გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში უშიშროების საბჭო პირველად ნატოს უელსის სამიტთან დაკავშირებით შეიკრიბა. საბჭოს წევრებმა სექტემბერში დაგეგმილი სამიტისთვის საქართველოს მზაობაზე იმსჯელეს და უახლოეს მომავალში შესასრულებელი სამუშაოებიც დაგეგმეს. საბჭომ პრეზიდენტს კონკრეტული რეკომენდაცია ავღანეთში გასაგზავნ ქართულ სამხედრო მისიასთან დაკავშირებითაც მისცა.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე განხილულ საკითხებსა და უწყების საქმიანობასთან დაკავშირებით For.ge უშიშროების საბჭოს მდივანს ირინე იმერლიშვილს ესაუბრა.
ირინე იმერლიშვილი: უაღრესად დიდი მუშაობა აქვს გაწეული თითოეულ მინისტრს, ზოგადად, საქართველოს მთავრობას იმ პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე დაანონსებულია და უნდა მიიღოს საქართველომ ნატო-ს სამიტზე. შესაბამისად, აუცილებელი იყო ამ კონტექსტში პრეზიდენტის ჩართულობა. ვისაუბრეთ როგორც გაწეულ სამუშაოებზე, ისე სამომავლო გეგმებსა და მოლოდინებზე. ვიმსჯელეთ იმის შესახებ, თუ რით უნდა შეივსოს ეს პაკეტი. რა მოლოდინები და სურვილები გვაქვს, ერთი მხრივ, ჩვენ და, მეორე მხრივ, როგორი შეიძლება იყოს ნატო-ს წევრი ქვეყნების განწყობები. საუბარია, როგორც, ზოგადად, ნატო-ზე, ისე ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ცალ-ცალკე ურთიერთობაზე - ორმხრივ მოლაპარაკებებზე. დიდი სამუშაოებია მომავალშიც გასაწევი.
უშიშროების საბჭომ პრეზიდენტს ურჩია, საქართველოს პარლამენტს გაუგზავნოს წინადადება, ავღანეთში ჩვენი სამხედრო მისიის 750 კაცამდე შემცირებასთან დაკავშირებით. თუკი პარლამენტი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ახალი წლიდან, სწორედ, ამდენი ჯარისკაცით განისაზღვრება ჩვენი კონტიგენტი. სამხედრო მისია რომ შემცირდეს, პარლამენტმა გადაწყვეტილება, დაახლოებით, ოქტომბერში უნდა მიიღოს.
გადაწყვეტილია, რომ უელსის სამიტზე საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. თუ არის უკვე ცნობილი, როგორი იქნება დელეგაციის შემადგენლობა, ვინ წავა გიორგი მარგველაშვილთან ერთად ნატო-ს სამიტზე?
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგრეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში. უშიშროების საბჭოს სხდომაზეც, სწორედ, ეს ადამიანები იყვნენ მთავარი მომხსენებლები. დელეგაციაში ასევე იქნება ნატოში საქართველოს წარმომადგენელი და ვიქნები მე.
ბოლო რამდენიმე თვეა, მუდმივად არის საუბარი იმის შესახებ, რომ ნატო-ს უელსის სამიტზე საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმას არა, მაგრამ პროგრესს ელოდება. სექტემბრის მოახლოებასთან ერთად ხომ არ შეიცვალა ამ კუთხით რამე. თუ შეგიძლიათ, გვითხარით, რა იქნება პროგრესი?
- მე ვფიქრობ, რომ ის ახალი პაკეტი, რომელზეც არის საუბარი, საქართველოს სჭირდება სწორედ იმიტომ, რომ მისი უსაფრთხოება იყოს უფრო მეტად დაცული. ამჯერად, სწორედ, ამაზეა საუბარი, რომ ამ პაკეტში, რაც შეიძლება მეტი რამ იყოს ჩადებული - რისი შესაძლებლობაც არსებობს. იმის გათვალისწინებით, რისი მოლოდინი გვაქვს ჩვენ და რისთვის არიან მზად ნატო-ს წევრი ქვეყნები.
ნატო-ს, როგორც სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციას, პარტნიორ ქვეყნებთან უშუალოდ სამხედრო საკითხების გარდა აქვს კონკრეტული მოთხოვნებიც - ანგარიშს უწევს პოლიტიკურ საკითხებს და დემოკრატიის განვითარების მაჩვენებელს. ამ მხრივ, რამდენად არის მზად საქართველო ნატო-სთან მეტად დაახლოებისთვის?
- ერთმნიშვნელოვნად, ყველა მხრიდან არის დაფიქსირებული საქართველოს პროგრესი - ეს ეხება ადამიანის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას. და, რაც მთავარია, პროგრესი გვაქვს თავდაცვის სფეროში - წარმატებული რეფორმების სახით. თავდაცვის სფეროში საქართველო ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადია.
როგორ ფიქრობთ, იქონიებს თუ არა გავლენას ნატო-ს პოზიციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები, მისთვის ბრალის წაყენება?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პროკურატურა მყარი მტკიცებულებებით წარდგება საქართველოს სასამართლოს წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებების ერთობლიობაზე დამყარებულ დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას.
ეს პრინციპი მნიშვნელოვანია ყოველთვის, ყველა ჯერზე, როცა სასამართლოში ნებისმიერი ადამიანის საქმე წარსდგება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ეს პოლიტიკური თანამდებობის პირს ეხება. ქვეყანაში, ერთი მხრივ, ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები და ასევე მაღალ რანგში უნდა იყოს აყვანილი კანონის უზენაესობა. ნებისმიერი თანამდებობის პირს ნებისმიერ დროს უნდა ახსოვდეს, რომ თუ ის ჩაიდენს დანაშაულს, აუცილებლად მოეკითხება ამის გამო. ვიმედოვნებ, სასამართლოს გადაწყვეტილება პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც შეიძლება გაუჩნდეთ ადამიანებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
თვეების წინ ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა არაერთი კოლექტიური განცხადება შეიმუშავეს და აშშ-ის პრეზიდენტს მიმართეს, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ საქართველო მალე გაწევრიანებულიყო ნატო-ში. ამჯერად სენატორების ნაწილი ღია წერილებს სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების თემაზე წერს. კონკრეტული სენატორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები არიან. გამორიცხავთ, რომ ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია შეიცვალოს?
- ყველა ჩვენი მოკავშირე, მათ შორის ნატო, აღნიშნავდა და აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს ქვეყანას და არა რომელიმე მთავრობას. ეთანამშრომლება არა მთავრობაში მყოფ რომელიმე პირს, არამედ, სახელმწიფოს. ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარება. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ ამერიკის შეერთებული შატატების მიდგომა შეიცვლება. ისინი გააგრძელებენ მხარდაჭერას საქართველოს და არა ჩვენი, ან წინა მთავრობის მიმართ.
პოლიტოლოგთა ნაწილი აცხადებს, რომ დღეს უშიშროების საბჭო არ არის ისეთი წონადი ორგანო, როგორც ეს იყო თუნდაც გიგა ბოკერიას დროს. რა არგუმენტები გაქვთ მათ წინააღმდეგ და რა გეგმები და პრიორიტეტები აქვს ირინე იმერლიშვილის უშიშროების საბჭოს?
- ერთგვარად ვეთანხმები ამ პოლიტოლოგებს, თუმცა, ეს არ არის გამოწვეული იმით, რომ უშიშროების საბჭოს აპარატი დღეს სათანადოდ ვერ მუშაობს. ეს არც პერსონებზეა დამოკიდებული. შეიცვალა საქართველოს კონსტიტუცია. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ძალაში შევიდა კონსტიტუციის რედაქცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტი, იმავდროულად, აღარ გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, როგორც ეს იყო წინა კონსტიტუციაში. შესაბამისად, მისი კომპეტანციაც განისაზღვრა სხვა ტიპის გადაწყვეტილებების მიღებით. საქართველოს პრეზიდენტი არის ჩართული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისაღებია უმაღლესი პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ის აღარ არის ჩართული ყოველდღიურ აღმასრულებელ რუტინაში.
შესაბამისად, თუ არის მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ადის პრეზიდენტის დონეზე, ის კრებს უშიშროების საბჭოს და იღებს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს. ასეთია, მაგალითად, საომარი მდგომარეობის გამოცხადება, საგანგებო მდგომარეობა, უცხო ქვეყნის კონტიგენტის ჩვენს ტერიტორიაზე შემოყვანა ან პირიქით - ჩვენის გაყვანა; თვითმმართველობებში პირდაპირი მმართველობის შემოღება; სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრა და ა.შ. სხვა შემთხვევაში კი მას უშიშროების საბჭოს შეკრება და კონსულტაცია აღარ სჭირდება.