ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე დაწესებული 5 დღიანი აკრძალვა დააწესა. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, აკრძალვა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით მოხდა, რაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მემორიალურ ღონისძიებებს უკავშირდება. ადმინისტრაციული საზღვრის გამარტივებულ მონაკვეთებზე მოქალაქეების გადასვლაზე აკრძალვა 11 აგვისტოს მოიხსნება.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს არ არის პირველი პრობლემა, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გვაქვს. მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ აგებულია მავთულხლართები და ბარიერები იმისთვის, რომ ადამიანების მიმოსვლას შეეშალოს ხელი. ფანჯიკიძე ამბობს, რომ ქვეყანა ყველა საერთაშორისო ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანების ცხოვრება შემსუბუქდეს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ახალგორში დაწესებული შეზღუდვები დროებითი ხასიათისაა.
„რაც შეეხება ახალგორს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, სხვადასხვა მიზეზით მსგავსი შეზღუდვები რეგულარურად ხდება.ხან ე.წ. არჩევნების გამო ცხინვალის რეგიონში, ხან საქართველოში მიმდინარე რაღაც პროცესების გამო, ასე რომ, ეს მოსალოდნელი იყო. შარშანაც ასე იყო. აგვისტოს მოვლენების გამო დროებით იკეტება ე.წ. გამსვლელი პუნქტები. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, ხელს უშლის გადაადგილებას და არღვევს ადამიანის უფლებებს, მაგრამ ამას აქვს დროებითი ხასიათი და რამდენიმე დღეში განახლდება როგორც ადამიანების გაშვება, ისე ტვირთების გადაზიდვა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველაზე კარგი და დროული იქნება თუ ხელისუფლება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს გაუქმების.
For.ge სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე 5 დღიანი აკრძალვა დააწესა. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ახალგორში დაწესებული შეზღუდვები დროებითი ხასიათისაა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, სხვადასხვა მიზეზით მსგავსი შეზღუდვები რეგულარულად ხდება...
- ამ დროს, როგორც გამონაკლისს, ბიძინა ივანიშვილს დავესესხებოდი, როცა მარგველაშვილზე თქვა - როგორ შეიცვალა ეს ბიჭიო, მე ასე ვიტყოდი, როგორ შეიცვლა პაატა ზაქარეიშვილი. ზაქარეიშვილი მინისტრობამდე და ზაქარეიშვილი მინისტრობის შემდეგ, ეს არის დღე და ღამე. ზაქარეიშვილისთვის აღარაფერი არაა შემაშფოთებელი. ზაქარეშვილმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რა შარშიც კინაღამ გაგვხვია.
შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
- მისი იდეა რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით რომ გატარებულიყო, წარმოგიდგენიათ დღეს საქართველო რა დღეში აღმოჩნდებოდა? რუსეთი არც შეეკითხებოდა თბილისს, პრემიერს, პრეზიდენტს ისე დაიწყებდა ირაღის შეტანას სომხეთში. გადაგვკიდებდა აზერბაიჯანს და ზაქარეიშვილის იდეის წყალობით აღვმოვჩნდებოდით აზერბაიჯანთან საომარ მდგომარეობაში. ამიტომ, ურჩევნია წყანარად იყოს, თორემ მოვა დრო და როგორც დღეს „ნაციონალები“ აგებენ პასუხს თავიანთ შეცდომებზე და დანაშაულზე, ისე ზაქარეიშვილი აგებს პასუხს თავის შეცდომებზე. უცოდველი არც ჩვენი დღევანდელი მინისტრები არიან. ერთი წუთით დავუშვათ, რომ 31 აგვისტომდე გადაედოთ ეს რეჟიმი, მაშინ რას იზამდნენ, მაშინ იქნებოდა შემაშფოთებელი, თუ არც მაშინ არ იქნებოდა შემაშფოთებელი? ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება ამ სამინისტროს საერთოდ გაუქმება. ისედაც ძალიან ბვერ უსაქმურ სამინისტროს, ჩინოვნიკებს და მინისტრებს ვინახავთ, ეს უკვე საერთოდ ყოველგვარ საზღვარს სცდება.
თავიანთ აქტივში დღეს ზაქარეიშვილის სამინისტრო ერთ ღონისძიებასაც ვერ დაასახელებს. ის, რომ ჟენევაში დასეირნობენ ყოველ სამ თვეში ერთხელ და ახლა უნდათ ყოველ თვე, ან ყოველ კვირა იარონ, ეს არის მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი? რამოდენა ხელფასებს ღებულობენ და პლუს პრემიებს...
სიმართლე გითხრათ, მიკვირს რასაც ზაქარეიშვილი ლაპარაკობს. სულ სხვანაირად ვიცნობდი. მხოლოდ დადებითი განწყობა მქონდა მისდამი, ყოველთვის სიმართლეს ამბობდა. რა გახდა ეს მინისტრის სკამი ისეთი, რომ 100 პროცენტით იცვლებიან და სხვა სიმღერას იწყებენ მერე. როგორ არაა შემაშფოთებელი ის, რაც ხდება ახალგორში, არც გაუფრთხილებიათ ხალხი, დარჩნენ აქეთ მხარეს და სახლებში ვეღარ მიდიან.
კარგით, ერთი კვირა გზის გადაკეტვა არაფერი არაა, მაგრამ ორი კვირით რომ ყოფილიყო გადაკეტილი, ვინ ამოიღებდა ხმას? აბა, ერთიც და, ზაქარეიშვილი ვერ მოვიდეს სახლში ერთი კვირა, რას იტყვის? ახლა ისე მიეჩვია მანქანით სიარულს, ერთი კვირა უმანქანოდ რომ დარჩეს, ტრაგედია იქნება უკვე. თუმცა, ადრე მშვენივრად კადრულობდა მეტროთი სიარულს. ერთი დღე მანქანამ რომ არ მიაკითხოს, საღამოს პლაკატით გამოვა ქუჩაში.
გასაგებია, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამინისტრომ, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები არის სეპარატისტული მხარე?
- ზაქარეიშვილის სამინისტრომ აღიაროს, რომ რუდიმენტად იქცა. თავის დროზე ჩანაფიქრი იყო სამინისტრო ყოფილიყო რუდიმენტი. გახსოვთ, როდესაც შეიქმნა ეს სამინისტრო და დაარქვეს რეინტეგრაცია, მაგრამ არც მაშინ არაფერი არ გაუკეთებია სამინისტროს. დღიდან დაარსებისა სამინისტრო იყო პარაზიტი და დღესაც პარაზიტია, რომელიც წურბელასავით წოვს ბიუჯეტს.
ზაქარეიშვილს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თუ აქვს, უნდა გადადგეს და თქვას, რომ სამინისტრო არის დასაშლელი. ვინაიდან ამ სამინისტროს არავინ არაფერს არ ეკითხება როგორც თბილისში, ისე მოსკოვში. უბრალოდ, დასავლეთის მოსატყუებლად და ქულების დასაწერად არსებობს, რომ ჩვენ შერიგება გვინდა. ვიმეორებ, აბა ერთი წუთი წარმოიდინოს ვინმემ, დღეს რომ რკინიგზა ფუნქციონირებდეს და რკინიგზით შეიარაღება შედიოდეს სომხეთში აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რა მდგომარეობა გვექნებოდა ჩვენ?!
როგორ ფიქრობთ, თავდაპირველად როდესაც დადგა რკინიგზის აღდგენის საკითხი, არ იყო გაანალიზებული, რომ მისი შედეგი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში იქნებოდა მძიმე?
- ყოველთვის საკმაოდ ფეთქებად საშიშად მიმაჩნდა და ამაზე ვწერდი, მაგრამ მე გადაწყვეტილებებს არ ვღებულობდი. გადაწყვეტილებებს ღებულობენ ზაქარეიშვილისნაირი და ჩვენს უმრავლესობაში შეყრილი ხალხი. ასე იყო სააკაშვილის დროსაც და ასეა დღესაც. სამწუხარო ისაა, რომ გადაწყვეტილებას ღებულობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ორი წიგნი არ აქვთ ამ სფეროში წაკითხული, რომლებსაც არანაირი ინტელექტუალური რესურსი არ გააჩნიათ. კი, ბატონო, გავხსენით რკინიგზა, მერე, ვინ ისარგებლებს ამით პირველ რიგში? რასაკვირველია ისარგებლებენ სომხები, რომლებიც იარაღს მიიღებენ უშუალოდ რუსეთიდან. სომხეთის პრეზიდენტი შეთავსებით ლამის არის პუტინის თანაშემწედ იქცეს.
როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ კურსი აიღო ნორმალაიზაციაზე და ურთიერთობის აღდგენაზე, საპასუხო რეაქცია იყო, მავთულხლარეთების პოლიტიკა, აფხაზეთთან უმკაცრესი კონტროლი. რატომ?
- შევუცვალეთ სამინისტროს სახელი, მოვიყვანეთ მინისტრად ზაქარეიშვილი, რომელსაც, პირდაპირ ვაღიაროთ, რომ ჰქონდა ავტორიტეტი აფხაზეთში, შეეძლო შეხვედროდა აფხაზებს, პიროვნულ დონეზე ნდობის ფაქტორი არსებობდა, მაგრამ როგორც კი ზაქარეიშვილი გახდა ჩინოვნიკი, აფხაზებმა დახურეს მისი თემა და ზურგი შეაქციეს ზაქარეიშვილსაც და მის სამინისტროსაც.
სამინისტროსთვის სახელის შეცვლით, თითქოს უნდა გაუმჯობესებულიყო ვითარება ყოფით დონეზე მაინც, მაგრამ პირიქით მოხდა. ეს უკვე სხვა თემა არის, მაგრამ გარკვეულ კითხვებს ბადებს და გარკვეულ პასუხებს თხოულობს. როგორც ჩანს, ვერ მიიღო რუსეთმა ის, რასაც ელოდა, მაგრამ რას ელოდა და რატომ ელოდა, ეს უკვე სხვა საკითხია, დღეს არ ვარ მზად ამაზე სასაუბროდ.