სააგენტო GHN-მა გაავრცელა დოკუმენტი: “რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის” ნაშრომი “რა ადგილი უჭირავს რუსეთს, როგორც ფაქტორს ქართული ოპოზიციის პროგრამებში?”
დოკუმენტს აქვს პრეტენზია რაღაც ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას საქართველოს პოლიტიკური სპექტრის საგარეოპოლიტიკური პრინციპების შესახებ. ხსენებულ დოკუმენტში გარკვეული ადგილი ეთმობა “დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს” მიერ შემუშავებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას.
ამ კონცეფციის შემუშავებაში მე ვმონაწილეობდა მიწვეული ექსპერტის სტატუსით და მოვალედ ვთვლი პასუხი გავცე “რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის” ბრალდებებს.
რაც შეეხება “დემოკრატიული მოძრაობა–ერთიან საქართველოს” ის, როგორც პოლიტიკური პარტია, ალბათ ცალკე უპასუხებს ხსენებული ინსტიტუტის კომიკურ ბრალდებებს. ალბათ, ასევე მოიქცევიან სხვა პოლიტიკური პარტიებიც (რასაკვირველია, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა”, რომლის საგარეო პოლიტიკა, “რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის” მიერ სიბრძნის სალაროდაა წარმოდგენილი).
რუსეთის კვლევების ინსტიტუტის, ანუ მაჭუტობის არსის შესახებ
სააგენტო GHN-მა ისტორიული ინფორმაცია გაავრცელა. არ გეგონოთ, ამერიკამ ირანს შეუტია, ან კვლავ რუსთა ურდოები დაგვატყდნენ თავს. უბრალოდ, არასამთავრობო ორგანიზაციამ, სახელად “რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი” გამოაქვეყნა უკვდავი ტრაქტატი, სათაურით „რა ადგილი უჭირავს რუსეთს, როგორც ფაქტორს ქართული ოპოზიციის პროგრამებში?“
ტრაქტატის ავტორები შესავალში აღნიშნავენ: რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის მიერ მომზადებული ანალიტიკური ნაშრომის მოკრძალებული ამბიციაა (თურმე ნაშრომის ამბიციაზეც ყოფილა შესაძლებელი ლაპარაკი. ჩვენ, უმეცრებს, რატომღაც აქამდე გვეგონა, რომ ამბიცია მხოლოდ სულიერ არსებებს, უმეტესწილად ადამიანებს ახასიათებთ - კ.კ.) შექმნას ისეთი რილივანტური (სტილი ავტორებისაა – კ.კ.) პუბლიკაცია, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული ადამიანი სულ ცოტა შეძლებს წარმოდგენა შეიქმნას საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ”.
ამ ტექსტის გაცნობის შემდეგ ერთი რამ ხდება ნათელი – ტრაქტატის ავტორებმა სკოლის მოსწავლის დონეზეც არ იციან ქართული ენა და არ იციან ქართულად წერა (საინტერესოა, რომელ უნივესიტეტში აიღეს დიპლომები სახელმწიფო ენის ამგვარი ცოდნით). მათ “კარტული არ ეკერკებად”, რაც იმით უნდა იყოს გამოწვეული , რომ “როცა პატარა იყო, მამიკომ პეტერბურგში, პარდონ პოტომაკზე, წამიღო და იკ კარტული სულ დაავიწყდა”. სხვა ვერაფრით ავხსნით ხსენებულ ფრაზას, რომლის გასაგებად იგი ჯერ ქართულ ენაზე უნდა ითარგმნოს და მხოლოდ შემდეგ გახდება გასაგები.
ავიღოთ თუგინდ გამოთქმა: “მოკრძალებული ამბიცია”. ქართული ენის ნორმების თვალსაზრისით ეს სრულიად იდიოტური გამონათქვამია.
იდიოტურია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ენის სემანტიკური ნორმების თანახმად “ამბიცია” და “მოკრძალებული” ერთმანეთან შეპირისპირებულნი არიან. ქართული ენის სემანტიკურ ველში “ამბიცია” ასოციირდება “ამპარტავნობასთან” და, შესაბამისად, ნეგატიური მნიშვნელობა აქვს. “მოკრძალებული” სემანტიკურად დადებითი მნიშვნელობის მატარებელია (სხვადასხვა ენებს სხვადასხვა სემანტიკური ველები აქვთ. სიტყვა, რომელიც ქართული სემანტიკური ველის ერთ სეგმენტში ხვდება, ინგლისურში სხვა სეგმენტში შეიძლება მოხვდეს, ჩინურში - სულ სხვაში. ამიტომაც ამბობენ, რომ ენები სხვადასხვანაირად “ხედავენ” სამყაროს).
ამ თვალსაზრისით, “მოკრძალებული ამბიცია” ისეთივე სისულელეა, როგორც “ცეცხლის აისგერგი”.
მაგრამ ასე არ არის ინგლისურის სემანტიკურ ველში, სადაც სიტყვა “ambition”-ს თავისთავად არ აქვს ნეგატიურიი დატვირთვა.
როგორც ჩანს დოკუმენტის ავტორებს, რომელთაც “კარტული არ ეკერკებად” დოკუმენტის წერისას თავში ედოთ ინგლისური “modest ambition” ან რაიმე ამ ტიპის გამოთქმა, რომელიც, ინგლისური სემანტიკის ნორმების თანახმად, არ ქმნის პრობლემას.
არ ქმნის იმ მიზეზის გამო, რომ ინგლისურში არ არსებობს ისეთივე სახის დაპირისპირება “modest”-ს (“მოკრძალებულს”) და “ambitions” შორის, როგორიც ქართულ “მოკრძალებულ”-ს და “ამბიციას” შორის. შესაბამისად, რასაც ავტორები “მოკრძალებულ ამბიციას” უწოდებენ, ნორმალურ–ქართულად “მოკრძალებულ მცდელობად” ან რაღაც ამის მსგავსად ითქმის. “მოკრძალებული მცდელობა” კი, დამეთანხმებით, ქართულად სულ სხვა რამეს ნიშნავს, ვიდრე “მოკრძალებული ამბიცია”.
გამოდის, რომ დიადმა რუსოლოგებმა, იცოდნენ რა ინგლისური ენის ნორმები და ბაიბურში არ იყვნენ მშობლიური ენის ნორმების შესახებ, აიღეს და ინგლისური ნორმა სიტყვა-სიტყვით გადმოიტანეს ქართულში. მათ ქართულის უცოდინრობის გამო ვერც კი შეატყვეს, რომ ამგვარი გადმოტანისას აბსურდი მიიღებოდა. რატომ ვლაპარაკობ აქ და ქვემოთ ამდენს გრამატიკისა და ტექსტების სტილთან დაკავშირებული მომენტების შესახებ? იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენი წერილის თემასთან.
საქმე იმაშია, რომ ამ “უკვდავი” ნაშრომის ავტორები ამტკიცებენ, თითქოს სტილისტური ანალიზის მეშვეობით მიაკვლიეს, რომ ბურჯანაძის პოლიტიკური პარტიის პროგრამა იგივე ნოღაიდელის პროგრამაა ყველა აქედან გამომდინარე შედეგით.
ამ საკითხს დაწვრილებით ქვემოთ შევეხები. ახლა კი მხოლოდ შემდეგ შენიშვნას დავჯერდები: ქართული ენის ამ დონის მცოდნე (უფრო ზუსტად – უცოდინარი) ადამიანების პრეტენზია ნაწერების სტილების ანალიზზე სცდება “მოკრძალებული ამბიციების” ყოველგვარ საზღვრებს.
მე კი, მანამდე ვიტყვი, რომ აწ და მარადის, გამომდინარე ნაწერის ინტელექტუალური დონიდან და ავტორების “მოკრძალებული ამბიციებიდან”, “რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი-ს თანამშრომლებს დავახასიათებ, როგორც “მოკრძალებული ამბიციების ჭუკისტვინებს” (შემოკლებულად, აბრივიატურის სახით “მაჭუტებს”).
მკითხველს ვთხოვ გაითვალისწინონ, რომ ჩვენი დიდი რუსულოგები აქ და შემდგომ ყველგან “მაჭუტებად” იქნებიან მოხსენიებულნი.
სტილი და გესტაპო. რას ურჩევდა სვიფტი მაჭუტებს
მაჭუტების დიადი ოპუსის ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული მომენტი დგება მაშინ, როდესაც მრავალრიცხოვანი მასალის ანალიზით გათანგული მაჭუტები ასკვნიან: “მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ „დემოკრატიულ მოძრაობის - ერთიანი საქართველოს” „უსაფრთხოების კონცეფცია“ სტილისტურად ძლიერ ჰგავს „სამართლიანი საქართველოსთვის” მოძრაობის პროგრამას და გარკვეულ შინაარსობრივ მსგავსებასაც ამჟღავნებს”.
შინაარსობრივ მსგავსებაზე ქვემოთ ვილაპარაკებთ. ახლა შევეხოთ საინტერესო საკითხს, რომელიც პოლიტიკას კი არა, სტილისტიკას განეკუთვნება. მაჭუტებმა დაგვისკვნეს, ბურჯანაძის და ნოღაიდელის პროგრამები სტილისტურად ერთმანეთს ჰგავანო (თუ გვანანო - რომელია, ამის გამოცნობა მაჭუტებისთვის მიმინდვია). ქართული ენის უმეცარი მაჭუტები ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტების ვერავითარ ანალიზს რომ ვერ ჩაატარებდნენ სტილის თვალსაზრისით ესეც უეჭველია.
მაგრამ მაჭუტების ტრაქტატთან დაკავშირებით სრულიად სხვა რამ გვახსენდება. ტოტალიტარიზმთან სახელოვანი მებრძოლი, ჯორჯ ორუელი, თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში წერდა: ”ამბობენ, რომ გესტაპო ინახავს ლიტერატურული კრიტიკოსების რაზმებს, რომელთა მიზანია ანონიმური პამფლეტის ავტორების გამოცნობა სტილების შეჯერების მეშვეობით”.
შეცდა დიდი ორუელი. ან, უფრო ზუსტად, მთლად სწორი არ აღმოჩნდა. გერმანიის გესტაპოს გარდა არსებობს “რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი”, რომელიც არაკეთილსასურველი პირების იდეებს პოლიტიკური ტექსტების სტილების შეჯერებით ადგენს.
ვუსურვოთ მაჭუტებს წარმატება ამ არაკეთილშობილურ საქმიანობაში და ეს მონაკვეთი დავასრულოთ უკვდავი სვიფტიდან მოყვანილი ციტატით, რომელიც პოლიტიკურ არაკეთილმოსურნეთა ნაწერებში ჩადებული საიდუმლო აზრების ამოკითხვის საინტერესო მეთოდებს გვთვაზობს. ეს მეთოდი მაჭუტებს არცთუ შორეულ მომავალში შეუძლიათ აითვისონ.
მაჭუტებს, რასაკვირველია, სვიფტი არ წაუკითხავთ. ამიტომ მოვიყვან ვრცელ ციტატას, რომელიც მათ ძლიერ შეუწყობთ ხელს შემდგომი დამაჭუჭების პროცესში. სვიფტი აღწერს, რომ გულივერი ერთ-ერთი მოგზაურობისას შეხვდა “პოლიტიკური პროექტების პროფესორს” (უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს პროფესორი მაჭუტებსაც უწევს კონსულტაციებს).
პროფესორმა გულივერს აჩვენა ვრცელი ხელნაწერი, სახელად “მთავრობის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულებების აღმოჩენების ინსტუქცია”. ამ ღირსშესანიშნავ ტექსტში ვკითხულობთ მეთოდზე, რომელიც დიაღაც, შეავსებს სტილისტური ანალიზის იმ მეთოდს, გესტაპომ რომ დაამკვიდრა და მაჭუტებმა განავითარეს.
სვიფტი წერს: “პროფესორმა მითხრა, რომ შესაძლებელია ამოიცნო ადამიანთა ყველაზე იდუმალი ზრახვები მათი ექსკრემენტების კვლევის მეშვეობით... რამეთუ ადამიანები არასდროს არიან ესოდენ ღრმააზროვანნი და კონცენტრირებულნი, როგორც მაშინ, ღამის ქოთანზე რომ სხედან. ამაში ის საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნებულვარ. როდესაც პროფესორი, ექსპერიმენტის მიზნით ქოთანზე ჯდომისას მეფის მოკვდინების საუკეთესო ხერხზე ფიქრონდა, მისი ექსკრემენტები მომწვანო შეფერილობას იძენდნენ, რაც არ შეინიშნებოდა, როდესაც ქოთანზე ჯდომისას ამბოხების მოწყობაზე ანდა უბრალოდ დედაქალაქის გადაწვაზე ფიქრობდა”.
ვიმედოვნებთ, მომავალში ჩვენი მაჭუტები ღირსეულად აითვისებენ სვიფტის მიერ აღწერილი ანალიზის ნიუანსებს და მომავალშიც მრავლად ამხელენ პრეზიდენტისა და ნაცმოძრაობის მტრებს. კიდევ ერთხელ წარმატება ვუსურვოთ ამ არცთუ კეთილშობილურ საქმეში.
ნატოს წევრობა = ნატოს არწევრობას
როგორც ვთქვით მაჭუტები მავან პარტიათა პოლიტიკური პროგრამების უბრალო ანალიზით არ შემოფარგლულან. ხანგრძლივი, შინაარსობრივად დატვირთული ანალიზის შემდეგ მისულან დასკვნამდე: “დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიანი საქართველოს “უსაფრთხოების კონცეფცია” სტილისტურად ძლიერ ჰგავს “სამართლიანი საქართველოსთვის” მოძრაობის პროგრამას და გარკვეულ შინაარსობრივ მსგავსებასაც ამჟღავნებს”.
ამ დასკვნის შემდეგ ისღა დაგვრჩენია, ვიკითხოთ, რაში გამოიხატება ამ ორი პარტიის პროგრამების “შინაარსობრივი მსგავსება”?
“სამართლიანი საქართველოს” საგარეოპოლიტიკურ პროგრამასთან დაკავშირებით მაჭუტები წერენ: “საბოლოო ჯამში, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” პროგრამის საგარეო პოლიტიკის ნაწილი სულ ორ არსობრივ პუნქტს მოიცავს: ა) რუსეთთან კავშირების აღდგენას და ბ) ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმას.
ახლა, ვნახოთ, რას ამბობენ ბურჯანაძის პარტიასთან დაკავშირებით: “პარტიის სტრატეგიაში საგარეო პრიორიტეტებში ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასაც ასახელებს... საუბარია ასევე ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსზეც. პოლიტიკური გაერთიანების სტრატეგიაში ნათქვამია: “საქართველოს გაწევრიანება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში - როგორც ეროვნული ინტერესებისა და მიზნების რეალიზაციის ერთ-ერთი საშუალება“.
ძალიან მაინტერესებს, როგორ არის შინაარსობრივად მსგავსი ორი რამ: ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმა და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების განხილვა, როგორც პრიორიტეტისა და ეროვნული მიზნების რეალიზაციის საშუალებისა?
მაჭუტების მიერ გამოყვანილია ფორმულაა “ნატოს არწევრობა = ნატოს წევრობას” და პირუკუ. მხოლოდ ერთი არ ვიცით: რა ხმაზე შეჰღაღადეს “ევრიკა” მაჭუტებმა ამ დიდი ფორმულის აღმოჩენისას.
მოკლედ, გაუტიეს მაჭუტებმა: ნოღაიდელი ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეა, ბურჯანაძე – მომხრეო. მაშასადამეო ბურჯანაძესა და ნოღაიდელს ნატოსთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია აქვთო!
ნუთუ, მხოლოდ სიცხის ბრალია, რომ მაჭუტები ასეთ სისულელეებს წერენ? საეჭვოა. ისე კი, მაჭუტებს უნდა ვუთხრათ: პიარის თეორიიდან ელემენტარული რამეები ჩვენც გვისწავლია. ისიც ვიცით, რომ სამთავრობო ტელევიზიებსაც და მთავრობის ერთგულ ენ-ჯე-ო-ებსაც ერთი ინსტრუქცია აქვთ: სხვადასხვა სფეროებში და სხვადასხვა მიმართებებით ხშირად მოახდინონ ბურჯანაძისა და ნოღაიდელის გაიგივება და შემდეგ ნოღაიდელის შემდგომი დისკრედიტაციით მოახდინონ მანამდე მასთან უკვე პიარულად გაიგივებული ბურჯანაძის დისკრედიტაციაც. არ–ახალი მეთოდია, თანაც მაჭუტებს გარდა სხვებმაც იციან.
ბურჯანაძის პარტიის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მაჭუტები სხვა ბრალდებასაც აყენებენ: “თუმცა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას შორეულ პერსპექტივად მიაჩნიათ. ხელისუფლებას კი მოსახლეობისთვის ფუჭი მოლოდინებისა და ილუზიების შექმნაში ადანაშაულებენ“.
რა ვქნათ, ბატონო მაჭუტებო – ნატოში გაწევრიანება ახლო პერსპექტივად მივიჩნიოთ, ვთქვათ რომ მაპზე უკეთესი მივიღეთ; არ ვთქვათ, რომ ნატოში გაწევრიანების განუსაზღვრელი დროით გაჭიმვა ჩვენი ხელისუფლების ბრალია და არ აღვნიშნოთ, რომ სააკაშვილი თავის გუნდითურთ მოსახლეობას უსაფუძვლო ილუზიებსა და მოლოდინებს უქმნიდა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით? ვაი თქვენს პატრონს, მაჭუტებო.
კომპეტენტურობის შესახებ
საკვირველია, მაგრამ ამ ბოდვითი ტექსტის შემდგენი მაჭუტები ვიღაცის კომპეტენციის შეფასებასაც ბედავენ. ისინი წერენ: ”საქართველო მიუღებლად მიიჩნევს მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკურ ცხოვრებაში ნებისმიერი ფომებით ჩარევასა და კანონიერი ინტერესების უგულებელყოფას”. ზოგად-სტრატეგიულ დოკუმენტში ტერმინ “უცხო ქვეყნის კანონიერი ინტერესები”–ს ხსენება არაკომპეტენტურობის გამოხატულებაა. საერთაშორისო ურთიერთობების თეორია და, მითუმეტეს, საერთაშორისო სამართალი არ იცნობს რაიმე ნორმატიულ ბაზას, რომლის მიხედვით ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესების კანონიერება შეიძლება შეფასდეს”.
ვაი მათ, ვინც მაჭუტებს საერთასორისო ურთიერთობებთან და საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებულ დისციპლინებს ასწავლიდა!
ჯერ ერთი, რას ნიშნავს გამოთქმა: “უცხო ქვეყნის კანონიერი ინტერესების ხსენება”? არ გასწავლეს საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე ელემენტარული კურსებიდან, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში “უცხო” და “ნაცნობი” ქვეყნები კი არ არსებობენ, არამედ სუვერენული სახელმწიფოები, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტები (ისე, მათი გამზრდელები პასუხისმგებლები არიან იმაზეც, რომ დიპლომმიღებული ახალგაზრდები ერთმანეთისაგან ვერაფრით ვერ ანსხვავებენ გეოგრაფიულ კატეგორიას -ქვეყანას, და პოლიტიკურ კატეგორიას – სახელმწიფოს. თუმცა, ეს რა გასაკვირია, როდესაც ამ რაიმეს პრეზიდენტიც ვერ ანსხვავებს).
შესაბამისად, სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ კანონიერი ინტერესები, რომელთა კანონიერება ინსტიტუცინალიზებულია მოცემულ მომენტში არსებული საერთაშორისო-სამართლებლივე ხელშეკრულებების და სხვა აქტების საფუძველზე.
თუ რას ნიშნავს “კანონიერი ინტერესი”, ამის საჩვენებლად არ შევეხებით რუსეთს. მასზე დისკუსია შორს ჩაგვიყვანს. ავიღოთ სხვა, გაცილებით უფრო იოლი მაგალითი. ვთქვათ – ირანი.
აქვს თუ არა ირანს, საერთაშორისო ურთიერთობების განსაზღვრელი ნორმების თანახმად, კანონიერი ინტერესი და უფლება განავითაროს ენერგეტიკა? რასაკვირველია, აქვს!
აქვს ირანს კანონიერი ინტერესი და უფლება ამ ენერგეტიკის ბირთვული სეგმენტი განავითაროს გაუმჭვირვალედ და ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი გამოყენება ბირთვული იარაღის შესაქმნელად? რასაკვირველია არა აქვს! ამიტომაც დაუწესა ირანს სანქციები გაეროს უსიშროების საბჭომ.
საკმარისია მხოლოდ ეს ერთი მაგალითი, რომ მიუკერძოებელმა მკითხველმა დაინახოს: საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტებს აქვთ კანონიერად აღიარებული ინტერესები და შეიძლება ჰქონდეთ ინტერესები, რომლებიც ვერაფრით მიიჩნევა ამგვარად.
რა არის საკვირველი და მით უფრო არაკომპეტენტური იმაში, რომ დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვავდეს ხაზს: პოლიტიკაზე საუბრისას უნდა ამოვიდეთ საერთაშორისო ურთიერთობათა სუბიექტების იმ ინტერესების გათვალისწინებიდან, რომლებიც, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სათანადო აქტებით, სწორედაც რომ აღიარებულია კანონიერად და უფლებამოსილად.
და, რა ფუჭდება
რასაკვირველია, მავანი იტყვის – რას გადაეკიდე ამ მაჭუტებს, ერთობიან ბავშვები, სხდებიან სადმე ოფისის კუთხეში, ზოგი ფიქრობს, ზოგი ცხვირს იჩიჩქნის, ზოგი “კომპზე” თამაშობსო. იყვნენ და წერონ, ამით რა შავდებაო.
სწორედაც რომ შავდება. ეს უკვე მაჭუტების მეორე თაობაა. პირველი თაობა – მშობელ-მაჭუტები, იგივე “ფარჩაკი” ექსპერტები – შესანიშნავად მოეწყო სახელმწიფო სამსახურში. სრული უმეცრებისა და არაკომპეტენტურობის მიუხედავად, მათ უმნიშვნელოვანესი პოსტები მიიღეს სამთავრობო უწყებებში – უშიშროების საბჭოში, თავდაცვის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსი, შშს-ში…
საქმე საქმეზე რომ მიდგა, სწორედ პირველი თაობის მაჭუტების უმეცრებამ და არაკომპეტენტურობამ მიგიყვანა დაქცევის პირას.
ასეთი მაჭუტები იყვნენ თავდაცვის სამინისტროში საფრთხეების შეფასების იმ დოკუმენტს რომ აკეთებდნენ, სადაც რუსეთთან სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების საფრთხე, უბრალოდ, არ იყო გათვალისწინებული.
სხვა მაჭუტებს ასევე დაავიწყდათ, რომ არმიის ფუნქცია ეროვნული ტერიტორიის დაცვაა და არაფერი გააკეთეს თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და სტრატეგიის შესამუშავებლად (ისე, რას გააკეთებდნენ, როდესაც უმეცრები იყვნენ იმ საქმეში, რომელსაც უძღვებოდნენ?!).
სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე სხვა მაჭუტებმა არაფერი გააკეთეს მოსახლეობის ევაკუაციის გეგმების შემუშავებისა და ცხოვრებაში გატარებისათვის. ის მაჭუტები კი, რომლებსაც ომი მხოლოდ კინოში ენახათ, პირდაპირ ერეოდნენ საბრძოლო მოქმედებების წარმართვაში.
შედეგი: ასეულობით დაღუპული, ასობით დაჭრილი. ათეულათასობით ლტოლვილი.
ასე რომ, მაჭუტები არც ისეთი უწყინარები არიან, როგორც ერთი შეხედვით ჩანან. მათი პირველი თაობის “ფარჩაკი ექსპერტების” “შემოქმედების” უყურადღებოდ და რეაგირების გარეშე დატოვებამ ადამიანთა დაღუპვამდე მიგვიყვანა.
“რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტში” მოღვაწე მაჭუტების, “ფარჩაკი ექსპერტების” ახალი თაობის “კომპეტენტურობას” ასევე შეიძლება მომავალში ადამიანთა სიცოცხლის დაკარგვა მოჰყვეს. ამიტომაცაა, რომ მაჭუტებზე უნდა ითქვას ის, რასაც ისინი სინამდვილეში წარმოადგენენ.