ერთ მილიონამდე ლარი კონცერტისთვის სარეზერვო ფონდიდან

ერთ მილიონამდე ლარი კონცერტისთვის სარეზერვო ფონდიდან

2014 წლის 23 ივნისს, ქვეყნის პრემიერის განკარგულებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო. ეს თანხა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების აღსანიშნავი კონცერტის ორგანიზებას მოხმარდა. თანხის დიდი ნაწილი მომღერლების ჰონორარებში დაიხარჯა.

ლადო ათანელი და ქეთი მელუა ის შემსრულებლები არიან, რომელთაც ჰონორარის გარეშე იმღერეს. ყოველ შემთხვევაში, მთავრობის კანცელარიის მიერ მომზადებულ ჰონორარის მიმღებთა სიაში მათი გვარები არ ფიგურირებს. წელს მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მილიონი ლარია.

„ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ ხელმოწერიდან ამომდინარე, ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში 2014 წლის 27-28 ივნისს საზეიმო ღონისძიებებისა და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ... საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 998 000 (ცხრაას ოთხმოცდათვრამეტი ათასი) ლარი", - წერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოცემულ განკარგულებაში.

მაგრამ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე გამოყოფილი თითქმის 1 მილიონი ლარიდან ორ დღეში მთლიანობაში 853 ათასი ლარი დახარჯულა. კონცერტში მხოლოდ ქართველი შემსრულებლები და ჯგუფები მონაწილეობდნენ - ისინი, ვინც თბილისში ცხოვრობენ და ისინი, ვინც უცხოეთში არიან. თანხაც შესაბამისად გადანაწილდა.

ყველაზე ძვირადღირებულმა ქართველმა მომღერალმა, ქეთი მელუამ, 27 ივნისს თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა. ის ლონდონიდან ჩაერთო და საგანგებოდ ამ დღისთვის დაწერილი სიმღერით მიულოცა საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება. მას ამისთვის 23 ივნისის განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან არც ერთი ლარი არ აქვს მიღებული.

27 ივნისის საზეიმო კონცერტზე გამომსვლელთა შორის ჰონორარის მიმღებთა სიაში არ ჩანს ლადო ათანელის სახელი და გვარიც. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, შეიძლება ითქვას, რომ ის ამ კონცერტზე ყველაზე ძვირადღირებული შემსრულებელი იყო - ჰონორარის სახით 45 091 ლარი აქვს მიღებული.

საღამოზე მსოფლიოში ცნობილი ოპერებიდან არიები კიდევ სამმა საოპერო მომღერალმა შეასრულა. ნინო სურგულაძეს ამისთვის 13 515 ლარი გადაუხადეს ბიუჯეტიდან, გია გაგნიძეს - 14 844 ლარი, ხოლო ანიტა რაჭველიშვილს - 15 016 ლარი. ანიტა რაჭველიშვილმა 27 ივნისის საღამოს "კარმენი" და "სამშობლოვ ჩემო" შეასრულა.

27 ივნისის საზეიმო კონცერტი სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის შესრულებით დაიწყო. სწორედ მათ გამოიტანეს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები სცენაზე. "სუხიშვილებმა" იმ დღეს ოთხი ცეკვა შეასრულა. საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნების შესრულების შუალდეში კი "ხორუმი" იცეკვეს. ნაციონალურმა ბალეტმა ამის სანაცვლოდ 16 ათასი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან.

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი შემსრულებლები საზოგადოების წინაშე კონცერტის პირველ განყოფილებაში წარსდგნენ. მეორე განყოფილებაში კი, ძირითადად, თბილისში მცხოვრებ მომღერლებს დაეთმოთ სცენა. ნიაზ დიასამიძე და "33ა", ნინო ქათამაძე და "ინსაიდი", "შვიდკაცა"...

ნიაზ დიასამიძემ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით გამოწვეული სიხარული საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტს გაუზიარა.

"მოლოდინი, რომელიც არის მთლიანობაში ევროპასთან შერწყმის, ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში", - თქვა მომღერალმა.

"ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს მომსახურება 21 078 ლარი", - იტყობინება მთავრობის კანცელარია. ნიაზ დიასამიძემ, ისე როგორც ნინო ქათამაძემ, იმ საღამოს რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

27 ივნისის კონცერტზე ნინო ქათამაძესა და ჯგუფ "ინსაიდს" საღამოს მუსიკალურ გაფორმებაში მონაწილეობისთვის 38 274 ლარი აქვს აღებული.

იმავე კონცერტს სხვა ბევრი, შედარებით მცირე ხარჯიც ჰქონდა. ყველაზე დიდი ხარჯის გაღება, ზოგადად, სცენის აწყობა-დაშლას დასჭირდა. მრავალდონიანი სცენის მონტაჟისა და დემონტაჟისთვის 94 200 ლარი დაიხარჯა, სცენის კონსტრუირების მომსახურებისთვის კი - 53 ათასზე მეტი ლარი.

ღონისძიება-კონცერტის ტელერადიო სივრცეში ინფორმაციის განთავსებისთვის ანუ რეკლამირებისთვის, თითქმის 60 ათასი ლარი დაიხარჯა. რეკლამები ტელევიზიების ეთერში ალბათ მაქსიმუმ სამ დღეს შეიძლება გასულიყო.

პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ასოცირების ხელშეკრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტისთვის გათვალისწინებული ხარჯების ჩამონათვალში გვხვდება ტორტი, რომელიც ბათუმში მომზადდა და იქვე გაიჭრა. ტორტის გაჭრის პატივი ბათუმში ჩამოსულ პრემიერ ღარიბაშვილსა და მის მეუღლეს - ნუნუ თამაზაშვილს ხვდათ წილად. ამ ტორტის მოსამზადებლად სახელმწიფომ "შპს დონას" 1300 ლარი გადაუხადა. ტორტის გაჭრის ცერემონიალი განსაკუთრებით რეზონანსული გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ ტორტზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერაც იყო გამოსახული. საზოგადოებამ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტიურად სოციალურ ქსელებში განიხილა.


საზეიმო ვახშამზე, რომელსაც ძირითადად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ, 7 660 ლარის ღირებულების ალკოჰოლიც დაილია.

და ბოლოს, თითქმის სამსაათიან კონცერტს ორი წამყვანი უძღვებოდა - მომღერალი ლიზი ბაგრატიონი და მსახიობი ლევან ხურცია. ამ საქმის შესრულებისთვის ლიზი ბაგრატიონმა ქვეყნის ბიუჯეტიდან 6 250 ლარი მიიღო, ხოლო ლევან ხურციამ - 3 750 ლარი.

"ჩვენ ვირჩევთ ევროპას"

კიდევ ერთი კონცერტი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მხარდასაჭერად თბილისში 2014 წლის 13 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა. ექვსმა არასამთავრობომ კონცერტის ორგანიზებისთვის სულ 72 171 ლარი დახარჯა. აქცია-კონცერტის ორგანიზებაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, მათ მიერ ორგანიზებული კონცერტი ნამდვილად არ იყო იმ მასშტაბის, რაც მთავრობამ უზრუნველყო. თუმცა ამ ორი კონცერტის ხარჯების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ არის ისეთი აქტივობები, რაშიც არასამთავრობოებს არც ერთი ლარი არ აქვთ დახარჯული, ხოლო ანალოგიურ აქტივობებში მთავრობას სოლიდური ხარჯი აქვს გაღებული.

მაგალითად, არასამთავრობოებს აქცია-კონცერტის რეკლამისთვის მხოლოდ 247 ლარი აქვთ დახარჯული, ისიც ფეისბუქზე რეკლამის განსათავსებლად, მაშინ, როცა მთავრობას ამ მიზნით 60 ათასამდე ლარი დაუხარჯია. არადა კონცერტის - "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" რეკლამირებას, ისე როგორც ასოცირების ხელშეკრულებისადმი მიძღვნილი კონცერტის რეკლამირებას, უზრუნველჰყოფდა ყველა ნაციონალური მაუწყებელი. პირველი აქცია-კონცერტის ორგანიზატორების თქმით, მათ არ გასჭირვებიათ ტელევიზიების დათანხმება, მხარი დაეჭირათ ამ კონცერტისთვის, ანუ მათი რეკლამები ეთერში განეთავსებინათ უფასოდ. არასამთავრობოებისთვის ამაზე უარი,

პრაქტიკულად, არც ერთ ტელევიზიას არ უთქვამს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ხარჯები ასევე შეამცირა თუნდაც იმანაც, რომ მაგალითად, ერთ წამყვანს - მირიან ჯეჯელავას, ორ სცენარისტს ნაჯა ორაშვილს და შოთა იმნაძეს მხოლოდ 1875 ლარი გადაუხადეს, ხოლო მეორე წამყვანმა - თამარ/თუთა ჩხეიძემ საერთოდაც ანაზღაურების გარეშე იმუშავა.

"ეს კონცერტი იმ ორგანიზაციის ეგიდითაც ტარდებოდა, სადაც მე ვმუშაობ. ფული რატომ უნდა ამეღო? გარდა ამისა, ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე არაერთმა ადამიანმა იმუშავა, ორგანიზატორი ორგანიზაციების ბევრმა წარმომადგენელმა იმუშავა მოხალისედ", - ამბობს თუთა.

"ბათუმელების" ინფორმაციით, სხვაობა იყო პირველ და მეორე კონცერტის მონაწილე მომღერლების მიერ მოთხოვნილ თანხებშიც. მაგალითად, ნიაზ დიასამიძის პროდიუსერს არასამთავრობოების ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობისთვის 5 ათასი ლარი მოუთხოვია.

აი, რას წერენ "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" ორგანიზატორები ფეისბუქგვერდზე: "განსაკუთრებული მადლობა თბილისის მერიას კონცერტის სცენისა და სხვა აღჭურვილობის უსასყიდლოდ გადმოცემისთვის. დიდი მადლობა შემოქმედებით ჯგუფებს, რომლებიც კონცერტში მონაწილეობას სიმბოლურ ჰონორარზე დათანხმდნენ".

netgazeti.ge