„კოდუას ინტერვიუ ისეთივე დატვირთვის შეიძლება იყოს, როგორიც იყო ცოცხების კადრები“

„კოდუას ინტერვიუ ისეთივე დატვირთვის შეიძლება იყოს, როგორიც იყო ცოცხების კადრები“

„საღი აზრი ვისაც შერჩა ხომ უნდა მიხვდეს, რომ ამ სიბინძურეებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კიდევ უფრო ითხრიან სამარეს, უფრო სწორედ თავად იყრიან მიწას, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებაში არსებული აგრესიის განეიტრალებას შეეცადონ. რა უბედურებაა გარდაცვლილთან ბრძოლა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, რომლის განცხადებით, ყოფილი მმართველი ძალის ქმედება დაღმართში მუხრუჭის გარეშე  რელსებზე შეყენებულ მატარებელს ჰგავს, რომელიც ისე მიექანება თვითკატასტროფისკენ, რომ შემაკავებელი ბარიერი არ ჩანს.

For.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა ამბობს, რომ ბადრი პატარკაციშვილმა გოგა ხაინდრავას მკვლელობა დაავალა. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება კოდუას ეს განცხადება?

- თქვენს კითხვას კითხვითვე ვუპასუხებ: ვინმეს თუ გოგა ხაინდრავას, ან სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსის მოკვლა უნდოდა, ქილერად კოდუას გარდა ვერავის მონახავდა? ასეთი შეუცვლელის რეპუტაციით სარგებლობდა კოდუა?! საღი აზრი ვისაც შერჩა, ხომ უნდა მიხვდეს, რომ ამ სიბინძურეებით „ნაციონალები“ კიდევ უფრო ითხრიან სამარეს, უფრო სწორედ თავად იყრიან მიწას, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებაში არსებული აგრესიის განეიტრალებას შეეცადონ.

ბოლო დღეებში „ნაციონალური მოძრაობა“ დაღმართში მუხრუჭის გარეშე  რელსებზე შეყენებულ მატარებელს ჰგავს, რომელიც ისე მიექანება თვითკატასტროფისკენ, რომ შემაკავებელი ბარიერი არ აქვს. „ნაციონალებს“ ხალხის მიმართ დაუოკებელი აგრესია, სამწუხაროდ, ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგაც არ შეუცვლიათ. მათი ნებისმიერი მოქმედება ამჟღავნებს ამას.

კოდუას ინტერვიუ იყო ამ აგრესიის დასტური?

- არ აქვს მნიშვნელობა რა სახელის და გვარის მატარებელი ადამიანის მიმართ ამჟღავნებენ ისინი აგრესიას, ეს მათი სტილია. როცა ხელისუფლებიდან წასულები ამას კადრულობენ, ხელისუფლებაში რომ დარჩენილიყვნენ, ან რომ მობრუნდნენ, წარმოგიდგენიათ რას იკადრებენ, რაზე წავლენ და როგორი იქნება მათი დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ?!

ეს იყო სააკაშვილის გადარჩენის მცდელობა დასავლეთის თვალში, ანუ ეს იყო გარე მოხმარებისთვის ჩაწერილი ინტერვიუ?

- მესმის მათი მოტივაცია, ყველანაირად ცდილობენ გადაარჩინონ საკუთარი პოლიტიკური ლიდერის იმიჯი დასავლეთში. ვინაიდან პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი სწორედ 7 ნოემბრის და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევასთან დაკავშირებით წაუყენა, ცდილობენ, რომ თავად იმ პროცესებს შეულახონ იმიჯი, მხედველობაში მაქვს ნოემბრის მოვლენები და ასევე პატარკაციშვილს და მის სახელთან ასოცირებული ნებისმიერი საქმე - ეს იყო კოდუას ინტერვიუს არსი. მაგრამ, თავად ის დამოკიდებულება, რასაც ისინი იჩენენ გარდაცვლილის თუ ცოცხალის მიმართ, ეს საზოგადოებაში იწვევს კიდევ უფრო მეტი აგრესიის აკუმულირებას მათ წინააღმდეგ. საზოგადოებას ეს რეაქცია არა მარტო მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის გამო აქვს, საზოგადოების აგრესია მათი არაადეკვატურ ქმედებების შედეგია და მეტი არაფერი. ვერ მიხვდნენ „ნაციონალები“, რომ ეს უფსკრულს კიდევ უფრო აღრმავებს, კიდევ უფრო პოლარიზებულს ხდის ამ საზოგადოებას და ძალიან ცუდი გზით მიჰყვას პროცესები.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ერთადერთი რამ მოეთხოვებოდა ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, რომ მთელი თავისი საქმიანობა აეგო ისე, რომ მათ მიმართ საზოაგადოებაში არსებული აგრესიის განეიტრალება მოეხდინა. ისინი აბსოლუტურად საწინააღმდეგო გზით მიდიან - „ნაციონალური მოძრაობა“ სრულიად აცდენილია საზოგადოების განწყობებს.

პოლიტიკურად, რამდენად წამგებიანი პოზიციაში ჩააყენა კოდუას ინტერვიუმნაციონალური მოძრაობა?

- ერთ-ერთი შეფასება, რომელიც ამ დღეებში მოვისმინე, ასეთია - ეს ინტერვიუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დაახლოებით ისეთივე დატვირთვის შეიძლება იყოს, როგორიც იყო თავის დროზე ცოცხების კადრები. დამანგრეველი ეფექტი ჰქონდა ამ ინტერვიუს. თუმცა, ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობის“ რაღაცა ნაწილი ცდილობს, რაციონალურად დაინახოს ის პროცესები, რაც ხდება საზოგადოებაში და ხელისუფლებას შემდგომი პოლარიზაციისგან და პრინციპისგან - ყველაფერი, ან არაფერი - თავის შეკავებას ურჩევს, რათა ქართულ რეალობაში, ერთხელ და სამუდამოდ, ამოიძირკვოს მოწინააღმდეგე გუნდის განადგურების პრინციპი, ამით სრულიად ახალი რეალობა შექმნას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ახალი პოლიტიკური კულტურა დაამკვიდროს. ამაში მათ სრულად ვეთანხმები, არ შეიძლება ყოველ 10 წელიწადში ქვეყნის განვითარება იწყებოდეს ნულიდან და ყველაფერი წინა იყოს ხაზგადასასმელი.

თქვენ ამბობთ, რომ ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ იყვნენ აგრესიულები, მაგრამ ფაქტია, რომნაციონალური მოძრაობისმეორე ნაწილი ისევ იმ პოლიტიკას ადგას...

- გამოცემა „ივერიაბიზიდან“ მინდა ერთი ამონარიდი მოვიყვანო: მმართველმა ძალამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ ის ღიად და დემონსტრაციულად ხელს აიღებს აქამდე არსებულ - ყველაფერი, ან არაფერი - პრინციპზე, სადაც მოგებული მხარე ცდილობს წაგებულის მთლიანად მოსპობას. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად იგივე დაემუქრება დღევანდელ  მმართველ ძალასაც, როდესაც იგი ხელისუფლებას დატოვებს.

სწორედ ის, რისიც ეშინიაოცნებისკოალიციას, აუცილებლად ექცევა რეალობად, თუ თვითონ არ გააცნობიერებს, რომ ახალი პოლიტიკური კულტურის დაფუძნება დღეს მათ ხელშია, ისევე როგორც მათ ხელშია საკუთარი პოლიტიკური მომავლის მართვა, უსაფრთხო გარანტიების შექმნა, დღევანდელი ბრძნული და დიდსულოვანი გადაწყვეტილებებით, თუ ეს მათ რეალურად შეუძლიათ. სხვაგვარად საქართველო ივლის მოჯადოებულ წრეზე. ვიყუროთ წინ და ვეცადოთ წავწიოთ ჩვენი ქვეყანა უფრო ბრძნულ და ურთიერთნდობით სავსე მომავლისკენ. ეს საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი გამოწვეევაა“.

აბსოლუტურად ვეთანხმები და ძალიან საღი პოზიციაა, მაგრამ აქ ამ პროცესის სამი მონაწილეა - ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობა“ და საზოგადოება. როდესაც ხელისუფლებას მოუწოდებ განთავისუფლდეს ამ აგრესიისგან, რომ საქართველომ არ უნდა იაროს მოჯადოებულ წრეზე, სადაც მის ერთ ნახევარს მეორე ნახევრის განადგურება აქვს მიზნად, ეს მოწოდება თანაბრად და უფრო მეტადაც, ვრცელდება ასევე „ნაციონალურ მოძრაობაზეც“ - საზოგადოების მანიპულირების და დამცირების ფასად საკუთარი მიზნის მიღწევა - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ტრაგედია და განაჩენი, რომელსაც საკუთარ თავს თავად უწერენ და არავინ სხვა. ძალიან კარგი, თუ ყოფილი ხელისუფლების ნაწილი ხედავს, რომ ეს გზა დამღუპველია მათთვის. ეს საღი აზრი, რომელიც ჩემს მიერ ამოკითხულ ციტატებში იყო, უნდა გავრცელდეს არა მარტო ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე, არამედ უპირველესად სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაზე“.

ახლა, როდესაც ბაქოში სიტუაცია უაღრესად იძაბება, სომხეთი და აზერბაიჯანი კვლავ ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე დგას, სომხეთში განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზა, რომელიც ტრადიციულად მსგავსი ტიპის კონფლიქტებისგან გვერდზე არ რჩება, მით უფრო, რომ რუსეთს აქვს ხელშეკრულება სომხეთის რესპუბლიკასთან, რომლის თანახმადაც, საგარეო აგრესიის შემთხვევაში, სომხეთის წინააღმდეგ რუსეთი ვალდებულია სომხეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს. ასეთ პირობებში ყველა პოლიტიკური ძალა ერთად უნდა იჯდეს და ფიქრობდეს იმაზე, როგორ შეძლოს ამ უმძიმესი განსაცდელის თავიდან არიდება.

ალბათ რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება, როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სამხედრო ძალებით დაეხმაროს სომხეთს, შესაძლებელია გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია რუსული სამხედრო ძალებისა და ტექნიკის სომხეთში გადასაყვანად?

- ეს არის ყველა პოლიტიკური ძალის საფიქრალი საქართველოში. ამ ვითარებაში, დღესვე, სასწრაფოდ უნდა იყოს მოწვეული უშიშროების საბჭოს სხდომა. დღეს უნდა არკვიონ ერთმანეთში პრემიერმა და პრეზიდენტმა ურთიერთობები? ხვალ, ერთ საათში, ვოვა რომ გადმოსძახებს - აბა გამიხსენი სივრცე, ჩემი ჯარები უნდა შევიყვანო სომხეთშიო, მაინტერესებს, მაშინ ვინ აგებს პასუხს ამ კინკლაობის შედეგებზე და იმაზე, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა სრულიად მოუმზადებელია მასშტაბური საფრთხეებისთვის?!

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული ვითარების გათვალისწინებით საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომა არ უნდა იყოს მოწვეული? რამდენად შორს წავა კონფლიქტი, რა ფორმით შეიძლება ჩაერიოს რუსეთი და ა.შ. აღარ მოვყვები იმ კითხვების და საკითხების ჩამოთვლას, რომელიც ამ კონფლიქტის გართულებამ შეიძლება დააყენოს საქართველოს წინაშე. თუ მაშინ უნდა ვარკვიოთ პრემიერისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რუსი რომ ჯარს გაატარებს საქართველოს გავლით სომხეთისკენ? არის ამაში სახელმწიფოებრივი აზროვნების ნატამალი და ვინმე ზრუნავს ამ ქვეყანაში სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე?!