შსს-ს მაშველებმა „მომავლის ბანაკი`-ს ბავშვებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

შსს-ს მაშველებმა „მომავლის ბანაკი`-ს ბავშვებისთვის ტრენინგი ჩაატარეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს" შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს წარმომადგენლებმა ანაკლიაში, „მომავლის ბანაკში" მყოფი მოზარდებისთვის მაშველთა ტრენინგი ჩაატარეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა ბავშვებისთვის სამაშველო და გადაუდებელი ოპერაციების სპეციფიკის გაცნობას. მაშველებმა ბავშვებს სამაშველო საკითხებზე თეორიული კურსი ჩაუტარეს და ვიდეომასალები უჩვენეს.

ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი - მოზარდებს მიეცათ დავალება, თავიანთ „ლიდერებთან" ერთად მოემზადებინათ კედლის გაზეთი, რომელშიც ასახული იქნებოდა მათი თვალით დანახული სამაშველო სამსახურის საქმიანობა.

„მომავლის ბანაკში“ გამართულ ტრენინგში, ქართველ ბავშვებთან ერთად, ბანაკში სტუმრად მყოფი ბელარუსი „ნორჩი მაშველებიც“ იღებდნენ მონაწილეობას. ისინი საქართველოში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოსა და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის“ მოწვევით 7 აგვისტოს ჩამოვიდნენ და „მომავლის ბანაკში" სხვადასხვა აქტივობით დატვირთულ 10 დღეს გაატარებენ.