ნარმანიას მთავრობა - კომპეტენტური კადრები თუ დეკორაცია

ნარმანიას მთავრობა - კომპეტენტური კადრები თუ დეკორაცია

5 ვიცე-მერი, 10 გამგებელი, 12 საქალაქო სამსახურის და ერთიც ადმინისტრაციის უფროსი. თბილისის მთავრობა დამტკიცებულია. დედაქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკრებულოში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში უსმენდნენ. საბოლოო გადაწყვეტილება უმრავლესობამ მიიღო. ოპოზიციის ნაწილმა დავით ნარმანიას მთავრობას სრული უნდობლობა გამოუცხადა, ნაწილმა კი საკუთარი ხმის მიცემით პასუხისმგებლობა მთავრობის მხოლოდ ცალკეულ წარმომადგენლებზე აიღო.

თბილისის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი გახდა, რომელიც დედაქალაქის მთავრობაში ცენტრალური მთავრობიდან - კულტურის მინისტრის მოადგილის გამოცდილებით - მივიდა. დავით ნარმანიას მარგიშვილის გარდა კიდევ ოთხი მოადგილე ჰყავს. აქედან სამი პირველი ვიცე-მერის მსგავსად მინისტრის მოადგილის გამოცდილებას ფლობს - გიორგი ხელაია მოქმედ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა; გიორგი სოლომონია - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ხოლო, ალუდა გოგლიჩიძე მოადგილედ განათლების სამინისტროში მუშაობდა. ნარმანიას კიდევ ერთი მოადგილე ნინა ხატისკაცია, რომელიც საზოგადოებას არასამთავრობო სექტორში აქტიურობით ახსოვს.

თბილისის მერის მოადგილეების გარდა საკრებულომ ასევე დაამტკიცა თბილისის რაიონების გამგებლები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და საქალაქო სამსახურების პირველი პირები.

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დეპუტატებს მთავრობისთვის ნდობა არ გამოუცხადებიათ. სევდია უგრეხელიძე, რომელიც წინა მთავრობაში მერის მოვალეობას ასრულებდა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობის წევრობის კანდიდატებმა არაკომპეტენტურობა გამოავლინეს და მისი და მისი კოლეგების კითხვებს ვერ უპასუხეს.

„ვერ ერკვეოდნენ საკითხებში. ყველაფერზე პასუხს სცემდა პირადად ნარმანია. ჩვენ ამჯერად ნარმანიას არ ვირჩევდით, ის უკვე არჩეულია მერად. მისი მთავრობა კი არ იმსახურებდა ნდობას. ბევრ საკითხზე ნარმანიასაც მხოლოდ პოლიტიკური პასუხები ჰქონდა და აცხადებდა, აბა, თქვენ რა გააკეთეთო. ცხრა წელი, ცხრა წელიო, - გაიძახოდა. მაგალითად, იპოთეკარებს ჩვენ არ დავპირებივართ ვალების გასტუმრებას, იმიტომ, რომ ეს არ იყო რეალური, ჩვენ კი ცრუ დაპირებებს არ ვიძლევით. ვთხოვეთ, გამჭვირვალე ყოფილიყო მომავალი, სრულიად უსამართლოდ დანიშნული ატესტაცია მერიის თანამშრომლებისთვის - ამაზეც უარი მივიღეთ. საკრებულოს წევრებს მთავრობის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლება წაართვეს, ამასთან დაკავშირებით პოზიციის გამოხატვა ვთხოვეთ და ამაზეც უარი მივიღეთ უმრავლესობისგან“,- აცხადებს სევდია უგრეხელიძე.

მისივე თქმით, მთავრობისგან სათანადო პასუხები ვერ მიიღეს კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებითაც. უგრეხელიძე აღნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელი იყო წარსულში ნასამართლევი სოციალური სამსახურის უფროსად დამტკიცებული გელა ჩივიაშვილი და პირველი ვიცე-მერი.

„აგრესიული „პოსტებით“ არის ცნობილი ვიცე-მერი ბატონი მარგიშვილი, რომელიც, პრაქტიკულად, სამოქალაქო დაპირისპირების მთესველად მოგვევლინა - პოლიტიკური ნიშნით შურისძიებას უჭერს მხარს“, - აცახდებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი და აღნიშნავს, რომ დედაქალაქის მთავრობასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. იგი მუშაობაზე უარს არ ამბობს და თანამოაზრეებთან ერთად მთავრობის საქმიანობის გაკონტროლებას გეგმავს.

კენჭისყრის დროს მთავრობის წევრების ნაწილს მხარი არ დაუჭირა, ნაწილზე კი თავი შეიკავა ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელმა თამარ ცინცაბაძემ. დეპუტატი for.ge-სთან განმარტავს, რომ მთავრობის წევრობის კანდიდატებმა მისი ფრაქციის კითხვებს ვერ უპასუხეს.

„ვართ ოპოზიციური პარტია და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნამდვილად ვერ გავიზიარებთ დღეს მმართველობაში მყოფ გუნდზე. გარდა ამისა, წარმოდგენილ კანდიდატებს შორის იყვნენ პიროვნებები, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ძალიან მაღალ თანამდებობებს ფლობდნენ და მათი მუშაობა შეფასდა არადამაკმაყოფილებლად. დღეს კი წარმოდგენილნი არიან თბილისის მთავრობაში. მიგვაჩნია, რომ თბილისის მმართველობა არ არის თავშესაფარი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სხვა თანამდებობებზე ვერ გაამართლეს“, - აცხადებს თამარ ცინცაბაძე და აღნიშნავს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მთავრობა წარმატებული იყოს და მოსახლეობისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღოს.

სხვა ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებით მთავრობას ნდობა გამოუცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა სოსო მანჯავიძემ. საკრებულოს წევრი for.ge-სთან აცხადებს, რომ გაბუტვის ასაკიდან დიდი ხანია გამოვიდა და ფიქრობს, რომ გაბუტვას და ბოიკოტს ხშირ შემთხვევაში არანაირი შდეგი არ მოსდევს.

„მოქმედი საკრებულოს შემადგენლობაც და თბილისის ახალი მთავრობაც შეუდარებლად უკეთესია წინაზე. ბატონი ნარმანია უკვე ორი დღეა დადის საკრებულოში და ცდილობს მერიასა და საკრებულოს შორის კომუნიკაციის დამყარებას. ბატონი გიგი უგულავა კი სულ ერთხელ იყო ნამყოფი საკრებულოში. რამდენიმე საკითხი დავსვით სხდომაზე და მთავრობის წარმომადგენლებმა ყველა საკითხს გასცეს პასუხი. ნარმანია ნამდვილად „ფლობს საგანს“, კომპეტენტური და გამოცდილი მენეჯერია. ცდილობს, ყველა გადაწყვეტილება სამეცნიერო კვლევაზე დააფუძნოს, რაც კარგი პრეცედენტი და პრაქტიკაა“,- აცხადებს სოსო მანჯავიძე.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი განმარტავს, რომ ცალკეულ საკითხებზე თბილისის მთავრობისგან განსხვავებული პოზიცია აქვს და ამ საკითხებზე დისკუსია მომავალში გაგრძელდება.

„არის მაგალითად ქალაქის იერსახესთან დაკავშირებული თემები - რიყე, შუშის ხიდი, რომლებიც ესთეტურად მიუღებელი და ფუნქციურად გაუგებარია. ველოსიპედის კონსტრუქციის საკითხში კი უკვე დაემთხვა ჩვენი აზრები. დავით ნარმანია ამბობს, რომ ველოსიპედის გადატანა არ იქნება პრობლემა. ადგილი არ არის შერჩეული მაგრამ, იქ არ უნდა იყოს, სადაც არის. ეს არის სვლა არსაითკენ - ველოსიპედი ორი საწინააღმდეგო მიმართულებით ჩიხს განასახიერებს. არის ბევრი კონსტრუქცია, რომელიც ქალაქს არ სჭირდება, რადგან მხოლოდ სააკაშვილის სიშლეგის სიმბოლოა“,- აცხადებს მანჯავიძე და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ საკითხებში მთავრობასთან მწვავე ოპონირებისთვის მზად არის, რადგან კრიტიკა და ოპონირება საქმის კეთებისთვის აუცილებელიც კია.

თბილისის ახალი მთავრობის შესახებ დამოუკიდებელი პოზიცია გამოავლინა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა. მან მთავრობის წევრთა ნაწილს მხარი დაუჭირა და შეაქო კიდეც, ნაწილი კი მკაცრად გააკრიტიკა.

„მაგალითად, ეკოლოგიის სამსახურის უფროსად მხარი დავუჭირე ბიძინას, თბილისის ვიცე-მერად ნინა ხატისკაცს - დიდი ხანია ვიცნობ და დარწმუნებული ვარ გონიერი და მონდომებული გოგონაა. მხარი დავუჭირე მთაწმინდის გამგებელს გელა არჩვაძეს, საბურთალოს გამგებელს ბექა მიქაუტაძეს, რომელიც ჩემი კონკურენტის საარჩევნო შტაბის უფროსი იყო საბურთალოზე და ძალიან კორექტული ურთიერთობა გვქონდა. ვაკის გამგებლად მხარი დავუჭირე არჩევნებში ჩემს კონკურენტს გოგი ჭიჭინაძეს. ასევე ძალიან კარგი ბიჭია კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალიანი -საქმიანი და განათლებული პიროვნებაა და გამიხარდა, რომ ამ თანამდებობას დასთანხმდა.

ვერაფრით ვხვდები, რა დამსახურება აქვს ზაზა გაბუნიას საიმისოდ, რომ გამგებელი იყოს. ამ ასაკში თუ 200 პარტის გამოცვლაა დამსახურება, ძალიან ცუდი წახალისება იქნება. არ მესმის, რა კრიტერიუმით შეარჩიეს. მით უმეტეს, ისეთ რთულ და პრობლემურ რაიონში როგორიც ნაძალადევია. ასევე წინააღმდეგი წავედი ვიცე-მერის ალექსანდრე მარგიშვილის. მას კულტურის სამინისტროდან ვიცნობ და ყველა აღიარებს, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი სამინისტრო იყო, მინისტრის მოადგილე კი ამ პასუხისმგებლობას უნდა ინაწილებდეს“,- განუცხადა for.ge-ს ალექსანდრე ელისაშვილმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ 5 აგვისტოს თბილისის მთავრობა ნაჩქარევად დამტკიცდა, კანდიდატებს საკუთარი ხედვები არ წარმოუდგენიათ, ცალკეული პირები კი საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ დეკორაციის როლს ასრულებდნენ.

„რომ აღმოჩნდეს, რომ საკუთარ სფეროებში არც სთანადო ხედვა აქვთ და არც პოზიცია, მაშინ რა ვქნათ? ვთქვათ, რომ „ნიჩურტი“ გვქონდა დამტკიცების დროს-თქო, თუ როგორ იქნება ეს ამბავი?! ძალიან ნაჩქარევად დამტკიცდა მთავრობა“,-აცხადებს ელისაშვილი.

ოპოზიციონერი კოლეგების მოსაზრებებს არ ეთანხმება საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი რიმა ბერაძე. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი for.ge-სთან განმარტავს, რომ ოპოზიციამ არათუ მთავრობის დამტკიცების დროს, ჯერ კიდევ პირველივე სხდომაზე განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არაფერზე აიღებდა. შესაბამისად, მათი პოზიცია არ უკვირს და თბილისის მთავრობის წევრთა კომპეტენციაშიც არ ეპარება ეჭვი.

„თბილისის ახალ მთავრობას კომპეტენციის პრობლემა ნამდვილად არ აქვს. რამდენიმე უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატთან - სატრანსპორტო სამსახურის, გარემოს დაცვის, სოციალური და საფინანსო სამსახურების წარმომადგენლებთან წინა დღეს გამართულ განხილვებზეც იყო კითხვები და კანდიდატებმა თავად გასცეს პასუხები ამ შეკითხვებს“,- აცხადებს რიმა ბერაძე.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი კი აღნიშნავს, რომ მთავრობის წევრებისგან ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო. იგი სამთავრობო გუნდთან თანამშრომლობით მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას შესაძლებლად მიიჩნევს.

„2006 წლის შემდეგ, საკრებულოს წევრებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, მოესმინათ მთავრობის თანამდებობის პირებისთვის და დაესვათ მათთვის კითხვები. ამომწურავი ინფორმაცია მივიღე. მიპასუხეს, რომ ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის სტრუქტურიაზაცია იგეგმება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ აქამდე თავკომბალა სამსახური იყო ამ სფეროში, ახლა, რეალურად, სპორტს, ახალგაზრდობის მიმართულებას, განათლებას, კულტურას, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს საკუთარი ადგილი ექნება და შესაბამისი თემები აღარ დაკნინდება. იმედი გამიჩნდა, რომ მოწესრიგდება საბავშვო ბაღების საკითხი, ასევე ქალაქში გამოფენილი აბრების თემაც, რომელიც არ შეეესაბამება „რეკლამის შესახებ“ მოქმედ კანონს. ასეთი საგნობრივი საუბარი გვქონდა. ყველა კითხვაზე იყო პასუხი. ეს არის გუნდი, რომელსაც დავით ნარმანია ენდობა და ჩვენც გამოვუცხადეთ ნდობა. დარწმუნებული ვარ, საკრებულოსა და მერიას შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა შესრულდება“,- განუცხადა for.ge-ს თამარ ტალიაშვილმა.

უმრავლესობის წევრი დეპუტატი გელა ჩივიაშვილის საკითხსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩივიაშვილმა მის ნასამართლეობასთან დაკავშირებით საკრებულოში მასალები წარადგინა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც გადასცა.

„ძალიან ცოტა თუ დავობს იმაზე, რამდენად სანდო იყო ქართული მართლმსაჯულება, პოლიცია და პროკურატურა წინა წლებში. პირველი არ ვარ ვინც ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის მართლმსაჯულებაზე ბევრი კითხვა არსებობს“, - აცხადებს ტალიაშვილი.