რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სევასტოპოლში ჩავიდა. დაგეგმილია უშიშროების საბჭოს წევრებსა და პოლიტიკური პარტიის ფრაქციების წევრებთან შეხვედრა. კრემლის ვებგვერდის ცნობით, შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინი და სხვა მინისტრები. რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ ყირიმში ჩასვლას უკრაინული მხარე აპროტესტებს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დანილ ლუბკივსკის განცხადებით, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ჩასვლა მიუღებელია.
რას ნიშნავს ეს ნაბიჯი პუტინის მხრიდან და მოვლენათა როგორი განვითარებაა მოსალოდნელი, ამ თემაზე ექსპერტი, კორნელი კაკაჩია გვესაუბრება.
ბატონო კორნელი, როგორ შეიძლება აღვიქვათ პუტინის ეს გადაწყვეტილება, არის ეს უკრაინის გამოწვევა, თუ რუსეთი რაღაც ახალ თამაშს იწყებს ?
- ამით რუსეთი იმ შელახული რეპუტაციის გამოსწორებას ცდილობს, რომელიც უკრაინის არმიის წარმატებებმა განაპირობა დონეცკსა და ლუგანსკის ოლქებში. ეს არის გარკვეული კონტრზომები რუსეთის მოსახლეობის დასაშოშმინებლად და რუსეთისთვის სახის შესანარჩუნებლად.
ეს იმ გაგებით, რომ აგრძნობინოს როგორც უკრაინას, ისე დასავლეთს და საკუთარ მოსახლეობას, რომ იმის მიუხედავად, როგორ დამთავრდება ბატალიები დონეცკს და ლუგანსკში, ერთადერთი რამ რაც არ შეიცვლება, არის ის, რომ ყირიმი დარჩება რუსეთს. სწორედ ამისი სიგნალია სევასტოპოლში უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა. ამით ყველას აგრძნობინებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება არ გადაიხედება, მისი რევიზია არ მოხდება.
რამდენიმე დღის წინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა არ გამორიცხა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა. ეს იქნება რუსეთის პასუხი იმიტომ, რომ პუტინს სხვა გზა აღარ რჩება?
- რას გადაწყვეტს რუსეთის ხელისუფლება ეს უკვე რუსეთშიც კი აღარ იციან, მაგრამ ნაკლებია შანსი, რომ დღეს რუსეთი ომზე წავიდეს. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ დაკარგავს კონტროლს დონეცკსა და ლუგანსკში. მისი ძირითადი მიზანი მაინც ყირიმის შენარჩუნებაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ თუ მოხერხდებოდა გაყინული კონფლიქტის შენარჩუნება, ეს რაღაცნაირად დაასუსტებდა უკრაინას და ის ვერასდროს ვეღარ მოიცლიდა ყირიმისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ოლქები დაკარგა რუსეთმა და ამ ეტაპზე ასე მიდის სცენარი, შეიძლება უკრაინის ხელისუფლების წინაშე დადგეს ისეთი საკითხი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იქნება მათ შორის, დასავლეთისთვისაც - გააგრძელებს თუ არა უკრაინის ხელისუფლება ამ წარმატებულ ოპერაციას ყირიმის დასაბრუნებლად.
ეს არის სწორედ ის ზღვარი, რასაც დაელოდება რუსეთი. მას ისედაც შერყეული აქვს ავტორიტეტი ამ ანექსიის შემდეგ და ვფიქრობ, მოერიდება გამოჩნდეს აგრესორად. ის, ალბათ, დაელოდება შეცდომას უკრაინის მხრიდან, რომ პირველი გასროლა მოახდინოს სწორედ უკრაინამ და მისი მოქმედება გამოჩნდეს, როგორც პასუხი უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებაზე. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ნაკლები შესაძლებლობაა პირდაპირ ჩაერიოს უკრაინის საქმეებში დონეცკსა და ლუგანსკთან მიმართებაში.
ახლა რასაც ვუყურებთ, პირიქით, ცდილობს ამ ჰუმანიტარული მისიებით საკუთარი იმიჯი გამოასწოროს. მართალია ეს ჰუმანიტარული აქცია მის იმიჯს დიდად არ წაადგება, მაგრამ მაინც ცდილობს, მსოფლიოს თვალში გამოჩნდეს, როგორც „მშვიდობისმყოფელი“.
თუმცა, რუსი პოლიტიკოსების მხრიდან მესამე მსოფლიო ომის რიტორიკაც ისმის - „ნატო-ში რა გეგმებიც არ უნდა წერონ, რა დირექტივებსაც არ უნდა მოაწეროს ხელი ბარაქ ობამამ, მათ არავითარი ძალა არ ექნება. გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ ერთი ადამიანი, რუსეთის მეთაური. როგორც პირველი მსოფლიო ომის დროს იყო, როდესაც ნიკოლოზ მეორემ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს – ყველა გადაწყვეტილებას იღებდა სტალინი - ასეა ახლაც. მესამე მსოფლიო ომზე, დარწმუნებული ვარ, მთავარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“,- აცხადებს ჟირინოვსკი. ეს ნიშნავს თუ არა რომ რუსეთი საომრად ემზადება?
- ჟირინოვსკის პიროვნებიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის ოფიციალური მოსკოვის პოზიცია. თუმცა ხშირად, მათი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა და ჟირინოვსკის გახმოვანებულ იდეებს მოგვიანებით კრემლი ახორციელებს-ხოლმე. ამ შემთხვევაში არ მგონია მოსკოვში ისე დაუბნელდათ გონება, რომ მესამე მსოფლიო ომისთვის ემზადებოდნენ.
მაინც მგონია, რომ მათი ძირითადი მიზანი ყირიმის შენარჩუნებაა. ეს მნიშვნელოვანია მათთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ უკრაინა დაამცირონ და საერთაშორისო თანამეგობრობას ანახონ, ვინ არის ბატონ-პატრონი პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ იმიტომ, რომ რუსეთმა საერთაშორისო ასპარეზზე აღიდგინოს მსოფლიოში ძლიერი აქტიორის როლი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგა.
თუ ეს შერჩა, საერთაშორისო სამართლის ასეთი უხეში დარღვევა და ანექსია, შემდეგ ვინ შეაჩერებს მას? - სწორედ ამის შესაბამისი რეაქცია ექნება შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. სწორედ ამიტომ არ მგონია, რომ რუსეთი მესამე მსოფლიო იმისთვის ემზადებოდეს. თუმცა რუსეთის კონკრეტული ლიდერები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამისი განჭვრეტა წინასწარ რთულია.
მაგალითად, რუსეთის დუმის დეპუტატები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწისქვეშა თავშესაფრების მოწესრიგებას ითხოვენ - ეს ყველაფერი რაზე მიანიშნებს?
- ეს უფრო იმისი სიგნალია, რომ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის მობილიზება მოახდინონ. პირველ რიგში, იმისათვის, რომ მოხდეს პრევენცია - რუსეთი ხედავს, რომ ტერორისტები აღმოსავლეთში უკვე კარგავენ საკუთარ პოზიციას. აქედან გამომდინარე, კრემლს სურს, მოსახლეობაში გაჩნდეს შეგრძნება, რომ მართალია ეს წავაგეთ, მაგრამ რაც მთავარია, ყირიმი ჩვენია.
რაღაცნაირი, სოლიდარული განწყობა სურთ შექმნან მოსახლეობაში, ეს საბჭოთა ტრადიციული პროპაგანდის ფარგლებში მიმდინარეობს და ცდილობენ, მასობრივი ფსიქოზი გამოიწვიონ, რომ ხელისუფლების და მოსახლეობის ხედვა ერთნაირი იყოს ამ კონფლიქტებთან და მთლიანად, რუსეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
როგორც ვხედავთ, რუსეთის ხელისუფლება ამას საკმაოდ წარმატებულად აკეთებს, გამომდინარე, იმ რეაქციებიდან რასაც ვხედავთ რუსულ საზოგადოებაში. ჩანს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის, რუსული ელიტის და პუტინის პოზიცია ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.
სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია ვარშავაში სამხედრო ტექნიკის გადააგილდების შესახებ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც სამხედრო ტექნიკა, პატარა ჯგუფებად დაყოფილი მიემართება უკრაინის საზღვრებისკენ. პარალელურად, თავის განცხადებაში ჟირინოვსკი იმასაც ამბობს, რომ რუსეთისთვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან მათ ტერიტორიებზე განთავსებულია ნატო-ს ბაზები და მათი განეიტრალების გეგმასაც ხაზავს. ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური თამაში და რიტორიკაა?
- რუსეთი ცდილობს, ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს დასავლეთზე იმისათვის, რომ მან უკან დაიხიოს. მითუმეტეს იციან რომ, არც დასავლეთია ერთიანი, არც ევროპა. ამით ცდილობენ განსხვავებული აზრი შექმნან თვითონ ევროპის სახელმწიფოებში და ისეთი სურათი დახატონ, რომ რიგ სახელმწიფოებს (რომლებიც ისედაც თავს იკავებდნენ რუსეთის მიმართ მტკიცე პოზიციის დაკავებაზე), მძიმე საფასური ექნებათ გადასახდელი.
ეს რიტორიკა მხოლოდ ამაზეა აგებული - მითუმეტეს, ნატოს მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს დიდ დახმარებას გაუწევენ და შესაბამისი გეგმებიც მუშავდება. ამიტომ, ეს არის გამორიცხული და შეუძლებელია, რუსეთშიც არ ესმოდეთ, რომ რომელიმე სახელმწიფოს თუ შეუტევს რუსეთი, ეს უკვე ძალზე სერიოზული კონფლიქტი იქნება.
პრინციპში, ანგელა მერკელმა უკვე გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გაგრძელების წინადადებით გამოდის, იმის მიუხედავად რომ არ ცნობს რუსეთის საქციელს ყირიმში - ასეთ შედეგზეა გათვლილი ეს რიტორიკა?
- გერმანის პოლიტიკა საკმაოდ თავისებურია და ორიგინალური, ერთი შეხედვით, თითქოს ცდილობს, რომ უნისონში არ იყოს ევროპისა და დასავლეთის პოზიციებთან, მაგრამ მეორე მხრივ, ცდილობს „კეთილი პოლიციელის“ როლიც ითამაშოს და პირადი ურთიერთობის ხარჯზე პუტინთან არ დაკარგოს კონტაქტი.
ხშირ შემთხვევაში გერმანიის დიპლომატია ცდილობს, რომ პუტინს სახე შეუნარჩუნოს, ანუ მისცეს საშუალება, ლამაზად დაიხიოს უკან. სწორედ აქეთკენ არის მიმართული განცხადებები, განსაკუთრებით იმის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, როდესაც უკრაინის არმია წარმატებებს აღწევს და ანტიტერორისტული ოპერაცია დიდი ალბათობით უკრაინის არმიის გამარჯვებით დამთავრდება. ამან კი შეიძლება, გარკვეული პრობლემები შეუქმნას პუტინს ქვეყნის შიგნით. ალბათ იქნებიან რუსეთსი ისეთი რადიკალურ-ნაციონალისტური ჯგუფები, რომელთაც ეს არ მოეწონებათ.
სწორედ აქედან გამომდინარე ცდილობს გერმანია, დაარწმუნოს პუტინი, რომ რბილად გადაიტანოს ეს და კიდევ უფრო არ გაამწვავოს კონფლიქტი უკრაინაში.
გერმანია ჯერ კიდევ ბოლომდე არ წირავს რუსეთს და სადღაც სჯერა, რომ რუსეთის პოზიციის შცვლა თუ არა, მასზე ზეგავლენის მოხდენა მაინც არის შესაძლებელი გარკვეულ ეტაპზე.
ანუ ფიქრობთ, რომ სიტუაცია ნელ-ნელა სტაბილურობისკენ წავა?
- ალბათ, ასე არ მოხდება, ეს უბრალოდ, გახლავთ გერმანიის ხედვა. მთავარი საკითხი სხვაა - ეს არის ყირიმის საკითხი, რომელსაც პასუხი უკრაინელებმა უნდა გასცენ. თუ უკრაინამ არ დააყენა ეს საკითხი, დასავლეთი, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არავინ არ აპირებს უკრაინის ნაცვლად იბრძოლოს და მას ყირიმი დაუბრუნოს. ამიტომ, მთავრი კითხვა, რომელიც დაისმება ტერორისტებთან წარმატებით დასრულებული ოპერაციების შემთხვევაში და ეს იქნება ყირიმის თემა - ანუ, სად მთავრდება უკრაინის ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისათვის - ის დამთავრდება დონეცკსა და ლუგანსკში თუ უკრაინელებს სრულიად სამართლიანად გაუჩნდებათ ყირიმის დაბრუნების სურვილი.
ამ შემთხვევაში რა პოზიცია ექნება დასავლეთს და კონკრეტულად გერმანიას, ეს არის ძალზე საინტერესო და გასარკვევი. ვფიქრობ, აზრთა სხვადასხვაობა იქნება გამომდინარე იქიდან, რომ თუ უკრაინელები გადაწყვეტენ ყირიმის გათავისუფლებას, უკვე პირდაპირი შეხება ექნებათ რუსულ არმიასთან. იმ მდგომარეობიდან გამომდინარე კი რომელშიც იმყოფება დღეს უკრაინის არმია, ეს ცოტა სარისკოა. ამიტომ ყველას ერთად მოუწევს დაფიქრება, დასავლეთსაც და უკრაინის ხელისუფლებასაც, თუ რა უნდა მოხდეს ლუგანსკისა და დონეცკის გათავისუფლების შემდეგ.