ნატო-ს გენერალური მდივნი რუსეთს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებს. ანდერს ფოგ რასმუსენი The Financial Times-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ კომუნიზმის დაშლიდან მოყოლებული, ნატო-ს ძალისხმევა არ დაუშურებია, ურთიერთობები დაემყარებინა მოსკოვთან მისთვის იმაზე მეტი თანამშრომლობის შეთავაზებით, ვიდრე ნატო-ს რომელიმე არაწევრი ქვეყნისთვის.
„რუსეთმა კანონების უგულებელყოფით, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებითა და სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევით უპასუხა. უკრაინის ტერიტორიაზე „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი ბოინგის ტრაგიკულ ჩამოვარდნასთან დაკავშირებული არიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
აღსანიშნავია, რომ კიევში ვითარება ისევ დაიძაბა. პარალელურად, რუსეთმა საკუთარი საჰაერო სივრცის გავლით საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში უკრაინული ავიაკომპანიების ტრანზიტულ რეისები აკრძალა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ტონი საკმაოდ გამკაცრებულია არა მხოლოდ ნატო-ს გენერალური მდივნისგან, არამედ ევროპული სახელმწიფოს ლიდრებისა და აშშ-ის მხრიდან. ფანჯიკიძის განცხადებით, უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია და ეს აშფოთებს მსოფლიოს.
„შეშფოთებულები ვართ ჩვენც. ეს მოვლენები იწვევს სერიოზულ საფრთხეს. კონფლიქტი ჯერჯერობით არ გვარდება მშვიდობიანი გზით და ამის გამოხატულება იყო მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება. გასაგებია ის გამძაფრებული ტონი, რაც არის ახლა რუსეთის წინააღმდეგ. ეს არა მხოლოდ ტონი, არამედ ეს არის სანქციების ახალი ტალღა“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ნატოს მხრიდან ასეთი განცხდებები. ალექსი პერტიაშვილი იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება.
„საქართველო არის აგრესიის ქვეშ. მისი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ეს არახალია. უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის თაობაზე არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები. ასევე, მოლდოვასთან მიმართებაში კეთდება კონკრეტული შემაშფოთებელი, საფრთხის მატარებელი განცხადებები.
შესაბამისად, ძალიან კარგია, რომ ასეთი ტიპის მწვავე და პირდაპირი განცხადებები კეთდება, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებულ ნატო-ს სამიტზე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რათა საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული და თავდაცვისუნარიანობა იყოს დამტკიცებული. ძალიან არ მინდა, რომ განცხადებები განცხადებებად დარჩეს“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ რასმუსენის განცხადება უკვე გედის სიმღერაა, რადგან გენერალურ მდივანს თანმდებობაზე ყოფნის ვადა გაუვიდა და დღეს შეუძლია თქვას სიმართლე.
„ყველა გენერალური მდივანი საოცრად გულახდილები ხდებიან მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მათი წასვლის დრო დგება. ნადვილად ასე იყო, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან ნატო სულ ცდილობდა, რუსეთთან გამოეძებნა თავისი ენა, მაგრამ რასმუსენი ცოტას ცუღლუტობს, როცა არ ამბობს, რომ თვითონაც მაგ კურსს აგრძელებდა. თვითონ რასმუსენი ყოველთვის ცდილობდა, რომ რუსეთი ზომაზე მატად არ გაენაწყენებინა, ეს იყო აგვისტოს შემდგომი ომის პერიოდი, უკრაინის კრიზისის საწყისი ფაზა“, - ამბობს ცინცაძე.
მისივე განცხადებით, მთავარი რაც დღეს სჭირდება უკრაინის ხელისუფლებას, არის სეპარატიზმთან ბრძოლა დასრულდეს და ამის შემდეგ მიხედოს ეკონომიკურ მდგომარეობას. პოლიტოლოგი თვლის, რომ სწორედ დასავლეთის დამსახურებაა, რომ პორეშენკომ ამ დრომდე ვერ მოიცალა ეკონომიკური პრობლემებისთვის.
„პოროშენკო უკვე ცაიტნოტშია, როგორმე უნდა გადაჭრას სეპარატისტებთან ბრძოლის საკითხი. არავინ არ მოითხოვს, რომ ნატომ დაიწყოს რუსეთის დაბომბვა, მაგრამ თავდაცვითი იარაღი მაინც მიჰყიდონ სუვერენული სახელმწიფოს კანონერ ხელმძღვანელობას, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ამ დროს სეპარატისტებს არაფერი არ აკლიათ. უახლესი იარაღი აქვთ, რუსეთთან საზღვარს სეპარატისტები აკონტროლებენ, საიდანაც შემოდის ცოცხალი ძალა, იარაღი და ტყვია წამალი. ასე რომ, ეს კონფლიქტი გრძელდება.
ძალზედ კუს ნაბიჯებით მიდის ეს ანტიტერორისტული ოპერაცია, პოროშენკოს კი ამდენი დრო არ აქვს, რასაკვირველია ისიც ბუნებრივია, რომ კიევი სავსეა რუსეთის აგენტებით. როგორც ჩანს, მოსკოვში დაგეგემილია იგივე სცენარით გადააგდონ პროეშენკოს მთავრობა, რა სცენარითაც გადააგდეს იანაუკოვიჩი. ამ ვითარებაში დასავლეთი შეშფოთებული და აღშფოთებული მაყურებლის როლშია.
უკარინის მოვლენები ჩვენთვის არანაირ გაკვეთილად არ იქცა. მაინც გვგონია, რომ დასავლეთი საქართველოს არ მოექცევა ისე, როგორც უკრაინას. დასავლეთმა რაც არ გაიმეტა უკრაინისთვის, ჩვენთვის გაიმეტებს? ეს არის ზღაპარი. ჩემთვის ეს არის ღია გაკევეთილი, რა შეუძლია დაუპირისპიროს რუსეთის ღია აგრესიას დასავლეთმა, არაეფექტური სანქციები, მეტი არაფერი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.