რუსეთმა საკუთარ ბაზარზე ეგვიპტიდან საქონლის შეტანა გაამარტივა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა 7 აგვისტოდან ევროკავშირის ქვეყნებიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ნორვეგიიდან რუსეთში ხორცის, რძის პროდუქციისა და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი აკრძალა.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ეგვიპტესთან მჭიდრო ურთიერთობის მიზნით ეგვიპტის პრეზიდენტს, აბდელ ფათახ ას-სისის შეხვდა. პუტინის თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე იმპორტის 90%-ს ეგვიპტე ახორციელებს. მთლიანობაში, ეგვიპტემ 30%-ით უკვე გაზარდა ამ პროდუქციის რუსულ ბაზარზე შეტანა და მზადაა, ეს მოცულობა კიდევ გაზარდოს.
უფრო მეტიც, უახლოეს პერიოდში რუსი ექსპერტები ეგვიპტეში გაემგზავრებიან, რათა ეგვიპტური პროდუქციის ხარისხში ადგილზევე დარწმუნდნენ. მართალია, პუტინს ამჯერად არ უთქვამს, საქართველოს მსგავსად, დაუწუნებენ თუ არა ფიტოსანიტარულ ნორმებს ეგვიპტეს, მაგრამ წინასწარ ცნობილია, რომ ეგვიპტური საქონელი წუნდაუდებელი იქნება.
რამდენად ჩაანაცვლებს დასავლეთის ბაზარს ეგვიპტე და მოჰყვება თუ არა ამას ფასების ზრდა რუსულ ბაზარზე?!
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რუსეთი შეეცდება, ის პრობლემები, რაც რუსულ ბაზარზე სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფების დეფიციტს მოჰყვა, ალტერნატივებით ჩაანაცვლოს. ეგვიპტე არის ერთ-ერთი პირველი, რომელთანაც პრეფერენცირებული ანუ შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის დამყარება დააპირა რუსეთმა. ასეთი დამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყნებთანაც გაგრძელდება.
თუმცა, ექსპერტის თქმით, აქ სხვა საკითხია მნიშვნელოვანი, რამდენად შესაძლებელია ეგვიპტე განხილულ იქნას ევროკავშირის, ამერიკის, კანადის ალტერნატივად?! სამივე მათგანი ხომ რეალურად ძალიან დიდი მიმწოდებელი იყო რუსეთის ბაზრისთვის სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფების მიხედვით?! აქედან გამომდინარე, მხოლოდ ეგვიპტე, ბუნებრივია, ვერანაირად ვერ იქნება ალტერნატივად განხილული და რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებთან მსგავსი პრეფერენცირებული რეჟიმის დამყარებას და ხელშეკრულებების გაფორმებას გააგრძელებს.
„ზოგადად, რუსეთს ყველა ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობა აქვს, მაგრამ აქ საუბარია პრეფერენცირებულ, გამარტივებულ რეჟიმებზე. ამით მხოლოდ მცირედი ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს. რუსეთში დღეს არის სერიოზული პრობლემა პროდუქტების მიწოდების თვალსაზრისით. ბევრ სასაქონლო ჯგუფებზე გაჩნდა დეფიციტი, რაც მომხმარებლის უკმაყოფილების საფუძველია. ის, რომ რუსეთი თავად აწარმოებს გარკვეულ პროდუქციას, რომელიც დღეს აკრძალულია ევროკავშირთან, აშშ-სთან და კანადასთან მიმართებით, ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია რაოდენობრივი თვალსაზრისით დააკმაყოფილოს სამომხმარებლო მოთხოვნა. უფრო კონკრეტულად, ეგვიპტის გარდა, ახლო აღმოსავლეთში დაიწყებს რუსეთი პრეფერენცირებულ რეჟიმს. მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში ამ ქვეყნებს შორის აღმოჩნდება ჩინეთი და ინდოეთი, რომელთანაც რუსეთს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს სავაჭრო კუთხით“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ პუტინის დავალებით რუსი ექსპერტები ეგვიპტური პროდუქციის ხარისხს შეამოწმებენ, ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ პუტინის მიერ საკუთარი არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის „გაპრავების“ მცდელობაა. პუტინი ცდილობს, რუს მომხმარებელს მიაწოდოს მესიჯი, თითქის ის ზრუნავს მათი სამომხმარებლო უფლებების დაცვაზე, რომ ხარისხიანი პროდუქცია მიეწოდოთ. სინამდვილეში, ეს არის თვალთმაქცური პოლიტიკური მანევრი, ონიშენკოს თემის გაგრძელება და მას რეალური ეკონომიკური სარჩული არ გააჩნია.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ეგვიპტე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია ხილის, ციტრუსების მხრივ. თუმცა იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც რუსეთს პროდუქციას მიაწვდიან, მარტო ეგვიპტე არ ყოფილა და იქ იყო აზერბაიჯანი, სომხეთი, ტაჯიკეთი, შუა აზიის, ლათინური ამერიკის ქვეყნები, რომლებმაც დროის გარკვეულ მონაკვეთში უნდა შეავსონ 43-მილიარდიანი მოცულობა, რაც ევროპულ ქვეყნებს ეჭირათ ხილის, რძის პროდუქტების, ხორცპროდუქტებისა და ბოსტნეულის ექსპორტის კუთხით.
„ეგვიპტის ბაზარი საკმაოდ სოლიდურია. მათი პროდუქცია რუსეთში გაცილებით უფრო ძვირი იქნება, თანაც, ხარისხი ისეთი არ იქნება, როგორც ევროპულ პროდუქციაზე. რუსეთის ბაზარზე დეფიციტი უკვე არის და ფასებიც გაძვირებულია, ცხადია, ევროპული ბაზარი რუსეთისთვის უფრო აპრობირებული იყო, რუსებს სადისტრიბუციო არხები გარკვეული ჰქონდათ, ახალი კომპანიის შესვლას კი ყოველთვის სჭირდება ახალი მიმართულებით ხარჯები. გაძვირებული ფასები უკან არ ბრუნდება ისეთივე მაჩვენებლით. ამიტომ დროის მოკლე პერიოდში ეს უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე იყო ევროპიდან მოწოდებული პროდუქცია. ზოგადად, ბაზრების ჩანაცვლება მოხდება, ჩაუნაცვლებელი არაფერი არ დარჩება, ისეთი პროდუქტი ძალზე იშვიათია, რომლის ჩანაცვლებაც არ შეიძლება. თუმცა რამდენად ადეკვატური იქნება ეს ჩანაცვლება, სხვა თემაა,“ - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
რაც შეეხება ეგვიპტური პროდუქციის ხარისხის ვითომც შემოწმებას, ექსპერტის აზრით, პუტინის მხრიდან ეს ფორმალურია, რადგან ვისთანაც სჭირდება რუსეთს, მხოლოდ მის პროდუქციას ამოწმებს ფიტოსანიტარული კუთხით.