თბილისის მთავრობისა და საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომა დასრულდა

თბილისის მთავრობისა და საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომა დასრულდა

სხდომაზე თბილისის მერმა საკრებულოს თბილისის ახალი მთავრობა წარუდგინა და დაგეგმილი პროექტები გააცნო, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ძირითადად, თბილისის მთავრობის მიმართ შეკითხვები ჰქონდათ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. შეკითხვები დაისვა დევნილებთან, „სითი პარკთან“, ტრანსპორტთან, გზების მოწესრიგებასთან და საბავშვო ბაღების მშენებლობებთან დაკავშირებით. კითხვებს ძირითადად თავად თბილისის მერი პასუხობდა.

ნარმანიას განცხადებით, იდგმება კონკრეტული ნაბიჯები ტრანსპორტის მოწესრიგებასთან დაკავშიორებით. იგეგმება რამდენიმე ათეული ავტობუსის ჩანაცვლება და განახლება. ავტობუსები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც.

„რაც შეეხება „სითი პარკს“, ჩვენ გავეცანით დადებულ ხელშეკრულებას. ეს არის საკმაოდ კაბალური ხელშეკრულება. არის გასაიდუმლოებული ნაწილიც, რომლის გაცნობის შემდეგ ჩვენ შევისწავლით და ვიმუშავებთ ამასთან დაკავშირებით. ქალაქში იგეგმება როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა პარკინგის მოწესრიგება და ამაზე მუშაობას აქტიურად შევუდგებით. საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით, იგეგმება მშენებლობა, თუმცა არ გვაქვს ამის დიდი რესურსი და ვეცდებით მოვიძიოთ გრანტები. საბავშვო ბაღები ძირითადად დიდ უბნებში აშენდება, რომელიც 150 ბავშვზე იქნება გათვლილი. დევნილების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა მოხდება. მოხდება მათთვის ფართების დაკანონება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი აბესაძის მხრიდან უკმაყოფილება იყო გამოთქმული მერიის სოციალური სამსახურის უფროსად გიორგი ჩივიაშვილის დაბნიშვნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არ შეიძლება სოციალური სამსახურის უფროსად დანიშნო ადამიანი, რომელიც წარსულში ნასამართლევი იყო სოციალურად დაუცველი ადამიანების თანხების გაფლანგვის ბრალდებით.

აღნიშნულს თავად გია ჩივიაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ ის ბრალდება იყო უსამართლო და უკანონო.

თბილისის მთავრობის პირველი შეხვედრა საკრებულოს კომისიის წევრებთან დასრულდა. ახლა იწყება მეორე შეხვედრა. დღეს თბილისის მთავრობა ნარმანიას ხელმძღვანელობით 11 კომისიის წევრებს შეხვდება.