საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, სექტემბერში შეიცვლება უშიშროების საბჭოს ფუნქცია და სხვა სახე ექნება. თუმცა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები აცხადებენ, კომისიის მუშაობის პერიოდში განხილული არ ყოფილა - რა უფლებამოსილელები უნდა ჰქონდეს უშიშროების საბჭოს, უნდა დარჩეს თუ არა იგივე ფორმულირება როგორც დღეს არის. უშიშროების საბჭოს ფორმატის შესაძლო შეცვლა შეუძლებლად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს.
ირაკლი ღარიბაშვილი კი მიიჩნევს, რომ მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ბალანსი მაქსიმალურად უნდა გასწორდეს. პრემიერი ამბობს, რომ კონსტიტუციაში არის ბევრი ბუნდოვანი ჩანაწერი და საჭიროა მისი გამოსწორება. უკვე შექმნილია სახელმწიფო კომისია, რომელიც მუშაობს იმ ხარვეზების გამოსწორებაზე, რაც აღმოჩენილია კონსტიტუციაში. ღარიბაშვილის განმარტებით, წლის ბოლომდე იქნება საბოლოო დოკუმენტი, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის მთავარი კანონი, კონსტიტუცია.
„განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელმაც ხელი შეუწყო ბალანსის აღდგენას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და გააძლიერა პარლამენტის უფლებამოსილებები. თუმცა, ბოლო დროს ნათალად გამოჩნდა, რომ კონსტიტუციის დღევანდელი მოდელი საჭიროებს გადახედვას.
სწორედ ამისათვის შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც გამოასწორებს დღეს არსებულ ხარვეზებს და გამორიცხავს კონკრეტული პოლიტიკური ძალისათვის მორგებულ დებულებებს. ქვეყანას ბოლოს და ბოლოს ექნება კონსტიტუცია, რომელიც ფართო კონსენსუსის გზით იქნება მიღებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, ხელისუფლება ახორციელებს რეფორმებს სასამართლოს დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნითაც. ღარიბაშვილი აქვე განმარტავს, რომ ამ რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდა ხელისუფლების წნეხისაგან. მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, რომ სასამართლო პროცესი იყოს გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იყოს მხარეთა თანასწორობის მაღალი ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო კომისია მუშაობს კონსტიტუციის მუხლების დახვეწაზე, რომელიც წლის დასაწყისიდან დაიწყო და მას სათავეში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უდგას.
ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, სექტემბერში შეიცვლება უშიშროების საბჭოს ფუნქცია და სხვა სახე ექნება.
კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ძაბირაძე რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კომისიაში განხილული არ ყოფილა - რა უფლებამოსილელები უნდა ჰქონდეს უშიშროების საბჭოს, უნდა დარჩეს თუ არა იგივე ფორმულირება როგორც დღეს არის.
„არსებულ კონსტიტუციაში საუბარია, რომ შემადგენლობას განსაზღვრავს პრეზიდენტი და სრულიად გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ლაპარაკი, მითუმეტეს მსჯელობაც კი არ ყოფილა ამის შეცვლაზე. არსებობს მოსაზრება, რომ უშიშროების საბჭო დარჩეს პრეზიდენტთან და ამას აქვს თავისი არგუმენტები. ეს არის განსახილველი და შესაჯერებელი საკითხი. კონსტიტუცია უნდა იყოს მთლიანი ორგანიზმი, რომელიც ერთმანეთს აწონასწორებს და სინქრონულად მუშაობს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მივიღებთ ისეთ სიტუაციას, როგორიც დღეს გვაქვს პრეზიდენტისა და პრემიერის უფლებამოსილებებს შორის. ფანჯიკიძე ალბათ როგორც მთავრობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს მთავრობის დაქვემდებარებაში, რომელსაც თავისი არგუმენტაცია გააჩნია, მაგრამ არსებობს მეორე მხარე, რომელიც თვლის, რომ ერთი პირის ხელში მთელი ძალაუფლების კონცენტრაცია არ შეიძლება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
უშიშროების საბჭოს ფორმატის შესაძლო შეცვლა შეუძლებლად მიაჩნია გიორგი მარგველაშვილს. პრეზიდენტის განცხადებით, საბჭოს ფორმატის ცვლილების რაიმე მონახაზიც კი მისთვის რეალობასთან დაკავშირებული არაა, რადგან ის კონსტიტუციის ცვლილებას უკავშირდება.
„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უშიშროების საბჭო მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს. ესაა განსაზღვრული არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, რომელიმე პოლიტიკოსის ან მინისტრის შეხედულებისამებრ, არამედ ის მუშაობს ისე, როგორც საზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს კონსტიტუცია ექსკლუზიურად საზღვრავს ამ ორგანოს არსებობას, როგორც პრეზიდენტის სათათბიროს ორგანოს, რომელსაც თავმჯდომარეობს პრეზიდენტი.
ამ მიმართულებით ცვლილებები შეუძლებელია, რადგან ესაა დაფიქსირებული კონსტიტუციაში. ჯერჯერობით არ მომისმენია არავითარი არგუმენტი უშიშროების საბჭოს ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მთავრობას, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ბალანსი მაქსიმალურად უნდა გასწორდეს, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში არის ისეთი შეუსაბამობები, რაც უნდა გასწორდეს.
„საკითხი დგას არა ცალკეული მუხლების შეუსაბამობაზე, არამედ მთლიად კონცეფტუალურ გააზრებაზე. ბუნებრივია, რომ მთლიანად იქნება გადახედილი კონსტიტუცია. მითუმეტეს, რომ ბოლო პერიოდში პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული ურთიერთობები საზოგადოებაში და მედიაში გარაკვეულ რეზონანსს იწვევს.
გასაგებია, რომ კონსტიტუციაში არის მომენტები, რომელიც შეუსაბამოა, თუმცა არც პრეზიდენტი და არც პრემიერი ჯერჯერობით არ ლაპარაკობენ იმაზე, როგორი უნდა იყოს. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ გადასახედია, რაშიდაც შეუძლებელია არ დაეთანხმო მათ. ამიტომაც შეიქმნა ეს კომისა, მაგრამ როგორი იქნება გადახედვის შემდეგ კონსტიტუცია და რა მოდელს მოვიღებთ, ეს ჯერჯერობით არაა ჩამოყალიბებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ კარგი იქნებოდა პრემიერ-მინისტრს აეხსნა რაში გამოიხატება დაუბალანსებლობა, რომელიც ხელს უშლის მთავრობას სახელმწიფოს ფუნქციონირებაში.
„შეიძლება ვინმეს მართლა სურს კონსტიტუციური ცვლილება, მაგრამ რამდენიმე რამე უნდა გაითვალისწინონ, პირველი - საკონსტიტუციო პროცესი არაა ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც შენს უმრავლესობას ეტყვი და 76 ხმით გაიტან - არა, რადგან ამას დროითი ზღუდეებიც აქვს, სახალხო განხილვებიც უნდა მოჰყვეს და შემდეგ პარლამენტში უნდა წარიმართოს მსჯელობა.
შექმნილი საკონსტიტუციო კომისიისთვის განსაზღვრული იყო ვადა 1-ლი სექტემბერი, მაგრამ ელემენტარული ჩანაწერიც კი ვერ მოიძებნება, რომელიც ამხელა კომისიამ შექმნა და დარწმუნებული ვარ, რომ ვერც შექმნის. სწორედ იმიტომ ვერ შექმნის, რომ 2 დღის წინ პარლამენტმა კომისიას გადაუვადა ვადა. 2015 წლის 1 მარტამდე უნდა წარადგინონ პროექტი. რაც ასევე არ მოესწრება და რომც მოესწროს, ამას უნდა მოჰქვეს 6-თვიანი განხილვა. გადავთვალოთ 6 თვიანი ვადა და მივდივართ წინასაარჩევნო პერიოდთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.