პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ქიშპობა სახიფათო ეტაპზე გადავიდა

პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ქიშპობა სახიფათო ეტაპზე გადავიდა

პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია, რომ არ არსებობს, პრემიერმა ეს თავისი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა. მარგველაშვილი და ღარიბაშვილი ჟურნალისტების შუამავლობით ურთიერთობენ. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ დროა, პრეზიდენტი და პრემიერი დასხდნენ და ურთიერთობები გაარკვიონ. მისი თქმით, თუ ვინმე ხელს უწყობს ამ დაპირისპირებას, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ის უპირველეს ყოვლისა ვნებს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

„დროა, ეს თემა ამოიწუროს მედიისთვის და ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა შეძლოს ბუნებრივი, ნორმალური და ყველასთვის მისაღები სახე მიეცეს მათ ურთიერთობებს. ცხადია, მედიის დანაშაული არაფერია. პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ ისეთი კლასი, რომელიც თავიდან აარიდებთ მათი გამონათქვამების სხვასხვა ინტერპრეტაციას. როდესაც შეიძლება სწორი გზით იარო, ამ დროს სხვადასხვა „ზიგზაგიანი“ გზის არჩევა არ წაადგებათ არც პოლიტიკოსებს და არც ქვეყანას“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

„საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ეტყვის, 5 წუთი იფიქროს, თუ მეტი“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის კითხვას, რატომ დასჭირდა ერთი თვე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას. გიორგი მარაგველაშვილის განცხადებით, გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ეს საჭიროდ ჩათვალა. გიორგი მარგველაშვილმა მთავარი პროკურატურა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავარ პროკურატურას შორის საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროვებაში დაადანაშაულა.

საქმე ეხება პროკურატურის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 12 ივლისს და 6 აგვისტოს გაგზავნილ ორ წერილს, რომელშიც პროკურატურა პრეზიდენტს სთხოვდა, 2009-2013 წლებში სდსს-ისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების მასალების ნაწილისთვის, გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა წერილს პროკურატურის მხრიდან დაედო გრიფი „საიდუმლო“, ე.ი. კანონმდებლობის მიხედვით, საქმე გვაქვს საიდუმლო წარმოებასთან, თუმცა პროკურატურის მიერ მოხდა წერილების გაგზავნის ფაქტისა და შინაარსის ნაწილობრივი გასაჯაროება მედიასთან მაშინ, როცა მათ გრიფი მინიჭებული ჰქონდა თავად პროკურატურის მხრიდან. საპასუხოდ, მთავარი პროკურატურა და შს სამინისტრო აცხადებდა, რომ სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნისთვის ერთი თვე. მისი თქმით, ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა და მას ამდენი დრო არ სჭირდებოდა.

„პროკურატურამ დაასრულა საქმეზე მუშაობა და სწორედ ამიტომ გაკეთდა მოთხოვნა მასალებზე გრიფის მოხსნის თაობაზე. ჯობია, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას. ეს, ზოგადად, ძალიან მარტივი პროცედურაა. მითუმეტეს, ჩვენთვის, თითოეული მოქალაქისთვის ნაცნობი იყო, რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. გირჩევთ, მიმართოთ პრეზიდენტს და ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო? მე არ ვიცი, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა და არ სჭირდებოდა ამდენი დრო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის მხრიდან საჯაროდ გამოთქმული ცნობისმოყვარეობა, საჯაროდვე დააკმაყოფილა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის განცხადებით, ვერავინ ვერ ეტყვის, კანონით დაგეგმილ ვადაში, 5 წუთი იფიქროს, თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის: 
„საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, კანონით დაგეგმილ ვადაში 5 წუთი იფიქროს, თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის. იმისთვის, რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება ან შესაძლებლობა უნდა გქონდეს. 9 წლის განმავლობაში მე სწორედ ეს არ მომწონდა, რომ მათ არ იცოდნენ, სად იწყება და მთავრდება კანონი, სად მთავრდება ვალდებულებები და ხელისუფლებების გამიჯვნა.

საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა მაშინ გადაწყვიტა ეს საკითხი, როდესაც მიაჩნდა სწორედ. ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკას დაუკავშირდა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

იურისტები განმარტავენ, რომ პრეზიდენტს კანონი არ დაურღვევია. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით დაუსაბუთებლად გასაიდუმლოებული ინფორმაციის განსაიდუმლოების მიმართვის განხილვის ვადა არის 1 თვე. განსახილველ შემთხვევაში კი, პრეზიდენტს ეს ვადა არ დაურღვევია. პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ქიშპობა უკვე სახიფათო ეტაპზე გადავიდა.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ აქამდე პოლემიკა მხოლოდ კომპეტენციებს თუ შეეხებოდა, ახლა, უკვე, პრემიერმა საჯაროდ, პრაქტიკულად, პასუხი მოსთხოვა ქვეყნის არჩეულ პირველ პირს, თან იმ პირობებში, როცა პრეზიდენტი კანონთან მართალია.

„არასწორია პოლიტიკოსის მიერ საჯაროდ და ამ ფორმით საკუთარი სამშობლოს სახელმწიფო მეთაურისთვის პასუხის მოთხოვნა. ჯობია პრემიერ ღარიბაშვილს ვკითხოთ, ქვეყნის პირველი პირის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე ასეთ ტონალობაში რატომ საუბრობს, მაშინ, როდესაც მას კანონი არ დაურღვევია.
პროკურატურას პირველად 12 ივლისს მიუმართავს პრეზიდენტისთვის, 1 თვე იწურებოდა 12 აგვისტოს. პრეზიდენტმა 8 აგვისტოს განცხადებაში დაადასტურა, რომ საიდუმლო ინფორმაციას მოხსნა გრიფი.

აბა ახლა გასცეს პრემიერმა ღარიბაშვილმა პასუხი კითხვებს - რა დაარღვია პრეზიდენტმა მარგველაშვილმა? თუკი არ დაურღვევია კანონი თქვენ, ქვეყნის მესამე პირს გაქვთ უფლება ვინმეს და მითუმეტეს ქვეყნის პირველ პირს მოსთხოვოთ პასუხი, ან ასეთი მოწოდებით გამოხვიდეთ? მთავარმა პროკურატურამ საიდუმლოების გრიფის მქონე მიმოწერის შინაარსის ნაწილის გასაჯაროებით კანონი დაარღვია თუ არა?

პრეზიდენტის ადგილას ორ რამეს აუცილებლად გავაკეთებდი, მთავარ პროკურატურას საიდუმლოების კანონის აღნიშნული მუხლისა და შსს-ს საჯაროდ გაცხადებული დასკვნის გათვალისწინებით მოვთხოვდი 12 ივლისისა და 6 აგვისტოს წერილებისთვის გრიფის მოხსნას და შსს-ს წერილობით მოვთხოვდი მთავარი პროკურატურის მიერ საიდუმლოების გრიფის მქონე მიმოწერის შინაარსის ნაწილის გასაჯაროების, ან უსაფუძვლოდ გასაიდუმლოების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებოდი. არ არის ეს კარგი საქმე. ინსტიტუციური დემოკრატიის ნაცვლად, მგონი, სრული დეინსტიტუციონალიზაციისაკენ მივქრივართ“, - აღნიშნა for.ge-სთან ლევან ალაფიშვილმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ როგორც ჩანს, პრეზიდენტი აჩერებდა ამ საქმეში არსებულ აბსურდს და შესაძლოა, ეს იყო მიზეზი რატომაც ერთი თვე დასჭირდა „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას.

„მარგველაშვილი შეიძლება ზუსტად იმიტომ აჩერებდა ამ საქმეებს, რომ ხედავდა საქმის უხარისხობას, შეიძლება ეს იყო მიზეზი. ყველაფრი არაა პოლიტიკა. თუ კი აღმოჩნდა, რომ მარგველაშვილი ხედავდა გარკვეულ ხაფანგს ამ ყველაფერში და უნდოდა, რომ ეს ყველაფერი უფრო კომპეტენტურად გაკეთებულიყო და ამის გამო სჭირდება ეს ყველაფრი, მერე რა უნდა ვქნათ?“, - კითხულობს გია ხუხაშვილი.