ყარაბაღის ბედი 9 აგვისტოს სოჭში გადაწყდება

ყარაბაღის ბედი 9 აგვისტოს სოჭში გადაწყდება

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სოჭში 9 აგვისტოს სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოვიკ აბრაამიანი იმედოვნებს, რომ სერჟ სარგსიანი და ილჰამ ალიევი შეთანხმებას მიაღწევენ. სომხეთს და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტი, რომელიც 1988 წელს დაიწყო, რამდენიმე დღის წინ გამწვავდა. ორმხრივი სროლების შედეგად ორივე მხრიდან არიან დაღუპულები, თუმცა ზუსტი ოდენობა უცნობია.

რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, სოჭში, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან დაგეგმილ შეხვედრა აუცილებლად შედგება. სერგეი ლავროვის განცხადებით, შეხვედრა ჯერ სერჟ სარგსიანთან გაიმართება, შემდეგ კი ილჰამ ალიევთან. მისივე ინფორმაციით, ამერიკელ და ფრანგ პარტნიორებთან ერთად, რუსეთი ყველაფერს აკეთებს ზოგიერთი საკითხის ბოლომდე მისაყვანად. ლავროვი წინასწარი პროგნოზებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ დაეხმარება სომხეთსა და აზერბაიჯანს, რათა გამონახონ ორივე მხარისთვის კომფორტული გადაწყვეტილება. 

„როდესაც ისინი ერთად აღმოჩნდებიან, გვერდს ვერ ავუვლით მთიან ყარაბაღზე საუბარს. როგორ იქნება ეს ორგანიზებული, თავად ლიდერებზეა დამოკიდებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაშფოთებს, რაც ე.წ. „შეხების ხაზთან“ ხდება. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებენ. ეს ადრეც ხდებოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გაცილებით მძაფრად აღიქმება.

არც თუ ცოტა ადამიანი დაიღუპა. ჩვენ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ვისაუბრებთ იმის შესახებ, როგორ არის შესაძლებელი ჩვენი და ეუთოს მინსკის ჯგუფის მხრიდან დავეხმაროთ ნდობის გამყარებასა და კონფრონტაციის რისკის შემცირებაში“, - განაცხადა „იტარ-ტასთან“ საუბრისას სერგეი ლავროვმა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხურმა მხარემ არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. როგორც სამინისტროში აცხადებენ, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული მხარის მიმართულებით რამდენიმე პოზიციაზე გახსნეს ცეცხლი. მთიანი ყარაბაღის ზონაში ვითარების ესკალაციის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ორივე მხრიდან სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. 

მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაციას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტისა და მსხვერპლის ზრდა უსაფრთხოების მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

ორ ქვეყანას შორის დიალოგისა და სიტუაციის დეესკალაციის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სიტუაცია უნდა დასტაბილურდეს, რადგან რეგიონის პოტენციალი მთლიანად წინსვლისკენ უნდა იყოს მიმართული. მისივე თქმით, ამ ქვეყნების კონფლიქტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ორივე ქვეყნის მეგობარი და პარტნიორია.

„პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს გულწრფელ დარდს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ორი მოძმე სახელმწიფოს მოქალაქეები არიან ასეთი ტიპის დაპირისპირებაში და მინდა შევუერთდე იმ მოწოდებებს, რომელიც ისმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ აუცილებელია დიალოგი და სიტუაციის დეესკალაცია. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც აზერბაიჯანის მეგობარი და მეზობელი ხალხისთვის და აგრეთვე მნიშვნელოვანია ეს საქართველოსთვის იმდენად, რამდენადაც რეგიონის სტაბილურობა, მისი მომავალი პოტენციალი, უნდა იყოს მიმართული მხოლოდ წინსვლისკენ და არა კონფლიქტისკენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სომხეთში საქართველოს ელჩი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ შეტაკებები მთიან ყარაბაღში ახალი არ არის. ელჩის განმარატებით, ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება მაშინ ხდება, როდესაც მასზე საერთაშორისო ორგანიზაციები რეაგირებენ.

„სამწუხაროდ, ასეთი მსხვერპლი და შეტაკებები ხშირია. კვირა არ გავა, რომ ერთ ან ორ დაღუპულ ჯარისკაცზე არ იყოს საუბარი, ზოგჯერ უფრო მეტზეც კი. ეს არის ურთულესი რეგიონი და კონფლიქტის კერა. კონფლიქტი 20 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს და თუ გზები არ გამოიძებნა, ასეთი შეტაკებები სამწუხაროდ, გაგრძელდება. ამ ეტაპზე საომარ დაპირისპირებაში გადაზრდის საფრთხე არ არსებობს.

ორივე მხარეს ძალიან დიდი რაოდენობით აქვს იარაღი და ღმერთმა დაგვიფაროს, რაიმე სერიოზული დაიწყოს, რადგან ეს აღარ არის 1990-იანი წლების შეტაკებები, ეს იქნება გაცილებით უფრო მასშტაბური და საერთაშორისო საზოგადოებამაც ამიტომ გამოიჩინა განსაკუთრებული ყურადღება“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

არსებული დაპირისპირების საომარ მოქმედებში გადასვლას გამორიცხავს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. მისი განმარტებით, ომი არ იქნება. ვინაიდან, დღეს ომი რუსეთისთვის ყელის გამოჭრას ნიშნავს.

„ეს პუტინისთვის ასჯერ უფრო კატასტროფული იქნება, ვიდრე უკრაინა და ყირიმი. ამიტომ, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ დაათმობინოს პოზიციები როგორც სომხეთს, ისე აზერბაიჯანს. იქნება პატარ-პატარა კონფლიქტები, მაგრამ ომამდე ვითარებას რუსეთი არ მიიყვანს.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, მართლაც, რომ გასულიყო პაატა ზაქარეიშვილის იდეა რკინისგზის აღდგენასთან დაკავშირებით, ამ ვითარებაში საქართველოს კატასტროფა ელოდა. ან უნდა გადაგვემტერებინა აზერბაიჯანი, ან საერთოდ რუსეთთან პატარა ხიდები ჩაგვემსხვრია. სხვა გამოსავალი არ იარსებებდა. ამ რკინისგზის გახსნა არ შეიძლება მანამ, სანამ ბაქოსა და ერევანს შორის ყველა სადაო პრობლემა არ გადაწყდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.