ქვეყნის პირველი მოსამართლე, შესაძლოა, ირინა იმერლიშვილი გახდეს

ქვეყნის პირველი მოსამართლე, შესაძლოა, ირინა იმერლიშვილი გახდეს

საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მიხედვით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს პრეზიდენტის წარსდგინებითა და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი ირჩევს 10 წლის ვადით. მოქმედ თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს 10 წლიანი ვადა 2015 წლის 23 თებერვალს ეწურება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან განსხვავებით, კონსტიტუცია კუბლაშვილს არ უზღუდავს მეორე ვადით სასამართლოს ხელმძღვანელად გამწესებას, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლება ამ თანამდებობაზე კუბლაშვილის კანდიდატურას არ წარადგენს.

For.ge-ს ინფორმაციით ამ თანამდებობაზე ორი კანდიდატურა განიხილება, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გენერალი, ირინა იმერლიშვილი და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა. კულუარებში ამბობენ, რომ ხელისუფლება არჩევანს ირინა იმერლიშვილზე გააკეთებს. რომელმაც „რესპუბლიკური პარატიიდან“ „ქართული ოცნებაში“ გადაინაცვლა.

ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მედიატორის როლს ასრულს. პრეზიდენტს არწმუნებს, რომ არ გაამწვავოს ვითარება აღმასრულებელი ხელისუფლების პირველ პირთან. უშიშროების საბჭოს მდივანი ასევე ესწრება პოლიტსაბჭოს სხდომებსაც.

უშიშროების საბჭოში არ ადასტურებენ იმერლიშვილის დაწინაურებას და აცხადებენ, რომ მოქმედი თავმჯდომარე არის კოტე კუბლაშვილი, რომელსაც საკონსტიტუციო ვადა ამოწურული არ აქვს.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის ყოფილი თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას - განმარტავს, რომ უზენაესი სასამრთლოს თავამჯდომარე უნდა იყოს იურისტი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური. მისი თქმით, ეს სამივე თვისება ადამიანმა უნდა გამოამჟღავნოს მას შემდეგ, რაც ის ამ თანამდებობაზე დაინიშნება და პოზიტიურია, როდესაც ქვეყნის პირველი მოსამართლე არაა პოლიტიკური ფიგურა. რაც შეეხება საკუთარ კანდიდატურას, ტურავას თქმით, მასთან ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.

„კონკრეტული საუბარი ჩემთან არ ყოფილა. არ დაგიმალავთ, რომ მეც მოვკარი ყური პოლიტიკოსების განცხადებას, მაგრამ შემოთავაზება იმ პირებისგან, ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები, არ ყოფილა. ვერაფერს გეტყვით, შიგნით რა საუბრები მიდის, ამ საკითხზე არ მიფიქრია.

ვისურვედი, რომ ისეთი პიროვნება გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც იქნება დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი, რომელიც მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. რაც შემეხება მე და ჩემს დამოუკიდებლობას, ეს შეუძლია განსაჯონ პროკურორებმა და ადვოკატებმა, რომლებიც ჩემს პროცესებში ღებულობდნენ მონაწილებას მთელი 7 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მერაბ ტურავამ.

ექსპერტები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის პირველი მოსამართლე გახდეს არა პოლიტიკოსი, არამედ იურისტი, რომელიც არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ძალასთან, როგორც ეს კოტე კუბლაშვილის შემთხვევაში მოხდა.

ვინ გახდება ქვეყნის პირველი მოსამართლე, ყველა ქვეყანაში ამას ის პოლიტიკური ძალა წყვეტს, რომლის ხელშიც არის საპარლამენტო უმრავლესობა. სხვა ქვეყნის გამოცდილებას თუ გავითავლისწინებთ, სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნული პირი, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდება, ტოვებს პოლიტიკურ პარტიას, რომ არ იყოს ამ პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებელი სასამართლო ხელისუფლებაში.

იურისტი გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ როდესაც პრეზიდენტის წარსდგინებით პარლამენტი ირჩევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თავისთავად, ის უკვე არის ანგარიშვალდებული უმრავლესობის წინაშე. მისი განმარტებით, აქ უფრო პიროვნულ თვისებებს აქვს მნიშვნელობა.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წმინდა მენეჯერია, რომელმაც უნდა გაატაროს სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პოლიტიკა. თუ ეს პიროვნება (არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება) წინა პლანაზე აყენებს საქმეს, დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას და არაპარტიულობას, ასეთი შეიძლება იყოს პარტიის წარმომადგენელი და ასეთი შეიძლება იყოს წმინდა პროფესიული წრეებიდანაც არჩეული. ამიტომ, მხოლოდ ის, რომ პარტიულია და არ შეიძლება მისი წინა პლანზე წამოწევა, არაა არგუმენტი. პარტიულია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ის მშვენივრად ახერხებს ნეიტრალურობის შენარჩუნებას, მიუხედავად იმისა, რომ არის „რესპუბლიკური პარტიის“ სახე. თავისუფლად შეიძლება ეს ითქვას დავით ბაქრაძეზეც.

ასეთი ტიპის ფიგურები თუ იქნებიან, რომლებიც საკუთარ თავს დაავალებენ პროფესიული ნიშნით საქმის წარმართვას, მაშინ ნებისმიერი ასეთი პიროვნება მისაღებია, მაგრამ ისეთი პარტიული აქტივისტები, როგორც ერთი მხრივ, არის კანდელაკი, დარჩიაშვილი და მეორე მხრივ - საგანელიძე, ვოლსკი, ქუცნაშვილი თუ სხვა აქტივისტები, ასეთი ფიგურა, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლეიშვილი.