პოლკოვნიკი ჯოხაძე ქართველ სამხედროებთან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

პოლკოვნიკი ჯოხაძე ქართველ სამხედროებთან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ბანგიში იმყოფებოდა სადაც, ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიას ასრულებენ. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ასეულის მიერ მისიის განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნო.

ხუთ დღიანი ვიზიტის ფარგლებში პოლკოვნიკმა შეხვედრები გამართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათ შორის, ჟან-ჟაკ დემაფოსთან, რომელიც აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო მხარდაჭერის მისიასა (MISCA) და ფრანგულ სამშვიდობო კონტინგენტს (SANGARIS) კურირებს, ასევე,  ცარ-ის გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ჯერომე ბოუბას,  ფრანგული სამშვიდობო კონტინგენტის (SANGARIS) ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალ ერიკ ბელო დე მინიეს, ევროპული ძალების (EUFOR RCA) წარმომადგენელს, ბრიგადის გენერალ ტიერი ლიონის, რომლის დაქვემდებარებაშიც ქართული კონტინგენტი იმყოფება და  გაერთიანებული ერების სამშვიდობო ოპერაციების (MINUSCA) ხელმძღვანელს ფრედრიკ ჰინგრეის. 

მხარეებმა სამშვიდობო მისიის მიმდინარეობა განიხილეს. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ქართულ მხარეს მოქმედების არეალში მიმდინარე ოპერაციების შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინა. შეხვედრებისას მასპინძლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქართული ასეულის მონაწილეობის მნიშვნელობა. მათ პოლკოვნიკ ჯოხაძეს ქართული კონტიგენტის მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.

ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ივნისში გაემგზავრა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები  სამშვიდობო მისიას დედაქალაქ ბანგიში ასრულებენ. მისია სამოქმედო არეალში უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მდგომარეობის სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ასეული აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებასაც ახორციელებს.