თბილისის მერის და მთავრობის უფლებების გაზრდასთან დაკავშირებით ცვლილება “საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ბალავაძის მიერ არის მომზადებული.
კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ კანონში ოცამდე ცვლილება უნდა შევიდეს. მართალია, ამ ცვლილებების დიდი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა და თვითმმართველობის კომიტეტში “რეზონანსთან” საუბრისას სწორედ ასეთი გააკეთეს, რომ ეს ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და მედიისთვის საინტერესო არ არის.
მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ტექნიკური ცვლილებების გვერდით არატექნიკური ცვლილებებიც არის შესული. ეს ცვლილებები კი თბილისის მერის და თბილისის მთავრობის უფლებების გაზრდას ითვალისწინებს და, ცხადია, არც ისეთი უინტერესო შეიძლება იყოს,როგორც ეს კომიტეტში ეჩვენებათ.
ამ ცვლილებებიდან კი ყველაზე მნიშვნელოვანი ის მუხლებია, რომელიც თბილისის ხელმძღვანელობას, ფაქტობრივად, პრეზიდენტის უფლებას ანიჭებს. ეს უფლება კი ქონების ჩუქების უფლებაა.
“თბილისის შესახებ” კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში, სადაც განსაზღვრულია თბილისის ხელმძღვანელობის უფლებამოსილებანი, სწერია, რომ ერთ-ერთი ფუნქცია არის “მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამართული საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და მათთვის ქონების გადაცემა.” კანონპროექტის თანახმად კი ეს მუხლი ამ ფორმით უნდაჩამოყალიბდეს: “მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის ფინანსური სახსრების და ქონების საკუთრებაში გადაცემა” კანონპროექტში ემატება “საკუთრებაში გადაცემა”, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერს ექნება უფლება, რომ მათ ქონებასაკუთრებაში გადასცეს, ანუ - აჩუქოს.
სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემა კი პრეზიდენტის ერთ-ერთი ის უფლებაა, რაც სხვა პირს არ გააჩნია. ამ გადაწყვეტილებით კი გამოდის, რომ პრეზიდენტის უფლებას თბილისის ხელმძღვანელობას აძლევენ.
ამასთან, კანონპროექტში ისიც არის აღნიშნული, რომ “მთავრობასაჯარო სამართლის იურიდიულ პირს აფუძნებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის შესაბამისი ქონების გადაცემით. ქონების გადაცემა შესაძლებელია სარგებლობის ან საკუთრების უფლებით,პირდაპირი განკარგვის გზით, უსასყიდლოდ”.
დღეს მოქმედ კანონში კი ეს ნორმა ამ ფორმით არის ჩამოყალიბებული: “მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აფუძნებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის შესაბამისი ქონების გადაცემით. ქონების გადაცემა შესაძლებელია სარგებლობის უფლებით,პირდაპირი განკარგვის გზით, უსასყიდლოდ”.
ცხადია, ამ ნორმაში დევს ის, რომ ეს არ ეხება ფიზიკურ პირებს, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისის ხელმძღვანელობას ქონების ჩუქების უფლება ეძლევა. ამასთან, გაურკვეველია, თუკი საწარმო გამოაცხადებს ლიკვიდაციას, მაშინ ნაჩუქარ ქონებას რა მოსდის. დღეს მოქმედ კანონში მხოლოდ ის წერია, რომ სარგებლობაში გადაცემული ქონება თვითმმართველობის საკუთრებაში რჩება. ამიტომაც ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს, პირველ რიგში კი, იმას, თუ ამ ნორმის გატარება რამდენად არის მიზანშეწონილი და ამასთან, მოდის თუ არა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში, ვინაიდან ქონების ჩუქების უფლება დღეს პრეზიდენტის პრეროგატივაა.
“ამის უფლება აქვს პრეზიდენტს და მიმაჩნია, რომ ესეც არასწორია,” - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე და ამის არგუმენტად იმას ასახელებს, რომ ასეთი უფლება კორუფციის საფრთხის შემცველია.
“პირდაპირი განკარგვის წესით ქონების გადაცემა ყოველთვის შეიცავს კორუფციის საფრთხეს. კანონმდებლობაში არის ასეთი ცნება, - კორუფციული ნორმები. ანუ, ეს არის ისეთი სახის ნორმა, რომელიც არა აუცილებლად, მაგრამ ქმნის კორუფციის წინაპირობას. შესაძლებელია, არ მოხდეს კორუფცია, ანუ შესაბამისი თანამდებობის პირი მოიქცეს ყოველთვის წესიერად, მაგრამ თუ ასე არ მოიქცა? ამიტომ საჭიროა, რომ იყოს ისეთი ნორმები, რომლებიც ახდენს კორუფციის შესაძლებლობის მინიმიზაციას და არა პირიქით.
“ამიტომ არის მოგონილი, რომ უნდა მოხდეს როგორც სახელმწიფო შესყიდვები, ასევე -ქონების განკარგვები, ტენდერებისა და კონკურსების საფუძველზე. უნდა მოხდეს ღიად და გამჭვირვალედ. პირდაპირი განკარგვა კი ნიშნავს იმას, რომ მე მერი ვარ და თქვენ ლამაზი თვალებისთვის ქონებას იაფად მოგყიდით. ლამაზი თვალებისთვის კი განკარგვა როგორ ხდება, კარგად არის ცნობილი,” - აცხადებს ხმალაძე.
ამასთან, იგი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ამით მოხდება მერის უფლებების გაზრდა.
“რასაკვირველია, ეს ნიშნავს უფლების გაზრდას. როდესაც ვინმეს ეძლევა უშუალოდ, თავისი შეხედულებით გადაწყვეტილების მიღების უფლება, ეს ამ პირის უფლებებს აძლიერებს,” - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე.