სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმება მარგველაშვილის ხელშია

სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმება მარგველაშვილის ხელშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ აღარ ადევს. არსებობს შსს-ს კონტრდაზვერვის ოფიციალური დასკვნა, რომ ეს მასალები არ წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებს და გრიფი „საიდუმლო“ არასწორად ჰქონდა დადებული.

მთავარ პროკურატურაში for.ge-ს განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე „საიდუმლო“ გრიფი რჩება საქმის მცირე ნაწილზე, რასთან დაკავშირებითაც გრიფის მოხსნის თხოვნით წერილი გაგზავნილია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„შესაბამისად, პროკურატურა ელოდება გიორგი მარაგველაშვილის პასუხს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ საქმესთან დაკავშირებით“, - განუცხადეს for.ge-ს პროკურატურის პრეს-სასმსახურში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი for.ge-ს განუცხადეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იცავს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის ყველა მოთხოვნას და შესაბამისად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, ეს კითხვა უპასუხოდ რჩება.

„დამატებით კომენტარს არ ვაკეთებთ“, - განუცხადეს for.ge-ს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს მოაწერს თუ არა პრეზიდენტი ხელს და მოეხსენება თუ არა საქმის ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულ ნაწილს გრიფი „საიდუმლო“, საგამოძიებო უწყებაში იმედოვნებენ, რომ გიორგი მარგველაშვილის ხელმოწერით გრიფი „საიდუმლო“ სრულად მოეხსენება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმეს.

როგორც ცნობილია, მთავარმა პროკურატურამ დაკითხა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, დაცვის თანამშრომლები გიორგი ლაგურაშვილი, ვალერი კილაძე, რამაზ ლაფაჩიშვილი და სანდრა რულოვსის დამხმარე, გავაზ კულოიანი. რა საკითხთან დაკავშირებით იმყოფებიან დაკითხვაზე სააკაშვილის დაცვის წევრები, მთავარი პროკურატურა ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს, ვინაიდან საქმეს, რომელზეც გამოძიება მოკვლევას აწარმოებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. სწორედ, ამ საქმეს სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა, რომ საქმეს გრიფი მოეხსნას და კონკრეტულ პირებს ბრალი წარედგინოთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. როგორც ირკვევა, საქმე ეხება 2009-2012 წლებს. საუბარია 8 მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე და სწორედ ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

For.ge-ს ინფორმაციით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა ექსპრეზიდენტისთვის ახალი ბრალის წასაყენებლად ემზადება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია, სად იხარჯებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის განკუთვნილი თანხები. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ გაქვეყნებული მასალით ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის, ახლობლების, სხვა მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირების „ფუფუნების საგნებზე“ ბიუჯეტის ფული იხარჯებოდა.
აღნიშნულის შესახებ საუბარია დოკუმენტაციაში, რომელიც პარლამენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისგან გამოითხოვა და, რომელზეც წვდომა მას შემდეგ შეძლო, რაც პროკურატურის დახმარებით ხარჯებს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა. 

როგორც ამ ინფორმაციიდან ირკვევა, სააკაშვილის ესპანელი მზარეულის ცხოვრების და თარჯიმნით უზრუნველყოფის ხარჯები, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. როგორც ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, სააკაშვილმა პარლამენტის წევრ ქალბატონს უყიდა ძვირადღირებული მობილური ტელეფონის აპარატი და სამაჯური, გარდა ამისა, სააკაშვილმა უკრაინელ მომღერალს, რომლის მამასაც საქართველოს მოქალაქეობა სრულიად უკანონოდ მიანიჭა, რადგან თავის ქვეყანაში ძებნილი იყო, ოქროს ნაკეთობები აჩუქა. საკმაოდ ძვირადღირებული ოქროს ნაკეთობა აქვს ნაყიდი და ნაჩუქარი ასევე რუსი ჟურნალისტისთვის.
ასევე, აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა და ქალაქის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ძვირადღირებულ ავსტრიულ კურორტზე გასახდომ პროცედურებში დახარჯეს 115 ათასი ლარი. მასალების მიხედვით, 2009 წლის 23 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტს ნიუ-იორკის წამყვან კლინიკაში ბოტოქსის ოპერაციის გაკეთება 5 600 აშშ დოლარი დაუჯდა, 2011 წლის 23 სექტემბერს კი ანალოგიური ოპერაციისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან 5 800 აშშ დოლარი გადაიხადა.
დოკუმენტაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს 5 993 ფუნტი აქვს გადახდილი ამერიკელი მსახიობი ქალის მიერ შიშველი სხეულით შექმნილ ნახატში. ამასთან, არამიზნობრივად დახარჯულ თანხებს შორის ირიცხება პრეზიდენტის მიერ ამერიკელი ბიზნესმენის კრისტინა ვუსავას სასტუმრო „რედისონში“ ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება და მისთვის ბოტასების შეძენა, რაშიც, საერთო ჯამში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 6 668 ლარი გადაიხადა.