„ხიფათი, რომ პრეზიდენტმა შეიძლება შექმნას პოლიტიკური ცენტრი არსებობს და ამის პრევენციული ღონისძიების გატარებას ცდილობს ხელისუფლება. ეს ერთად-ერთი ვერსიაა რომელიც თავში მომდის, სხვას ვერაფერს ვერ დავუკავშირებ ამ დაპირისპირებას“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის თქმით, ამისათვის მარგველაშვილს ყველაფერი აქვს. მისივე განცხადებით, საკმარისი ფინანსები არის პრეზიდენტის განკარგულებაში, რომ მან შექმნას პოლიტიკური ცენტი.
For.ge ვახგანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირება ახალ ფაზაში მას შემდეგ გადავიდა, რაც პრემიერა საჯაროდ დაუსვმა კითხვა პრეზიდენტს, რატომ არ მოაწერა ხელი გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნას. რა ხდება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, ამ კითხვას საზოგადოება სვავს. რეალაურად რა ხდება, ეს არის რეალურად დაპირისპირება ორ შტოს შორის, თუ ეს არის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი კონსტიტუციის მიზეზი?
ვახტანგ ძაბირაძე: საქმე გვაქვს ორივე ფაქტორთან. როგორც კონსტიტუციურ ლაფსუსებთან, ასევე იმასთან, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტი საკამაოდ ცუდ ურთიერთობებში არიან ერთმანეთთან. ხდება რაღაცეების ერთმანეთისთვის გადაბრალება. მაშინაც გავაკეთე კომენტარი, როდესაც პრემიერმა თქვა პრეზიდენტმა დააყონა და დროზე არ მოხსნა გრიფით „საიდუმლო“. პრეზიდენტმა კანონით გათვალისწინებულ ვადაში გააკეთა თავისი საქმე. მას შეეძლო მოეხსნა გრიფით „საიდუმლო“ და შეეძლო არ მოეხსნა გრიფით „საიდუმლო“. როდესაც ასეთი პრეტენზია არის პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც იმოქმედა კანონიერების ფარგლებში, ეს არის არასერიოზული.
ეს გავს იმას, როდესაც ორი სტრუქტურა ცდილობს ერთმანეთის ჩაძირვას. თუ ეს არის მათი მიზანი, ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ასეთი ინიციატივა თითქმის ყოველთვის მოდის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც პირველი პრეტენზია გამოთქვა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის მიმართ. ყველაფერი ერთიან კონტექსტში ქმნის საკმაოდ არაჯანსაღ სიტუაციას საზოგადოებაში.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დაშვებული იქნა შეცდომა, რომდესაც მან გააკეთა მსგავსი განცხადება პრეზიდენტის მიმართ და არაკორექტულ ფორმაში. ფაქტია, რომ მეორე დღესვე რადიკალურად შეიცვალა ვითარება, რამაც ქვეყანა მიიყვანა ამ დაპირისპირების რეჟიმში...
- რამდენად იყო ან არ იყო კორექტული ივანიშვილის განცხადება, ამაზე ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ ეს ივანიშვილის განცხადებამ გამოიწვია. ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე, ის არაა ხელისუფლების წარმომადგენელი და მას უფლება აქვს, როგორც ნებისმიერ ადამიანს, გამოთქვას თავისი შეხედულება. პრობლემა ის კი არაა, რომ ივანიშვილმა თავისი შეხედულება გამოთქვა, არამედ პრობლემა ისაა, რომ ამ განცხადებას მოჰყვა ცუდი განვითარება, რეაქციები აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, ეს არის პროლემა და ეს რეაქცია გრძელდება დღემდე.
თუ ივანიშვილს სურდა, რომ მისი განცხადების შემდეგ პროცესები ასე განვითარებულიყო, მაშინ ყველაფერი კარგად არის, თუ მან გულისტკივილი გამოთქვა, რასაც შემდეგ ეს პროცესები მოჰყვა - ცუდია. თუ მას უნდა, რომ თავისივე ხელდასმულ აღმასრულებელ ხელისუფლებას დისკრედიტირება გაუწიოს, კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ მან მიზანს მიაღწია. ეს დაპირისპირება სახელისუფლები კრიზისს ვერ შექმნის. აღმასრულებელ ხელისუფლებას კონსტიტუციურად არანაირი სამართლებლივი მექანიზმები არ გააჩნია პრეზიდენტის გადაყენებისა. უფრო მეტიც, პრეზიდენტს გაცილებით მეტი ლეგიტიმაცია აქვს, ვიდრე აღმასრულებელ ხელისუფლებას. გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი არჩეულია მთელი ქვეყნის მიერ.
გარდა ამისა, ლაპარაკი მიდის არა ძალაუფლების გამოყენებაზე, არამედ როგორც მოსალოდნელი პოლიტიკური ძალის თუ ფიგურის ჩაძირვაზე, ეს არის არასწორი თამაში. სიმართლე გითხრათ საერთოდ ვერ ვხვდები, რაში სჭირდება ან ერთ, ან მეორე უწყებას ეს კინკლაობა. აშკარად ჩანს, რომ არც ერთისთვის არაა მომგებიანი ეს დამოკიდებულება. რატომ აკეთებენ - არ მესმის.
პრეზიდენტის ინიციატივა უშიშროების საბჭოს გაფართოებასთან დაკავშირებით, ამ დაპირისპირების გამოძახილი იყო? ფაქტია, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივამ მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია...
- პრეზიდენტის ბოლო ინიციატივა გაფართოებასთან დაკავშირებით, გარკვეული რეაქცია იყო იმაზე, რომ პრემიერი არ დაესწრო უშიშროების საბჭოს სხდომას. პრემიერმა გარკვეულ წილად საბჭოს იგნორირება მოახდინა, მისი ფუნქციების და ხელმძღვანელის მიმართ. სრული იგნორირება ალბათ ვერ ხერხდებოდა და არ გამოვიდოდა, ამაზე რეაქცია შესაძლოა ყოფილიყო ის, რაც პრეზიდენტმა შესთავაზა.
უბრალოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ ეს დაპირისპირება უფრო წამგებიანია პრემიერისთვის და მისი გუნდისთვის, ვიდრე პრეზიდენტისთვის. იმიტომ, რომ რეალურად, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხს აგებს პრემიერი და არა პრეზიდენტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვიცი რაში სჭირდებათ ამ დაპირისპირების დემონსტრირება, თითქოს არანაირ შედეგს ეს არ უნდა იძლეოდეს.
ფაქტია, რომ ამ ვითარებით სარგებლობს „ნაციონალური მოძრაობა“. თავისთავად ჩნდება კითხვა, რატომ არ ჩქარობს საკონსტიტუციო კომისია საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებას. ფაქტია, რომ მიმდინარე პროცესებმა დაგვანახა კონსტიტუციის გადახედვის აუცილებლობა...
- გეთანხმებით. კონსტიტუციის გადახედვა შეიძლება, კომისია არსებობს და თითქოს მუშაობს, მაგრამ პრობლემა მანდ მეორეა - სამი მეოთხედი სჭორდება იმას, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები იქნას შეტანილი. ჯერ-ჯერობით არაფერი მზად არ არის, მაგრამ რომ გაკეთდეს, ამას სჭირდება სამი მეოთხედი, რომელიც დღევანდელ უმრავლესობას არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუშვებს, რომ მისთვის ხელსაყრელი ვითარება, როგორიც არის დაპირისპირება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, დაასრულოს კონსტიტუციური გზით.
ამიტომ, ცვლილებები კონსტიტუციაში ნაკლებად მოსალოდნელია. მეორეს მხრივ, მეც სოლიდარული ვარ, ვერ ვხდები რა მოგებას ნახულობს ერთი, ან მეორე მხარე ამ დაპირისპირებაში. თუ რაიმე შეიძლება ივარაუდოს კაცმა როგორც ვერსიაა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ცდილობს პრეზიდენტის პოლიტიკური რეიტინგი დაწიოს.
რატომ ცდილობს აღმასრულებელი ხელისუფლება პრეზიდენტის პოლიტიკური რეიტინგის დაწევას, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
- ხიფათი, რომ პრეზიდენტმა შეიძლება შექმნას პოლიტიკური ცენტრი არსებობს და ამის პრევენციული ღონისძიების გატარებას ცდილობს ხელისუფლება. ეს ერთად-ერთი ვერსიაა რომელიც მე თავში მომდის, სხვას ვერაფერს ვერ დავუკავშირებ ამ ვითარებას.
შეძლებს გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკური ცენტრის შექმნას და საკმარისი რესურსი თუ აქვს ამისთვის?
- ამისთვის ყველაფერი აქვს. პრეზიდენტის განკარგულებაში საკმარისი ფინანსებია, რომ მან პოლიტიკური ცენტრი შექმნას. რაც მთავარია, მას აქვს გასასვლელი ყველა მედიასაშუალებაზე, აქვს კავშირები და შეუძლია ეს კავშირები გამოიყენოს. პოტენციურად პრეზიდენტს რომ შეუძლია პოლიტიკური ცენტრის შექმნა, ამაში დარწმუნებული ვარ. ამას კიდევ უფრო ამძაფრებს ის გარემოება, რომ რაც არ უნდა ილაპარაკოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ ის არის მთავარი ოპოზიციური ძალა, თუ ისევ საზოგადოების მხრიდან შევხედავთ, ქვეყანაში ოპოზიციური ფლანგი არის ცარიელი.
არიან ვიღაცეები, მაგრამ მათი ჯამური მაჩვენებელიც კი არაფერს წარმოადგენს. ასე რომ, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად გაჩნდება საზოგადოებაში მოთხოვნილება ახალი ასეთი ძლიერი პოლიტიკური ცენტრის თუ ძალის შექმნის შესახებ. კიდევ ერთი ნიუანსი რის საფუძველზეც შემიძლია ეს დასკვნა გავაკეთო, გახლავთ ის, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებელმა დეპუტატებმა 125 მანდატი მიიღეს, რაც ფაქტობრივად უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ესეც ერთ-ერთი არგუმენტია იმისა, რომ დღეს თუ არა ხვალ ეს მოთხოვნილება გაჩნდება.
რა ვადებში ელოდებით მარგველაშვილის მხრიდან პოლიტიკური ცენტრის შექმნას და ვინ შეიძლება მოვიაზროთ ახალ პოლიტიკურ ცენტრში?
- „ქართულო ოცნების“ რეიტინგის ვარდნის პარალელურად გაჩნდება მოთხოვნა იმაზე, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური ძალა, უნდა თუ არა ეს მარგველაშვილს. შემიძლია ვთქვა, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი ალბათ შეიქმნება მომავალი წლის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. დაახლოებით ეს ვადა იქნება ყველაზე ოპტიმალური ახალი ძალის შესაქმენელად. უფრო გამოიკვეთება ძალებიც, უფრო სახიერი გახდება რა ტიპის ოპოზიციაზეა მოთხოვნილება საზოგადოებაში და მოსახლეობაში.
იმედგაცრუება დაიწყო, მაგრამ ეს არაა კატასტროფული და ეს აჩვენა ადგილობრივმა არჩევნებმა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა „ქართულ ოცნებას“ აქვს მხარდაჭერა. ამიტომ, ჯერ კიდევ დროა ტენდენცია გახდეს ის რაზედაც ვლაპარაკობთ. ეს არის ჯერ-ჯერობით სიმტომები, რომ მმართველი კოალიცია კარგავს რეიტინგს, მაგრამ ეს არაა პოლიტიკური პროცესი. ამიტომ ამას სჭირდება დრო და ჩემი აზრით ეს იქნება გაზაფხული ან შემოდგომა. აი ეს პერიოდია, როცა უნდა გამოიკვეთოს რა და როგორ იქნება.