მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების გამო ცალკეულ სენატორთა (ჯონ მაკკეინი, ბენ კარდინი, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში) მხრიდან გამოთქმული უკიდურესი შეშფოთების ტალღა ჯერ გადავლილი არ იყო, როცა სულ რაღაც ორიოდე დღეში ამერიკელმა კანონმდებლებმა თავადვე დაამტკიცეს კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც კონგრესს პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ საქმის აღძვრა შეუძლია.
„რესპუბლიკელი“ კანონმდებლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ობამამ უფლებამოსილებას გადაამეტა და კანონი დაარღვია, როცა 2013 წელს კონგრესის თანხმობის გარეშე, ხელი მოაწერა ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების კანონს.
ქართველების გადმოსახედიდან, პრეზიდენტ ობამას ეს ადმინისტრაციული კანონდარღვევა არაფერია ყოფილ პრეზიდენტ საკაშვილის სისხლის სამართლებრივ ბრალეულობასთან შედარებით, რომელსაც რატომღაც ცალკეული კონგრესმენები „გაგებით ეკიდებიან“. საინტერესოა, რას მოასწავებს ეს ორმაგი სტანდარტი, როცა ამერიკელები თავიანთ პრეზიდენტებს ყოველ ჯერზე იმპიჩმენტს უწყობენ, ხოლო სხვა ქვეყნის პრეზიდენტთან მიმართებით დიდსულოვნებას მოითხოვენ?!
ამერიკის პრეზიდენტების ბიოგრაფი, ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ალან ლიხტმანი ფიქრობს, რომ კონგრესის გადაწყვეტილება აშკარად პოლიტიკურადაა მოტივირებული და ეს პოლიტიკური მანევრი, საპასუხო ცეცხლია, ზუსტად ისეთი, როგორიც 90-იან წლებში ბილ კლინტონის იმპიჩმენტი იყო.
სხვათა შორის, ობამას ქმედებების შემზღუდავი კანონპროექტის დამტკიცების დღე კონგრესში ძალზე ემოციურად წარიმართა. პალატის „რესპუბლიკელი“ წარმომადგენლები ობამას აკრიტიკებდნენ, რადგან პრობლემების გადასაწყვეტად აუცილებელი ზომების გატარება გახდა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტი ობამა მათ დაუკითხავად მიიღებდა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა იმიგრაცია და ჯანდაცვა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, „რესპუბლიკელი“ ჯონ ბეინერი ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ საქმის აღძვრა პარტიული ნიშნით არ ხდებოდა და მიზანი იყო, აშშ-ის კონსტიტუცია დაეცვათ ძალაუფლების გადამეტებისგან, რომელსაც ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მიმართავდა. „გაქვთ სურვილი, რომ რომელიმე პრეზიდენტს მიანიჭოთ უფლება, თავად გადაწყვიტოს, რომელი კანონი დაამტკიცოს და რომელი შეცვალოს? მისცემთ ვინმეს უფლებას, დაანგრიოს ის საძირკველი, რომელიც დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს?“ - მკაცრად აყალიბებდა პოზიციას ბეინერი.
თუმცა „დემოკრატი“ კანონმდებლების უმრავლესობა პრეზიდენტ ობამას წინააღმდეგ კანონის მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და მას შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ რეზოლუციად მიიჩნევდა. თავად პრეზიდენტი ობამა ამ რეზოლუციამ ხუმრობის ხასიათზე დააყენა - „რესპუბლიკელები“ დროს ფუჭად კარგავენ და აგვისტოს არდადეგებამდე დარჩენილ ორიოდე დღეს ტყუილად აცდენენ“.
დასავლეთის ორმაგი სტანდარტების შესახებ თავისებური აზრი აქვს ყოფილ პოლიტპატიმარს, სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას. მისი აზრით, მარტო ამერიკაში კი არა, ნებისმიერ ქვეყანაში სენატორები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. რუმინეთის პრეზიდენტ ბასესკუს წინააღმდეგაც რუმინეთის სენატმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე კორუფციისა და სამსახურეობრივი მოვალეობის გადაჭარბებისთვის. ამ დროს კი ზოგიერთები უცხოეთში სააკაშვილის დამცველებად გვევლინებიან. თუმცა, ამის მიუხედავად, ამერიკის მთავრობა სააკაშვილს თავშესაფარს არ მისცემს, რადგან ამერიკაში არ არსებობს ამის პოლიტიკური პრეცედენტი. სააკაშვილს კი არა, ამერიკამ გაცილებით უფრო ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორს, ირანის შაჰს - მუხამედ ფეხლევს არ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი, რომელიც რევოლუციის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა და კიბოს მძიმე სტადიაში იყო, ბოლოს იგი ეგვიპტის პრეზიდენტმა სადათმა შეიფარა.
მაისაიას თქმით, ამერიკელები თავშესაფარს არ აძლევენ სისხლის სამართლის დამნაშავეებს. მართალია, სენატორთა უმცირესობა თავს იკლავს სააკაშვილისთვის, მაგრამ გაცილებით უფრო საინტერესოა მით რომნის პოზიცია, რომელიც „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია, ვიდრე „მაკკეინის და სხვა მარგინალი, წარსულში მყოფი“ პოლიტიკოსების შეფასებები. ამ დროს კი მით რომნი დუმს, ისევე, როგორც ჰილარი კლინტონი და პრეზიდენტ ბუშის უმცროსი ძმა, რომელიც მომავალი ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატია.
„ბოლოს და ბოლოს, ამერიკის რამდენიმე კონგრესმენმა თავის დროზე გიტლერს დაუჭირა მხარი, სომოსას უჭერდნენ მხარს და პინოჩენტს. ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა. ზოგი მხარს უჭერს ეშმაკს, ზოგი - ღვთის წარგზავნილს. გიგა ბოკერიამ 18 მილიონი დოლარი დახარჯა ლობისტური საქმიანობისთვის, ამიტომ უფრო ის მიკვირს, რატომ ბევრი კონგრესმენი არ გამოექომაგა სააკაშვილს? რაც შეეხება ობამას, მას არ აქვს სისხლის სამართლის დანაშაულზე ბრალი წაყენებული. უბრალოდ, რამდენიმე სენატორი თუ კონგრესმენი აპირებს მისი იმპიჩმენტის დაწყებას. ასეთი იმპიჩენტი იყო ბილ კლინტონის სექსუალურ სკანდალთან დაკავშირებითაც. კენედისთვისაც აპირებდნენ იმპიჩმენტის წაყენებას კუბის კრიზისთან დაკავშირებით. ნიქსონს უფრო ჰქონდა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, ვიდრე ობამას ან კლინტონს.
ბუშის წინააღმდეგაც იგეგმებოდა გარკვეული იმპიჩმენტის პროცესის დაწყება ერაყთან მიმართებით. ნიქსონის შემთხვევაშიც იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან მის დროს ხდებოდა ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის მოსმენა, რაც კანონდარღვევა იყო, თუმცა ის ვერ შეედრებოდა სააკაშვილის სისხლის სამართლის დანაშაულს მარტო მოსმენების კონტექსტში. ობამას გადაცდომა ჰქონდა თუ არა, ამას ამერიკის კანონმდებლობა დაარეგულირებს. ობამას რეიტინგი საკმაოდ სტაბილურია, ეფექტურ პრეზიდენტად ითვლება და კარგად აბალანსებს საგარეო პოლიტიკურ თემატიკას. ამიტომ ეს მხოლოდ კონგრესმენთა მცდელობაა, რომ ობამას მიუთითონ, მეტი ყურადღება გამოიჩინოს კონგრესმენების მიმართ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში და განმარტავს, რომ ობამას და ბუშ-უმცროსს სისხლიანი მეთოდებით არ დაურბევიათ მშვიდობიანი მიტინგები, არ მოუხდენიათ სახელმწიფო გადატრიალება, არ ჩამოუყალიბებიათ სამხედრო ხუნტა. მიხეილ სააკაშვილმა კი ჩამოაყალიბა სამხედრო ხუნტა, ლათინოამერიკული დიქტატორული რეჟიმების ტიპის გადატრიალება მოაწყო და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ამიტომ მას უნდა მიეყენოს კონსტიტუციური წყობილების შერყევა-დამხობის 315-ე მუხლი.
„სააკაშვილი რისთვის იყო დაპატრიმრებული ახალგაზრდობაში რუსეთში? კოლექტიური სექსუალური ძალადობის ფაქტი ჩაიდინა სტუდენტობის პერიოდში. ამის გამო უნივერსიტეტიდან უნდა გაეგდოთ, ან უნდა წასულიყო ციხეში, ან კგბ-ს ჯარში, მეორე არჩია, გახდა კგბ-ს სერჟანტი, რაც ნიშნავს მოქმედი სიღრმისეული რეზერვის ოფიცერს. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი დღესაც ირიცხება საგარეო დაზვერვის სიღრმისრეული დაშიფვრის ოფიცრად“.
For.ge-სთან საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ სააკაშვილისა და ობამას საქმეები განსხვავებულია - ერთია სისხლის სამართლის და მეორე - სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმე. ამერიკული გადაწყვეტილება არის დამატებით მექანიზმი იმ ამერიკულ კონსტიტუციურ სისტემაში, რომელიც მეტ კონტროლის მექანიზმს აძლევს კონგრესს, რომ ამერიკული სისტემის ძლიერი პრეზიდენტი კონტროლქვეშ ჰყავდეს. ეს ხდება მისი გადაწყვეტილების რევიზიისთვის.
„კიდევ ერთი დამატებითი მძლავრი მექანიზმი შეიძინა კონგრესმა, რომ სასამართლოში დამატებითი მსჯელობის საგანი გახდეს პრეზიდენტის კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება. ამ მხრივ საქართველოს კანონმდებლობა წინ არის წასული, რადგან კომპეტენციათა დავა, გადაწყვეტილებები შესაძლებელია გახდეს საკონსიტუციო სასამართლოს განსჯადი. როგორი ავტორიტეტულიც არ უნდა იყოს ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკოსის, სენატორის შეფასება, ჩემთვის მაინც მთავარია სახელმწიფოსა და საერთაშორისო ინსტიტუციების შეფასებებია. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია მაკკეინის თუ სხვა ავტორიტეტული პოლიტიკოსების განცხადებები, მით უმეტეს, როცა მათ აქვთ პოლიტიკაზე გავლენის საშუალება“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი და დამაფიქრებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის შემთხვევაში, სამწუხაროდ, ჩვენი დიდი მეგობარი და მხარდამჭერი ამერიკა, ასევე, იქაური მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები შეშფოთებულნი არიან და ეს პოზიცია უკვე სახელმწიფო დეპარტამენტმაც დააფიქსირა.