მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განცხადებით, ომის დროს მთავარსარდლის ფუნქცია მხოლოდ ერთსიტყვიან ბრძანებაში გამოიხატება და ესაა „იმოქმედეთ“. თადუმაძე ამბობს, რომ დღის წესრიგში, საქართველოს პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის, ფუნქციების გადახედვა არ დამდგარა, გამომდინარე იქედან, რომ წოდება „მთავარსარდალი“ სიმბოლური ხასიათისაა, ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი ან მონარქი არის უმაღლესი მთავარსარდალი იმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების და მისი ფუნქციები შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ომის შემთხვევაში გასცემს ერთსიტყვიანი ბრძანებას - „იმოქმედეთ“.
„მას შემდეგ, რაც მთავარსარდალი გასცემს მოქმედების ბრძანებას, ის პირები, რომლებიც მოქმედებებს ახორციელებენ, ბუნებრივია, ანგარიშვალდებულნი არიან ბრძანების გამცემთან. სულ ეს არის მთავარსარდლის ფუნქციები კონსტიტუციურადაც და არაკონსტიტუციურადაც, ანუ ზოგადად. ამასთან, რამდენიმე მაგალითი შემიძლია გითხრათ - გერმანიის პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ ომიანობის შემთხვევაში ეს ფუნქცია გადადის კანცლერზე. ეს არის ზოგადად მთავარსარდლის მოდელი. სხვა მოდელი არ არსებობს“, - აცხადებს შალვა თადუმაძე.
პრეზიდენტს კონსტიტუციაში მთელი რიგი უფლებამოსილებები აქვს გაწერილი, რომელსაც იგი საომარი მდგომარეობის დროს იყენებს. კოსტიტუციით გაწერილი უფლებები ვერანაირად ვერ იქნება ერთსიტყვიანი, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს, ფაქტობრივად, პრეზიდენტი ერთპიროვნული მმართველია. ეს არის თავად საომარი მოქმედების გამოცხადება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში. საომარი მოქმედების დროს პრეზიდენტი გამოსცემს კანონის ძალით მოქმედ დეკრეტებს. საომარი მოქმედების დროს პრეზიდენტს შეუძლია შეზღუდოს ადამიანის ცხრა ძირითადი უფლება და თავისუფლება.
პრეზიდენტი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, გამოსცემს ბრძანებებს. ბრძანებები თავისუფალია კონტრასიგნაციისა და პარლამენტის მიერ დამტკიცებისგან. პრეზიდენტი ღებულობს გადაწყვეტილებას უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანისა და გადაადგილების თაობაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების უცხო ქვეყანაში გაგზავნის თაობაზე. ეს მთელი რიგი ფუნქციები სწორედ კონსტიტუციაშია გაწერილი და კონსტიტუციით არის გარანტირებული.
შესაბამისად, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნი განმარტავს, პრეზიდენტის უფლებამოსილებები საომარი მოქმედებების დროს სიმბოლური ვერანაირად ვერ იქნება, ვინაიდან პრეზიდენტს მთელი რიგი უფლებამოსილებები აქვს კონსტიტუციაში გაწერილი, რომელსაც იგი საომარი მდგომარეობის დროს იყენებს.
„სიმბოლიზმთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე. პირიქით, საკმაოდ მკაფიოდ გარანტირებულ კონსტიტუციურ მოქმედებებთან და კონსტიტუციურ დებულებებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, კონსტიტუციის ინტერპრეტაციის ბევრნაირი მეთოდი არსებობს და რა მეთოდიც არ უნდა მოვიხმოთ კონსტიტუციის ინტერპრეტაციისა, ვერც ერთი მეთოდის გამოყენებით ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები საომარი მდგომარეობის დროს მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლება და ეს არის სიმბოლური“, - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ.
მისივე განმარტებით, მთავარსარდლობა სახელმწიფოს მეთაურის საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სამართლებივი ფუნქციაა, რომელიც კონსტიტუციაში ქვეყნის პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსით არის გამყარებული.
„მიდგომა, რომ ეს არის სიმბოლური, ნამდვილად ვერ იქნება სამართლებრივად სწორი, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ კონსტიტუციაშივე პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა გამოსცეს ბრძანება ნებისმიერ საკითხზე, რასაც საჭიროდ ჩათვლის. ამ ბრძანებას არ სჭირდება არც კონტრასიგნაცია, არც პარლამენტის მიერ დამტკიცება“, - ასე პასუხობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მთავრობის საპარლამენტო მდივანს.
რაცა შეეხება თადუმაძის მიერ დასახელებულ უცხოურ ანალოგებს, კვერენჩხილაძე განამარტავს, რომ დასახელებული ქვეყნები უადგილოდ იყო მოხმობილი, რადგან საქართველოს მმართველობითი მოდელური ბუნება აბსოლუტურად განსხვავდება გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელისაგან.
„საქართველო განსხვავდება კლასიკური საპარლამენტო მოდელებისგან იმით, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მთელი რიგი უფლებამოსილებებისა, ვიდრე იმ ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებს, რომლებიც იყო მოხმობილი. შესაბამისად, ეს ანალოგიაც არ იქნება სწორი. კონსტიტუციის ინტერპრეტაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ჯერ ერთი, შესადარი ობიექტების სწორად შერჩევა უნდა მოხდეს და პირველ რიგში, თავად ჩვენს მოქმედ კონსტიტუციაში კარგად უნდა ჩავიხედოთ და ამოვიკითხავთ იმ კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლება-მოსილებებს, რაც საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტს გააჩნია“, - განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
იურისტი, ლევან ალაფიშილი მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი არის სიმბოლური მთავარსარდალი, აღარაფერი რომ არ ვთქვათ პროფესიონალიზმზე, სრულიად მოწყვეტილია რეალობას და მოკლებულია სერიოზულობას.
„ამ იდეის მხარდამჭერებმა რამდენიმე მარტივ კითხვას უნდა გასცენ პასუხი - საომარი მდგომარეობის დროს კანონის ძალის დეკრეტების გამოცემა ან უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებების გამოცემა, ეს, ძალაუფლება, კომპეტენციაა თუ სიმბოლო? სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი იღებს თუ არა გადაწყვეტილებას და თუ იღებს ეს არის ძალაუფლება, უფლებამოსილება თუ სიმბოლო? გაგრძელება კიდევ შეიძლება. სამწუხაროა მთავრობის ასეთ წინააღმდეგობრივ პოზიციებს ვისმენთ საჯაროდ.
ყველა უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ განცხადებებს ჩვენი საზოგადოების გარდა უცხოელებიც, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გულდასმით ეცნობიან, საკუთარ დასკვნებსაც აკეთებენ და ასახავენ საკუთარი პოზიციისა თუ გადაწყვეტილებების ჩამოსაყალიბებლად“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
სამხედრო ექსპერტის გიორგი თავდგირიძის განცხადებით, საქართველოს პრობლემა არის არა მთავარსარდალი, არამედ კონსტიტუცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის შექმნილი. არ არის ჩამოყალიბებული რა მოდელი გვაქვს, ეს არის შერეული, საპრეზიდენტო თუ საპარალამენტო რესპუბლიკა. მისივე განცხადებით, მთავარსარდალი შეიძლება იყოს სიმბოლური, ან შეიძლება იყოს ომის ხელმძღვანელი.
თავდგირიძის განცხადებით, ესპანეთში ერთი არის უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ აბსოლუტურად სიმბოლურია, ვინაიდან გამოიხატება მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დადასტურებაში. რაც შეეხება გერმანიას, უმაღლესი მთავარსარდალი არის კანცლერი.
„საქართველოში უმაღლესი მთავარსარდალი შუაშია გაჭედილი, ერთი მხრივ, კონსტიტუციით მას აქვს ამის კომპეტენციაც და ვალედებულებაც, უხელმძღვანელოს ქვეყანას საომარი მოქმედების დროს, მაგრამ რეალობაში მას ამის ბერკეტები არ გააჩნია. უშიშროების საბჭო ეს არის მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და არა ქვეყნის მართვის ორგანო. ქვეყნის მართვა ევალება მინისტრთა კაბინეტს.
ქვეყნის ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი და ზუსტად ეს იწვევს გაუგებრობას, ეს არის სისტემა, რომელზეც აუცილებელია პოლემიკა და ჩამოყალიბება. საკანონმდებლო დონეზე ძალიან მკაფიოდ უნდა გაიწეროს ეს ვალდებულებები. მხოლოდ ის, რომ რეგალიაა, ვიღაცას კომპეტენცია ჰქონდეს, რომ იყოს უმაღლესი მთავარსარდალი, მაგრამ ამის ცხოვრებაში გატარების საშუალება საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე არ ჰქონდეს, ეს იწვევს უხერხულობას. ეს არის მთავარი პრობლემა და არა ის, ვინ რა კომენტარს გააკეთებს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი თავდგირიძემ.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ საპარლამენტო მდივანს კონსტიტუცია წაკითხული მაინც უნდა ჰქონდეს და ასე არ უნდა უტრირებდეს ქვეყნის უმაღლესი კანონით. მისივე განმარტებით, ძალიან ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ კონსტიტუციას, რომელითაც პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების სექტორში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ განაწილებული არის შესაბამისი კომპეტენციები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს შორის. ამ სამი შტოდან ერთ-ერთის დაკნინება და მისთვის კონსტიტუციური უფლებების ჩამორთმევა მიდის და აქ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამ კუთხით საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ მოამზადა უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვა და გამომდინარე დღევანდელი არსებული სიტუაციიდან, გამოყო მთავარი ხარვეზები და ჩამოაყალიბა შესაბამისი რეკომენდაციები.
ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ატლანტიკურმა საბჭომ გაწია, გახლავთ ის, რომ უნდა მოხდეს ამ პრობლემების ძალიან ღრმად შესწავლა და ჩამოყალიბება. უცბად ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც არც განხილულა და არ შეესაბამება ახლანდელი კონსტიტუციით განსაზღვრულ ჩარჩოებს, ჩემი აზრით, გაუმართლებელია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.