აგვისტოს ომის დანაშაულს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო სწავლობს

აგვისტოს ომის დანაშაულს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო სწავლობს

ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალი შესაძლოა, ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულით დაკვალიფიცირდეს. ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულია, რომ ქვეყანამ ითანამშრომლოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე.

ასოცირების დღის წესრიგში თანამშრომლობის ერთ-ერთ პუნქტად ჩამოთვლილია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის გაგრძელება, რომის სტატუტისა და მასთან დაკავშირებული ინსტრუმენტების განხორციელების მეშვეობით და მისი ერთიანობის დაცვის მიმართ სათანადო ყურადღების გამახვილებით.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებულია იმ ნელი წინსვლით, რომელიც წარსულში ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათ პასუხისგებაში მიცემის თვალსაზრისით მიმდინარეობს, რომლებიც უშუალოდ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ მოხდა. თუმცა, როგორც ირკვევა საქართველოს ხელისუფლებამ, სისხლის სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციაში გადააგზავნა აგვისტოს ომის გამოძიების საქმე.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ადასტურებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო დაინტერესდა აგვისტოს ომის დანაშაულებით.

„ინდივიდუალური სარჩელებიც შვეიდა. უშუალოდ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოდან იყვნენ პროკურორები მოვლინებული საქართველოში გამოძიების დასაწყებად. საქართველოს ხელისუფლება შესაბამისი კონვენციის ფარგლებში ითანამშრომლებს და შევასრულებთ იმ საერთაშორისო ვალედბულებას, რაც ამ კონვენციის ფარგლებში გვეკისრება. ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო თუ გადაწყვეტს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაატაროს შესაბამაისი პროცედურები, ჩვენი ვალდებულებაა გადაწყვეტილება შევასრულოთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მომხრე იყო 2008 წლის ომიდან გამომდინარე, შესაძლო დანაშაული გამოძიებული ყოფილიყო.

„მასში საკმაოდ ბევრი საქმე და მონაცემებია. მიმაჩნია და მე მხოლოდ მომხრე ვიყავი, 2008 წლის ომიდან გამომდინარე, ყველა ის ფაქტი, რაც შეიძლება, როგორც დანაშაული, ისე შეფასდეს, იყოს გამოძიებული, მიუხედავად იმისა, ვისთან შეიძლება მიგვიყვანოს ამან. აქ, რა თქმა უნდა, მაღალი დონის ჩინოვნიკებზე მაქვს საუბარი, ვისაც შეიძლება კავშირი ჰქონდეს ამა თუ იმ დანაშაულის ჩადენასთან“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

2008 წლის ომის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპრო იმ ფაქტმა, იკვეთებოდა თუ არა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ნიშნები. ევროპის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეას თავის დროზე შექმნილი აქვს დოკუმენტი, სადაც პირდაპირ წერია, რომ ჰააგის სასამრთლოს პროკურორმა საგამოძიებო პალატის წინაშე აღძრას საკითხი, რათა შეისწავლონ ხომ არ ჰქონდა ადგილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რაიმე ისეთ ქმედებას, რომელიც ჰააგის სასამართლოს განსჯადობას განეკუთვნება.

„პირაპირ გეტყვით, აქ ძალიან ფრთხილად არის ნათქვამი, რომ გაარკვიეთ და ჰააგის სასამართლომ განიხილოს ეს საკითხიო. ჰააგის ტრიბუნალი იძიებს შემდეგი სახის დანაშაულს - ომის დანაშაული, გენოციდი და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. რამდენად გავრცელდება ეს ქართველთა მესვეურებზე, დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარიმართება ამ საქმის გამოძიება.

თუ საქმის კვალიფიციური გამოძიება არ მოხდება, ეს პროცესი ვერ გაგრძელდება. მხოლოდ ვიღაცის სურვილი ამას არ ეყოფა. ასე რომ, მოულოდნელი ჩემთვის არფერი იქნება, იმიტომ, რომ თვითონ საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვს ამ საქმის გამოძიებას. ცალკეული სენატორები, კონგრესმენები, პარტიები რას თვლიან, ამას უკვე ნაკალები მნიშვნელობა აქვს.

იმუნიტეტი არავის არ აქვს. კანონის და სამართლის უზენაესობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ პოლიტიკური მოსაზრებებით არ შეიძლება ნაკარნახევი იყოს გამოძიების საქმიანობა. ნაკარნახევი უნდა იყოს საკუთრივ იურიდიული მოსაზრებებით, რომელიც ემყარება ზნეობის მკაცრ მოთხოვნებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მინდია უგრეხელიძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს ხელისუფლების მიერ, სისხლის სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციაში აგვისტოს ომის გამოძიების საქმის გაგზავნას იმით ხსნის, რომ საქართველოს ანალოგიური საქმეების გამოძიების გამოცდილება არ აქვს. პოლიტოლოგი აქვე განმარტავს, რომ არის წმინდა პოლიტიკური აქსპექტიც, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ტიპის გამოძიებას პოლიტიკური დევნით ხსნის და არა სამართლებლივი.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, ალბათ, უფრო მიზანშეწონილია, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ აიცილოს ეს თამატიკა და გადაულოცოს იმას, ვის ობიექტურობასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ადვილად პოლიტიკურ იარლიყს ვერ მიაწებებს. წინასწარ რთულია პროგნოზირება როგორი იქნება შედეგი, მაგრამ ადამიანობის წინაღმდეგ შეიძლება დანაშაული ჩაიდინო არასამხედრო გარემოცვაშიც.

სიცოცხლე ხელყო ისეთი ადამიანისა, რომელიც საერთოდ არ გიპირისპირდება, დააპატიმრო და აწამო უდანაშაულო ადამიანი, ეს არის ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაული. ანალოგიური დანაშაული 2008 წლის აგვისტოს ომის გარეშეც თვითონ ქართულ სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩადენილი აქვს, მაგრამ დამტკიცებული არის თუ არა, ეს სხვა საკითხია. ამბოხის სცენარი, შეთქმულებების უამრავი ვერსია, ამ ვერსიის გამო ციხეში გამომწყვდეული ხალხი, მათი წამება და ჩამორთმეული ქონება, ეს ყველაფერი ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული არის. თუ ამ შემთხევაში არ აწუხებდათ ეთიკური ნორმა, სავარაუდოა, რომ არც ომის დროს არ აწუხებდათ ეთიკური ნორმა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.