რუსეთის აგრესიიდან და ქვეყნის ოკუპაციიდან 6 წელი შესრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომის ექვსი წლისთავზე საოკუპაციო ძალები კვლავაც ახორციელებენ კონტროლს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, დევნილ მოსახლეობას არ ეძლევა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ აღირსეული დაბრუნების უფლება. რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შიდა მოკვლევა დაასრულა, პროკურატურა კი გამოძიებას განაგრძობს.
შიდა უწყებრივი მოკვლევის შედეგად შედგენილი დასკვნა საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენს და ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დოკუმენტის რა ნაწილს გაასაჯაროებს. კვლევა სამხედრო-ოპერატიულ და სამხედრო-ტაქტიკურ საკითხებს ეხება. გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის განცხადებით,აგვისტოს ომის შემსწავლელი დოკუმენტის ნაწილს თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.
„მიმდინარეობს დოკუმენტის შესწავლა სამინისტროში, შესაბამის უწყებებში და ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება გამოქვეყნებული ღია ნაწილი. ჩვენ არავის ბრალეულობას არ ვიკვლევდით. ჩვენ ვიკვლევდით, თუ როგორ ვითარდებოდა საომარი მოქმედებები, რამდენად სწორი იყო გარკვეული ბრძანებები, რამდენად ადეკვატური იყო შესაბამისი მოქმედებები. ასე რომ, ეს არის სამხედრო, ოპერატიულ-ტაქტიკური თვალსაზრისით შესწავლა და არა ვინმეს ბრალეულობის დადგენა“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
როგორც ცნობილია, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს მთავარი პროკურატურა. საგამოძიებო უწყებაში შექმნილია რვა კაციანი საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც შედიან, როგორც პროკურატურის, ასევე შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. საგამოძიებო ჯგუფი იკვლევს აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება უნდა დაჩქარდეს, რადგან შემდგომ გამოძიება ჰააგის პროკურორს არ მოუწიოს. მინისტრის თქმით, ასეთი საფრთხე არსებობს.
„რამდენიმე თვის წინ იყო ჰააგის პროკურორის ბოლო ვიზიტი. როგორც წინა ხელისუფლება, ასევე ჩვენი ხელისუფლებაც ობიექტურ სიძნელეებს აწყდება, რადგან არის ძალიან კომპლექსური, მრავალტომიანი, მრავალეპიზოდიანი და მრავამნიშვნელოვანი საქმე. ამ გამოძიებას უფრო მეტი მნიშვნელობა უნდა მივანოჭოთ, უფრო სწრაფად უნდა წავიდეს წინ, ქვეყნის პრობლემები ქვეყნის შიგნით უნდა გვარდებოდეს.
არავინ არ ისურვებდა 2008 წლის აგვისტოს საქმე ჰააგის პროკურორმა გამოიძიოს. ეს საფრთხე რეალურია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულდებულებები ქვეყნის შიგნით შევასრულოთ, რომ შემდეგ ქვეყნის გარეთ არ მოგვთხოვოს ამაზე ვინმემ პასუხი“, -აცხადებს თეა წულუკიანი.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, აგვისტოს ომის ყველა დეტალი და ნიუანსი გამოძიებული იყოს. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, ჰააგა ქართულ მხარეს პირდაპირ მოუწოდებს, რომ აგვისტოს ომის საქმე გამოიძიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას თავად ჰააგა უზრუნველყოფს.
„ის ინფორმაცია, რაც თქვა თეა წულუკიანმა, დადასტურებულია. ჰააგიდან პირდაპირ მოთხოვნა არსებობს, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან აგვისტოს ომი იქნას გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ჰააგა გამოიძიებს ამ ომის ყველა დეტალს და ყველა ნიუანსს. ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული“, - განაცახდა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა გამოძიების მასალების გასაჯაროება, ღარიბაშვილის განმარტებით, საჯარო გახდება ის ინფორმაცია, რომელიც საიდუმლოს შემცველი არ იქნება.