ლერი მეტრეველს პროკურატურისთვის პასუხის გაცემა სხვა საქმესთან დაკავშირებითაც მოუწევს

ლერი მეტრეველს პროკურატურისთვის პასუხის გაცემა სხვა საქმესთან დაკავშირებითაც მოუწევს

მთავარ პროკურატურაში ლერი მეტრეველს ელოდებიან. მიზეზი კი დავით ბაქრაძის განცხადებაა, რომლის მიხედვით ბანკ HCBS-ის ანგარიშზე არსებული თანხა მისი სიმამრის საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს და სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებთან არანაირი კავშირი არ აქვს. გარდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა, პროკურატურას დავით ბაქრაძის სიმამრთან კითხვები ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიასთან დაკავშირებით აქვს, რომელშიც ბაქრაძის სიმამარს საკუთარი ინტერესები ჰქონდა.

თუმცა, საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ რა კავშირი აქვს ბაქრაძის სიმამარს სამშენებლო კომპანიასთან და რა დარღვევებზეა საუბარი. საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ - „მოწმესთან გამოძიებას აქვს კონკრეტული კითხვები“.

დავით ბაქრაძის სიმამრი, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოშია დაბარებული. როგორც for.ge-ს პრკურატურაში განუცხადეს, ლერი მეტრეველი დაკითხვაზე 14:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა მოწმის თბილისში არყოფნის გამო, პროცესი გადაიდო. მეტრეველი პროკურატურაშე დღეს, დღის ბოლოსთვის გამოცხადდება და მისი დაკითხვა მოწმის სტატუსით მოხდება.

პროკურატურამ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის ანგარიშზე დაფიქსირებული თანხების წარმომავლობას შეისწავლით მიზნით გამოძიება დაიწყო. მთავარი პროკურატურის განცხადების თანახმად, მედიით გავრცელებული ინფორმაცია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ვინაიდან HCBS-ის საბანკო ანგარიშზე განთავსებული 276 849,89 გირვანქა სტერლინგი დავით ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრთა ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ ყოფილა.

როგორც საგამოძიებო უწყებაში for.ge-ს განუცხადეს, დავით ბაქრაძის მიერ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში დაფიქსირებულ, დავით ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრების ერთობლივ შემოსავალს ბევრად აღემატება გამოქვეყნებულ საბანკო დოკუმენტებში ასახული თანხა. ასევე კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად დეკლარაციებში საერთოდ არ არის მითითებული ინფორმაცია ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშისა და ანაგარიშზე ფულადი თანხის არსებობის შესახებ.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაიწყო.

კითხვაზე, წაუყენებენ თუ არა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სიმამრს ბრალს დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, პროკურატურაში განმარტავენ, რომ ბრალის წაყენების აუცილებლობა მოწმის დაკითხვის პროცესში გამოვლინდება.

თავად დავით ბაქრაძე განმარტავს, რომ ბანკ HCBS-ის ანგარიშზე არსებული თანხა მისი სიმამრის საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს და სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებთან არანაირი კავშირი არ აქვს.