სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა - გამოძიება გრძელდება

სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა - გამოძიება გრძელდება

ექსპრეზიდენტს ბრალი დაუმძიმდა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სისხლის სამართლის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, პასუხისგებაში მიცეა ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი. წარდგენილი ბრალი 3 დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. ამ საქმეზე 333-ე მუხლის მესამე ნაწილით 2014 წლის 24 აპრილს პასუხისგებაში მიეცნენ სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძე, მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა.

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი საქართველოს პროკურატურის მიერ სრულად გახსნილად გამოცხადდა. მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“.

სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. პარლამენტარმა ამავე სტატიაში  შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის პირადი ცხოვრების შესახებ.

გამოძიების მტკიცებით, „სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა შს იმჟამინდელ მინისტრს ვანო მერაბიშვილს.

დავალების მიღების შემდეგ მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სოდ-ის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ საააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 14 ივლისს. კერძოდ, სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანმხლებ პირებს.

ერეკლე კოდუას დავალებითა და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, რომელიც დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სასტიკად ცემეს. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ქალა-ტვინის ტრამვა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ზედა და ქვედა ყბის ძვლების მოტეხილობა.
ვალერი გელაშვილის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2005 წლის 14 ივლისს, თუმცა საქმის გამოძიებისთვის და თავდამსხმელთა იდენტიფიცირებისთვის არ განხორციელებულა არცერთი ქმედითი საგამოძიებო მოქმედება“.

საქმეზე დაზარალებულად ცნობილი, პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის მთავარი იყო მიხეილ სააკაშვილისთვის ოფიციალურად წაეყენებინათ ბრალი. გელაშვილის, თქმით თავდასხმიდან ორი თვის თავზე იცოდა, რომ ორგანიზატორები იყვნენ ექსპრეზიდენტი და შს ყოფილი მინისტრი, ხოლო შემსრულებელი ერეკლე კოდუა.

„ჩემთვის ახალი არ იყო. თავად „ნაციონალებისთვისაც“ იყო ცნობილი, რომ ჩემი ცემა სააკაშვილის ორგანიზებულია. ველოდი, რომ ბრალს წაუყენებდნენ სააკაშვილი. რაც შეეხება

ირაკლი კოდუას, მას ანგელოზი ჰგონია თავი, მაგრამ ყაჩაღი და კრიმინალია. მთელმა საქართველომ იცის ვინ არიან ესენი. კოდუამ ჯობია აღიაროს დანაშაული, რაც ჩაიდინა და ოფიციალურად ვაცხადებ, რომ პრეტენზია არ მექნება, ამას ოფიციალურად დავწერ პროკურატურაში.

პრეტენზიები მაქვს სააკაშვილის მიმართ და არა შემსრულებლის მიმართ. ამიტომ, ჯობია, რომ კოდუამ თავი კი არ იმართლოს, არამედ აღიაროს რაც ჩაიდინა. მანქანაში იჯდა და იქიდან აკვირდებოდა სპეცოპერაციას, ამას ჰყავს თვითმხილეველები, არსებობს სატელეფონო საუბრის ამონაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ კოდუა იქ იყო. ყველანაირი მტკიცებულებაა კოდუას წინააღმდეგ, რომ იქ იყო“, - აცხადებს გელაშვილი.

ამ სისხლის სამართლის საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილია, რომელიც პროკურატურამ რამდენჯერმე დაკითხა. ოქრუაშვილი თავის ჩვენებაში წერს, რომ თავდასხმა სააკაშვილის კაბინეტში დაიგეგმა და წინააღმდეგი მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილი იყო. ამ ინფორმაციას გელაშვილი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ სააკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრის დეტალები წყარომ აცნობა, რომლის ვინაობის დასახელებას საჯაროდ წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ აპირებს.

„ვიცი, რომ ოქრუაშვილმა სააკაშვილს შესთავაზა, მოეძებნა კაცი, რომელიც დამელაპარაკებოდა და ასე მოვაგვარებდით ჩვენს შორის არსებულ დაპირისპირებას. მაგრამ, სააკაშვილი გაბრაზებული იყო, რაც დავუწერე გაზეთში, ჩემს სახლთან დაკავშირებით და ჩემზე შური იძია. თავდასხმა დაუკვეთა მერაბიშვილს, რომელმაც კოდუას დაავალა. ვიმეორებ, რომ კოდუა არის შემსრულებელი“, - განმარტავს ვალერი გელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ვალერი გელაშვილს ამ დრომდე პროკურატურის მიერ გამოყოფილი დაცვა იცავს. დაცვის გამოყოფის თხოვნით პროკურატურას დეპუტატმა მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიმართა. როგორც გელაშვილმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, როგორც კი მოიხსნება საფრთხის არსებობა, დაცვა მოეხსნება.

„სააკაშვილის მხრიდან არსებობდა შურისძიების მცდელობის საფრთხე. რა თქმა უნდა, დაცვა რომელიც სახელმწიფომ გამომიყო, ამ დრომდე მიცავს. სააკაშვილისგან ყველაფერი მოსალოდნელია და შეუძლია ნებისმეირ დროს აღასრულოს შურისძიება, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნება. როცა შეატყობს პროკურატაურა, რომ საფრთხე არ არსებობს, მომეხსნება დაცვა.

ქართველი ხალხის ხარჯზე დიდი ფული წაიღო საქართველოდან. აქვს საშუალება, რომ ეს თავდასხმა დაგეგმოს და განახორციელოს. სპეცსამსახურებში დარჩენილი არიან ადამიანები, რომელიც მის დავალებას შეასრულებენ. ჩემს მიმართ გრძელდება თვალთვალი. ცდილობენ კომპრომატი მოიპოვონ ჩემს შესახებ, მათი ეს მცდელობა დაფიქსირებული მაქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერი გელაშვილმა.