლოა უკვე 2015 წლისათვის გაჩნდეს, ანუ იმ დროისათვის, როდესაც დგება აღებული კრედიტების გადახდის დრო და იწურება საშეღავათო ვადები. ამ დროისთვის, ანტირუსული სანქციების გამო საგარეო დაფინანასებას მოკლებული რუსული სახელმწიფო ბანკები შეეცდებიან დამატებითი საფინანსო რესურსები შიდა ბაზარზე და იმ ქვეყნების ბაზრებზე ეძებონ (მათ შორის საქართველოში), სადაც უამრავი შვილობილი კომპანიები აქვთ. არაა გამორიცხული, რომ ამ პროცესის დროს რუსულმა სახელმწიფო ბანკებმა დაიწყონ ზოგიერთი ქართული შვილობილი ბანკის მყიდველის ძებნა, რაც საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის საფინანსო ბაზარზე საკრედიტო რესურსების „შიმშილს“ გამოიწვევს და გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს. 

ამრიგად, ანტირუსული სანქციების გამკაცრება საქართველოზე გამავალ ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტების დაჩქარებაზე, და აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის კომუნალური მომსახურების ტარიფებზე პოზიტიურად იმოქმედებს, ხოლო საფინანსო სექტორზე – ნეგატიურად.