რისთვის ემზადება გიგა ბოკერია

რისთვის ემზადება გიგა ბოკერია

რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი არ იზიარებს იმ ოპოზიციონერების პოზიციას, ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხება მაშინ მოხდება, როდესაც შიდასახელისუფლო რღვევა გაძლიერდება და რეჟიმის შიგნით განხეთქილება მოხდება.

 

“ როცა ქვეყანაში კრიზისია და ხელისუფლება ძველებურად ვეღარ მართავს, ბუნებრივია, თვითონ ხელისუფლების შიგნითაც რაღაც პროცესები იწყება. ეს სხვა საქმეა და თანმდევი მოვლენაა. თუმცა, რა და როგორ იქნება, ამაზე ლაპარაკი რთულია. რაც შეეხება იმას, მიდის თუ არა ხელისუფლების შიგნით რღვევის პროცესი, ამაზე დღეს საუბარი რთულია. ეს არის ავტორიტარული ტიპის რეჟიმი, სადაც გადაწყვეტილებებს 4-5 კაცი იღებს. დანარჩენი პრაქტიკულად ძალაუფლების გარეშეა. დაპირისპირებები და გარკვეული აზრთა უთანხმოება რომ არის, ეს აშკარად ჩანს”, - აცხადებს დავით ზურაბიშვილი.

 

რამდენად არის ხელისუფლება წინასაარჩევნო რეჟიმში და ბოკერიას გარდა, ვინ ემზადება ჩანაცვლების სცენარისთვის? - ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს დავით ზურაბიშვილთან.

 

ბატონო დავით, რას იტყვით ბოლო დროს რევოლუციასთან დაკავშირებით გააქტიურებულ განცხადებებზე. არის რესურსი, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს?

- საერთოდ, როოცა ასეთ განცხადებებს აკეთებ, ყველაფერი გათვლილი უნდა გქონდეს. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბუნებრივია, არის ასეთი რადიკალური განწყობა საზოგადოებაში, სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. პრაქტიკულად ხელისუფლების პოზიცია ისეთია, რომ ვერანაირად ვერ ჭრის იმ პრობლემებს, რაც ხალხის წინაშე დგას და ისევ ძველებურად აგრძელებს. მათი პოლიტიკა არის ერთადერთი - რაც შეიძლება მეტი ამოქაჩონ ხალხისაგან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აძლიერებს ხელისუფლებას, რომელიც ჯერჯერობოთ არანაირ დათმობაზე არ მიდის. ამ შემთხვევაში პოლიტიკური ძალის ამოცანა ალბათ უფრო ის არის, რომ როგორც იტყვიან, დროზე ადრე არ გაისროლოს. ანუ ისე არ გამოვიდეს, რომ რაღაც-რაღაცებზე დიდი მოწოდებების მერე ვერაფერი ვერ გააკეთა და კიდევ ჩაიჩუტოს ის ენთუზიაზმი, რომელიც არის.

 

რამდენად აქვს რევოლუციის ორგანიზების რესურსი სახალხო კრებას?

- ვერ გეტყვით, ვის რა რესურსი აქვს. საერთოდ, რევოლუციებს და ასეთ რადიკალურ განწყობებს თავისი შედეგი აქვს. მე მგონი, საქართველოში არ ყოფილა რაღაც საპროტესტო აქცია, მონაწილეობა რომ არ მიმეღო. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ რევოლუციებს საერთოდ ოპოზიცია არ აკეთებს, აკეთებს ხელისუფლება, მისი პოლიტიკა და ხალხის უკმაყოფილება. პოლიტიკური შემადგენელი, რა თქმა უნდა, მერე წინა პლანზე გამოდის იმიტომ, რომ მის გარეშე არ წყდება, მაგრამ თავისთავად, ასეთი აფეთქებები ხდება სწორედ მოსახლეობაში დაგროვილი უკმაყოფილების ხარჯზე. რამდენიც არ უნდა იძახოს რევოლუციაზე, რევოლუცია ძახილით არ კეთდება. ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. კარგი პოლიტიკოსი ის არის, რომელიც რეალობას გრძნობს და ხედავს. თუ ვერ ხედავს და გონია, რომ 100 ათასი კაცი მოუვა აქციაზე და მერე 5 ათასიც არ მოუვა, ეს დიდი მინუსია.

 

კეთდება განცხადებები, რომ დღეს რევოლუცია ხელისუფლებას აწყობს, რადგანაც იტყვის, ხალხი ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებით გამოვიდა და ძალა ამიტომ გამოვიყენეო.

- ხელისუფლების შიგნით მართლაც არის რაღაც ჯგუფი, რომელიც სწორედ ასე ფიქრობს. საარჩევნო გარემოს კუთხით რვა ოპოზიციურ პარტიასთან რომ არის მოლაპარაკება, მოდი, აქ არაფერი დავუთმოთ, ხალხი ამათ ზურგს შეაქცევს, იტყვიან, რომ კიდევ ვერაფერი ვერ გააკეთეს. რადიკალური ნაწილი რომ გაძლიერდება, მერე მათთან დაპირისპირებაში იგივე დასავლეთი მხარს ჩვენ დაგვიჭერს და მერე მიტინგსაც დავარბევთ და რასაც გვინდა, იმას ვიზამთ და ხელისუფლებაშიც ვიქნებით. კი, ეს მიდგომა არსებობს ხელისუფლების ერთ ნაწილში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან არასწორი და ძალიან სწორი მიდგომა და ეს ასე არ იქნება.

 

თქვენი აზრით, რა სცენარიც არ უნდა შეიმუშავოს ხელისუფლებამ, სააკაშვილს ხელისუფლების სათავეში დარჩენა გაუჭირდება?

- სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენა, გამორიცხულია.

 

პუტინის მსგავსად პრემიერის რანგში მის მოსვლასაც გამორიცხავთ?

- ესეც აბსოლუტურად გამორიცხული მგონია, ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ასეთი ტიპის ხელისუფლებები საგარეო მხარდაჭერის გარეშე ვერ არსებობენ. ან საერთოდ ფეხზე უნდა ეკიდოს ყველას, არანაირ ყურადღებას არ უნდა აქცევდნენ გარედან და მთლიანად შიდა რესურსზე უნდა იყოს მინდობილი, ან უნდა ჰქონდეს ძალიან ძლიერი მხარდაჭერა უცხოეთიდან. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის მეზობელი ვართ. თან რუსეთს აქვს თავისი ინტერესები, თან სააკაშვილის მიმართ უკვე პიროვნულ დონეზეა უარყოფითი დამოკიდებულება და აქ პრაქტიკულად მორიგება გამორიცხულია. ასეთი რეჟიმი, როგორიც არის სააკაშვილის რეჟიმი, ამერიკის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე უბრალოდ ვერ იარსებებს. აქ იგულისხმება როგორც ფინანსური მხარდაჭერა, ისე სამხედრო-პოლიტიკური.

 

როდესაც დასავლეთის პოლიტიკა არის ისეთი, რომ იცვლება ვითარება და მეტი დემოკრატიზაციაა საჭირო და არასწორია ვთქვათ, აქცენტის გაკეთება ამერიკისადმი ერთგული ავტორიტარული რეჟიმების ლიდერებისადმი, აი, ამ კონტექსტში სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ რთულია. იმიტომ, რომ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და დღესდღეობით მათი შეხედულება საქართველოზე ასეთია, რომ თვითონ პიროვნულად სააკაშვილი არ უნდა გახდეს არც პრემიერი, არც პრეზიდენტი და იგი უნდა წავიდეს. მის ნაცვლად ვინ იქნება, ეს მეორე საკითხია. მაგრამ სააკაშვილი რომ პერსონალურად არის დამამუხრუჭებელი ფაქტორი საერთაშორისო პოლიტიკაში იგივე რუსეთთან ურთიერთობაში და პლუს სხვა გეოპოლიტიკურ ურთიერთობებში, ეს უკვე არის გაცხადებული. ამიტომ, თუ ამის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი მაინც შეეცდება მაინც დარჩეს ხელისუფლებაში, დღესდღეობით ის სწორედ ასე იქცევა, ყველანაირად ცდილობს, რომ ისევ თვითონ იყოს ხელისუფლებაში, ეს ქვეყნისთვის მხოლოდ ცუდ შედეგებს მოიტანს.

 

ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებიდან ყველაზე მეტად გიგა ბოკერია აქტიურობს ჩანაცვლების სცენარის განსახორციელებლად.

- ბოკერია შეიძლება აქტიურობს და ამ ჯგუფს მართლაც აქვს თავისი ინტერესები, მაგრამ ბოკერია არ იქნება პირველი, ასე ვთქვათ, ის საჯარო ფიგურა, რომელიც პრეტენზიას განაცხადებს პრეზიდენტობაზე ან პრემიერ-მინისტრობაზე.

 

სხვა ლიდერებიდან ვინ აქტუიურობს ჩანაცვლების სცენარში? ვინ ცდილობს საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებას პოსტსააკაშვილისეულ პერიოდში?

- ბოკერია რომ ვერ იქნება ვერც საპრეზიდენტო და ვერც საპრემიერო კანდიდატი, ეს ფაქტია. ეს არის გამორიცხული. რაც შეეხება შიგნით სხვას რას აკეთებენ, არ ვიცი, რაც ვიცი, იმის თქმა არ მინდა, იმათ რამე არ მოუვიდეთ.

 

ზემოთ ოპოზიციური რვიანი ახსენეთ, რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც ხელისუფლებასთან იმ იმედით დაჯდა, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით შედეგიან მოლაპარაკებებს წარმართავს ხელისუფლებასთან? მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის იმედად დარჩა ოპოზიციური რვიანი?

- საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე წარმოჩენა იმისა, სააკაშვილის რეჟიმი რამდენად არის წამსვლელი რეალურ დემოკრატიზაციაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ როგორც გითხარით, ჩვენ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მერეც და 2009 წელშიც, ის რომ სააკაშვილს ჰქონდა მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისაგან და ზოგადად დასავლეთისგან, ამ ფაქტორმაც ძალიან განაპირობა ის, რომ დღეს ამ სიტუაციაში ვართ. ეს რომ არ გვქონოდა, გარწმუნებთ, დღეს აბსოლუტურად სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებდით, არა იმაში, რომელშიც ვართ. ამიტომ რადგან დღეს იცვლება დასავლეთის პოლიტიკა, ძალიან მნიშვნელოვანია დაანახო, თუ მიაღწიე ამ მოლაპარაკების პრიცესში რაღაც რეალურ ცვლილებებს, ეს ძალიან კარგია. თუ, დავუშვათ, ხელისუფლება შეჯდება ვირზე და არ დათმობს, ყველა ძალიან კარგად დაინახავს, რომ ხელისუფლება არ თმობს და სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებაა ის ძალა, რომელსაც არ სურს ამ ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ბევრი საქმიანობა ამ მხრივ არის მნიშვნელოვანი.

 

ოპოზიციურ რვიანს შეუძლია სააკაშვილს და მის გუნდს პოზიციები დაათმობინოს?

- ახლა, როგორ არის, იცით? თავში აგურს ვერ ჩავარტყამთ, როგორც იტყვიან. დანარჩენი არის დამოკიდებული თვითონ სააკაშვილზე. ახლა, მაგალითად, ოპოზიციას წარდგენილი აქვს თავისი წინადადებები, რაზეც პრაქტიკულად ჯერჯერობით პასუხი არ არის.

 

შექმნილი მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონიდან გამომდინარე, რამდენად იკვეთება, რომ ხელისუფლება შემოდგომაზე ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს და ამ გზით შეეცდება პოზიციების გამყარებას? პენსიის 10 ლარით მომატებამ ზოგიერთში ეს განცდა გააჩინა.

- არა მგონია, არჩევნებს არ დანიშნავს. რატომ უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები, ასეთ მორჩილ პარლამენტს სად იპოვის? მისთვის ეს არის იდეალური პარლამენტი. ამიტომ რად უნდა თავის ატკივება? ვფიქრობ, არჩევნების ხარჯები უბრალოდ არ აქვთ. ახლა სააკაშვილი გადასულია ფულის დაგროვების პროცესზე. რაც შეიძლება მეტი ფული ამოქაჩოს მოსახლეობიდან. 2012 წლისთვის შეეცდება 10 და 20 ლარით კიდევ ვიღაცები იყიდოს. ამიტომ, ვადამდელი არჩევნები თითქმის გამორიცხული მგონია. ძალიან კრიზისული ვითარება უნდა იყოს, მართლაც რევოლუციური პროცესები, რომ აქ რაღაც მოხდეს. თვითონ სააკაშვილი ამაზე წამსვლელი არ არის.

 

სახალხო კრებამ ღიად განაცხადა, რომ აღდგომის შემდეგ რევოლუციური პროცესების მომსწრე ვიქნებით.

- არ ვიცი, ვნახოთ. მე პირადად, წინასწარ დაანონსებურ რევოლუციებს ეჭვის თვალით ვუყურებ.