„ნაციონალები“ „ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

„ნაციონალები“ „ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო კომიტეტების სხდომების თბილისში ჩატარების წინააღმდეგ გამოდის და სექტემბერში, სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. for.ge-ს ინფორმაციით, დედაქალაქში საკომიტეტო მუშაობის გაგრძელების თაობაზე, უმცირესობის წევრებსა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის საუბარი უკრაინაში გაიმართა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თანაგუნდელებს სარჩელის მომზადება დაავალა.

წყაროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა გუნდის წევრებს ურჩია, პარლამენტის თბილისში დაბრუნება გააპროტესტონ და საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლონ.

სარჩელის მომზადების თაობაზე, ჩვენს ინფორმაციას ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი ადასტურებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა პარლამენტი ქუთაისში არ დამკვიდრებულიყო.

მისი თქმით, საპარლამენტო კომიტეტების მოსმენების თბილისში ჩატარება, არის შეცდომა პარლამენტარიზმის განვითარებისთვის.

„საკონსტიტუციო სასამართლოში ვაპირებთ ვიჩივლოთ, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა პარლამენტის საკომიტეტო მოსმენის გადატანა ქუთაისიდან თბილისში?! საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას დაველოდებით, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა პარლამენტი ქუთაისში არ დამკვიდრებულიყო. რასაც პარლამენტი აკეთებს, ეს დიდი შეცდომაა“, - აცხადებს მაჭავარიანი.

დეპუტატის განცხადებით, თბილისში პარლამენტის ნაწილობრივ დაბრუნება აპარატის თანამშრომელთა ფაქტორის გამო ხდება, მაგრამ საინტერესოა, დედაქალაქში დაბრუნების შემთხვევაში, აპარატს ის დანამატი თუ შეუნარჩუნდება, რაც მათ ქუთაისში ყოფნისთვის გამოეყოფათ.

„იმ ადამიანების მესმის, ვინც პარლამენტში მუშაობს და თბილისში ცხოვრობს, მაგრამ მიდგომა იყო, რომ აპარატში დასაქმებული ადამიანებისთვის სამუშაო თბილისში მოიძებნებოდა, ხოლო ქუთაისში ის ხალხი დასაქმდებოდა, რომელიც, მაგალითად, თერჯოლაში ცხოვრობს და კვალიფიციურია. ეს კეთდება იმისთვის, რომ თანამშრომლებმა ქუთაისში ნაკლებად იარონ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ თანამშრომლებს დანამატი გამოეყოფათ. მაინტერესებს, იმ თანამშრომლებს, რომელთაც ქუთაისში ყოფნისთვის დანამატი აქვთ, ის თბილისშიც შეუნარჩუნდებათ?! პარლამენტის თავმჯდომარემ და ხელმძღვანელობამ ქუთაისში პარლამენტის სრულფასოვანი მოქმდება ვერ უზრუნველყვეს. საუბარი იმაზე, რომ შორია და ა.შ. არ მგონია, დიდი პრობლემა იყოს“, - აცხადებს მაჭავარიანი for.ge-სთან საუბარში, რომელიც ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში კაბინეტებს არ დაიკავებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას უმრავლესობა ოლიმპიური სიმშვიდით შეხვდა. ყოველ შემთხვევაში, for.ge-სთან საუბარში, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

მისი თქმით, თუ უმცირესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, უმრავლესობა საკუთარ ინტერესებს დავიცავს.

„გადაწყვეტილებას დაველოდებით, მაგრამ კონსტიტუციაში წერია, რომ ქუთაისში მხოლოდ პლენარული სხდომების ჩატარების ვალდებულება არსებობს. ჩვენთან კარგი იურისტები მუშაობენ იმისთვის, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნაბიჯი არ გადავდგათ“, - აღნიშნავს ძიძიგური, რომლის პათოსს იზიარებს ზურაბ ტყემალაძე.

ჩვენთან საუბარში კანონმდებელი აპარატის თანამშრომელთა მუშაობაზე აპელირებს და ამბობს, რომ საკომიტეტო მოსმენების თბილისში ჩატარება ნაყოფიერი იქნება.

ტყემალაძის თქმით, თბილისი-ქუთაისის გზაზე აპარატის 800 თანამშრომელი დადის, მომავალში კი, დედაქალაქში 80 პროცენტი იმუშავებს.

„გადაწყვეტილება საკონსტიტუციომ უნდა მიიღოს და თუ პასუხი დადებითი იქნება, ქუთაისში დავბრუნდებით, მაგრამ ჩვენი გეგმით, დამატებითი ხარჯები არ იქნება. ქუთაისში 800 კაცის სიარული არ იქნება საჭირო. შესაბამისად, ხარჯები ბევრად შემცირდება“, - განუცხადა for.ge-ს ტყემალაძემ, რომელიც გვარწმუნებს, რომ აპარატის თანამშრომლებს ქუთაისში ყოფნისთვის დანამატი არ გამოეყოფათ, არადა, ჩვენთან საუბარში აპარატის ხელმძღვანელმა, ზურაბ მარაქველიძემ ვერ დააკონკრეტა ის, დანამატის თაობაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უწყება.

მარაქველიძის ცნობით, აპარატის თანამშრომლებს დანამატი შეუნარჩუნდებათ თუ არა, ამის შესახებ გადაწყვეტილება მომავალში იქნება მიღებული, თბილისში თანამშრომლების გადასვლა კი 1-ელ სექტემბრამდე ნელ-ნელა დაიწყება და ქუთაისში, პლენარულ კვირას თანამშრომელთა 30 პროცენტი ივლის.

საკომიტეტო მოსმენების თბილისში ჩატარება, წინააღმდეგობაში მოდის თუ არა კონსტიტუციასთან, ამის გარკვევის მიზნით, for.ge კონსტიტუციონალისტს, ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა, რომლის განმარტებით, არცერთ საკანონმდებლო აქტში არ წერია, რომ საკომიტეტო მოსმენები მხოლოდ და მხოლოდ ქუთაისში უნდა ჩატარდეს.

მისი განცხადებით, კომიტეტების ადგილსამყოფელი კი არ იცვლება, არამედ მუშაობის ადგილი, რომელიც შეიძლება იყოს თბილისი.

„ვფიქრობ, რომ საკომიტეტო მოსმენების თბილისში ჩატარება, წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. კონსტიტუციაში მითითებულია არა მუშაობის ადგილი, არამედ პარლამენტის ადგილსამყოფელი. ეს კი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება“, - განმარტავს დემეტრაშვილი, რომელიც კონსტიტიტუციის 48-ე მუხლის პირველ პრიმა პუნქტზე აპელირებს, რომლის თანახმადაც, „საქართველოს ადგილსამყოფელია ქალაქ ქუთაისი“.

ქუთაისი შეინარჩუნებს თუ არა საპარლამენტო ქალაქის სტატუსს, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს, მაგრამ მანამდე, დეპუტატები საშემოდგომო სესიას, ბიუროს სხდომით 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე არსებულ შენობაში გახსნიან, რომლის რემონტიც მარაქველიძის ინფორმაციით, 23 მლნ ლარი დაჯდა. უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკომიტეტო მოსმენები თბილისში გაიმართება, პლენარული სხდომები კი, ქუთაისში ჩატარდება. ანუ, დეპუტატები თვის განმავლობაში ქუთაისს ექვსჯერ ეწვევიან. პლენარული სხდომები სასესიო კვირის - ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში პარლამენტის ისტორიულ შენობაში სასესიო და საკომიტეტო დარბაზების დემონტაჟი განხორციელდა. ინვენტარი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში გადანაწილდა. ქუთაისში გამჭირვალე შენობის მშენებლობისთვის კი, 360 მლნ ლარი დაიხარჯა. ამ შენობაში, კანონმდებლები თვის განმავლობაში, მაქსიმუმ ცხრა დღე დადიოდნენ, კომიტეტებს კი მუდმივად კვორუმის პრობლემა ჰქონდათ. კვორუმის შევსების მიზნით, აპარატის თანამშრომლები დეპუტატებს დერეფნებში ეძებდნენ, ან სხვა კომიტეტებისგან „თხოულობდნენ“. რეგლამენტის გათვალისწინებით, გაცდენების გამო, პარლამენტის წევრებს ხელფასის 10 პროცენტი ექვითებათ, მაგრამ ეს სანქციები დავით უსუფაშვილმა მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში აამოქმედა.

რაც შეეხება დეპუტატებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის გამოყოფილ დანამატს, არსებული ინფორმაციით, ბიუჯეტიდან, თვეში ერთხელ, პარლამენტის ერთი წევრის ბინით უზრუნველყოფისთვის 600 ლარი გამოიყოფა, ხოლო აპარატის თანამშრომლისთვის დაახლოებით 300-400 ლარი, რაც წლის განმავლობაში, საერთო ჯამში 4,5 მლნ ლარია.