რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს ბინები გადაეცათ

რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს ბინები გადაეცათ

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ორ სამხედრო მოსამსახურეს ბინები გადაეცათ. საცხოვრებელი ფართების გასაღები კაპრალებს მალხაზ მელაძესა და ხვიჩა შაქარიშვილს დღეს, საქართველოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაკო ავალიანმა გადასცეს.

მალხაზ მელაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში 4 წელი მსახურობდა. კაპრალი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ათ დღიან ტყვეობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. 2012 წლის თებერვალში მელაძე შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. მას თავდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ ბინა უქირავა, სადაც დღემდე მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ხვიჩა შაქარიშვილმა სამხედრო საქმიანობა 2008 წლის აგვისტოს ომამდე 3 თვით ადრე დაიწყო. კაპრალი საომარი მოქმედებების დროს მე-5 ქვეითი ბრიგადის 53-ე ბატალიონში მსახურობდა. ის ერთ-ერთი აფეთქების შედეგად დაშავდა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო კაპრალი 2009 წელს შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს.  ხვიჩა შაქარიშვილს ყავს მეუღლე და ორი შვილი. ყოფილი ჯარისკაცის ოჯახს ფინანსურ დახმარებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უწევს. 

ბინების გადაცემის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიიღო. მალხაზ მელაძესა და ხვიჩა შაქარიშვილს საცხოვრებელი ფართები ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე, ახლად აგებულ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ფარული კენჭისყრის შედეგად გადაეცათ.