ეროვნული უშიშროების საბჭოს თემა - პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირების ერთგვარი დემონსტრირება, თუ ვითარების დარეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯი? -საქართველოს პრეზიდენტი მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყების გაძლიერებას ითხოვს. საუბარია ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაზრდაზე. გიორგი მარგველაშვილის ინიციატივის თანახმად, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს ოთხი ახალი წევრი უნდა დაემატოს: გენერალური შტაბის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.
პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე ავლაბრის სასახლეში სპეციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი უძღვებოდა. პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს ფუნქციონირებაზე პარლამენტის, საექსპერტო წრეებისა და არასამთავრობო როგანიზაციების წარმომადგენლები ორი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ დიპლომატები - აშშ-ისა და ბრიტანეთის ელჩები.
სახელმწიფოს მეთაური მიიჩნევს, რომ უშიშროების საბჭოს გაფართოება პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ოპტიმალურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს პერიოდში მომზადდება და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.
თუ მარგველაშვილის წინადადება პარლამენტში დამტკიცდება, ეროვნული უშიშროების საბჭო შემდეგნაირად დაკომპლექტდება: პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროებისა, საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გენერალური შტაბის უფროსი. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნებიან სხვა პირებიც.
„ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის ერთ-ერთი და ჩვენი სახელმწიფოებრივი მოწყობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი... უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება ქვეყნის მშვიდობას, ომს, ზავს, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარის გაგზავნას, სხვა ქვეყნის სამხედრო ძალების შემოსვლას ან გატარებას ჩვენს ტერიტორიაზე, უმნიშვნელოვანესი სამხედრო დოკუმენტების შემუშავებას, თვითმართველობის რომელიმე ერთეულის უფლებამოსილების შეზღუდვას, ან ქვეყნის ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, სჭირდება სიღრმისეული გააზრება“,- განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დეტალური მსჯელობა პარლამენტში კანონპროექტის წარდგენის შემდეგაც გაიმართება.
საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალურ მსჯელობამდე ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის გარდა უმცირესობის წარმომადგენლები - პავლე კუბლაშვილი და დავით დარჩიაშვილიც ეწვივნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატები პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმებიან და რამდენიმე წლის წინ მათი ხელისუფლების მიერ შეკვეცილი უფლებები დღეს ნაკლებად მოსწონთ. პავლე კუბლაშვილის თქმით, მარგველაშვილისთვის უფლებამოსილების სულ უფრო შემცირების საფუძველი ღარიბაშვილთან დაპირისპირებაა. „ინსტიტუციურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს კუბლაშვილი. მისი კოლეგა დავით დარჩიაშვილი კი განმარტავს: „უშიშროების საბჭოს თანდათანობითი დაკნინების ტენდენცია საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრისგან მოდიოდა“.
„ეროვნული უშიშროების საბჭოს“ შესახებ კანონის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს უშიშროების საბჭოს მდივანი. ირინე იმერლიშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებს ექსკლუზიურად მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში თანამონაწილეობას სთავაზობს.
„პრეზიდენტის ინიციატივა გულისხმობს, მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკური კონსესუსი უშიშროების საბჭოს ფორმატში იქნას მიღწეული და ამ პროცესში მონაწილობა მიიღონ არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, არამედ, მუდმივ წევრებად ჩაერთონ პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე“, - განუცხადა for.ge -ს ირინე იმერლიშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა მთავრობის მიერ დაგეგმილ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს არ შეეწინააღმდეგება.
„ცვლილებები ნამდვილად არის შესატანი უშიშროების საბჭოს შესახებ ორგანულ კანონში. პრემიერმა თქვა კიდეც, რომ ტყუილად არის ატეხიული აჟიოტაჟი ამ საკითხზე... ვფიქრობ, პრეზიდენტის ინიციატივა არ იქნება წინაღმდეგობაში ორგანულ კანონში მთავრობის მიერ შესატან ცვლილებების პროექტთან, რადგან პრეზიდენტის ხედვა ემყარება კონსტიტუციას და ვიდრე ამ კონსტიტუციურ მოდელში ვართ (მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო კომისიაც მუშაობს პარლამენტში), ეს ხედვა პირდაპირ ემყარება საკონსტიტუციო ნორმებს. კიდევ ერთხელ ვიმოწმებ პრემიერის ნათქვამს, რომ ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის იქნება“, - აცხადებს იმერლიშვილი.
For.ge-ს კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდნენ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას მთავრობის წარმომადგენლები, უშიშროების საბჭოს მდივანი განმარტავს, რომ მთავრობა არ მიუწვევიათ.
„უშიშროების საბჭო არანაირად არ შედის აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციებში და ამიტომ, პრეზიდენტმა არ მიიჩნია საჭიროდ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ამ ეტაპზე ყოფილიყო ამ ხედვის პრეზენტაციაზე“.
სამართლებრივ საკითხთა ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ერთ-ერთია იმ ექსპერტთა შორის, ვინც პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. იგი ქვეყნის უშიშროების საკითხზე გაფართოებულ ფორმატში მსჯელობას მიესალმება და იმედოვნებს, რომ მთავრობა და პრეზიდენტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე წარმატებით ითანამშრომლებენ.
„მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დაიწყო ქვეყნის უშიშროების საკითხზე მსჯელობა. ამის პირველ სერიოზულ ნაბიჯად განვიხილავ პრეზიდენტის ინიციატივას, ოღონდ, ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი და მთავრობა, სწორედ, ამ მიმართულებით იყვნენ ერთმანეთთან ჯანსაღ შეჯიბრში, თუ რომელი იქნება ლიდერი და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ხედვებსა და გადაწყვეტილებებს წარმოგვიდგენს. წინააღმდეგობები უშიშროების სექტორში, არასწორად ან არათნამიმდევრულად გააზრებული გადაწყვეტილებები, შესაძლოა, კრიზისული სიტუაციის დროს ან კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის სერიოზული პრობლემის შემქმნელი აღმოჩნდეს“,- განუცხადა for.ge-ს ალაფიშვილმა.
ექსპერტი „სწორ ხედვას“ უწოდებს მარგველაშვილის ინიციატივის იმ ნაწილსაც, რომლის თანახმადაც პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მეშვეობით ჩართული უნდა იყოს სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი იმ სამი დოკუმენტის შემუშავებისა და მიღების პროცესში, როგორიცაა: „ეროვნული უშიშროების კონცეფცია“, „საფრთხეების შეფასების დოკუმენტი“ და „ეროვნული სამხედრო სტრატეგია“.
„პრეზიდენტის ხედვაში გადამეტებული არაფერია“, - ასე აფასებს მოკლედ for.ge-სთან ავლაბრის სასახლეში გამართულ შეხვედრას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი და ხედვის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის პრეცედენტს ქართული პოლიტიკისთვის პროგრესულ ნაბიჯს უწოდებს.
„ხედვა, რომელიც პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, ცხადია, არ არის ერთი და ორი კვირის განმავლობაში შემუშავებული და უშიშროების საბჭოს აპარატი აქტიურად მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მხოლოდ ერთი სხდომაა ჩატარებული. პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომელსაც უშიშროების საბჭოს წევრები აწვდიან“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა ორიენტირებულია მთავრობასთან უკეთესი ურთიერთობის დამყარებაზე.
„ვფიქრობ, შემოდგომიდან ანალოგიური ნაბიჯები გადადგმული იქნება მთავრობის ხელმძღვანელის მიერ. ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი და ქვეყანა აღარ დაკარგავს ძვირფას დროს შიდა პოლიტიკურ კინკლაობაზე“,- განმარტავს ცისკარიშვილი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან საუბრისას ყურადღებას კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ როგორც უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, უშიშროების საბჭო ყოველთვის საჭირო იქნება, რადგან საქართველოს ამ კუთხით ბევრი გამოწვევა აქვს.
„პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, იმოქმედოს არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, ერთი წლის თუ უფრო მეტი დროის შემდეგ ახალი რედაქცია ძალაში რომ შევა, მერე რა სახეს მიიღებს უშიშროების საბჭო, ახლა ამაზე მსჯელობა შეუძლებელია... თუმცა, კვლავ რჩება კითხვა, რა მოხდება, როცა კონსტიტუციის „შავი ყუთი“ გაიხსნება - დღეისთვის „შავი“, რადგან რა მზადდება, არ ვიცით, და თუ იქ აღმოჩნდა რაღაც სხვა, ალბათ, ინიციატივების ახალი სახით წარმოდგენაც არ იქნება პრობლემა“,- აცხადებს საყვარელიძე და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საბჭოს გაფართოება ნამდვილად საჭიროა და პრეზიდენტის ხედვაც მართებულია.
„როგორიც უნდა იყოს შიდა პოლიტიკური „კონკურენცია“, ფაქტია, უშიშროების საბჭო ქვეყანას სჭირდება, ვის ხელშიც არ უნდა იყოს ის - პრეზიდენტის, თუ პრემიერ-მინისტრის... თუკი ასეთი კონკურენცია სხვა ლოგიკით წაიყვანს ქვეყნის განვითარებას, სადაც, დავუშვათ, გაჩნდება იმავე სტატუსის პარალელური სტრუქტურა, მერე სხვაგავარად დადგება საკითხი.
არის გარკვეული ასაკი ბავშვის განვითარებაში, როცა ვერ იტყვი ის გენიოსი გამოვა თუ აბდალი. დაახლოებით ამ ეტაპზე ვართ ახლა. რა იქნება მომავალში, ძნელია თქმა, მაგრამ ცხადია ის, რომ უშიშროების საბჭოს გაფართოება სტრატეგიაზე მუშაობას სჭირდება“,- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.